Facebook Twitter
# as-37-391-07

საქმე №ას-1295-1233-2014 27თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი –თ. თ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „კ. ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. თ-ის მიმართ კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „კ. ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თ. თ-ეს დაეკისრა 3836.74 აშშ დოლარის გადახდა. თ. თ-ეს 2013 წლის 6 ივნისიდან ვალდებულების სრულ დაფარვამდე სს „კ. ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ყოველდღიურად 0.7 აშშ დოლარის ანაზღაურება. სს „კ. ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 8353.61 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. თ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით თ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. თ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით თ. თ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 169.693 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

2015 წლის 5 იანვარს სასამართლოს განცხადებით მომართა თ. თ-ის წარმომადგენელმა ი. ჩ-ემ და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 14 დღით გაგძელების თაობაზე იმ საფუძვლით რომ, კასატორს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რის გამოც ვერ ახერხებს სახელმწიფი ბაჟის გადახდას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის განჩინებით თ. თ-ის წარმომადგენლის ი. ჩ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 169.693 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2015 წლის 26 იანვარს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 5 დღით გაგძელების თაობაზე იმ საფუძვლით რომ, კასატორს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით თ. თ-ის წარმომადგენლის ი. ჩ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 169.693 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. თ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით თ. თ-ის წარმომადგენლის ი. ჩ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 169.693 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმოამდგენელ ი. ჩ-ეს (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.35-36) ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 12 თებერვალს (იხ.შეტყობინების აქტი ტ. II, ს.ფ.180).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრის თაობაზე დადგენილი ხარვეზის განჩინება სახელმწიფო ბაჟს შეეხებოდა, შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება კანონის დანაწესებთან შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ეს შეტყობინება, კანონის ძალით, მისი განხორციელების დღეს - 2015 წლის 12 თებერვალს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 3 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2015 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა 2015 წლის 16 თებერვალს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ნინო ბაქაქური