საქმე №ას-1286-1224-2014 19 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე. ფ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულებისათვის აღსრულების წესისა და საშულების შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ც-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ფ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისათვის აღსრულების წესისა და საშულების შეცვლის შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2010 წლის 19 ნოემბერს, ერთი მხრივ, ე. ფ-სა და, მეორე მხრივ, ვ. შ-ას, რ. მ-ას, ო. ლ-ს, ნ. ც-ს და ე. ს-ას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ნ. ც-მ ე. ფ-ს ასესხა 5000 ევრო ყოველთვიური სარგებლის – 5 პროცენტის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2011 წლის 19 თებერვალს, აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გამოწერის მოთხოვნით.
2011 წლის 13 დეკემბერს ნოტარიუსმა ამოწერა სააღსრულებო ფურცელი რეესტრის №... და დაიწყო იძულებითი აღსრულება იპოთეკით დატვირთული საგნის მიმართ. აღსრულების პროცესში ვერ მოხერხდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რის გამოც რეგისტრირებული იპოთეკა უძრავ ნივთზე გაუქმდა და ნივთი დაუბრუნდა მოვალეს. ამდენად, აღსრულების საშუალება და წესი უნდა შეიცვალოს.
მოპასუხემ სარჩელი ძირითადი თანხის – 3000 ევროს ნაწილში ცნო, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მიიჩნია, რომ მისი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ე. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 248-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ე. ფ-ს, დავალიანების შემცირების მოთხოვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოში შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ ნ. ც-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ მის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლით ე. ფ-ის წინააღმდეგ განსაზღვრული აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა სესხის დავალიანების (ძირითადი თანხა – 5000 ევრო; პროცენტი – 1200 ევრო; პირგასამტეხლო – 1005 ევრო; პირგასამტეხლო 2011 წლის 13 დეკემბრიდან აღსრულებამდე ძირითადი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) დაფარვის მიზნით, ე. ფ-ის სხვა ქონებაზე (გარდა ქ. თბილისში, ჩ-ის ქ. №26-ში მდებარე უძრავი ქონებისა) აღსრულების მიქცევის გზით. სარჩელის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად მიქცეული იყო, თუმცა, აღსრულების პროცესში იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ვერ მოხერხდა, რის გამოც იპოთეკა უძრავ ქონებაზე გაუქმდა და უზრუნველყოფის საგანი მოვალეს დაუბრუნდა. მოსარჩელის განმარტებით, მისი მოთხოვნა საფუძვლიანია იმდენად, რამდენადაც 2010 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრედიტორს უფლება აქვს მოვალის მიმართ გამოიყენოს მოთხოვნის დაკმაყოფილების სხვა კანონმდებლობით დადგენილი ზომები და გადახდა მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზეც.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლის მიხედვით, მოვალე და კრედიტორი უფლებამოსილნი არიან, თავადაც მიიღონ მონაწილეობა აუქციონში. ვინაიდან კრედიტორმა აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოიყენა, ხოლო იპოთეკით დატვირთული ქონება აუქციონის წესით ვერ გასხვისდა, ამიტომ აღსრულების შეწყვეტის გამო, კრედიტორმა მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება დაკარგა. შესაგებლის ავტორის განმარტებითვე, იმის, გამო რომ კრედიტორი გადახდილ თანხებს განმეორებით ითხოვს, რითაც უსაფუძვლოდ მდიდრდება, ამიტომ იგი შეგებებული სარჩელის აღძვრას აპირებს, რათა კრედიტორ ნ. ც-ს ზედმეტი თანხების უკანონოდ მიღებაში ხელი შეუშალოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს, თუ რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვას, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს სარჩელის დასაშვებობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლისა და 189-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ მოპასუხე მხოლოდ შეპასუხებით შემოიფარგლა. მას შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანს წარმოადგენდა კრედიტორის მოთხოვნა აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის თაობაზე. შესაბამისად, მისი სარჩელის დაკმაყოფილება გულისხმობდა ახალი სააღსრულებო ფურცლის მოპოვებას მოპასუხე ე. ფ-ის სხვა ქონებაზე. ამავე სარჩელის მიხედვით, მოთხოვნის იურიდიულ მართებულობას უზრუნველყოფდა 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის ჩანაწერი, რომ იპოთეკარს უფლება აქვს, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გამოიყენოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები მოვალის მიმართ და გადახდა მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის კონტექსტში შესაგებლის არგუმენტი მიმართული უნდა ყოფილიყო იმისაკენ, რომ მითითებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულიყო, კერძოდ, არ შეცვლილიყო აღსრულების საშუალება და წესი და ნ. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ არ მიქცეულიყო ე. ფ-ის სხვა ქონება. რაც შეეხება სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხების შემცირებას, აღნიშნული მოთხოვნა სარჩელში წარმოდგენილი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის წარმდგენი სუბიექტი კრედიტორი იყო და არა მოვალე. შესაბამისად, თუ ე. ფ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მიხედვით, წარმოდგენილი მოთხოვნის ჩათვლა ან გამორიცხვა სურდა, ასეთ შემთხვევაში მას სარჩელისაგან თავის დაცვის სხვა საპროცესო საშუალება უნდა აერჩია, კერძოდ, მას ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხების შესამცირებლად შეგებებული სარჩელი უნდა აღეძრა, რასაც იგი აპირებდა კიდეც, თუმცა, შესაგებლის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის მიერვე განხორციელებული აღნიშვნა (მითითება) სისრულეში არ მოიყვანა და შეგებებული სარჩელი არ აღძრა, რითაც, მოპასუხემ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხების შემცირების უფლება წინამდებარე საქმეზე გამართულ სასამართლო სამართალწარმოების ფარგლებში დაკარგა.
მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შესაგებლის ფარგლებში მოპასუხის სასარგებლოდ თანხები დაკორექტირდა (შემცირდა). იმდენად, რამდენადაც აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივარი ნ. ც-მ არ წარმოადგინა, იგულისხმება, რომ კრედიტორი აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილებას დაეთანხმა. შესაბამისად, მითითებულ ნაწილში კრედიტორის სასარგებლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება, პირველ რიგში, კრედიტორის სააპელაციო საჩივრის არარსებობის გამო, ხოლო, მეორე რიგში, აპელანტის საპროცესო-სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების დაუშვებლობის გამო (ერთი აპელაციის ფარგლებში აპელანტის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა). ამ მიმართებით, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საუარესოდ შებრუნების აკრძალვის პრინციპი წარმოადგენს საჩივრის შეტანის უფლების უზრუნველყოფის გარანტიას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მის სასარგებლოდაა გამოტანილი, მის საზიანოდ არ შეიცვლება.
რაც შეეხება მოვალე ემზარ ფილფანის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას შემცირებული თანხების კიდევ უფრო შემცირებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული თანხების კორექტირება (შემცირება) მოვალის სასარგებლოდ ვერ განხორციელდება მოვალის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაბამისი შეგებებული სარჩელის წარდგენის გარეშე (შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით წარდგენის გარეშე). ამდენად, სააპელაციო პალატა, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, შეზღუდულია, იმსჯელოს აპელანტ ე. ფ-ის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის თაობაზე თანხების შემცირების ნაწილში. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში, მითითებული საპროცესო-სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ე. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აპელანტის პრეტენზიაზე სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ, მართალია, სააპელაციო საჩივარში მითითებული არ არის, თუ რატომ მიაჩნია აპელანტს უსწოროდ აღნიშნულ ნაწილში გამოტანილი გადაწყვეტილება, თუმცა სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდა სრულად, ხოლო დაზუსტებულ განცხადებით აპელანტი მხოლოდ თანხებს აკონკრეტებს. ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილსაც შეეხება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად ჩათვალა, ყურადღება გაემახვილებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობაზე სხვა ქონების მიმართ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის ნაწილშიც.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აუქციონზე ქონების გასხვისების შეუძლებლობა არ წარმოადგენს მოვალის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნული დასკვნის ნორმატიულ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსი და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11-ე ნაწილისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ერთი მხრივ, ე. ფ-სა და, მეორე მხრივ, ნ. ც-ს შორის გაფორმებული 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, იპოთეკარს უფლება აქვს, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები მოვალის მიმართ და გადახდა მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზე. ამდენად, მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება მოთხოვნის იპოთეკით დატვირთული ქონებით დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე. შესაბამისად, კრედიტორ ნ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩია, რომ აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ვერ განახორციელებს, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი ამოიწერა ნოტარიუსის მიერ და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო არ არსებობს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის საგანია, რაც, განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღწერილ ნორმატიულ დებულებათა გათვალისწინებით, იურიდიულად მართებული და დასაბუთებულია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. ფ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული იყო არა სესხის არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სასამართლომ ასევე არ უნდა ეხელმძღვანელა იმავე კოდექსის 626-ე მუხლით, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იყო ვადიანი, ხელშეკრულების ვადა არც ერთ მონაწილეს არ გაუგრძელებია.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლი იპოთეკის ხელშეკრულების მე-5 პუნქტთან დაკავშირებით. აღნიშნული ნორმის გამოყენება იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუ ნ. ც-ე სწორად გამოიყენებდა თავის უფლებებს და მიიღებდა მონაწილეობას აუქციონში. მან კი მოითხოვა აღსრულება ე.ფ-ის სახელზე არსებული სხვა საკუთრებიდან, რითაც დაარღვია ე.ფ-ის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.
მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლიც. კასატორი პირველი ინსტანციის სასამართლოში აპირებდა შეგებებული სარჩელის აღძვრას, სადაც დართული იქნებოდა ე.ფ-ის მიერ ნ.ც-სათვის გადახდილი თანხების დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსამართლემ იხელმძღვანელა მხოლოდ მტკიცებულებების ნაწილით და ჩვენს მიერ შეგებებული მოთხოვნის გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება, რაც ასევე ეწინააღმდეგება კანონს, აღნიშნულით ე.ფ-ს წაერთვა უფლება, წარადგინოს დამოუკიდებელი მოთხოვნა თანხის შემცირების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდობის მქონე პირი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ნ. ც-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ მის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლით ე. ფ-ის წინააღმდეგ განსაზღვრული აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა სესხის დავალიანების (ძირითადი თანხა – 5000 ევრო; პროცენტი – 1200 ევრო; პირგასამტეხლო – 1005 ევრო; პირგასამტეხლო 2011 წლის 13 დეკემბრიდან აღსრულებამდე ძირითადი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) დაფარვის მიზნით, ემზარ ფილფანის სხვა ქონებაზე (გარდა ქ. თბილისში, ჩ-ის ქ. №26-ში მდებარე უძრავი ქონებისა) აღსრულების მიქცევის გზით. სარჩელის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად მიქცეული იყო, თუმცა, აღსრულების პროცესში იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ვერ მოხერხდა, რის გამოც იპოთეკა უძრავ ქონებაზე გაუქმდა და უზრუნველყოფის საგანი მოვალეს დაუბრუნდა. მოსარჩელის განმარტებით, მისი მოთხოვნა საფუძვლიანია იმდენად, რამდენადაც 2010 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრედიტორს უფლება აქვს მოვალის მიმართ გამოიყენოს მოთხოვნის დაკმაყოფილების სხვა კანონმდებლობით დადგენილი ზომები და გადახდა მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზეც.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ, ერთი მხრივ, ე. ფ-სა და, მეორე მხრივ, ნ. ც-ს შორის გაფორმებული 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, იპოთეკარს უფლება აქვს, მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები მოვალის მიმართ და გადახდა მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზე. ამდენად, მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება მოთხოვნის იპოთეკით დატვირთული ქონებით დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე