Facebook Twitter

საქმე №ას-1268-1208-2014 19 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – კ. ჩ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ხ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ჩ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების – .... წლის ... ივნისს დაბადებული გ. ჩ-ისა და ... წლის ... აპრილს დაბადებული ნ. ჩ-ის სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 300 ლარის, სულ 600 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2001 წლიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი. ამჟამად მეუღლეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბოლო პერიოდის განმავლობაში მოპასუხე შვილებს მატერიალურად აღარ ეხმარება.

მოპასუხემ სარჩელი ყოველთვიურად თითოეული შვილისათვის 20 ლარის გადახდის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ ალიმენტის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მეუღლეთა განქორწინების შემთხვევაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ნ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო დაადგინა, რომ 2001 წლიდან მოსარჩელე ნ. ხ-ი და მოპასუხე კ. ჩ-ე იმყოფებოდნენ ქორწინებაში, რა დროსაც მათ შეეძინათ ორი შვილი: ... წლის .. ივნისს დაბადებული გ. ჩ-ე და ... წლის .. აპრილს დაბადებული ნ ჩ-ე. ამჟამად მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და არასრულწლოვანი შვილები იმყოფებიან დედასთან, მოსარჩელე ნ. ხ-თან.

მოპასუხე კ. ჩ-ს 2014 წლის იანვრიდან სს „ს. ბ-ში“ მოსარჩელე ნ. ხ-ის საბანკო ანგარიშზე შეჰქონდა სხვადასხვა ოდენობის თანხა. საქმეში წარმოდგენილი სს „ს. ბ-ის“ მიერ გაცემული 2014 წლის 14 მაისის ცნობის მიხედვით, კ. ჩ-ის მიერ ნ. ხ-ის ანგარიშზე ბოლო შენატანი – 52 ლარი განხორციელდა 2014 წლის 13 მაისს.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 მაისს გაცემული პასუხით დადასტურდებულად ჩათვალა, რომ კ. ჩ-ე ამ პერიოდისათვის რეგისტრირებული იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ს“ კაპიტალის 100%-ანი წილის მესაკუთრედ.

პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით პირველი ინსტანციის სასამართლოში 2014 წლის 16 მაისს წარდგენილ მხარის პირველ შესაგებელზე, რომლითაც მოპასუხემ ნაწილობრივ სცნო სასარჩელო მოთხოვნა და აიღო ვალდებულება, არასრულწლოვანი შვილების – გ. და ნ. ჩ-ების რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით ყოველთვიურად, თითოეულ ბავშვზე 150-150 ლარის, ჯამში 300 ლარის გადახდის თაობაზე. ამავე შესაგებლით მოპასუხე მხარემ თანხმობა განაცხადა, საქმე დაესრულებინა მორიგებით. მხარემ მიუთითა, რომ თანახმა იყო, არასრულწლოვანი შვილების – გ. და ნ. ჩ-ების რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე გადაეხადა 200-200 ლარი, სულ – 400 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 21 მაისს მოპასუხე კ. ჩ-მ წარადგინა მეორე შესაგებელი, რომელშიც მითითებულია, რომ მხარე არ სცნობდა სარჩელს. ამასთან, მოპასუხე მიუთითებდა, რომ იგი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ „გაკოტრების გამო, დაგროვილი ვალების სანაცვლოდ, მოახდინა საკუთარი ბიზნესის დათმობა“. ამ გარემოების დასადასტურებლად მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 მაისის განცხადების მიღების ბარათი, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ი. ჩ-ის განცხადება სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. ამავე ბარათის მიხედვით, განცხადებას ერთვოდა შეთანხმება. აპელანტის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს დაერთო შპს „მ-ს“ დირექტორ ი. ჩ-ის სახელით გაცემული 2014 წლის 24 ივნისის ცნობა იმის თაობაზე, რომ კ. ჩ-ე მუშაობს შპს „მ-ში“ მოლარე-ოპერატორად და მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასის ოდენობა შეადგენს 200 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ მის წინააღმდეგ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით სარჩელის სასამართლოში აღძვრის და პირველი შესაგებლის წარდგენის შემდეგ შპს ,,მ-ს“ 100% კაპიტალი დაუთმო სხვა პირს, ასევე მოპასუხემ მიუთითა „გაკოტრების გამო, დაგროვილი ვალების“ შესახებ და ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარუდგენია, ამდენად, აპელანტის არგუმენტი მისი ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების თაობაზე სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ არ ჩათვალა.

ამდენად, სასამართლოს შეფასებით, მხარის მიერ მითითებული დასახელებული გარემოება ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება.

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე მუხლების, 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულისა და კონვენციის 27-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვან შვილზე ზრუნვისა და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის, რჩენისა და აღზრდის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ. სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.

დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილად გარემოება მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხის საკუთრებაშია სანტექნიკის მაღაზია, ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება მის მიერ საწარმოს 100%-იანი წილის სხვა პირისათვის დათმობის ფაქტი. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ მხარის ამ არგუმენტზე იმსჯელა აპელანტი მითითება მისი ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების თაობაზე სარწმუნოდ არ მიიჩნია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო კოდექსის, „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნები, ბავშვების ასაკი (დგინდება, რომ მოსარჩელის შვილები არიან 8 და 12 წლის ბავშვები, რომელთა ასაკის ზრდასთან ერთად მატულობს მათი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობაც) და ჩათვალა, რომ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა 100 ლარით (50-50 ლარი თითოეულ ბავშვზე), არ შეიძლება, ჩაითვალოს იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვნისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ასევე, ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში იქნება 150-150 ლარი (ჯამში 300 ლარი) თითოეული ბავშვისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნ. ხ-მა სარჩელი აღძრა 2014 წლის 7 მაისიდან. ამდენად, კ .ჩ-ს ალიმენტის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2014 წლის 07 მაისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კ ჩ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე მუხლებს, „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციასა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომელთა შესაბამისად, განმარტა, რომ მოსარჩელეს კ. ჩ-ის მატერიალურ-ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც სასამართლოს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უნდა გაეთვალისწინებინა. მართალია, კასატორმა წარადგინა ცნობა, რომ მისი ხელფასი 200 ლარს შეადგენს, თუმცა სააპელაციო პალატამ მაინც ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა დააკისრა.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა მის მიერ წარმოდგენილ 2014 წლის 1 დეკემბრის ცნობაზე კ. ჩ-ის ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირების თაობაზე და მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო, სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის შესაბამისად, მიიღებდა კასატორის სასარგებლო გადაწყვეტილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 დეკემბრის განჩინებით კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლო დაადგინა, რომ 2001 წლიდან მოსარჩელე ნ. ხ-ი და მოპასუხე კ. ჩ-ე იმყოფებოდნენ ქორწინებაში, რა დროსაც მათ შეეძინათ ორი შვილი: ... წლის ... ივნისს დაბადებული გ. ჩ-ე და ...წლის ... აპრილს დაბადებული ნ. ჩ-ე. ამჟამად მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და არასრულწლოვანი შვილები იმყოფებიან დედასთან, მოსარჩელე ნ. ხ-თან.

მოპასუხე კ. ჩ-ს 2014 წლის იანვრიდან სს „ს. ბ-ში“ მოსარჩელე ნ. ხ-ის საბანკო ანგარიშზე შეჰქონდა სხვადასხვა ოდენობის თანხა. საქმეში წარმოდგენილი სს „ს. ბ-ის“ მიერ გაცემული 2014 წლის 14 მაისის ცნობის მიხედვით, კ. ჩ-ის მიერ ნ. ხ-ის ანგარიშზე ბოლო შენატანი – 52 ლარი განხორციელდა 2014 წლის 13 მაისს.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 მაისს გაცემული პასუხით დადასტურდებულად ჩათვალა, რომ კ. ჩ-ე ამ პერიოდისათვის რეგისტრირებული იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ-ს“ კაპიტალის 100%-ანი წილის მესაკუთრედ.

მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 მაისის განცხადების მიღების ბარათი, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ი. ჩ-ის განცხადება სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. ამავე ბარათის მიხედვით, განცხადებას ერთვოდა შეთანხმება. აპელანტის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს დაერთო შპს „მ-ს“ დირექტორ ი. ჩ-ის სახელით გაცემული 2014 წლის 24 ივნისის ცნობა იმის თაობაზე, რომ კ. ჩ-ე მუშაობს შპს „მ-ში“ მოლარე-ოპერატორად და მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასის ოდენობა შეადგენს 200 ლარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ვინაიდან მოცემული ტიპის საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკა (სუს 2014 წლის 8 ოქტომბრის №ას-204-191-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 1 აპრილის №ას-1250-1193-2013 განჩინება).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე