Facebook Twitter

საქმე №ას -231-216-2014 9 თებერვალი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ-ჯ“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულებულად აღიარება და იპოთეკის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ს-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „დ-ჯს მიმართ წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა 2010 წლის 2 ნოემბერს გ.ს-ესა და შპს „დ-ჯ“-ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულების შესრულებულად ცნობა და ამ ვლდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის გაუქმება. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 2010 წლის 2 ნოემბერს გ.ს-ესა და შპს ,,დ.ჯ’’-ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გ. ს-ემ სესხის სახით მიიღო 14000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით თვეში 6% სარგებლით. 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში გ. ს-ის შვილმა, ნ. ბ-მა შპს ,,დ.ჯ’’-ს დირექტორს - ნ. დ-ეს გადასცა 14000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც, მხარეთა შეთანხმებით, გადასახდელი დარჩა სესხისათვის სარგებელი 5700 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გ.ს-ის შვილმა, ნ. ბ-მა მოპასუხეს გადაუხადა 2012 წლის 26 იანვრიდან 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით, რითაც დაასრულა მოპასუხისათვის ვალის დაბრუნება. მიუხედადავ დასახელებული გარემოებისა, შპს „დ-ჯ“ უარს აცხადებს ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის გაუქმებაზე იმაზე მითითებით, რომ ვალდებულება სრულად არ ყოფილა შესრულებული და გ.ს-ეს გადასახდელი დარჩა 14 164 აშშ დოლარი. დაზუსტებული სარჩელის მიხედვით, სესხისათვის ყოველთვიურად 6% სარგებლის განსაზღვრა განპირობებუილა მოსარჩელის მძიმე ეკონომიური მდგომარეობით, გამოუცდელობით, კაბალურია, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.

შპს „დ.ჯ“-მ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა. შესაგებელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 2010 წლის 2 ნოემბერს გ.ს-ესა და შპს ,,დ.ჯ’’-ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, ყოველთვიური 6% სარგებლის დარიცხვით. გ.ს-ემ ნ. ბ-ის მეშვეობით 2011 წლის 31 ოქტომბერს სრულად დაფარა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო დავალიანება 5550 აშშ დოლარი და სესხის ძირი თანხის ნაწილი 4450 აშშ დოლარი. რის შემდეგ გ. ს-ეს გადასახდელი დარჩა სესხის ძირი თანხა 9550 აშშ დოლარი. ამის შემდეგ მხარეთა შორის შედგა შეთანხმება იმის შესახებ, რომ სესხის დაბრუნებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე გ.ს-ე გადაიხდიდა 9550 აშშ დოლარის 6%-ს. 2012 წლის 26 ნოემბრიდან 2013 წლის 8 იანვრის ჩათვლით გ.ს-ის ვალდებულება არასრულად იქნა შესრულებული. გ.ს-ის დავალიანება შპს,,დ-ჯ’’-ს მიმართ სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებულ პერიოდზე პროცენტის სახით შეადგენს 4614 აშშ დოლარს, ხოლო სესხის ძირითადი თანხის სახით - 9550 აშშ დოლარს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

2010 წლის 2 ნოემბერს შპს ,,დ-ჯ’’-ს და გ. ს-ეს შორის ერთი წლის ვადით დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №......). დასახელებული ხელშეკრულებით, სესხის თანხა განისაზღვრა 14000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ყოველთვიური სარგებელი - სესხის ძირითადი თანხის 6%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ. ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, .... №.....-ში, ბინა .... (ს/კ №.......);

2011 წლის 31 ოქტომბერს გ.ს-ემ ნ. ბ-ის მეშვეობით დაფარა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო დავალიანება 5550 აშშ დოლარის ოდენობით და სესხის ძირი თანხის ნაწილი 4450 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგ გ.ს-ეს გადასახდელი დარჩა სესხის ძირი თანხა 9550 აშშ დოლარის ოდენობით;

ნასესხები თანხის ნაწილის გადახდის შემდეგ მხარეთა შორის შედგა შეთანხმება იმის შესახებ, რომ სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე მსესხებელი გ.ს-ე გააგრძელებდა დარჩენილ ძირ თანხაზე, 9550 აშშ დოლარზე ყოველთვიური 6%-იანი სარგებლის გადახდას;

2010 წლის 2 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-8 მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. ზემოაღნიშნული წესის დაცვით, 2013 წლის 4 აპრილს ნოტარიუს ნ. ს-ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №.....);

2013 წლის 4 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №....) თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2013 წლის 04 აპრილის მდგომარეობით შეადგენს სესხის ძირ თანხას 9550 აშშ დოლარის ოდენობით და დარიცხულ პროცენტს 4614 აშშ დოლარის ოდენობით;

როგორც გ.ს-ე უთითებს, მის მიერ გადახდილი თანხა 2012 წლის 26 იანვრიდან 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით შეადგენდა პროცენტს (ს.ფ. 3), ხოლო იმ შემთხვევაში, როცა სესხის ხელშეკრულების სარგებელი განისაზღვრება 4%-ით, მაშინ 14.000 -ის 4%- თვეში არის 560, სულ გასულია 26 თვე, ანუ 560X 26=14560, რასაც უნდა დაემატოს მოსარჩელის მიერ გადახდილი ძირი თანხა 4450=19010 აშშ დოლარი, რეალურად კი მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადახდილი აქვს 19 400 აშ დოლარი (ს.ფ. 92). დასახელებული განმარტების შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2011 წლის 30 ოქტომბერს მისი შვილის მეშვეობით გადახდილი თანხიდან სესხის ძირ თანხას შეადგენდა 4450 აშშ დოლარი, ასევე ის ფაქტი, რომ ძირი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მას უნდა გადაეხადა პროცენტი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც;

მხარე დაზუსტებულ სარჩელში მიუთითებს, რომ სესხის სარგებელი თვეში 6%-ის ოდენობით არის კაბალური და უნდა შემცირდეს 4%-მდე;

2009 წლის 7 ოქტომბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო დ. დ-სა და გ. ს-ეს შორის 10 000 აშშ დოლარზე;

სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის 2 ნოემბერს შპს „დ.ჯ“-სა და გ. ს-ეს შორის დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას არ გააჩნია შემხებლობა გ.ს-ესა და დ. დ-ეს შორის 2009 წლის 7 ოქტომბერს გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასთან. სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ - ხ. იგივე დ. დ-ემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2009 წლის 07 ოქტომბერს მასსა და გ. ს-ეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ. ს-ეს სრულად აქვს მის მიმართ ფულადი ვალდებულება შესრულებული და მოცემული სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არის შემხებლობაში 2010 წლის 2 ნოემბერს შპს „დ.ჯ“-სა და გ. ს-ეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 316-ე, 317-ე, 403-ე, 361-ე, 427-ე მუხლებით. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებების შესაბამისად, დ.ს-ეს სრულად არ შეუსრულებია 2011 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად შემოიფარგლა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით, რაც არ წარმოადგენს სადავო გარემოების დადგენის საფუძველს. სასამართლოს შეხედულებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2010 წლის 02 ნოემბერს შპს „დ.ჯ“-სა და გ. ს-ეს შორის დადებული სეხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დღეისათვის გ. ს-ის დავალიანება შპს „დ.ჯ“-ს მიმართ სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებულ პერიოდზე პროცენტის სახით შეადგინა 4614 აშშ დოლარი, ხოლო სესხის ძირი თანხის სახით - 9550 აშშ დოლარი. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ სრულად არის ფულადი ვალდებულება შესრულებული მოპასუხის მიმართ.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სესხის საპროცენტო განაკვეთის კაბალურობასთან და მის შემცირებასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით;

პალატის შეხედულებით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება მხარეთა შორის განსაკუთრებული ნდობის ფაქტორი, ასევე არ დასტურდება, შპს ,,დ.ჯ”-ს საბაზრო ძალაუფლება, რადგან მხოლოდ შპს ,,დ.ჯ” არ წარმოადგენს ერთადერთ კომპანიას, რომელიც ეწევა სალომბარდო საქმიანობას და მას ბაზარზე დომინანტი მდგომარეობა არ უჭირავს. შესაბამისად, სასამართლოს მითითებით, თუკი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობა არ იყო მისთვის მისაღები, შეეძლო ხელი არ მოეწერა ხელშეკრულებაზე ან/და ხელშეკრულების მხარედ სხვა ფიზიკური და იურიდული პირი აერჩია, ვისაც შეეძლო მისთვის უფრო დაბალი პროცენტის ოდენობა შეეთავაზებინა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე არ დასტურდება გ.ს-ის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი. ამასთან, სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულების შესრულება არაა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარის ფინანსურ შესაძლებლობაზე და მძიმე ეკონომიური მდგომარეობა არ წარმოადგენს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს.

სასამართლოს შეხედულებით, არ დგინდება სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტის კაბალურობა, რადგან კანონმდებელმა გააუქმა დათქმა სესხის პროცენტის კონკრეტულ ზღვრულ ოდენობაზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

სასამართლომ მიუთითა, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ის ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის საშუალებადაც გამოყენებული იქნა იპოთეკა მოვალის მიერ, სრულად არ შესრულებულა, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, მხარის მოთხოვნა გ.ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების შესახებ უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა გ.ს-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა მოწმის სახით ნ. ბ-ის დაკითხვაზე. სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელის სახელით სესხთან დაკავშირებულ თანხებს მოპასუხეს ნ.ბ-ი უხდიდა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ გ. ს-ეს არ ჰქონია კონტაქტი მოპასუხესთან. აღნიშნული გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ სადავო ურთიერთობაში ნ. ბ-ი წარმოადგენს მნიშვნელოვან მონაწილეს, ყველა შეთანხმება მისი მონაწილეობით დგებოდა და ამდენად, ნ. ბ-ის ჩვენება სასამართლოს მნიშვნელოვან მტკიცებულებად უნდა მიეჩნია სადავო გარემოებების დადგენისას. გარდა იმისა, რომ სასამართლომ უარი განაცხადა მოსარჩელის მოწმის დაკითხვაზე, მან არ შეაფასა მოასრჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არამედ მხოლოდ მოპასუხის განმარტებების მხედველობაში მიღებით გამოიტანა გადაწყვეტილება. ამგვარად, სასამართლომ უგულებელყო შეჯიბრებითობის პრინციპი;

სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 55-ე, 115-ე, 361-ე, 427-ე მუხლების შესაბამისად, საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით არსებობდა გ.ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი;

კასატორის მოსაზრებით, საჯარო წესრიგისა და ნორმების შესაბამისად არ უნდა იქნეს მიჩნეული გარიგება, რომლის შესაბამისად მსესხებელს ეკისრება ვალდებულება სესხისათის გადაიხადოს 72% სარგებელი წელიწადში;

სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გ. ს-ემ 2011 წლის 31 დეკემბრისათვის დაფარა სესხიდან გამომდინარე დავალიანება სესხის ძირითადი თანხის ნაწილში 4450 ლარის ოდენობით, ხოლო სესხისათვის სარგებლის გადახდის ნაწილში 5550 ლარის ოდენობით, ხოლო გადასახდელი დარჩა სესხის ძირითადი თანხა 9550 აშშ დოლარის ოდენობით. დასახელებული გარემოებები სასამართლომ დაადგინა მხოლოდ მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომლის შესაბამისად, მან სრულად დაფარა სესხის ძირითადი თანხა. მოსარჩელის ამგვარი განმარტება ლოგიკურია იმ თვალსაზრისით, რომ, როდესაც პირს შეუძლია, სრულად დაფაროს სესხის ძირითადი თანხა, იგი პირველ რიგში სწორედ სესხის ძირითად თანხას გადაიხდის და დაიტოვებს სარგებლის გადახდის ვალდებულებას, ვინაიდან სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულების დატოვებით შეუნარჩუნდება სარგებლის გადახდის ვალდებულებაც. ის გარემოება, რომ 2011 წლის დეკემბერში მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა სესხის ძირითადი თანხის დასაფარად საჭრო რაოდენობის თანხა, დასტურდება მხარეთა განმარტებებით;

სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის შედგა შეთანხმება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებამდე სარგებლის გადახდის თაობაზე. დასახელებული გარემოების დადგენის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა მხარეთა განმარტება, თუმცა მოსარჩელეს მსგავსი განმარტება არ გაუკეთებია. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ და მისმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გ. ს-ე ნახეს მხოლოდ ერთხელ - ხელშეკრულების ხელმოწერისას. ამდენად, უსაფუძვლოა მოსაზრება, რომლის შესაბამისად, მხარეები ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შეთანხმდნენ სარგებლის გადახდის წესზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:

2010 წლის 2 ნოემბერს შპს ,,დ.ჯ-ს“ და გ. ს-ეს შორის ერთი წლის ვადით დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №…..). დასახელებული ხელშეკრულებით, სესხის თანხა განისაზღვრა 14000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ყოველთვიური სარგებელი - სესხის ძირითადი თანხის 6%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ. ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, …. ქ. №…-ში, ბინა … (ს/კ №….);

2011 წლის 31 ოქტომბერს გ.ს-ემ ნ. ბ-ის მეშვეობით დაფარა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო დავალიანება 5550 აშშ დოლარის ოდენობით და სესხის ძირი თანხის ნაწილი 4450 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგ გ.ს-ეს გადასახდელი დარჩა სესხის ძირი თანხა 9550 აშშ დოლარის ოდენობით;

ნასესხები თანხის ნაწილის გადახდის შემდეგ მხარეთა შორის შედგა შეთანხმება იმის შესახებ, რომ სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე მსესხებელი გ.ს-ე გააგრძელებდა დარჩენილ ძირ თანხაზე, 9550 აშშ დოლარზე ყოველთვიური 6%-იანი სარგებლის გადახდას. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2011 წლის 30 ოქტომბერს მისი შვილის მეშვეობით გადახდილი თანხიდან სესხის ძირ თანხას შეადგენდა 4450 აშშ დოლარი, ასევე ის ფაქტი, რომ ძირი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მას უნდა გადაეხადა პროცენტი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც;

2010 წლის 2 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-8 მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, 2013 წლის 4 აპრილს ნოტარიუს ნ. ს-ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №….);

2013 წლის 4 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №…..) თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2013 წლის 04 აპრილის მდგომარეობით შეადგენს სესხის ძირ თანხას 9550 აშშ დოლარის ოდენობით და დარიცხულ პროცენტს 4614 აშშ დოლარის ოდენობით;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

განსახილველ შემთხვევაში კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად, გ.ს-ესა და შპს „დ.ჯ“-ს შორის შედგა შეთანხმება 2010 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებამდე მისთვის სარგებლის გადახდის თაობაზე. დასახელებული გარემოების დადგენის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა მხარეთა განმარტებებზე. მოსარჩელის მხრიდან სადავო შეთანხმების არსებობის დამადასტურებელ განმარტებად სასამართლომ მიიჩნია დაზუსტებულ სარჩელში ასახული მსჯელობა, რომლის შესაბამისად, სარჩელის ავტორი, ერთ შემთხვევაში უთითებს 2010 წლის 2 ნოემბრის სესხისა დ იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სარგებლის გადახდის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო მეორე შემთხვევაში უთითებს, თუ რა რაოდენობით სარგებელი ექნებოდა გადასახდელი 26 თვისათვის, თუ სარგებლის ოდენობად 4% იქნებოდა მიჩნეული, მაშინ, როცა 2010 წლის 2 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 1 წლის ვადით გაფორმდა.

კასატორის პრეტენზიის მიხედვით, 2010 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულების მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია შეთანხმებას ამ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სესხისათის სარგებლის გადახდასთან დაკავშირებით.

მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის 2 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით დადეს და სანოტარო წესით დაადასტურეს მხარეებმა, არ ითვალისწინებს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სესხისათვის სარგებლის გადახდის ვალდებულებას (ს.ფ. 16-18). დასახელებული ხელშეკრულების 1.1 და 1.3 პუნქტების მიხედვით, 2010 წლის 2 ნოემბერს შპს „დ.ჯ“-მ, რომელსაც წარმოადგენდა დირექტორი ნ. დ-ძე, გ. ს-ეს ასესხა 14 000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 6% სარგებლით. ამავე ხელშეკრულების 2.1 პუქნტის მიხედვით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 1 წლით, ხოლო 2.2 პუნქტის მიხედვით, მხარეებს უფლება ჰქონდათ, გაეგრძელებინათ სესხის დაბრუნების ვადა წერილობითი შეთანხმებით, რომელიც საჭიროებდა სანოტარო დადასტურებას (ს.ფ. 16-18).

აღნიშნულ გარემოებათა შეფასებისას სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.

დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნებისმიერი შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილელია კანონით დადგენილი ან მხარეთა მიერ გათვალისწინებული ფორმის დაცვა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სანოტარო წესით დადებული ხელშეკრულება. მხარეებმა ასეთი ფორმა განსაზღვრეს მათ შორის არსებული ურთიერთობების რეგულირებისათვის. მითუმეტეს, რომ იპოთეკის ხელშეკრულება, ყოველთვის იდებოდა წერილობით ფორმით. მხარეთა შორის რომც ყოფილიყო ზეპირი სახის შეთანხმება მათ შორის არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით იგი უნდა შესრულებულიყო იგივე ფორმით, როგორც შესრულებულია მათ შორის არსებული ხელშეკრულება. მსგავსი განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომელიც ასახულია 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Nას-1260-1501-05.

სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით კი ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელება-არგაგრძელება ცალსახად დაკავშირებულია სარგებლის გადახდასთან. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების 1.3.პუნქტის თანახმად, ,,სესხს დაერიცხება სარგებელი (პროცენტი),“ რაც შეადგენს ძირითადი თანხის 6 პროცენტს. აღნიშნული სარგებლის დარიცხვის გაგრძელება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა, თუ მხარეები გააგრძელებდნენ ხელშეკრულების მოქმედებას. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი პროცენტის გადახდას ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას აწესებს იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამის თაობაზე შეთანხმებული არიან. ამდენად, 2010 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის სარგებლის გადახდა ვადის გადაცილებისათვის. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, შეუძლებებლია, მხარეს დაეკისროს სარგებლის გადახდა.

რაც შეეხება სასამართლოს მითითებას დაზუსტებული სარჩელის ტექსტის მე-8 პუნქტში გაკეთებული გაანგარიშების შესახებ, იგი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ვალის აღიარებად, რადგან სასამართლოს არ გამოუკვლევია, თუ რა პერიოდს შეეხებოდა მითითებული განმარტება. იმავე დაზუსტებული სარჩელის მე-5 და მე-6 პუნქტებში მოსარჩელის მიერ მითითებულია, თუ რამდენი ჰქონდა ვალი მოპასუხის მიმართ, რამდენი, გადაიხადა, რამდენი დარჩა პროცენტი და ა.შ. აღწერილი გარემოებანი სრულ წინააღმდეგობაშია სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნებთან. სასამართლო ვალდებული იყო დასკვნები გაეკეთებინა ყველა გარემოების გათვალისწინებით და არა მხოლოდ ერთ რომელიმე ფაქტზე დაყრდნობით.

დადგენილი გარემოებებიდან ირკვევა, რომ 2010 წლის 2 ნოემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით, სესხის თანხა განისაზღვრა 14000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ყოველთვიური სარგებელი - სესხის ძირითადი თანხის 6%-ის ოდენობით. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების შესაბამისად, 2011 წლის 2 ნოემბრისათვის მოსარჩელეს უნდა გადაეხადა 14000 აშშ დოლარი ძირითადი თანხის სახით. ხოლო თუ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევდა 6 პროცენტიან სარგებელის დაკისრებას, მაშინ მოვალეს უნდა გადაეხადა 10080 აშშ დოლარი პროცენტის სახით, ანუ სულ 24080 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უნდა დაედგინა, რა თანხა აქვს გადახდილი მოსარჩელეს და დაფარულია თუ არა მხარეთა მიერ შეთანხმებული ძირი თანხისა და პროცენტის ოდენობა. ასევე, უნდა გაერკვია, მართლზომიერია თუ არა კრედიტორის მიერ 6 პროცენტიანი სარგებლის დაკისრება.

მხარეთა მიერ შეთანხმებულ 6 პროცენტიან სარგებელთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს მართლაც გამოვლენილი აქვთ მსგავსი ნება. რა თქმა უნდა, არსებობს მხარეთა ნების ავტონომია, რომელიც ყოლთვის ანგარიშგასაწევია სამოქალაქო სამართალურთიერთობათა შეფასების დროს, მიუხედავად ამისა, ნების გამოვლენა არ არის შეუზღუდავი. არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით ზღუდავენ მხარეთა ნებას. აღნიშნულის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მთელი რიგი ნორმები, რომლებიც არარად მიიჩნევენ მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას. ასეთ ნორმებს განეკუთვნება თუნდაც მოჩვენებითი, თვალთმაქცური, ან კანონსაწინააღმდეგო გარიგებები, ასევე ზნეობის საწინააღმდეგო ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. იმ შემთხვევაში თუ მხარეთა მიერ დაწესებული პროცენტი მნიშვნელოვნად აღემატება ზოგადად კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაწესებულ ოდენობას შესაძლებებლია, ასეთი ნების გამოვლენა ბათილადაც ჩაითვალოს. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მსგავს საკითხებზე არ უმსჯელია, რის გამოც გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად უნდა ჩაითვალოს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაადგინოს, რა თანხაა გადასახდელი მოსარჩელის მიერ და ამ თანხიდან რა ოდენობაა დაფარული კრედიტორის მიერ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იგივე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე