საქმე №ას-1288-1226-2014 24 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „S. A. F. C-Y” (შეგებებული სარჩელის ავტორი, ძირითად სარჩელში - მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „S. С-g“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს „S. A. F. C-Y-ის” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე - შპს „S. С-g-ის“ სარჩელის გამო, შპს „S. A. F. C-Y-ის” მიმართ, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ შპს „S. A. F. C-Y-ის” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შპს „S. A. F. C-Y-ის” საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც დაევალა, 05 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ პუნქტების დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით, 558,16 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ზემოაღნიშნული განჩინება შპს „S. A. F. C-Y-ის” წარმომადგენელს - ნ. ნ-ას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ: თავდაპირველად, 2015 წლის 06 იანვარს შეგებებულ სარჩელში მითითებულ მისამართზე (ქ.თბ, ც. დ-ის ქ.N7, ქ-ა, მე-5 სართ. Nა514), ხოლო მეორედ, 2015 წლის 30 იანვარს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ს-ს ჩიხი N5, ს/12, ბ/N5).
შპს „S. A. F. C-Y-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინება ჩაბარდა ნ. ნ-ას 2015 წლის 04 თებერვალს, რომელიც არის ნ. ნ-ას ოჯახის წევრი (და). აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიიჩნევა განჩინების კასატორისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოთმოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართალურთიერთობის მონაწილე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას განჩინებით დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს დავალებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2015 წლის 05 თებერვალს და ამოიწურა 2015 წლის 09თებერვალს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „S. A. F. C-Y-ის” წარმომადგენელს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და მას არც ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური გარემოება, რომელიც საკასაციო საჩივრის ავტორისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსებას საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა, მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „S. A. F. C-Y-ის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი