საქმე №ას-248-233-2014 12 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. ა-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ნასყიდობის თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ა-ას მიმართ შეძენილი ცხვრის ღირებულების - 13 855 ლარის, ასევე სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2012 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს მიყიდა კუთვნილი 141 ცხვარი და თითოეულის ღირებულება განისაზღვრა 155 ლარით. მხარეთა შეთანხმებით მოპასუხეს თანხა უნდა გადაეცა ერთ კვირაში.
მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად და გადასახდელი აქვს 13 855 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
მ. ა-ას მოსარჩელისაგან ცხვარი არ შეუძენია და არც მისი ვალი გააჩნია. ბ. გ-ის ცხვარი, ისევე, როგორც მოპასუხისა და კიდევ სხვა პირების ცხვარი, შეიძინა მ. ხ-მ, რომელმაც თანასოფლელ კ. ო-ის მეშვეობით გადასცა მას თანხის ნაწილი.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ა-ას ბ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13 855 ლარის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2013 წლის 28 ნოემბერს, 12:00 საათზე დანიშნულ საქმის ზეპირი განხილვისას არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე მ. ა-ა, რომელიც სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სასამართლოს მითითებით, მართალია, საქმეში წარმოდგენილ იყო 2013 წლის 21 ნოემბრის განცხადება, მაგრამ აღნიშნული განცხადების შინაარსიდან გამომდინარე დგინდებოდა, რომ მას სასამართლოსათვის არ მოუთხოვია საპატიო მიზეზის გამო, დანიშნული პროცესის სხვა დროისათვის გადადება, განმცხადებელმა მიუთითა მხოლოდ რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე და მოითხოვა სასამართლოს მიერ სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა, ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა რაიმე გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის. ბ. გ-ის წარმომადგენელმა ჯ. მ-მა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და ბ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე, რაც სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 230-ე მუხლის პირველი ნაწილით და რადგანაც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე მ. ა-ა, რომელიც სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამასთან, არ არსებობდა მისი გამოუცხადებლების საპატიო მიზეზი, ხოლო აპელანტის (მოსარჩელის) - მიერ სააპელაციო საჩივარში (სარჩელში) მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა (ასაბუთებდა) აპელანტის მოთხოვნას არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი (სარჩელი) ემყარებოდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2012 წლის 20 სექტემბერს ბ. გ-მ მ. ა-ას მიჰყიდა კუთვნილი 141 ცხვარი, თითოეული 155 ლარის ღირებულების, გარიგება დაიდო ზეპირად. მხარეთა შეთანხებით მ. ა-ას ბ. გ-ისათვის თანხა უნდა გადაეცა ერთ კვირაში. მ. ა-ამ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად და მას ბ. გ-ისათვის გადასახდელი ჰქონდა 13 855 ლარი (სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები).
სასამართლოს საქმეზე დაკითხული მოწმეთა (დ. ლ-ე, მ. ქ-ე, ჯ. გ-ე, ფ. ა-ი, მ. ხ-ე) ჩვენებების საფუძველზე დადგენილად უნდა მიეჩნია ის გარემოება, რომ ბ გ-ისაგან 141 სული ცხვარი შეიძინა მ. ა-ამ და არა მ. ხ-მ, შესაბამისად, არ არსებობდა რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა და ამ მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
მოსარჩელის განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ მ. ა-ას მაქსიმუმ ერთ კვირაში ცხვრის შეძენიდან უნდა მოეტანა ნასყიდობის თანხა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს წერილით და გამოკითხვის ოქმით დგინდებოდა, რომ ბ. გ-მ 141 ცხვარი მიჰყიდა მ. ა-ს, რომელმაც თავის გამოკითხვაში დაადასტურა ვალის არსებობა.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ დამტკიცებულად მიიჩნია რა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ჩათვალა, რომ ისინი სამოქალაქო კოდექსის 186-ე, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე, 397-ე, 477-ე და 478-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სააპელაციო საჩივრის (სარჩელის) მოთხოვნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით მ. ა-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში შემდეგი დასაბუთებით:
დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარს მ.ა-ამ დაურთო 2013 წლის 30 ოქტომბერს წარმოდგენილი განცხადება, რომელსაც ახლავს 28 ოქტომბერს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა - ფორმა №100, ასევე 2014 წლის 17 იანვარს გაცემული ფორმა №100 და ცნობა №41, რომელთან ერთი გაცემულია კლინიკის მიერ, ხოლო მეორე - უშუალოდ მკურნალი ექიმის მიერ ხელმოწერილია და დამოწმებულია ბეჭდით. წარმოდგენილი ცნობები არ შეიცავდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ საპატიო მიზეზთა ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება საფუძვლად დადებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2013 წლის 31 ოქტომბერს, სადაც არ გამოცხადდა რა მ. ა-ა, პალატამ გაითვალისწინა 2013 წლის 28 ოქტომბერს გაცემულ ფორმა №100-ში მითითებული საფუძვლები და სხდომა გადადო 2013 წლის 28 ნოემბერს. სხდომამდე, 21 ნოემბერს მ. ა-ამ წარადგინა განცხადება, სადაც იგი საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მიანიშნებდა და სხდომის გადადების შუამდგომლობას ეს განცხადება არ შეიცავდა. ის გარემოება, რომ მ. ა-ასათვის ცნობილი იყო 28 ნოემბერს დანიშნული სხდომის თაობაზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლომ შეამოწმა, შეტყობინება სხდომის შესახებ 2013 წლის 13 ნოემბერს ჩაბარებული ჰქონდა თავად მ. ა-ას, რის გამოც სწორედ 21 ნოემბერს მიმართა სასამართლოს განცხადებით. 28 ნოემბერს საპატიო მიზეზით მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა, განცხადება ასეთ მითითებას არ შეიცავდა, მხარე არ ითხოვდა სხდომის გადადებას და აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება იყო საპროცესო ნორმების დაცვით მისაღები. შესაბამისად, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი.
რაც შეეხება საჩივარში მითითებულ იმავე 2013 წლის 28 ოქტომბრის ფორმა №100-სა და 2014 წლის 17 იანვარს გაცემულ ცნობას, ასევე ფორმა №100-ს, პალატის შეფასებით, 31 ოქტომბერს გადადებულ სხდომაზე წარმოდგენილი ცნობა ვერ გახდებოდა 2013 წლის 28 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა მით უფრო, რომ 2014 წლის 17 იანვარს გაცემულ ფორმა №100-ში მითითებული არ ყოფილა, რომ მ.ა-ას 28 ნოემბრიდან აღენიშნებოდა ჯანმრთელობის გაუარესება, რადგან ავადმყოფობა ქრონიკულ ხასიათს ატარებდა და მას იმ დღეს სხდომაზე გამოცხადება არ შეეძლო, ამის დამადასტურებელ გარემოებებზე მითითებას განცხადება და ცნობა არ შეიცავდა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლით და მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც 2013 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტს დაადასტურებდა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ამ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავეს სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 თებერვლის განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილი, კერძოდ, სასამართლო შეიძლება დაყრდნობოდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო და უდავო ფაქტობრივ გარემოებებს ან, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გზით, თავად დაედგინა ახალი. სააპელაციო პალატა, მართალია, მიუთითებს რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე, თუმცა არ გაიზიარა ის, რომ სადავო ცხვარი მოსარჩელისაგან შეიძინა არა კასატორმა, არამედ მ. ხ-მ.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ გამოიყენა დაუშვებელი მტკიცებულებები, კერძოდ, ცხვრის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტი დადგენილად ცნო შსს კახეთის მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს წერილის თანახმად. თავად სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულების უკანონობას ადასტურებს ის გარემოება, რომ მ.ა-ა არ ფლობს სამართალწარმოების ენას, საჭიროებს აზერბაიჯანულენოვან თარჯიმანს, რაც განაცხადა კიდევაც საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას, სადავო დოკუმენტი კი, ქართულ ენაზეა შედგენილი, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის წინაპირობაა.
გარდა აღნიშნულისა, საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, კერძოდ, საქმის გაცნობისას გაირკვა, რომ 2014 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი, რა დროსაც მიღებულ იქნა განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, საქმეში არ იყო წარმოდგენილი იმ მიზეზით, რომ მასზე არ იყო ერთ-ერთი მოსამართლის ხელმოწერა, სხდომის ოქმის მხარის წარმომადგენლისათვის გადაცემა მოხერხდა მხოლოდ 2014 წლის 24 თებერვალს, რაც განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და 281-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი. საქმეში წარმოდგენილი იყო საკმარისი მტკიცებულება - 2013 წლის 28 ოქტომბრის ცნობა ფორმა N100/ა, რომლის თანახმადაც კასატორს დადგენილი ჰქონდა ბრონქოექტაზოური დაავადება, საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას, დაავადება არის ქრონიკული, პროგრესირებადი, ახასიათებს ხშირი გამწვავება, რა დროსაც ავადმყოფს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი, უჭირს სუნთქვა, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ესაჭიროება ამბულატორიული მკურნალობა, ხოლო გამწვავების პერიოდში - წოლითი რეჟიმი. სასამართლოს ამ მტკიცებულების საფუძველზე შეეძლო, შეეჩერებინა საქმის განხილვა არა უმეტეს 2 თვისა.
საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 21 ნოემბრის განცხადება, რომლითაც მ.ა-ა მიუთითებდა, რომ ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა, რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სწორედ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა.
გარდა აღნიშნულისა, 2013 წლის 21 ნოემბრის განცხადებით მ.ა-ამ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია მ. ხ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების თაობაზე და იშუამდგომლა საგამოძიებო ორგანოებიდან მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, თუმცა სასამართლოს ობიექტური ჭეშმარიტების დამდგენი ეს მტკიცებულებები არ მოუპოვებია, უფრო მეტიც, კასატორს შეეზღუდა საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, ხოლო სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნები.
2013 წლის 13 თებერვლის განჩინების გამოტანისას სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, საჩივარზე დართული ცნობების თანახმად, სასამართლოს სხდომა სხვა დროისთვის უნდა გადაეტანა, რადგანაც სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად მხარე სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა.
საკასაციო საჩივარზე დართული მკურნალი ექიმის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ კასატორმა მას 2013 წლის 28 ნოემბერს მიმართა, ჯანმრთელობის მდგომაროება ჰქონდა გართულებული, ექიმის რეკომენდაციის თანახმად, მას ჰქონდა წოლითი რეჟიმი, ანტიბიოტიკური თერაპია, აკრძალული ჰქონდა სიარული და ფიზიკური დატვირთვა. დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ დაავადება ქრონიკულია და ახლავს ხშირი რეციდივი, ხოლო სათანადო მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელია სიცოცხლისათვის საშიში გართულებები.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან სააპელაციო საჩივარი შეიცავდა ფაქტობრივ უსწორობებს, შესაბამისად, რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისას სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები და სასამართლო სხდომაზე არ გამოიკვლია მტკიცებულებები, შესაბამისად, პალატის დასკვნა, რომ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს აპელანტის მოთხოვნას, დაუსაბუთებელია. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ უარყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი მოთხოვნა და არასათანადო მოპასუხე - მ.ა-ა არ შეცვალა სათანადო მოპასუხით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა მ. ა-ას საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ამავე წლის 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს განუსაზღვრა 7-დღიანი ვადა შესაგებლის წარდგენისათვის, ამასთანავე, განუმარტა მ.ა-ას ამ ვალდებულებათა დარღვევის ნეგატიური შედეგები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების თანახმად გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა კორესპოდენცია მ.ა-ას 2013 წლის 26 სექტემბერს;
საქმეში წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც მ.ა-ა არ ცნობს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. შესაგებელი წარდგენილია 2013 წლის 30 ოქტომბერს;
საქმეში ასევე წარმოდგენილია 30 ოქტომბრით დათარიღებული განცხადება, რომლითაც მ.ა-ამ მიუთითა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, აღნიშნავდა, რომ სწორედ ამ მდგომარეობითაა განპირობებული შესაგებლის წარდგენის ვადის დარღვევა და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საქმის მის დაუსწრებლად განხილვის ან განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე. წარდგენილ განცხადებას ერთვის ექიმ ლ.ო-ის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ფორა N100/ა. ცნობა შედგენილია 2013 წლის 28 ოქტომბერს და მითითებულია შემდეგი დიაგნოზი: მარცხენამხრივი ბრონქოექტაზიური დაავადება, ქრონიკული ბრონქიტი - ბრონქოკონსტრიქცია, სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა _ I-II ხარისხი, წელის მალების ოსტეოქონდროზი, დეპრესიული ნევროზი. ცნობის შესწავლით ირკვევა, რომ დაავადები პაციენტს გაუმწვავდა მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გამოკვლევის შედეგად საჭირო გახდა ოპერაციულ ჩარევა - ფილტვის უბნის ამოკვეთა, რაც არ ჩატარებულა, ზოგადად, დაავადება ქრონიკულია, პროგრესირებადი, მიმდინარეობს ხშირი გამწვავებებით, რა დროსაც ავადმყოფს შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უნარი, სუნთქვა, შრომის უნარიანობა, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ასევე მითითებულია დანიშნული მკურნალობის თაობაზე, სამკურნალო და შრომით რეკომენდაციად მითითებულია ოპერაციული მკურნალობა, სისტემატური ამბულატორიული მეთვალყურეობა და გამწვავების პერიოდში წოლითი რეჟიმი;
სააპელაციო პალატამ, 2013 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ სხდომაზე წარდგენილი განცხადებისა და ზემოაღნიშნული სამედიცინო ცნობის შესწავლით, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი და სასამართლო სხდომა გადადო 2013 წლის 28 ნოემბერს, 12:00 საათზე;
საქმეში წარმოდგენილი უწყებისა და საფოსტო შეტყობინების თანახმად, სხდომის გადადების თაობაზე შეტყობინება პირადად ჩაბარდა მ. ა-ას 2013 წლის 18 ნოემბერს;
საქმეში წარმოდგენილია მ. ა-ას განცხადება, რომლითაც მხარე მიუთითებს საქმის გარემოებებზე, შუამდგომლობს გამოძიების მასალების გამოთხოვის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სხდომას ვერ დაესწრება ჯანმრთელობის მდგომაროების გამო, ამასთანავე, მოითხოვს სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას. განცხადება ფოსტას ჩაბარდა 2013 წლის 20 ნოემბერს, ხოლო სასამართლოში რეგისტრირებულია 2013 წლის 21 ნოემბერს, განცხადებას არ ახლავს მისი წარდგენის დროისათვის მ.ა-ას ჯანმრთელობის მდგომაროების დამადასტურებელი მტკიცებულება;
2013 წლის 28 ნოემბერს დანიშნულ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადებულა, სასამართლომ კი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2013 წლის 12 დეკემბერს გადადო, შესაბამისად, ამ რიცხვითაა დათარიღებული სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე; ბ) გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა, ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს სააპელაციო საჩივარში (სარჩელში) მითითებული გარემოებები ამართლებს თუ არა აპელანტის მოთხოვნას, ამასთან, სააპელაციო სასამართლო შეიძლება ასევე დაემყაროს აპელანტის ახსნა-განმარტებას. გარდა აღნიშნულისა, პალატამ ასევე უნდა შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 230.2 და 233.1 მუხლები).
მიღებული დაუსწრებელი გადაწვეტილების გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განმარტავს, ამ კანონის მიზნებისათვის თუ რა განიხილება საპატიო მიზეზად, ასეთად კი, ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზიები მიმართულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის შემდეგი წინაპირობებისკენ:
ა) საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი.
ბ) სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მხარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე;
გ) სასამართლომ არ გამოიკვლია მტკიცებულებები და არასწორად მიიჩნია დადგენილად სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, ამასთანავე, დადგენილად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მ.ა. წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს;
დ) სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის განხილვა მოწინააღმდეგე მხარის ავადმყოფობის გამო;
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასა და/ან მის გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც მხარის სასამართლო სხდომაზე დადგენილი წესით მოწვევის ფაქტი სადავო არაა, რაც შეეხება მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, მართალია, სამედიცინო დოკუმენტები შეიცავენ გარკვეულ მითითებას მ.ა-ას ჯანმრთელობის მდგომაროების თაობაზე, თუმცა ამ კუთხით სასამართლომ სავსებით მართებულად შეაფასა ისინი და სწორად ჩათვალა, რომ ეს მტკიცებულებები არ ადასტურებდა საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზის არსებობას, კერძოდ, 2013 წლის 28 ოქტომბრის ცნობა ადასტურებს, რომ მ.ა-ას ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა, სისტემატური ამბულატორიული მეთვალყურეობა და გამწვავების პერიოდში წოლითი რეჟიმი.
ეს დოკუმენტი გაცემულია სასამართლო სხდომამდე და მისი შინაარსიდან ირკვევა ის, რომ 2013 წლის ივნის-ივლისში გაუმწვავდა ბოლოს მ.ა-ას ჯანმრთელობა, შესაბამისად, ცნობა არ იძლევა მისი გაცემის შემდეგ დანიშნულ სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ დასკვნის საფუძველს. რაც შეეხება 2013 წლის 20 ნოემბრის განცხადებას, მასში მითითებულია მხოლოდ ის, რომ მ.ა-ას ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე, მას არ ერთვის ამ დროისათვის მხარის ჯანმრთელობის მდგომაროების დამადასტურებელი მტკიცებულება, უფრო მეტიც, მ.ა-ას სხდომის გადადების თაობაზე არ უშუამდგომლია, მან მხოლოდ საქმის სამართლიანად გადაწყვეტა მოითხოვა, სასამართლო კი, მხარის მოთხოვნის ფარგლებს ვერ გასცდებოდა.
რაც შეეხება 2014 წლის 17 იანვარს კლინიკა „L-E-ის“, ასევე ექიმ ლ.ო-ის მიერ გაცემულ ცნობებს, ამ ცნობებით არ დასტურდება სასამართლო სხდომის დღეს, ან საქმეში წარმოდგენილი ბოლო ცნობის გაცემის - 2013 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ მ. ა-ას ჯანმრთელობის არსებით გაუარესების ფაქტი, თანახმად საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეჩერებინა, რადგანაც აღსანიშნავია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივარი მხარის ამ პრეტენზიას არ შეიცავს, ამასთანავე, 280-ე მუხლი არ წარმოადგენს იმპერატიულ ნორმას და მისი გამოყენება გამართლებულია მხოლოდ სასამართლოს შეხედულებით, რომელიც საქმის მასალების გამოკვლევას უნდა ემყარებოდეს.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სხდომის ოქმის არარსებობის მოტივით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე, რადგანაც, მართალია, საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მხარე თავადვე ადასტურებს და საქმის მასალებითაც ირკვევა, რომ 2014 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი საქმეშია, კასატორი ამ ოქმის არარსებობას უკავშირებს მის საქმეში გვიან განთავსების ფაქტს, რაც თავისთავად ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობა (სსსკ 289.3 მუხლი) მართალია, ადგენს სხდომის ოქმის მომზადების კონკრეტულ ვადას - 3 დღეს, თუმცა ამ ვადის დარღვევის დადასტურების შემთხვევაშიც კი, იგი მაინც ვერ გახდება მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
რაც შეეხება მტკიცებულებათა გამოკვლევასა და საქმის გარემოებების არასწორად დადგენას, საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულს გაიზიარებს, რადგანაც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას სააპელაციო საჩივარში (სარჩელში) მითითებული გარემოებები კანონის ძალით ითვლება დადგენილად (სსსკ 387-ე და 230-ე მუხლები) იმგვარად, რომ სასამართლოს უფლება, გამოიკვლიოს მტკიცებულებები, კანონით გათვალისიწნებული არაა. სასამართლოს როლი მხოლოდ იმაში გამოიხატება, შეამოწმოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა მოთხოვნას, ანუ სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს სამართლის ნორმა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება და შეაფასოს, დადგენილად მიჩნეული გარემოებები ამართლებს თუ არა მხარის მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, მ.ა-ას გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიიჩნია დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2012 წლის 20 სექტემბერს ბ. გ-მ მ. ა-ას მიჰყიდა კუთვნილი 141 ცხვარი, თითოეული 155 ლარის ღირებულების, გარიგება დაიდო ზეპირი ფორმით. მხარეთა შეთანხებით მ. ა-ას .ბ გ-ისათვის თანხა უნდა გადაეცა ერთ კვირაში. მ. ა-ამ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად და მას ბ. გ-ისათვის გადასახდელი აქვს 13855 ლარი.
- სასამართლოს საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად უნდა მიეჩნია ის გარემოება, რომ ბ. გ-ისაგან 141 სული ცხვარი შეიძინა მ. ა-ამ და არა მ. ხ-მ. შესაბამისად, არ არსებობდა რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა და ამ მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ დადგენილად მიჩნეული გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 186-ე, 327-ე, 477-ე და 478-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის (სარჩელის) მოთხოვნას.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც უკვე აღინიშნა, კანონით დადგენილი წესით, 2013 წლის 26 სექტემბერს მ. ა-ას პირადად ჩაბარდა ბ.გ-ის სააპელაციო საჩივრის ასლი, სააპელაციო პალატის განჩინება, რომლითაც განესაზღვრა 7-დღიანი ვადა შესაგებლის წარდგენისათვის და განემარტა მისი წარუდგენლობის შედეგების თაობაზე, ასევე სასამართლო უწყება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 7-დღიანი ვადის დენა დაწყებულია 2013 წლის 27 სექტემბერს და ამოწურულია 2 ოქტომბერს, სააპელაციო პასუხი მხარეს წარდგენილი აქვს 2013 წლის 30 ოქტომბერს. 2013 წლის 30 ოქტომბრის განცხადებით მხარე აღიარებს ამ ვადის დარღვევას იმგვარად, რომ მას არც ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევა და არც მისი აღდგენის თაობაზე უშუამდგომლია.
ამ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სავებით მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე, კასატორმა კი, ვერც საჩივარსა და ვერც საკასაციო საჩივარში მიუთითა იმგვარ გარემოებებზე, რაც მისი გაუქმების წინაპირობა გახდებოდა.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარსა და 2014 წლის 7 მარტის განცხადებაზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მიიღოს და განიხილოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ, ამდენად, მ. ა-ას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება 2 (ორი) ფურცლად, ასევე 2014 წლის 7 მარტის განცხადებაზე დართული მტკიცებულება 2 (ორი) ფურცლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2014 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე