საქმე №ას-1292-1230-2014 19 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. შ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ა-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ა-ის მიმართ 2011 წლის 30 მაისის №... სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის 30 მაისს ლ. შ-სა და დ. ა-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 3000 აშშ დოლარზე 3 თვის ვადით, თვეში 4 %-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ. შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების დადებამდე იპოთეკის საგანი უკვე დატვირთული იყო იპოთეკით დ. ა-ის წარმომადგენელ თ. მ-ის სასარგებლოდ, სადაც სესხის თანხა შეადგენდა 14 000 აშშ დოლარს.
ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ დ. ა-ე და თ. მ-ე არიან ახლობლები, შესაბამისად, ფაქტობრივად ერთ მოვალეს წარმოადგენენ.
აღნიშნული ხელშეკრულებების პირობებს მოვალე ასრულებდა ჯეროვნად. თანხის გადახდა ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით იპოთეკარის მიერ მითითებული პირის – ლ დ-ის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს მოვალე იხდიდა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც. 2013 წლის 21 იანვარს ლ. დ-მა ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილით დაადასტურა გადახდილი თანხის ოდენობა და მოითხოვა დიდ ოდენობის თანხა პირგასამტეხლოს სახით. აღნიშული თანხა იანგარიშა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეუსაბამოდ მაღალია.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 18 დეკემბერს ვალის გაქვითვის სანაცვლოდ, უძრავი ნივთი გადაეცა იპოთეკარს საკუთრებაში, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება 2013 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა და მხარეები შეთანხმდნენ დარჩენილი დავალიანების დაფარვაზე.
თ. მ-სა და ლ. შ-ს შორის არსებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დარჩენილი დავალიანება შეადგენს მცირე თანხას – 330 აშშ დოლარს, ხოლო 15 375 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს აღიარებდა მოპასუხე. რაც შეეხება ამჟამად სადავო 2011 წლის 30 მაისის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავალიანებას, მისი დაფარვა მოხდა 2013 წლის 31 მაისიდან 2013 წლის 29 ივლისის ჩათვლით, ეტაპობრივად, სულ – 2 620 აშშ დოლარის ოდენობით. ხოლო 1080 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს მოპასუხე მხარე აღიარებდა და აღნიშნულზე ასევე არსებობდა ძველი საბანკო გადარიცხვები.
შესაბამისად, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2011 წლის 30 მაისის ხელშეკრულების შესრულება მოხდა სრულად. მოპასუხე მხარე არ მიიჩნევს ვალდებულებას შესრულებულად და ითვლის შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, რასაც ანგარიშობს სესხის მთლიანი თანხიდან.
2013 წლის 30 აპრილს ლ. დ-მა ი. ბ-ს, როგორც ლ. შ-ის წარმომადგენელს ელექტრონულ ფოსტაზე მისწერა წერილი თანდართულ დოკუმენტთან ერთად, სადაც მითითებულია უკვე გადახდილი და გადასახდელი თანხების ოდენობა. მითითებული წერილით აღიარებული გადახდილი თანხებისა და 2013 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით საბანკო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხების გაანგარიშებით ნათლად დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ ორივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია სრულად, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ უარი განაცხადა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებაზე და მიმართა კერძო აღმასრულებელს იპოთეკით დატვირთული ნივთის აუქციონზე რეალიზაციის მიზნით.
2013 წლის 27 სექტემბერს კერძო აღმასრულებელ მ. ს-ის მიერ გამოგზავნილ იქნა წერილი (A13057197-004/001) ვალდებულების დროულად შესრულების თაობაზე, რომლის შემდეგაც მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს. 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა ზემოაღნიშნული სააღსრულებო წარმოება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ იპოთეკის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოპასუხეს არ აქვს ჯეროვნად, სრულად შესრულებული ვალდებულება. სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება ზუსტად არის განსაზღვრული იმ გაანგარიშებაში, რაც წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ, კერძოდ, ამონაწერი ლ. დ-სა და მოსარჩელის წარმომადგენელ ი. ბ-ის ელექტრონული მიმოწერიდან, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო ხელშეკრულებაზე 2013 წლის 31 მაისის მდგომარეობით დავალიანება შეადგენდა 8261.04 აშშ დოლარს, ხოლო შეთანხმების შემდეგ დავალიანება შემცირდა 4800 აშშ დოლარამდე. შემცირებული დავალიანების გადახდა უნდა მომხდარიყო 2013 წლის 31 მაისამდე, თუმცა ლ. შ-მ აღნიშნული შეთანხმება დაარღვია.
მოპასუხემ დაადასტურა საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით თანხის გადახდა და დააზუსტა, რომ თანხას იხდიდა არა მხოლოდ დ. ა-ის, არამედ პირველი რიგის იპოთეკარის, თ. მ-ის ვალის დაფარვაც. შესაბამისად, ლ. შ-ის მიერ მოპასუხისათვის გადარიცხული თანხები არ იყო საკმარისი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვისთვისაც კი. გაანგარიშების მიხედვით, შემცირებული და ორივე მხარისათვის მისაღები თანხა, ორივე ხელშეკრულების დასაფარად შეადგენდა 19 042 აშშ დოლარს, საიდანაც 17 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა ძირითად თანხას, მათ შორის 2011 წლის 25 თებერვალს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა – 14 000 აშშ დოლარი და 2011 წლის 30 მაისის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერიN...) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა – 3000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ გადახდები შეწყვიტა, რის შემდეგაც დ. ა-მ 2013 წლის ოქტომბერში წამოიწყო იძულებითი აღსრულების პროცესი და მოითხოვა დავალიანების მხოლოდ ძირითადი თანხა – 3000 აშშ დოლარი.
მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გაანგარიშება ცალსახად არასწორია რადგან, სარჩელზე დართული დოკუმენტით დგინდება, რომ ლ. შ-ს მეორე რიგის იპოთეკარისათვის დ. ა-ისათვის 2013 წლის 31 მაისამდე უნდა გადაეხადა 4800 აშშ დოლარი (არსებული დავალიანების თითქმის განახევრებული ოდენობა), საიდანაც 3000 აშშ დოლარი შეადგენს დავალიანების ძირითად თანხას, ხოლო 1800 დოლარი – შემცირებულ პირგასამტეხლოს. პირველი რიგის ხელშეკრულების შესაბამისად, ლ. შ-ს უნდა გადაეხადა 13 745 დოლარი, ვინაიდან შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დარიცხვა განულებული იყო და ძირითად დავალიანებას გამოაკლდა 255 აშშ დოლარი. მოსარჩელის მითითება ვალდებულების სრულად შესრულების თაობაზე არასწორია და არ შეიძლება, იპოთეკის გაუქმების საფუძველი გახდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ლ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 30 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ლ. შ-მ დ. ა-ისაგან ისესხა 3000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 4 %-იანი სარგებლის დარიცხვით. მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0,3%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხი გაიცა სამი თვის ვადით და უნდა დაბრუნებულიყო 2011 წლის 30 აგვისტოსათვის. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ თბილისში, დ. მ-ის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე 28.10 კვ.მ №59 ბინა.
იპოთეკა რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და დ. ა-ე დარეგისტრირდა მეორე რიგის იპოთეკარად.
კერძო აღმასრულებელ მ. ს-ის წარმოებაშია ნოტარიუს ს. მ-ის მიერ გაცემული №... სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც კრედიტორ დ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოვალე ლ. შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ.თბილისი, მ. დ-ი, კვარტალი 4, კორპუსი №.., სართული .., ბინა №.., საკადასტრო კოდი №...) რეალიზაციის შედეგად.
სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხაა 3000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0,3 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 25 მარტიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რამაც 535 დღეზე შეადგინა 4 815 აშშ დოლარი, სულ – 7815 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლის შეტანისას კრედიტორმა შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა – 3000 აშშ დოლარი. ასევე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.38 ლარი და სააღსრულებო ხარჯები სრულად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, მოვალის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების გამო, მეორე რიგის იპოთეკის გაუქმების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 30 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რაც ჯამში შეადგენდა 3360 აშშ დოლარს, მოვალეს უნდა დაებრუნებინა 2011 წლის 30 აგვისტომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხის თანხას ხელშეკრულების შესაბამისად, დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველდღიურად ვადაგადაცილების თანხის 0.3%-ის ოდენობით.
სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ 2013 წლის ზაფხულის განმავლობაში ლ. შ-ის წარმომადგენლების მიერ ლ. დ-ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია 2950 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, დ. ა-ის სასარგებლოდ გადახდილი აქვს 1080 აშშ დოლარი. მოპასუხე სადავოდ არ ხდის აღნიშნული თანხის მიღებას.
მოპასუხის მტკიცებით, 2950 აშშ დოლარიდან, დ. ა-მ როგორც მეორე რიგის იპოთეკარმა, მიიღო 500 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი ჩაითვალა პირველი რიგის იპოთეკარმა. მოსარჩელე თანხის აღნიშნულ გადანაწილებას არ ეთანხმება. მისი მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ქვითრები არის დ. ა-ის მიმართ ვალდებულების სრულად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ანაწილებს მას ორივე იპოთეკარზე.
სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.
ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, შესაბამისი მტკიცებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სარჩელის საფუძვლად მითითებულ გარემოებას, რომ მოვალის მიერ სრულადაა შესრულებული დ. ა-ის მიმართ არსებული ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 290-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოვალე გადახდის დროს არ უთითებდა, თუ რომელი ვალდებულების შესრულებას ახორციელებდა, შესაბამისად, პირველი რიგის იპოთეკარს სრული უფლება ჰქონდა, აღნიშნული გადახდები მის მიმართ არსებული ვალის ნაწილში ჩაეთვალა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, სადავო სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ლ. შ-ს დ. ა-ის მიმართ ჯამში გადახდილი აქვს 2012 წლის განმავლობაში 1080 აშშ დოლარი (რაც დავის საგანს არ წარმოადგენს), ხოლო 2013 წლის ზაფხულის განმავლობაში 500 აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ 2011 წლის 30 მაისის სესხზე 2012-2013 წლების განმავლობაში გადახდილი თანხა, სულ – 1580 აშშ დოლარი გაიქვითა პროცენტისა და ვალდებულების დარღვევით დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში. იმ პირობებში, როდესაც, სადავო არ არის, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობა და არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, დადგენილ ვადაში არ გადაიხადა სესხის თანხა, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა როგორც სესხის თანხა, ასევე პროცენტი და ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოც. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გადახდილი 1580 აშშ დოლარიდან 360 აშშ დოლარის პროცენტის, ხოლო დარჩენილი თანხის პირგასამტეხლოს ნაწილში ჩათვლა სამართლიანი და კანონშესაბამისია.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის, 418-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 420-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებით. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი ხელშეკრულების საერთო თანხის, ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და გონივრულ ოდენობას. პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის კუთხით პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეტაპზე დ. ა-ის მიერ შემცირებულ იქნა მოთხოვნა და იგი ითხოვს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის 3000 აშშ დოლარის ანაზღაურებას.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 623-ე მუხლის, 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 30 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ლ. შ-მ დ. ა-ისაგან ისესხა 3000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 4 %-იანი სარგებლის დარიცხვით. მხარეთა შეთანხმებით, პირგასამტეხლო განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0,3%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხი გაიცა სამი თვის ვადით და უნდა დაბრუნებულიყო 2011 წლის 30 აგვისტოსათვის. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 427-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის სასესხო ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. შ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებანი, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 427-ე, 429-ე მუხლები, ვინაიდან მოსარჩელემ წარადგინა 429-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ გაცემული ვალდებულების შესრულების წერილობითი დოკუმენტი. ასევე სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 30 მაისის №110539514 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით წარმოშობილი დავალიანება მოსარჩელემ შეასრულა ნაწილობრივ. მოცემულ დავაზე 2013 წლის 3 აპრილის განჩინებაში მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე მითითებულ იქნა შემდეგი პირობა „ლ. შ-ის მიერ მოხდეს 30.05.2011 წლის №11053999514 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან დარჩენილი დავალიანების დაფარვა“. შესაბამისად, ლ. შ-ე საბანკო ანგარიშსწორებით დავალიანებას ფარავდა სადავო ხელშეკრულების მიმართ და არა 2011 წლის 25 თებერვლის №110171860 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაზე.
საერთო ჯამში სასამართლოს მიერ მითითებულ პირველი რიგის იპოთეკაზე მხარემ გადაიხადა 16325 აშშ დოლარი, რაც აღიარებულია მხარის მიერ და არ არის სადავო. მეტიც, აპელანტის მიერ გადახდილია 18 775 აშშ დოლარი, რაც არანაირად არ შეესაბამება არსებულ დავალიანებას.
კასატორის მიერ მითითებული 16 325 აშშ დოლარის გადახდაც კი, უდავოდ ადასტურებს, რომ 2011 წლის 25 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოსარჩელემ სრულად შეასრულა და სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული თანხების პირველი რიგის იპოთეკაში მიქცევა არ შეესაბამება პირველი რიგის იპოთეკარის წინაშე არსებულ დავალიანებას. მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ქვითრებში არ იყო მითითებული, თუ რომელ ხელშეკრულებაზე ხდებოდა გადახდა, მაგრამ აღნიშნული განპირობებული იყო იმ მიზეზით, რომ მოპასუხის მიერ გადმოცემულია საბანკო ანგარიში, რომელიც არის ანაბრის ტიპის ე.წ. „ჩემი სეიფი“. ამდენად, მოცემულ ანგარიშზე ბანკი ვერ უთითებდა დანიშნულებას და ოპერატორი ყოველთვის განმარტავდა, რომ დანიშნულების მითითებებისათვის თანხა უნდა ჩარიცხულიყო სხვა ანგარიშზე. მხარეთა შორის არსებული ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ. დ-ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 2 950 აშშ დოლარიდან 2 780 აშშ დოლარი გადახდილი იყო სწორედ ამჟამად სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე.
კასატორის მიერ მითითებული ყველა ეს ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად დასტურდებოდა საქმის მასალებში წარმოდგენილი 2013 წლის 21 იანვრის წერილით, 2013 წლის 29 მაისის წერილითა და სალაროს შემოსავლის ორდერებით თანხის ჩარიცხვაზე, წერილით თიბისი ბანკიდან, ამონაწერით გადახდების თაობაზე, 2013 წლის 3 აპრილის №2/1655-13 განჩინებით, სანოტარო აქტით დეპონირების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 30 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ლ. შ-მ დ. ა-ისაგან ისესხა 3000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 4 %-იანი სარგებლის დარიცხვით. მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0,3%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხი გაიცა სამი თვის ვადით და უნდა დაბრუნებულიყო 2011 წლის 30 აგვისტოსათვის. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ. შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ თბილისში, დ. მ-ის მე-.. კვარტლის მე-.. კორპუსის მე-.. სართულზე მდებარე 28.10 კვ.მ №... ბინა.
იპოთეკა რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და დ. ა-ე დარეგისტრირდა მეორე რიგის იპოთეკარად.
კერძო აღმასრულებელ მ. ს-ის წარმოებაშია ნოტარიუს ს. მ-ის მიერ გაცემული №... სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც კრედიტორ დ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოვალე ლ. შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ.თბილისი, მ. დ-ი, კვარტალი .., კორპუსი №.., სართული .., ბინა №.., საკადასტრო კოდი №...) რეალიზაციის შედეგად.
სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხაა 3000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0,3 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 25 მარტიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რამაც 535 დღეზე შეადგინა 4 815 აშშ დოლარი, სულ – 7815 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლის შეტანისას კრედიტორმა შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა – 3000 აშშ დოლარი. ასევე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 124.38 ლარი და სააღსრულებო ხარჯები სრულად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, მოვალის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების გამო, მეორე რიგის იპოთეკის გაუქმების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 30 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რაც ჯამში შეადგენდა 3360 აშშ დოლარს, მოვალეს უნდა დაებრუნებინა 2011 წლის 30 აგვისტომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხის თანხას ხელშეკრულების შესაბამისად, დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველდღიურად ვადაგადაცილების თანხის 0.3%-ის ოდენობით.
სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ 2013 წლის ზაფხულის განმავლობაში ლ. შ-ის წარმომადგენლების მიერ ლ. დ-ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია 2950 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, დ. ა-ის სასარგებლოდ გადახდილი აქვს 1080 აშშ დოლარი. მოპასუხე სადავოდ არ ხდის აღნიშნული თანხის მიღებას.
მოპასუხის მტკიცებით, 2950 აშშ დოლარიდან, დ. ა-მ როგორც მეორე რიგის იპოთეკარმა, მიიღო 500 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი ჩაითვალა პირველი რიგის იპოთეკარმა. მოსარჩელე თანხის აღნიშნულ გადანაწილებას არ ეთანხმება. მისი მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი ქვითრები არის დ. ა-ის მიმართ ვალდებულების სრულად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ანაწილებს მას ორივე იპოთეკარზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (2014 წლის 15 სექტემბრის №ას-517-490-2014).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ლ. შ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 2 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 309 ლარის 70% – 216,3 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ. შ-ის (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 2 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 309 ლარის 70% – 216,3 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე