№ ას-347-328-2014 6 თებერვალი 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-მა, მ. კ-მა, გ. ჩ-ამ და სხვებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. ს-ის, ე. ს-ისა და დ. ქ-ის წინააღმდეგ, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ და მოითხოვეს 2011 წლის 3 აგვისტოს №110812126 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა 145 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წყაროსა და მასთან მისასვლელი გზის) ნაწილში.
მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ იგივე დამოუკიდებელი მოთხოვნა განაცხადა დავის საგნის მიმართ და მოითხოვა, ა. და ე. ს-ებსა და დ. ქ-ს შორის 2011 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, 145 კვ.მ (წყაროსა და მასთან მისასვლელი გზის) მიწის ნაკვეთის ნაწილში.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ა. და ე. ს-ებსა და დ. ქ-ს შორის 2011 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 145 კვ.მ (წყაროსა და მასთან მისასვლელი გზის) მიწის ნაკვეთის ნაწილში. ნ. ა-ის და სხვა ფიზიკური პირების იგივე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 1445 მ2 საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე 2011 წლის 3 აგვისტოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა. და ე. ს-ების საკუთრების უფლება, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1988 წლის 16 სექტემბრის №2-304-3 გადაწყვეტილებისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2011 წლის 26 ივლისის №1165 ცნობის საფუძველზე (იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.1,ს.ფ.37). განცხადება უფლების რეგისტრაციის შესახებ წარადგინა დ. ქ-მ, როგორც მესაკუთრეების წარმომადგენელმა (ტ.1,ს.ფ.24). 2011 წლის 3 აგვისტოსვე, აღნიშნული უძრავი ნივთი შეიძინა დ. ქ-მ (იხ: ნასყიდობის ხელშეკრულება - ტ.1,ს.ფ.40-42) და მისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2011 წლის 9 აგვისტოს (იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.1,ს.ფ.39);
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1988 წლის 16 სექტემბრის №2-304-3 გადაწყვეტილებით (ტ.1,ს.ფ.29-34) მტკიცდება, რომ ა. და ე. ს-ების მამკვიდრებლის - აწ გარდაცვლილ გ. ს-ის სახელზე ირიცხებოდა 0.15 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ამ გადაწყვეტილებით მემეკვიდრეთა შორის გაიყო სამკვიდრო ქონება. მხარეები არ დავობენ, რომ ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2011 წლის 26 ივლისის №1165 ცნობა (ტ.1,ს.ფ.36) ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 6 ნოემბრის №1457 ბრძანებით (ტ.1,ს.ფ.58-59). მხარეები არ დავობენ, რომ ეს ბრძანება ძალაშია;
სამტრედიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 1988 წლის 18 ივლისს გაცემული ტექნიკური პასპორტით (ტ.1,ს.ფ.90-93) მტკიცდება, რომ გ. ს-ის სახელზე ირიცხებოდა: დოკუმენტებით - 1500 მ2, ფაქტიურად - 1444 მ2 საკარმიდამო მიწის ნაკვეთი;
უდავოა, რომ ე. და ა. ს-ები არიან გ. ს-ის მემკვიდრეები; დანარჩენმა მემკვიდრეებმა - გ., ი. და გ. ს-ებმა, თავიანთი წილი სამკვიდრო დაუთმეს ა. ს-ს (იხ: განცხადებები - ტ.1,ს.ფ.106-108);
სადავო მიწის ნაკვეთზე, 2013 წლის 9 ოქტომბრიდან, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია გ. ქ-ის საკუთრების უფლება (იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.2,ს.ფ.172);
ადგილზე დათვალიერების ოქმით (ტ.1,ს.ფ.197-198) მტკიცდება, რომ დ. ქ-მ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო წყაროდან სადავო მიწის ნაკვეთის (ეზოს) გარეთ წყლის გაყვანა, რათა სოფლის მოსახლეობამ ისარგებლოს წყლით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე მითითებით, პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აღძრული აღიარებითი სარჩელით, ფაქტობრივად მოითხოვა, სასამართლოს ეღიარებინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ არსებობს დ. ქ-ის საკუთრების უფლება. მართალია, სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ შეიძლებოდა ყოფილიყო კერძო პირის საკუთრებაში, თუმცა უდავოა, რომ სააგენტო, დადგენილი წესით (სარჩელის აღძვრით), არ შეცილებია ა. და ე. ს-ების საკუთრების უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე.
საქმის მასალებით მტკიცდება, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში მდებარე 1445 მ2 საკარმიდამო მიწის ნაკვეთის (მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით) მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენდა გ. ს-ე, შემდეგ კი, მისი მემკვიდრეები - ა. და ე. ს-ები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. ამდენად, 1997 წლის 25 ნოემბრიდან ეს მიწის ნაკვეთი კანონით გამოცხადდა გ. ს-ის მემკვიდრეების საკუთრებად.
,,წყლის შესახებ” საქართველოს კანონის (რომელიც ასევე ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლეოდა ამ მიწაზე არსებული ან გამდინარე, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის 32-ე და 34-ე მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამდენად, პალატის აზრით, კანონი არ გამორიცხავდა იმ მიწაზე, რომელზედაც განთავსებული იყო წყარო, კერძო პირის საკუთრების უფლების არსებობას; მას, დადგენილი წესით, უნდა მოეპოვებინა წყლით სარგებლობის უფლება, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა სადავო 145 მ2 მიწის ნაკვეთის კერძო პირის საკუთრებაში გადასვლის დაუშვებლობის თაობაზე არასწორია.
პალატის განმარტებით, ისეთ პირობებში, როდესაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დადგენილი წესით არ შეცილებია სადავო მიწის ნაკვეთზე ა. და ე. ს-ების საკუთრების უფლების წარმოშობას, იურიდიული ინტერესი დ. ქ-ის საკუთრების უფლების არარსებობის აღიარებისადმი არ არსებობს, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთზე აღდგება სწორედ ა. და ე. ს-ების და არა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, დღეის მდგომარეობით, აღარ არის დ. ქ-ის საკუთრება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-386-ე და 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა შეცვლილიყო ახალი გადაწყვეტილებით, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ სადავო 145 კვ.მ მიწის ნაკვეთის კერძო პირის საკუთრებაში კანონიერად გადასვლისა და დ. ქ-ის საკუთრების უფლების არარსებობის აღიარებისადმი სააგენტოს იურიდიული ინტერესის არ არსებობის მოტივით, სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს“ სარჩელის არ დაკმაყოფილების თაობაზე, უკანონოა და არ გაომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორი შეფასებიდან. სააგენტოს აზრით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად განმარტა კანონი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მაისის განჩინებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 15 აპრილს №767 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე