Facebook Twitter

საქმე №ას-1272-1212-2014 18 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ტ. ჯ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ. ჯ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ტ. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ. ჯ-ას“ მიმართ მიუღებელი შემოსავლის – 72544 ლარისა და საქონლის ღირებულების შემცირებით გამოწვეული ზიანის – 16767,79 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 26 მაისს მხარეთა შორის 5 წლის ვადით დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა თეთრეული და სასტუმროს ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა თეთრეული. მოსარჩელის ვალდებულებას შეადგენდა მითითებული ქსოვილების გარეცხა და დაუთოება, რისთვისაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა თანხა. გადაცემული ქონების ღირებულება შეადგენდა 26801,79 ლარს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს „დ. ჯ-ამ“ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება უსაფუძვლოდ, ვადაზე ადრე შეწყვიტა და არც დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონება არ დააბრუნა, რის გამოც მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზიანის ოდენობა განისაზღვრა 72544 ლარით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოსარჩელემ თავად შეწყვიტა, ხოლო კუთვნილი მოძრავი ნივთები მოპასუხისაგან არ წაუღია. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ, 72544 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, 16767,79 ლარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას კი ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „დ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „დ. ჯ-ას“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს „ტ. ჯ-ას“ კუთვნილი, 26801.79 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთები (სასტუმროსათვის განკუთვნილი თეთრეული და სხვადასხვა დასახელების ქსოვილის საქონელი). ამ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2012 წლის 29 ოქტომბერს, თუმცა გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, აღნიშნული მოძრავი ნივთები კვლავაც არის შპს „დ. ჯ-ას“ მფლობელობაში, დასაწყობებული.

შპს „ტ. ჯ-ამ“ სარჩელში მიუთითა, რომ შპს „დ. ჯ-ას“ მიერ კუთვნილი მოძრავი ნივთების დროულად დაბრუნების შემთხვევაში იგი შეძლებდა სხვა სასტუმროებისათვის ანალოგიური მომსახურების გაწევას ამ ნივთების გამოყენებით და შემოსავლის მიღებას. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება მოპასუხეს შეიძლება მხოლოდ მაშინ დაეკისროს, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ: ა) მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შედეგად მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს; ბ) მოპასუხისათვის წინასწარ იყო სავარაუდო ის, რომ მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა დააკარგვინებდა მოსარჩელეს მისაღებ შემოსავალს.

სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო სამართალწარმოებაში ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების წესი განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-105-ე მუხლებით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დასამტკიცებლად წარადგინა საკუთარი ახსნა-განმარტება, რომელიც არ არის საკმარისი, რადგან მას დაუპირისპირდა მოპასუხის ახსნა-განმარტება ზიანის არარსებობის თაობაზე, შპს „პ.-ა-ის“ 2013 წლის 17 ივნისის №3/05 საექსპერტო დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ შპს „ტ. ჯ-ას“ მიუღებელი შემოსავლები შპს „დ. ჯ-ასაგან“ 2011-2013 წლებში შეადგენს 72544 ლარს დღგ-ს გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საექსპერტო დასკვნა შეუსაბამოა სარჩელის ფაქტობრივ საფუძველთან. მოსარჩელე ითხოვდა არა შპს „დ. ჯ-ასაგან“ რაიმე დავალიანების, არამედ სხვა მეწარმე სუბიექტებისათვის გაწეული მომსახურების შედეგად მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. გარდა ამისა, მოპასუხემ წარმოადგინა შპს „ე.-ა-ის“ 2013 წლის 4 დეკემბრის №115 აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმადაც შპს „პ.-ა-ის“ 2013 წლის 17 ივნისის №3/05 საექსპერტო დასკვნაში მითითებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია მოგებისა და მიყენებული ზიანის (ზარალის) დათვლა.

შესაბამისად, შპს „პ.-ა-ის“ 2013 წლის 17 ივნისის №3/05 საექსპერტო დასკვნა ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად, სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევის თვალსაზრისით.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი ნივთების დაუბრუნებლობის შედეგად ჩაიშალა რაიმე კონკრეტული გარიგების დადება სხვა მეწარმე სუბიექტთან (სხვა სასტუმროსთან), რის გამოც მოსარჩელემ ვეღარ მიიღო ამ გარიგებიდან გამომდინარე შემოსავალი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-386-ე მუხლებისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი უნდა შეიცვალოს ახალი გადაწყვეტილებით, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ტ. ჯ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მიზარებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლები, როდესაც დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კასატორს უნდა წარედგინა სხვა მეწარმე სუბიექტებთან დადებული გარიგება სადავო პროდუქციის მიწოდების თაობაზე. იმ პირობებში, როდესაც კასატორის კუთვნილი ნივთები გადაცემული ჰქონდა მოწინააღმდეგე მხარეს, მესამე პირებთან მითითებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ გარიგების დადება არამართლზომიერი იქნებოდა.

მხარის განმარტებით, რომ სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის არ იყო ცნობილი მოსარჩელისათვის კუთვნილი ნივთების დაუბრუნებლობის შემთხვევაში ზიანის წარმოშობის შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა სადავო ნივთების სპეციფიკა, რომელთა სხვა სასტუმროებისათვის გადაცემის შემთხვევაში კასატორი მიიღებდა შემოსავალს და ის ფაქტი, რომ მოპასუხე სადავო ნივთებს უკანონოდ ფლობდა.

კასატორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანდოდ შეაფასა შპს „პ.-ა-ის“ დასკვნა, რომლითაც აუდიტმა გაითვალისწინა არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ მსგავსი ტიპის სხვა დაწესებულებების შემოსავალი და ისე გამოითვალა ზიანის ოდენობა. ამდენად, სასამართლომ არასწორად გაანაწილა სადავო გარემოებების მტკიცების ტვირთი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს „ტ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ტ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „დ. ჯ-ას“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს „ტ. ჯ-ას“ კუთვნილი, 26801.79 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთები (სასტუმროსათვის განკუთვნილი თეთრეული და სხვადასხვა დასახელების ქსოვილის საქონელი). ამ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2012 წლის 29 ოქტომბერს, თუმცა გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, აღნიშნული მოძრავი ნივთები კვლავაც არის შპს „დ. ჯ-ას“ მფლობელობაში, დასაწყობებული.

სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ შპს „ტ. ჯ-ამ“ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებას, რომ შპს „დ. ჯ-ას“ მიერ კუთვნილი მოძრავი ნივთების დროულად დაბრუნების შემთხვევაში იგი შეძლებდა სხვა სასტუმროებისათვის ანალოგიური მომსახურების გაწევას ამ ნივთების გამოყენებით და შემოსავლის მიღებას. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2014 წლის 24 ოქტომბრის №ას-848-806-2013).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ტ. ჯ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 31 დეკემბერს №55 საგადახდო დავალებით გადახდილი 3628 ლარიდან 3627,2 ლარის 70% – 2539,04 ლარი და კასატორის მიერ ზედმეტად გადახდილი 0.80 ლარი, სულ 2539,84 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ტ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ტ. ჯ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 31 დეკემბერს №55 საგადახდო დავალებით გადახდილი 3628 ლარიდან 3627,2 ლარის 70% – 2539,04 ლარი და კასატორის მიერ ზედმეტად გადახდილი 0.80 ლარი, სულ 2539,84 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე