საქმე №ას-1351-1388-2014 12 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს-ო I“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ს. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს-ო I-ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე – ქ. ს-ას სარჩელის გამო, მოპასუხე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს-ო I-ის“ მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 იანვრის განჩინებით ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს-ო I-ს“ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც დაევალა, 05 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით, 2694 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 22.08.2008წ.-ის სანოტარო აქტი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს-ო I-ის“ დაფუძნების შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს-ო I-ის“ თავმჯდომარეა გ. ჭ-ე (დაბ.თარიღი:...წ., პ/ნ ...), რომელსაც 2015 წლის 20 იანვარს ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 იანვრის განჩინების საფუძვლებისა და სარეზოლუციო ნაწილის შესახებ საქმის მასალებში არსებულ ტელეფონის ნომერზე: 599.... (ტ.1. ს.ფ. 01), რაც დასტურდება ტელეფონით შეტყობინების შესახებ აქტით (იხ., სატელეფონო შეტყობინების აქტი - ტ.2. ს.ფ. 99). აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად მიიჩნევა განჩინების კასატორისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოთმოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალურთიერთობის მონაწილე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას განჩინებით დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედება საპროცესო-სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 05-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2015 წლის 21 იანვარს და ამოიწურა 2015 წლის 25 იანვარს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს-ო I-ს“ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტური გარემოება, რომელიც კასატორისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსებას საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა, მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს-ო I-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი