საქმე №ას-256-240-2014 6 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე: 1. შპს „ა. ც-ი“ (მოპასუხე)
2. გ. ჩ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების დაკისრება, ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჩ-მა, ლ. ჩ-მა და გ. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ა. ც-ის“ მიმართ და მოითხოვეს:
ა) ლ. ჩ-ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების - 2 178,66 ლარისა და ყოველი დაყოვნებული დღისათვის ამ თანხის 0,07%-ის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
ბ) გ. ჩ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 3 048 ლარის, თანხის დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ამ თანხის 0,07%-ის, 2012 წლის 3 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის - ყოველთვიური ხელფასის, 1270 ლარის დაკისრება, ასევე სამუშაოდან გ.ჩ-ის გათავისუფლების შესახებ 2012 წლის 10 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობა და იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე გ.ჩ-ის აღდგენა;
გ) გ. მ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების, გამოუყენებელი შვებულებისა და მივლინების ხარჯის - 4 368,64 ლარის, ასევე დაყოვნების ყოველი დღისათვის ამ თანხის 0,07%-ის დაკისრება 2012 წლის 12 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი მუშაობდნენ შპს „ა. ც-ში“ სხვადასხვა თანამდებობაზე, მოპასუხეს მათ მიმართ გადასახდელი აქვს 2011 წლის გარკვეული თვეების სახელფასო დავალიანება, ამასთან, მოსარჩელე გ. ჩ-ი მოპასუხემ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა, რადგანაც მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შრომის პირობების დარღვევა, რასაც რეალურად ადგილი არ ქონია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
მოსარჩელეები, მათ მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობის დასადასტურებლად ეყრდნობიან გაურკვეველი წარმოშობის ცნობებს და არაუფლებამოსილ პირთან - გ. თ-სთან გაფორმებულ შეთანხმებებს. ამასთან, ლ. ჩ-ი, გ. ჩ-ი და გ. მ-ი არაჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ა. ც-ს” ლ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 2178.66 ლარის, ხოლო ამ თანხის გადახდამდე, ყოველი დაყოვნებული დღისათვის 2011 წლის 2 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრებული თანხის 0,07%-ის გადახდა;
გ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა. ც-ს“ გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 3 048 ლარის, ხოლო ამ თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 2012 წლის 11 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მისი 0,07 %-ის გადახდა, გ. ჩ-ს სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი;
გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ა. ც-ს“ გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების, გამოუყენებელი შვებულებისა და მივლინების ხარჯის - 4 368.64 ლარის, ხოლო ამ თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის, 2012 წლის 20 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მისი 0,07 %-ის.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა. ც-ის“ გენერალური დირექტორის 2012 წლის 10 იანვრის №18/კ ბრძანება და შპს „ა. ც-ს“ გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - 21 590 ლარის გადახდა, გ. ჩ-ს სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ-ი 2009-2011 წლებში (2012 წლის 3 იანვრამდე) მუშაობდა მოპასუხე „ს. ც-ში“ საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ნაერთი შესრულების, ბიუჯეტირების, მართვისა და კონტროლის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;
მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1 270 ლარს;
მისი მუშაობის პერიოდში გ. ჩ-ის მიმართ არ გამოყენებულა დისციპლინარული პასუხისმგებლობის რომელიმე ღონისძიება;
შპს „ა. ც-ის“ გენერალური დირექტორის 2012 წლის 10 იანვრის №18/კ ბრძანებით 2012 წლის 3 იანვრიდან გ. ჩ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც საფუძვლად დაედო საზოგადოების გენერალური დირექტორის მოადგილე გ.თ-ის მოხსენებითი ბარათი;
სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და 2012 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში იყო გასაჩივრებული.
პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მუშაობის ბოლო პერიოდში შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტი მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა და მოპასუხემ გ. ჩ-თან შრომითი ხელშეკრულება მოქმედი შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეწყვიტა. აღნიშნულის საპირისპიროდ პალატამ მიუთითა შემდეგი:
გ ჩ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას საფუძვლად ედო მოპასუხის გენერალური დირექტორის მოადგილე გ. თ-ის მოხსენებითი ბარათი;
2013 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში მოწმე გ. თ-მ დაადასტურა მოხსენებითი ბარათის შედგენის ფაქტი და განმარტა, რომ გ. ჩ-ის სამსახურში გამოცხადების უშუალო კონტროლი მას არ განუხორციელებია. აღნიშნული ბარათის შედგენა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ხსენებულ დღეებში მან გ. ჩ-ი მოიკითხა მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის დირექტორ ა-მ (ა-ნ) გ-სთან, რომელიც იყო გ. ჩ-ის უშუალო უფროსი და ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ გ. ჩ-ი არ დადიოდა სამსახურში, რის შემდეგაც მოხსენებითი ბარათით მიმართა გენერალურ დირექტორს.
2013 წლის 18 ივნისის სასამართლო სხდომაზე გ. ჩ-ის უშუალო ხელმძღვანელმა ა-მ (ა-ნ) გ-მ, გ. თ-ის ჩვენების საპირისპიროდ, განმარტა, რომ გ. ჩ-ი მუშაობდა მის უშუალო დაქვემდებარებაში და მისი მხრიდან შრომის დისციპლინის ან სხვა რაიმე დარღვევას მათი ერთად მუშაობის პერიოდში ადგილი არ ქონია. აღნიშნული გარემოებები ახსნა-განმარტებებში დაადასტურეს სხვა მოწმეებმაც, გ ჩ-ის თანამშრომლებმა: გ. ე-მ, ა. გ-მა და მ. ფ-მ.
ამდენად, სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც მოხსენებითი ბარათის წარმდგენი ბარათის წარდგენის საფუძვლად მიუთითებს გ. ჩ-ის უშუალო ხელმძღვანელის ა.გ-ის განმარტებას, ხოლო ა.გ-ე სასამართლო სხდომაზე უარყოფს მოსარჩელის მხრიდან შრომითი დისციპლინის რაიმე ფორმით დარღვევის ფაქტს, მოხსენებითი ბარათი გ. ჩ-ის მიერ შრომითი დისციპლინის დარღვევის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნებოდა მიჩნეული. რაც შეეხება, მოპასუხის წარმოდგენილ სხვა მოწმეებს, მოწმე ს. ჩ-ის ჩვენებით, ის მუშაობდა გ. ჩ-ის დაქვემდებარებაში, ჩ-ის მხრიდან შრომის დისციპლინის დარღვევის კონტროლი მის ფუნქციებში არ შედიოდა, ამასთან, სადავო პერიოდში გ. ჩ-ს პერიოდულად ხედავდა სამსახურში, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ჩ-ის სამუშაო ოთახის კარი დაკეტილი იყო ან ღია იყო, მაგრამ იგი ოთახში არ ბრძანდებოდა. ამასთან მას თვითონ უწევდა თვის პირველ დეკადაში სამსახურიდან გასვლა სამსახურებრვი მოვალეობების შესასრულებლად.
მოწმე რ ც-ის ჩვენებით (ლოჯისტიკის დარგის წარმომადგენელი), მას გ.ჩ-ის სამსახურში გამოცხადების (09:00 საათიდან 18:30 საათამდე) კონტროლი არ ევალებოდა, თუმცა ჩ-ის სამუშაო ოთახის კარი არასოდეს დაუნახავს ღია, შესაბამისად, მისი აზრით, მოსარჩელე სამსახურში საერთოდ არ დადიოდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ ჩვენებებით არ დგინდებოდა სადავო პერიოდში მოსარჩელის მიერ შრომითი დისციპლინის, კერძოდ, სამსახურის გაცდენის ფაქტობრივი გარემოება, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულებები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთებად ვერ გამოდგებოდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო გარემოების დამადასტურებელს ასევე არ წარმოადგენდა 2010 წლის 1 ივნისით დათარიღებულ შრომით ხელშეკრულებებზე მითითება, რომელთა მიხედვით მოსარჩელე შპს „რ. ჰ-ში“ იკავებდა მთავარი ბუღალტრის, ადმინისტრატორისა და პასუხისმგებელი პირის თანამდებობებს. სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების არსებობა არ ადასტურებდა პირის მიერ შრომითი მოვალეობების განხორციელების ფაქტს და ის გარემოება, რომ მოსარჩელე სამუშაო საათებში ცხადდებოდა არა შპს „ა. ც-ში“, არამედ შპს „რ. ჰ-ში“ და რეალურად იქ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, მოპასუხე მხარის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით არ იყო დადასტურებული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტი არ დგინდებოდა და გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძვლით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არ დასტურდებოდა.
სააპელაციო წესით საქმის განხილვისას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურისა და ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადგინდა 2013 წლის ივნისიდან შპს „ა. ც-ში“ რეორგანიზაციის განხორციელების ფაქტი, ხოლო ახალი საშტატო განრიგის მიხედვით, აღარ არსებობდა გ. ჩ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული ან ტოლფასი თანამდებობა, საპირისპირო მტკიცებულებაზე აპელანტს არ მიუთითებია.
გაზიარებულ იქნა სააპელაციო საჩივრის მითითება სადავო ბრძანების უკანონობასთან დაკავშირებით, კერძოდ ის, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა შრომის კოდექსის ნორმათა დარღვევით, რაც სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველს წარმოადგენდა, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2013 წლის ივნისიდან მოპასუხე ორგანიზაციაში აღარ არსებობდა გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული ან ტოლფასი თანამდებობა, პალატამ მიიჩნია, რომ სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულებითი მოცდენისათვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, მოპასუხეს გ. ჩ-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა იძულებითი მოცდენისათვის ანაზღაურება გათავისუფლებიდან (2012 წლის იანვრიდან) შპს „ა. ც-ში“ რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის გაუქმებამდე (2013 წლის ივნისამდე პერიოდი) ყოველთვიურად 1 270 ლარი, სულ - 21 590 ლარი (1270 ლარი X 17 თვეზე).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. ც-მა“, მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძლვებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც დამსაქმებელს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს უფლება, შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან, მიუხედავად იმისა, სახეზე იყო თუ არა ამავე ნორმის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.
საზოგადოების გენერალურ დირექტორს გააჩნდა ყველა საჭირო დოკუმენტი დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის იმ საფუძვლით, რომ მან დაარღვია შრომის განაწესი, ეს დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებითაც, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო შრომითი ხელშეკრულების პირობების დასაქმებულის მიერ დარღვევის ფაქტს დადგენილად არ მიიჩნევდა, ზემოაღნიშნული საფუძვლით მას მაინც არ უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი, საპირისპირო ვითარებაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ შრომითი პირობების დარღვევას არ ჰქონდა ადგილი, სასამართლოს ბრძანება მხოლოდ ნაწილობრივ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნაწილში უნდა ეცნო ბათილად.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, არასწორი შეფასება მისცა მოწმეთა ჩვენებებს და არასწორად დაადგინა, რომ გ.თ-ის მოხსენებითი ბარათი ვერ გამოდგებოდა გ. ჩ-ის მიერ შრომითი დისციპლინის დარღვევის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა .გ ჩ-მაც, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხე საზოგადოებაში რეორგანიზაციის ჩატარება 2013 წლის ივნისში, რის შედეგადაც აღარ არსებობს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა. სააპელაციო პალატამ ეს გარემოება დააყრდნო შპს „ა. ც-ის“ საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურასა და სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიცემულ განმარტებას. მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელზე ეს მტკიცებულება არ დაურთავს, ხოლო კასატორისათვის ამ მტკიცებულების თაობაზე ცნობილი გახდა სასამართლო გადაწყვეტილებაში მისი მითითების გამო. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ სადავო დასკვნის გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. მოპასუხე საზოგადოების სტრუქტურა, საშტატო ერთეულების ნუსხა და სახელფასო განაკვეთები დამტკიცებულია ამავე საზოგადოების გენერალური დირექტორის 2009 წლის 27 მაისის N86/ჯ-158/ო ბრძანებით, შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელებულიყო ამ ბრძანების გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის გზით. აღნიშნული ასევე ჩანს მოწინააღმდეგე მხარის შესაგებლიდან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო რეორგანიზაციის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, რაც გამორიცხავდა სასამართლოს შესაძლებლობას, ემსჯელა სადავო საკითხზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის განჩინებით შპს „ა. ც-ის“, ხოლო ამავე სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის განჩინებით - გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ა. ც-ისა“ და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა. ც-ისა“ და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ა. ც-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 6 მარტს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1155,10 ლარის 70% – 808,57 ლარი, ხოლო გ. ჩ-ს - დ. კ-ის მიერ 2014 წლის 27 მარტის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა. ც-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. კასატორ შპს „ა. ც-ს“ (ს/№.............) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 6 მარტს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1155,10 ლარის 70% – 808,57 ლარი.
4. კასატორ გ. ჩ-ს (პ/№...........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ. კ-ის მიერ 2014 წლის 27 მარტის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე