საქმე №ას-1280-1220-2014 19 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – კ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. მ-ის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის – 14527 ევროს ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2010 წლის 11 თებერვალს მოპასუხე კუთვნილი ავტომანქანით შეეჯახა ა. ლ-ის ავტომანქანას, რომლითაც მგზავრობდა მოსარჩელე. შეჯახების შედეგად მოსარჩელემ მიიღო სხეულის მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ მკურნალობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება 14 944.22 ლარისა და 7 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 5 000 ლარის გადახდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად.
მხარის განმარტებით, სამომავლოდ გასაწევი მკურნალობის (სადეპოზიტო თანხა) ხარჯი შეადგენდა 14 527 ევროს, რასაც უნდა დაემატოს მგზავრობის და თანმხლები პირის ყოველდღიური ხარჯები სავარაუდოდ 10-12 დღის განმავლობაში.
მოსარჩელემ განმარტა, რომ საჭიროებს დამატებით მკურნალობას, კერძოდ: სამედიცინო კონსილიუმის გადაწყვეტილებით, უნდა ჩატარდეს ნეიროოფთალმოლოგის კონსულტაცია, 2895 ევროს ღირებულების ყველა საჭირო ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევა. აღნიშნულის შემდეგ შეიკრიბება მულტიდისციპლინარული კონსილიუმი, რომელზეც შემუშავდება მკურნალობის ოპტიმალური სქემა. მიმდინარე ეტაპზე, სპეციალისტების გადაწყვეტილებით, საჭიროა რინოპლასტიკის ჩატარება სუნთქვის გაძნელების აღმოსაფხვრელად, რომლის წინასწარი ღირებულება 11632 ევროა, ხოლო საცრემლე არხის გამავლობის აღდგენის საკითხი გადაწყდება აღნიშნული პროცედურების შემდეგ.
მოსარჩელემ აღნიშნული მკურნალობა ვერ ჩაიტარა სათანადო თანხების უქონლობის მიზეზით და, საცრემლე არხის დაზიანების გამო, აქვს მუდმივი ცრემლდენა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ავტოავარიის შედეგად მიყენებული დაზიანების მკურნალობისათვის დახარჯული თანხები ერთჯერადად უკვე აუნაზღაურდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14527 ევროს გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით კ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინებით, მიღებულია სხვა სამოქალაქო საქმეზე, რომელშიც მონაწილეობდნენ იგივე მხარეები, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს წინამდებარე დავასთან მიმართებით ენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლომ პრეიუდიციულად დადგენილად ჩათვალა შემდეგი გარემოებები:
2010 წლის 11 თებერვალს დაახლოებით 08:50 საათზე ქ.თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს შეეჯახა „BMW-ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით „.....“, რომელსაც კ. მ-ი მართავდა და ავტომანქანა „Seat Toledo-ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით „...“, რომელსაც ა. ლ-ი მართავდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორივე ავტომობილის მძღოლი, ასევე ა. ლ-ის მიერ მართული ავტომანქანის მგზავრები: ხ. ლ-ი, ე. ლ-ი და მ. კ-ე. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ერთ-ერთი მგზავრი – ჟ. ლ-ი.
მ. კ-მ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება დიაგნოზით – თავის ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა თვალის დაზიანებით. თავის ტვინის დაჟეჟილობა, შუბლის არის ნაფლეთოვანი ჭრილობა. მარცხნივ სახისა და ცხვირის მიდამოს დაჟეჟილი ჭრილობები, პირის ღრუს გარდამავალი ნაოჭის ნახეთქი ჭრილობა, მარჯვენა მხრის ძვლის თავის დამსხვრეული მოტეხილობა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანების გარეშე. ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი, გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
მ. კ-ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად განისაზღვრა კ. მ-ი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებების გამო, მ. კ-ს ესაჭიროება, ჩაუტარდეს ნეიროოფთალმოლოგის კონსულტაცია. ყველა საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის ღირებულებაა 2 895 ევრო. ამ ეტაპზე, სპეციალისტების გადაწყვეტილებით, საჭიროა რინოპლასტიკის ჩატარება სუნთქვის გაძნელების აღმოსაფხვრელად, რომლის წინასწარი ღირებულებაა 11 632 ევრო.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემული მუხლით პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი, ქმედების მართლწინააღმდეგობა, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. ამავე კოდექსის 999-ე მუხლის შესაბამისად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ გაიზიარა დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხე კ. მ-ი წარმოადგენს მ. კ-ისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ პირს.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: 1. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 2. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. 3. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება. 4. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.
აღნიშნული ნორმის განმარტების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების დროს მას აქვს ჯანმრთელობის აღდგენისათვის საჭირო მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მათ შორის წინასწარ, და კანონი არ კრძალავს ასეთი ხარჯების პერიოდულად (საჭიროების წარმოშობის მიხედვით) ანაზღაურებას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მოპასუხე უთითებდა არა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში, არამედ სააპელაციო საჩივარში, სადაც განმარტა, რომ აღნიშნულ გარემოებაზე აპელირებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე სარჩელის თავისებურებიდან გამომდინარე (მოსარჩელე ითხოვს, პოსტტრავმული დაზიანების გამო, ამ ეტაპზე საჭირო მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას წინასწარ), გასაწევი ხარჯების ხანდაზმულობაზე აპელანტის მითითება დაუსაბუთებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ კ. მ-ს მ. კ-ის სასარგებლოდ მართებულად დააკისრა გასაწევი მკურნალობის ხარჯის ანაზღაურება 14 527 ევროს ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კ. მ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის მოთხოვნა 214578.78 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლოს არ დაუზუსტებია რას წარმოადგენდა აღნიშნული თანხა. მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სამომავლო მკურნალობისათვის გასაწევი ხარჯების ნაწილში. ახალი სარჩელით მ. კ-მ მოითხოვა ავარიის შემდგომი პერიოდისათვის გასაწევი სამკურნალო ხარჯები, რაზეც სასამართლომ უკვე იმსჯელა. ამდენად, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინებით კ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა კ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინებით, მიღებულია სხვა სამოქალაქო საქმეზე, რომელშიც მონაწილეობდნენ იგივე მხარეები, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს წინამდებარე დავასთან მიმართებით ენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლომ პრეიუდიციულად დადგენილად ჩათვალა შემდეგი გარემოებები:
2010 წლის 11 თებერვალს დაახლოებით 08:50 საათზე ქ.თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს შეეჯახა „BMW-ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით „...“, რომელსაც კ. მ-ი მართავდა და ავტომანქანა „Seat Toledo-ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით „....“, რომელსაც ა. ლ-ი მართავდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორივე ავტომობილის მძღოლი, ასევე ა. ლ-ის მიერ მართული ავტომანქანის მგზავრები: ხ. ლ-ი, ე. ლ-ი და მ. კ-ე. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ერთ-ერთი მგზავრი – ჟ. ლ-ი.
მ. კ-მ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება დიაგნოზით – ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა თვალის დაზიანებით. თავის ტვინის დაჟეჟილობა, შუბლის არის ნაფლეთოვანი ჭრილობა. მარცხნივ სახისა და ცხვირის მიდამოს დაჟეჟილი ჭრილობები, პირის ღრუს გარდამავალი ნაოჭის ნახეთქი ჭრილობა, მარჯვენა მხრის ძვლის თავის დამსხვრეული მოტეხილობა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანების გარეშე. ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი, გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
მ. კ-ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად განისაზღვრა კ. მ-ი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებების გამო, მ. კ-ს ესაჭიროება, ჩაუტარდეს ნეიროოფთალმოლოგის კონსულტაცია. ყველა საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის ღირებულებაა 2 895 ევრო. ამ ეტაპზე, სპეციალისტების გადაწყვეტილებით, საჭიროა რინოპლასტიკის ჩატარება სუნთქვის გაძნელების აღმოსაფხვრელად, რომლის წინასწარი ღირებულებაა 11 632 ევრო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2014 წლის 21 ივლისის №ას-87-83-2014 განჩინება, 2013 წლის 26 ნოემბრის №ას-927-885-2013 განჩინება, 2013 წლის 10 ოქტომბრის №ას-1657-1554-2012 განჩინება).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისათვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია, დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხიმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ – სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივი სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ კ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 6 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1627,30 ლარის 70% – 1139,11 ლარი (ზემოაღნიშნული საგადახდო დავალებით კ. მ-მა სულ გადაიხადა 1677,30 ლარი, თუმცა ამ თანხიდან 50 ლარი გადახდილ იქნა ამავე საქმეზე მხარის მიერ შეტანილ კერძო საჩივარზე).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ კ. მ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 6 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1627,30 ლარის 70% – 1139,11 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ნ. ბაქაქური