საქმე №ას-1258-1198-2014 12 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. გ. (მოსარჩელე)
წარმომადგენელი- დ. გ.
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჯ.(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მიწის ნაკვეთით სერვიტუტით დატვირთვა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე - მ. გ-ის სარჩელის გამო, ზ. ჯ-ს მიმართ, სერვიტუტის თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მ. გ-ს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც დაევალა, 05 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით, 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2015 წელს 05 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებით მომართა მ. გ-ის წარმომადგენელმა - დ. გ-ამ, რომელმაც წარმოადგინა მ. გ-ის მიერ დ. გ-ზე კანონით დადგენილი წესით გაცემული და გაფორმებული მინდობილობა და ამავდროულად, იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელებაზე (ტ.1. ს.ფ. 265-267).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წელს 12 იანვრის განჩინებით მ. გ-ის წარმომადგენლის - დ. გ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მ. გ-ს 05 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა. აღნიშნული განჩინება მ. გ-ის წარმომადგენელს - დ. გ-ას ეცნობა 2015 წლის 20 იანვარს, მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე: 595 .........., რაც დასტურდება ტელეფონით შეტყობინების შესახებ აქტით (იხ., სატელეფონო შეტყობინების აქტი - ს.ფ. 273). აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად მიიჩნევა განჩინების კასატორისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოთმოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალურთიერთობის მონაწილე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას განჩინებით დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედება საპროცესო-სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 05-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2015 წლის 21 იანვარს და ამოიწურა 2015 წლის 26 იანვარს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. გ-ს ან მის წარმომადგენლს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტური გარემოება, რომელიც კასატორისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსებას საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა, მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი