Facebook Twitter

საქმე №ას-1266-1208-2013 10 თებერვალი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ე. ვ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ჯ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. ვ-მა მოპასუხე ზ. ჯ-ას მიმართ და მოითხოვა:

1) ზ. ჯ-ასათვის ე. ვ-ის სასარგებლოდ დავალების საფუძველზე გადაცემული თანხის დაბრუნების დაკისრება 100 000 აშშ დოლარის ოდენობით;

2) ზ. ჯ-ასათვის ე. ვ-ის სასარგებლოდ დავალების საფუძველზე გადაცემული თანხის - 100 000 აშშ დოლარის დაბრუნებამდე თვეში დასახელებული თანხის 3%-ის დაკისრება, რამაც სარჩელის შეტანის დროისთვის - 2012 წლის 23 ივლისისათვის შეადგინა 11300 აშშ დოლარი (3000 +3000+3000+2300);

3) ზ. ჯ-ასათვის ე. ვ-ის სასარგებლოდ სესხის თანხის გადახდის დაკისრება 15 000 000 რუბლის (500 000 აშშ დოლარის) ოდენობით;

4) ზ. ჯ-ასათვის ე. ვ-ის სასარგებლოდ სესხის თანხის გადახდის ვადაგადაცილებით მიღებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება თვეში გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით თანხის გადახდამდე (სარჩელის შეტანის დროისთვის - 2012 წლის 23 ივლისისათვის გადასახდელი თანხა მოსარჩელემ განსაზღვრა 26 500 აშშ დოლარის ოდენობით).

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 2010 წლის 1 ოქტომბერს დადებული დავალების ხელშეკრულებით ზ. ჯ-ამ იკისრა ვალდებულება, ე. ვ-ისათვის 100 000 აშშ დოლარად შეეძინა ამ უკანასკნელის მიერ ინტერნეტით შერჩეული სახლი მდებარე ოზურგეთის რაიონის სოფელ ნ-ში, ხოლო დავალების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 2012 წლის 1 მაისამდე გადაეცა მოსკოვში მყოფი ე. ვ-ისათვის; 2010 წლის 1 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულების შესაბამისად, ე. ვ-მა ზ. ჯ-ას რუსეთის ფედერაციიდან საქრთველოში გადმოუგზავნა 96 300 აშშ დოლარი და 100 000 რუბლი, სულ 100 000 აშშ დოლარი 2010 წლის 20 ოქტომბრიდან 2012 წლის 04 აპრილამდე, ზ ჯ-ას კი, დავალების ხელშეკრულელბით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. 2011 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ე. ვ-მა ზ. ჯ-ას სესხის სახით გადასცა 15 000 000 რუბლი (500 000 აშშ დოლარი) 2012 წლის 1 ივნისამდე ვადით; სესხის ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად, ვალის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის ზ. ჯ-ამ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა სააღრიცხვო ტარიფით ვალდებულების შესრულების დროითვის დადგენილი პროცენტი რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის შესაბამისად; ზ. ჯ-ას მიერ სესხის თანხა დაბრუნებული არ ყოფილა.

მოპასუხე ზ. ჯ-ამ სარჩელი არ ცნო იმაზე მითითებით, რომ მას ე. ვ-თან დავალებისა და სესხის ხელშკრულებები არ გაუფორმებია, ისევე როგორც, მისგან არ მიუღია რაიმე სახის თანხა; შესაგებლის მიხედვით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენს გაყალბებულ დოკუმენტებს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ე. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ზ. ჯ-ას ე. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის გადახდა 15 000 000 რუბლის ოდენობით.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეშია ზ. ჯ-ასა და ე. ვ-ს შორის გაფორმებული 2010 წლის 1 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულებისა და 2011 წლის 29 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების ასლები; აღნიშნული დოკუმენტების დედნების წარუდგენლობასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დაკარგვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დ. კ-ის შეტყობინების საფუძველზე, სადაც მითითებული იყო, რომ მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანიდან დაიკარგა ე. ვ-ის კუთვნილი პოლიეთილენის პარკი, სადაც მოთავსებული იყო სესხის ხელშეკრულება, რწმუნების ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტები (მტკიცებულება - რუსეთის შსს მუნიციპალიტეტთაშორისი სამმართველოს ,,პოდოლსკოიეს” პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსის 2012 წლის 11 ივლისის დადგენილება სს საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ).

სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ჯ-ამ 2011 წლის 11 მაისს იყიდა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ში (შ-ი) 200 000 აშშ დოლარად (საკადასტრო კოდი №....). სასამართლოს მითითებით, ზ. ჯ-ას საკუთრებაში გააჩნია ასევე უძრავი ქონებები შმდეგის არეგისტრაციო მონაცემებით: №...., №...., №....,№....).

სასამართლომ დაადგინა ე. ვ-ის მიერ ზ. ჯ-ას, კ. ჯ-ასა და ნ. ო-ას ანგარიშებზე თანხების ჩარიცხის ფაქტი. სასამართლომ დაადგინა ასევე მოქალაქე ს. ბ-ას მიერ ე. ვ-ის სახელით ზ. ჯ-ას სახელზე სამჯერ 5000 აშშ დოლარისა და ერთხელ 500 აშშ დოლარის გადარიცხვის ფატი. მოწმეების - გ. ვ-ასა და კ. ჯ-ას ჩვენებებით კი დადგენილ იქნა, რომ ე. ვ-ის მიერ გადმორიცხული თანხები არ იყო დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მითითებით, ქ. მოსკოვის დამოუკიდებელი სააგენტოს ექსპერტის 2012 წლის 11 სექტემბრის №77 დასკვნის თანახმად, ზ. ნ. ძე ჯ-ას სახელით ქაღალდის ცალხაზიან თეთრ ფურცელზე ორი ხელმოწერით და ხელნაწერი ჩანაწერებით, რომელიც იწყება სიტყვებით ,,მე, ვ-ნ ე. ვ-ის ასული...” და სრულდება სიტყვებით ,,...29.11.2011 წლის სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით”, გრაფაში ,,ხელმოწერა” შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია ზ. ნ. ძე ჯ-ას მიერ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მითითებით, შპს ,,ე. პ-ის” დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 2012 წლის 25 ივნისის №1506/12-1 დასკვნის თანახმად: 1) კვლევაზე წარმოდგენილი ხელმოწერა ე. ვ. ასული ვ-ის ხელით, რომელიც გაკეთებულია 2010 წლის 1 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულებაზე, შესრულებულია ე. ვ. ასული ვ-ის მიერ; 2) კვლევაზე წარმოდგენილი ხელმოწერა ზ. ნ. ძე ჯ-ას ხელით, რომელიც გაკეთებულია 2010 წლის 1 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულებაზე, შესრულებულია ზ. ნ. ძე ჯ-ას მიერ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მითითებით, შპს ,,ე. პ-ის” დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 2012 წლის 25 ივნისის №1506/12 დასკვნის თანახმად: 1) კვლევაზე წარმოდგენილი ხელმოწერა ე. ვ. ასული ვ-ის ხელით, რომელიც გაკეთებულია 2011 წლის 29 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებაზე, შესრულებულია ე. ვ. ასული ვ-ის მიერ; 2) კვლევაზე წარმოდგენილი ხელმოწერა ზ. ნ. ძე ჯ-ას ხელით, რომელიც გაკეთებულია 2011 წლის 29 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებაზე, შესრულებულია ზ. ნ. ძე ჯ-ას მიერ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მითითებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №010048212 დასკვნით დადგენილია, რომ: 1) წარმოდგენილ 2011 წლის 29 ნოემბრის ხელწერილის დედანზე არსებულ ხელნაწერებში არ მომხდარა ამოშლა და ასევე ჩანაწერებში ცალკეული ელემენტების მიხატვა არ აღინიშნება; 2) დადგენა იმისა, წარმოდგენილ ხელწერილის დედანზე, 2011 წლის 29 ნოემბრის სესხის და 2010 წლის 1 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულებაზე არსებული ჯ-ას გვარით ხელმოწერაა შერულებული პირველად თუ ხელნაწერი ტექსტი, შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა ხელნაწერების არგადამკვეთი შტრიხების დატანის თანმიმდევრობის დადგენისა; 3) ასევე დადგენა იმისა, აღნიშნულ საბუთებზე ზ. ჯ-ას ხელმოწერა და ძირითადი ტექსტი შესრულებულია თუ არა ერთიდაიგივე დროის მონაკვეთში, შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა; 4) დადგენა საკითხისა, 2011 წლის 29 ნოემბრის სესხისა და 2010 წლის 1 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულებების ქსეროასლები შედგენილია თუ არა მონტაჟის გზით სხვა რომელიმე საბუთიდან ჯ-ას გვარით ხელმოწერის გამოყენებით, შეუძლებელია, რადგან არსებული კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას ახალი საბუთი სხვა საბუთების ნაწილების გამოყენებით და ამასთანავე არ გამოვლინდეს მონტაჟის კვლები; 5) 2011 წლის 29 ნოემბრის ხელწერილი შესრულებულია არა მთლიან ბლანკზე, არამედ ბლანკის ნაწილზე, რომლის ზედა ნაწილი (სადაც უნდა იყოს მითითებული ბლანკის დასახელება) გადაჭრილია; აღნიშნული ხელწერილის დედანზე არსებული ხელნაწერი ტექსტი და ხელმოწერა, რომელიც განთავსებულია მარცხენა ქვედა კუთხეში ჯ-ას სახელით, შესრულებულია სხვადასხვა საწერი საშუალებით; 6) 2011 წლის 29 ნოემბრის სესხის და 2010 წლის 1 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულებების ქსეროასლებზე რაიმე მექანიკური დაზიანებები არ აღინიშნება; 7) ხელმოწერა ზ. ჯ-ას სახელით (რუსულ ენაზე) განლაგებული ხელწერილზე (მიღება-ჩაბარება) 2011 წლის 29 ნოემბრის თარიღით მარჯვენა ქვედა მხარეს გრაფაში ,,ხელმოწერა” შესრულებულია ზ. ჯ-ას მიერ.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ თანხის გადაცემის შესახებ ხელწერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ვ-მა ზ. ჯ-ას 2011 წლის 29 ნოემბერს გადასცა 15 000 000 რუსული რუბლი.

სასამართლომ სესხისა და დავალების ხელშეკრულებები არ მიიჩნია მასში ასახული გარემოებების დადგენისათვის სათანადო მტკიცებულებებად, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი დედნის სახით. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 135-ე და 137-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს მიერ უნდა ყოფილიყო განხორციელებული, რასაც ადგილი არ ჰქონია. 15 000 000 რუბლის ჯ-ასათვის გადაცემის ფაქტი სასამართლომ დაადგინა ხელწერილის საფუძველზე.

დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით და დაასკვნა, რომ ზ. ჯ-ა ვალდებული იყო, ე. ვ-ისათვის გადაეხადა სესხის სახით მიღებული თანხა 15 000 000 რუბლის ოდენობით. სესხის ხელშეკრულების ასლის სახით წარმოდგენის გამო სასამართლომ არ მიიჩნია რა დადგენილად მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა სესხის დაბრუნებამდე პროცენტის გადახდასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შესაბამისი მოთხოვნა.

დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებებთან დაკავშირებით სასამართლო იხელმძღვანეალ სამოქალაქო კოდექსის 709-ე და 705-ე მუხლებით და სარჩელი არ დააკმაყოფილა იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა ხელშეკრულების დედანი. მოპასუხისათვის თანხების გადარიცხვის ფაქტან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ არ დგინდებოდა გადარიცხვების დავალების საფუძველზე განხორციელების ფაქტი.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ვ-მა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ზ. ჯ-ამ. მანვე გაასაჩივრა ასევე ის საოქმო განჩინებები, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა შემდეგი შუამდგომლობები: 1. სარჩელზე ბაჟის სრულად გადაუხდელობის საფუძვლით სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ; 2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის არქონის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; 3. დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანია შპს ,,ე. პ-ის” ექსპერტი სპეციალისტის - ვ. ა. ძე ბ-ისა და საექსპერტო სააგენტოს ”ექსპერტის” ექსპერტ სპეციალისტის - ვ. ნ. ძე კ-ის მოწმედ გამოძახების შესახებ; 4. მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ და ექსპერტთა დასკვნებში გამოყენებული შემდეგი კვლევის ნიმუშების სასამართლოში წარდგენის ვალდებულების დაკისრების შესახებ: 2012 წლის 15 აპრილის მინდობილობის ასლი, 2004 წლის 27 მაისის პასპორტის ასლი, 2012 წლის 16 ოქტომბრის განცხადება, 2012 წლის 14 ივნისის თანხმობა, 2012 წლის 16 ოქტომბრის M0084176 მოსაკრებლის ქვითრები, 2011 წლის 29 ნოემბრის დოკუმენტი, რომლებიც იწყება სიტყვებით „DEKLATION” და სრულდება სიტყვებით „DANE SIGNED“; 5. ს. ბ-ას მოწმედ დაკითხვის შესახებ; 6. მოსარჩელე მხარის მიერ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის საფუძვლის შეცვლის შემდგომ ამავე სხდომაზე შეცვლილი სარჩელის საფუძვლის შესწავლისა და შესაგებლის წარდგენისათვის 10 დღიანი ვადის განსაზღვრისა და სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ; 7. ექსპერტიზის ჩასატარებლად და შესაბამისი დასკვნის წარსადგენად საჭირო კონკრეტული ვადის მიცემის შესახებ; 8. ტერიტორიული განსჯადობის წესების დარღვევის საფუძვლით სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ; 9. საქმის განხილვისას რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი ნორმების გამოყენების შესახებ; 10. მოპასუხის მიერ ექსპერტიზის ჩასატარებლად და შესაბამისი დასკვნის წარსადგენად საჭირო კონკრეტული ვადის მიცემაზე საოქმო განჩინებით თანხმობისა და ასეთი საოქმო განჩინების დამოუკიდებლად გასაჩივრებას დაქვემდებარებულ განჩინებად გაფორმების შესახებ; 11. მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის წინააღმდეგობის მიუხედავად საკუთარი მოწმის დაკითხვაზე უარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; 12. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი, ღია ტიპის სააქციო საზოგადოებიდან ,,რუსეთის შემნახველი ბანკის” მიერ გაცემული ცნობის საქმეზე მტკიცებულებად დართვის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით:

1. ზ. ჯ-ასა და ე. ვ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინებები, რომლითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული ზ. ჯ-ს წარმომადგენლის შემდეგი შუამდგომლობები: ა. ექსპერტების - ვ. ა. ძე ბ-ისა და ვ. ნ. ძე კ-ის მოწმედ გამოძახების შესახებ; ბ. დასახელებული ექსპერტების დასკვნებში გამოყენებული კვლევის ნიმუშების სასამართლოში წარდგენის ვალდებულების მოსარჩელისათვის დაკისრების შესახებ; გ. ს. ბ-ას მოწმედ დაკითხვის შესახებ; დ. ექსპერტიზის ჩასატარებლად და შესაბამისი დასკვნის წარსადგენად საჭირო კონკრეტული ვადის მიცემის შესახებ;

3. განუხილველი დარჩა ზ. ჯ-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს იმ საოქმო განჩინებათა გაუქმების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის შემდეგი მოთხოვნები: ა. სარჩელზე ბაჟის სრულად გადაუხდელობის გამო სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ; ბ. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის არქონის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; გ. ტერიტორიული განსჯადობის წესების დარღვევის საფუძვლით სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ; დ. საქმის განხილვისას რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი ნორმების გამოყენების შესახებ; ე. ექსპერტიზის დასკვნის წარსადგებად საჭირო ვადის მიცემაზე თანხმობისა და ასეთი განჩინების დამოუკიდებლად გასაჩივრებას დაქვემდებარებულ განჩინებად გაფორმების შესახებ; ვ. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ღია ტიპის სააქციო საზოგადოება ,,რუსეთის შემნახველი ბანკის” მიერ გაცემული ცნობის საქმეზე მტკიცებულებად დართვის შესახებ; ზ. მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის საფუძვლის შეცვლის შემდგომ შეცვლილ სარჩელზე შესაგებლის წარდგენისათვის 10 დღიანი ვადის განსაზღვრისა და სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ;

4. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებები:

მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულების სახით წარადგენილია: 2010 წლის 01 ოქტომბრის დავალებისა და 2011 წლის 29 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებების ასლები, რუსეთის ფედერაციაში შედგენილი ექსპერტიზის დასკვნები დავალებისა და სესხის ხელშეკრულებებზე ხელმომწერ პირთა ვინაობის დადგენის თაობაზე, მოპასუხისათვის უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხული თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით ფიზიკური პირის - ს. ბ-ას სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, თანხის გადარიცხვის ქვითრები, 2011 წლის 29 ნოემბრის ხელწერილის დედანი, სადაც დაფიქსირებულია, რომ ზ.

ჯ-ამ (მოპასუხემ) ე. ვ-ისაგან (მოსარჩელესაგან) მიიღო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 15 000 000 რუსული რუბლის ოდენობით, ასევე სხვა წერილობითი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები;

სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, ასევე საქმის მომზადების ეტაპზე წარდგენილი შეპასუხებითა (მოსაზრებით) და წერილობითი შუამდგომლობებით მოპასუხემ სადავო გახადა ექსპერტიზის დასკვნების, დავალებისა და სესხის ხელშეკრულებების ასლებისა და 15 000 000 რუსული რუბლის მიღების თაობაზე საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის ნამდვილობა, ასევე ს. ბ-ას განცხადებაში და თანხის გადარიცხვის დოკუმენტებში დაფიქსირებული ფაქტები;

2012 წლის 31 ოქტომბერს მოპასუხემ წარადგინა წერილობითი შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვა ექსპერტების - ვ. ა. ძე ბ-ისა და ვ. ნ. ძე კ-ის მოწმედ გამოძახება, ასევე მოსარჩელისათვის მის მიერ წარდგენილ და ექსპერტთა დასკვნებში გამოყენებული კვლევის ნიმუშების სასამართლოში წარმოდგენის ვალდებულების დაკისრება;

2012 წლის 14 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ მოითხოვა არასაკმარისი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის საფუძვლით სარჩელის განუხილველად დატოვება (სასამართლო სხდომის ოქმი 12:15:55);

სარჩელზე ბაჟის სრულად გადაუხდელობის საფუძვლით სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსათვის მოპასუხეს არ მიუმართავს და არც ამ შუამდგომლობის უარყოფის შესახებ განჩინება ყოფილა მიღებული;

2012 წლის 10 დეკემბრის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განხილული იქნა მოპასუხის შემდეგი შუამდგომლობები: ექსპერტების - ვ. ა. ძე ბ-ისა და ვ. ნ. ძე კ-ის მოწმედ გამოძახების შესახებ, მოსარჩელისათვის მის მიერ წარდგენილ ექსპერტთა დასკვნებში გამოყენებული კვლევის ნიმუშების სასამართლოში წარმოდგენის ვალდებულების დაკისრების შესახებ, ს. ბ-ას მოწმედ დაკითხვის შესახებ, 15000000 რუსული რუბლის მიღების თაობაზე ხელწერილის დედანზე არსებული ხელმოწერების შესრულების დროის დადგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარებისათვის ვადის განსაზღვრის თაობაზე;

სასამართლო სხდომის ოქმებით ირკვევა, რომ მხარეებმა იმსჯელეს შუამდგომლობებთან დაკავშირებით, თუმცა მოპასუხის აღნიშნული შუამდგომლობების დაკმაყოფილების ან უარყოფის თაობაზე სასამართლოს მიერ განჩინებები გამოტანილი არ ყოფილა;

2013 წლის 21 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ წარადგინა შემდეგი შუამდგომლობები: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის არქონის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ექსპერტების - ვ. ა. ძე ბ-ისა და ვ. ნ. ძე კ-ის მოწმედ გამოძახების შესახებ, მოსარჩელისათვის მის მიერ წარდგენილ და ექსპერტთა დასკვნებში გამოყენებული კვლევის ნიმუშების სასამართლოში წარმოდგენის ვალდებულების დაკისრების შესახებ, 15000000 რუსული რუბლის მიღების თაობაზე ხელწერილის დედანზე არსებული ხელმოწერების შესრულების დროის დადგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარებისათვის ვადის განსაზღვრის შესახებ, საქმის განხილვისას რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი ნორმების გამოყენების შესახებ. სასამართლომ დასახელებულ შუამდგომლობათა განხილვაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ შუამდგომლობებთან დაკავშირებით უკვე არსებობდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებები და განმეორებით მათი განხილვა დაუშვებელია.

სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განჩინებათა გაუქმების მოთხოვნა, რომლებიც საერთოდაც გამოტანილი არ ყოფილა, დაუშვებელია. შესაბამისად, განუხილველად დარჩა ზ. ჯ-ას მოთხოვნა შემდეგი განჩინებების გაუქმების თაობაზე: სარჩელზე ბაჟის სრულად გადაუხდელობის გამო სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის არქონის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ტერიტორიული განსჯადობის წესების დარღვევის საფუძვლით სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ, საქმის განხილვისას რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი ნორმების გამოყენების შესახებ, ექსპერტიზის დასკვნის წარსადგებად საჭირო ვადის მიცემაზე თანხმობისა და ასეთი განჩინების დამოუკიდებლად გასაჩივრებას დაქვემდებარებულ განჩინებად გაფორმების შესახებ,

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ღია ტიპის სააქციო საზოგადოება ,,რუსეთის შემნახველი ბანკის” მიერ გაცემული ცნობის საქმეზე მტკიცებულებად დართვის შესახებ, მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის საფუძვლის შეცვლის შემდგომ შეცვლილ სარჩელზე შესაგებლის წარდგენისათვის 10 დღიანი ვადის განსაზღვრისა და სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ.

სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” პუნქტისა და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლოს განმარტებით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში 2013 წლის 21 მარტის საოქმო განჩინებებით სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობათა განხილვაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ შუამდგომლობებთან დაკავშირებით უკვე არსებობდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებები და განმეორებით მათი განხილვა დაუშვებელია, თუმცა სასამართლოს მიერ ასეთი განჩინებები გამოტანილი არ ყოფილა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის ის საოქმო განჩინებები, რომლებითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული ზ. ჯ-ას წარმომადგენლის შემდეგი შუამდგომლობები: ექსპერტების - ვ. ა. ძე ბ-ისა და ვ. ნ. ძე კ-ის მოწმედ გამოძახების შესახებ, დასახელებული ექსპერტების დასკვნებში გამოყენებული კვლევის ნიმუშების სასამართლოში წარდგენის ვალდებულების მოსარჩელისათვის დაკისრების შესახებ, ს. ბ-ას მოწმედ დაკითხვის შესახებ, ექსპერტიზის ჩასატარებლად და შესაბამისი დასკვნის წარსადგენად საჭირო კონკრეტული ვადის მიცემის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-2 მუხლების შესაბამისად პალატამ განმარტა, რომ მოდავე მხარეების საპროცესო უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დეტალურად აწესრიგებს სასამართლოში საქმის განხილვის წესებს. დასახელებული კოდექსის 151-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს შეუძლია უარი თქვას იმ მოწმის დაკითხვაზე, რომლის გამოძახებასა და დაკითხვაზე თვითონ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე. მეორე მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რომ გამოცხადებული მოწმე დაკითხულ იქნეს, ხოლო თუ დაკითხვა დაწყებულია, - გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში მოწმე უნდა დაიკითხოს. სასამართლოს მითითებით, 2013 წლის 21 მარტის სასამართლოს მთვარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოსარჩელის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვაზე, რაზედაც სასამართლოს განჩინებით ეთქვა უარი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 13:48:43- 13:52:34) იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს მოწმე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და მის დაკითხვაზე უარი თავად მოსარჩელემ განაცხადა. ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე მოწმე გამოცხადებული არ ყოფილა და არც მისი დაკითხვა დაწყებული არ ყოფილა, ამასთან, ამ მოწმის დაკითხვაზე უარი თავად შუამდგომლობის ავტორმა განაცხადა, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები მოპასუხის შუამდგომლობის გაზიარებისა. ამდენად, პალატის დასკვნით, მოსარჩელის მიერ დასახელებული მოწმის დაკითხვაზე უარის თქმით სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო ნორმა. შესაბამისად, აპელანტ ზ. ჯ-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა აღნიშნული განჩინების გაუქმების თობაზე დაუსაბუთებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-103-ე მუხლების თანახმად: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები; მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლის შესაბამისად: მოსარჩელის ვალდებულებაა, სარჩელში მიუთითოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს; მოპასუხე ვალდებულია, სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მიუთითოს, ცნობს თუ არა სარჩელს და რა ნაწილში; თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, უნდა მიუთითოს, თუ რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ, რომელი მტკიცებულებები ადასტურებენ მის მიერ მითითებულ გარემოებებს, რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვას; თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება; თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები; მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამავე კოდექსის 203-ე და 205-ე მუხლებით განსაზღვრულია ის მოქმედებები, რაც უნდა შეასრულოს სასამართლომ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისათვის. დასახელებული ნორმების მხედველობაში მიღებით სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვისას არ მოხდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მხარისათვის მინიჭებული უფლებების რეალიზაცია და დაირთვა შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ: მართალია, საქმის მომზადების ეტაპზე განხილული იქნა სარჩელისაგან თავის დაცვის მიზნით წარდგენილი მოპასუხის შუამდგომლობები, თუმცა განჩინებები შუამდგომლობებთან დაკავშირებით გამოტანილი არ ყოფილა, რითაც მოპასუხეს შეეზღუდა სარჩელში მითითებული გარემოებების საპროცესო საშუალებებით უარყოფის შესაძლებლობა. სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე; მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც. სასამართლომ მიუთითა ასევე ამავე კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად: სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხისათვის მტკიცების უფლების შეზღუდვის პირობებში მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მოპასუხის მსჯელობის უარყოფა დამაჯერებლობას მოკლებულია და ადასტურებს სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას.

პალატის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სხვა საკითხებთან ერთად უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, სამოტივაციო ნაწილი წარმოადგენს გადაწყვეტილების ფაქტობრივ და იურიდიულ დასაბუთებას, სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები ზუსტად და ამომწურავად უნდა მიუთითოს და მათი ანალიზის საფუძველზე იმსჯელოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებასა და იმ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებზე, რომლითაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების იურიდიული შეფასება ხდება. განსახილველ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო: ერთ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დააფიქსირა, რომ სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი, რომ საბუთები, რომლის ასლიც წარმოდგენილია საქმეში, არ იყო ყალბი. ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ 2010 წლის 01 ოქტომბრის დავალებისა და 2011 წლის 29 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების ასლები არ ჩათვალა ნამდვილად მტკიცებულებებად, თუმცა იმავდროულად აღნიშნა, რომ საბუთის ასლი, როგორც მტკიცებულება, განხილული უნდა ყოფილიყო საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. 16 000 000 რუსული რუბლის გადაცემაზე საქმეში არსებულ ხელწერილთან ერთობლიობაში განხილვით სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 29 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების ქსეროასლში მითითებული გარემოება სარწმუნო იყო. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მსჯელობა წინააღმდეგობრივია და კანონის მოთხოვნათა დარღვევით არ შეიცავს ზუსტ მითითებას, თუ რომელი გარემოება ცნო სასამართლომ დადგენილად. თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ 2010 წლის 1 ოქტომბრის დავალებისა და 2011 წლის 29 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების ასლები ნამდვილ მტკიცებულებებს არ წარმოადგენდა, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მათი შეფასება აღარ უნდა მოეხდინა. თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ ხელშეკრულების ასლები ნამდვილ მტკიცებულებებს წარმოადგენდა, ასეთ შემთხვევაში შეფასება უნდა მიეცა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული პირობებისათვის, მათ შორის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეთა მიერ დადგენილი წესებისათვის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა გამოიხატება მასში, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებანი, რომელთა დადგენის გარეშეც შეუძლებელია დავის სწორად გადაწყვეტა და გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, გარდა ამისა, სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპები და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა ნუსხას და რომლის უზრუნველყოფის ვალდებულებაც გააჩნია ყოველ სახელმწიფოს სასამართლო ორგანოების მეშვეობით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველი. პალატის მითითებით, საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა განახორციელოს კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვითა და მტკიცებულებათა სრულად და ობიექტურად განხილვის შედეგად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობასა და დასაბუთებულობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ვ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

არ შეესაბამება სინამდვილეს სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხე მხარეს შეეზღუდა სარჩელში მითითებული გარემოებების უარყოფის შესაძლებლობა. მოპასუხე მხარის შუამდგომლობების საფუძველზე სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით მტკიცებულებების მოპოვების საჭიროების გამო საქმის მოსამზადებელი სტადია გაგრძელდა 5 თვე - 2012 წლის 11 ივლისიდან (სარჩელის აღძვრიდან) 2012 წილს 9 ნოემბრამდე (მთავარი სხდომის დანიშვმადე). საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მოპასუხე განხილვის გაჭიანურების მიზნით აყენებდა მსგავსი შინაარსის შუამდგომლობებს. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის 29 ნოემბრის ხელწერილის ნამდვილობასთან დაკავშირებით საქმეში არსებობდა რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მოსარჩელე მხარე დაეთანხმა მოპასუხის შუამდგომლობას, ხელწერილის გრაფიკული გამოკვლევა ეწარმოებინა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. შედეგად, განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნამაც დაადასტურა ის გარემოება, რომ თანხის მიღების ხელწერილზე ზ. ჯ-ას სახელით შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის ზ. ჯ-ას და ხელწერილის დედანზე არსებულ ჩანაწერებში არ მომხდარა ამოშლა ან ცალკეული ელემენტების მიხატვა. ექსპერტიზამ დასმული შეკითხვების პასუხად მიუთითა, რომ „დადგენა იმისა, წარმოდგენილი ხელწერილის დედანზე 2011 წლის 29 ნოემბრის სესხის და 2010 წლის 1 ოქტომბრის დავალების ხელშეკრულებაზე არსებული ზ. ჯოჯუას გვარით ხელმოწერაა შესრულებული პირველად თუ ხელნაწერი ტექსტი, შუძლებელია, რადგან არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა ხელნაწერის არაგადამკვეთი შტრიხების დატანის თანმიმდევრობის დადგენისა. ასევე დადგენა იმისა, აღნიშნულ საბუთებზე მოპასუხე ზ. ჯ-ას ხელმოწერა და ძირითადი ტექსტი შესრულებულია თუ არა ერთიდაიგივე დროის მოაკვეთში, შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა“. ხსენებული დასკვნა ცალსახად განსაზღვრავს, რომ ხელნაწერ ტექსტში, თუ ხაზები ან შტრიხები ერთმანეთს არ კვეთენ, მათი დატანის თანმიმდევრობის დადგენა შეუძლებელია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყანაში. ჩვენს შემთხვევაში ხელმოწერები ტექსტს ან ერთმანეთს არ კვეთენ. აღნიშნული შინაარსის დასკვნის მიღების შემდეგ მოპასუხე მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ამავე დოკუმენტზე შვეიცარიის სახელმწიფოში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით და შესაბამისი დასკვნის წარმოსადგენად 6 თვიანი ვადის მიცემის თაობაზე, რაც სასამართლომ უსაფუძლოდ დააკმაყოფილა იმ პირობებში, რომ მისთვის არაფერი იყო ცნობილი შვეიცარიაში მსგავსი სახის ექპსერტიზის ჩატარების თაობაზე, ამასთან შეაჩერა საქმის წარმოება ექსპერტიზის დასკვნის წარსადგენად 8 თვის ვადით. განჩინების გაცხადების დღეს მოპასუხე მხარემ სასამართლოს წარუდგინა შვეიცარიიდან ელექტორონული ფოსტით მიღებული არაოფიციალური წერილი, თითქოსდა ქრონოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ, სადაც ვკითხულობთ, რომ კითხვას, თუ დროსთან მიმართებაში რომელი განხორციელდა უფრო ადრე - ტექსტი თუ ხელწერა, პასუხი ვერ გაეცემა, თუ დროის მონაკვეთი ტექსტის შედგენიდან ხელმოწერამდე არ აღემატება რამოდენიმე თვეს. შვეიცარიაში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების კანონთან შეუსაბამობის გამო იგი გაუქმებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ;

სააპელაციო სასამართლომ შეჯიბრებითბის პრინციპის დარღვევად და რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ სასამართლომ არ უზრუნველყო ექსპერტების - ვ. ა. ძე ბ-ისა და ვ. ნ. ძე კ-ის, აგრეთვე მოწმე ს. ბ-ას დაკითხვა, ისევე როგორც ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოყენებული ნიმუშების მოსკოვის საექსპერტო დაწესებულებიდან გამოთხოვა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დასახელებული მტკიცებულებები არ არის კავშირში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებასთან. სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკნმაყოფილების ნაწილში, რომ არ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა საქმეში არსებული ხელწერილის დედანი 15 000 000 რუბლის გადაცემის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ექსპერტების - ვ. ა. ძე ბ-ისა და ვ. ნ. ძე კ-ის დასკვნები რაიონული სასამართლოს მიერ საერთოდ არ ყოფილა გაზიარებული. ასეთ ვითარებაში გაუგებარია, რატომ იყო საჭირო მათი დაკითხვა. არც დასახელებული ექსპერტთა დასკვნებში გამოყენებული კვლევის ნიმუშების გამოთხოვის საჭიროებაზე განმარტა სააპელაციო სასამართლომ. მოსარჩელე მხარე არ ყოფილა ხელმოწერის ნიმუშების წარდგენის წინააღმდეგი, რომლის მოპოვება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. მოპასუხე მხარეს საქმის მიმდინარეობის პერიოდში - 18 თვის მანძილზე თავად შეეძლო, გამოეთხოვა რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ექსპერტიზის კვლევის ნიმუშები და უარის მიღები შემთხვევაში მიემართა სასამართლოსათვის დასახელებული მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად. გაუგებარია, რატომ გააუქმა სასამართლომ საოქმო განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ზ. ჯ-ას წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმე ს. ბ-ას დაკითხვის თაობაზე, მაშინ, როცა ზ. ჯ-ას წარმომადგენელმა ც. მ-ამ სააპელაციო სასამართლოს პირველსავე სხდომაზე მოხსნა აღნიშნული მოთხოვნა;

არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომლის მიხედვით პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ძირითად საფუძვლად მტკიცეულებათა არასწორ შეფასებას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ სარჩელში გაერთიანებულია ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნები. საქმეში ქსეროასლების სახით წარმოდგენილ დოკუმენტებს და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ დოკუმენტების წინააღმდეგობრივ შეფასებებს, ექსპერტებისა და მოწმის დაკითხვის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს, რუსეთის ფედერაციაში ექსპერტიზის ჩატარებისას გამოყენებული კვლევის ნიმუშების წარმოდგენის თაობაზე შუამდგომლობას და იმ ნაკლოვანებებს, რაზედაც სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, კავშირი არ აქვს იმ სასარჩელო მოთხონასთან, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ ეჭვის ქვეშ დააყენა მოსარჩელის მიერ დედნის სახით წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება - ხელწერილი თანხის გადაცემის თაობაზე, რომელიც, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის მიერ ნამდვილად იქნა აღიარებული და რომელიც სესხის თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ თავი აარიდა დასახელებული მტკიცებულების შეფასებას და საქმე დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რითაც უარი განაცხადა მართლმსაჯულების განხორციელებაზე;

სააპელაციო სასამართლომ საქმის რაიონულ სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოტივად მიუთითა გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია, თუ კონკრეტულად რომელი ფაქტები არ ყოფილა დადგენილი, რაც აუცილებელი იყო საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. შესაბამისად, სასამართლომ ვერც იმ გარემოებებზე მიუთითა, რაც უნდა დაადგინოს საქმის ხელახლა განხილვისას რაიონულმა სასამართლომ. სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის შესაბამისად არ ყოფილა დასაბუთებული, თუ რატომ არ შეეძლო მას თავადვე გამოესწორებინა საქმის განხილვის ნაკლოვანებები და რითაა გამოწვეული საქმის დაბრუნების საჭიროება. კასატორის მითითებით, ანალოგიურ დავებთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო არ არის შეუზღუდავი, ნებისმიერი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს, ვინიდან ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, ისევე როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით ელენა ვეინის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. ვ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ე. ვ-ს უნდა დაუბრუნდეს მისი საკასაციო საჩივრისათვის რ. შ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2014 წლის 14 იანვარს N8 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ვ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ე. ვ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მისი საკასაციო საჩივრისათვის რ. შ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2014 წლის 14 იანვარს N8 საგადახდო დავალებით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე