Facebook Twitter

№ას-381-358-2014 6 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების გადახდის დაკისრება, დაგირავებული ქონების რელიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ საბანკო დავალიანების დაკისრებისა და დაგირავებული ქონების იძულებითი რეალიზაციის მოთხოვნის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სს „ს. ბ-სა“ და ნ. მ-ს შორის გაფორმებული იყო საკრედიტო და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებები. ნ. მ-მ იკისრა ვალდებულება, ბანკისთვის გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა და მასზე დაიცხული პროცენტები საკრედიტო ხელშეკრულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სს „ს. ბ-ი“ უფლებამოსილია, პირველ რიგში, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე, რომელსაც წარმოადგენს ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა - ოპელ ომეგა ბ, 1995 წლის, უნივერსალი, მწვანე 8/8, სახელმწიფო სარეგიტრაციო ........

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. მ-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 522 ლარის, 2008 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 300 ლარის, 2008 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3 441,87 აშშ დოლარისა და ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს - 1 000 აშშ დოლარის გადახდა. 2008 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების გადახდევინების მიზნით, განხორციელდა ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის რეალიზაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მ და მოითხოვა სს „ს. ბ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 24 აპრილს სს „ს. ბ-სა“ და ნ. მ-ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №520465, რომლითაც ნ. მ-ის სახელზე კრედიტის სახით გაიცა 5 000 აშშ დოლარი 36 თვის ვადით, წლიური 18%-ის სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით. №520465 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, სს „ს. ბ-სა“ და ნ. მ-ს შორის 2008 წლის 24 აპრილს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა, მოდელი - ოპელი ომეგა ბ, ფერი - მწვანე 8/8, გამოშვების წელი - 1995, სანომრე ნიშანი - ……., საიდენთიფიკაციო ნომერი - WOl00021S1072025, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - AV1530642. გირავნობის უფლება რეგისტრირებულია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

№520465 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 4.1.12. პუნქტის, ასევე №520465-ა გირავნობის ხელშეკრულების 10.4. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს მოგირავნის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილია, აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

2008 წლის 23 ივლისს სს „ს. ბ-სა“ და ნ. მ-ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც ნ. მ-ის სახელზე კრედიტის სახით გაიცა 1 650 ლარი 18 თვის ვადით. ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს 130,5 ლარს.

მხარეთა შორის სადავო არაა და საქმის მასალებითაც დგინდება, რომ მოპასუხემ 2008 წლის 24 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დაფარვის გრაფიკის მიხედვით, ბოლო გადახდა განახორციელა 2008 წლის 15 დეკემბერს. ხოლო 2008 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დაფარვის გრაფიკის მიხედვით - 2008 წლის 28 ოქტომბერს.

თბილისის სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ 24.04.2008 წლის №520465 და 23.07.2008 წლის №614434 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნები ხანდაზმულია 2009 წლის სექტემბრის ჩათვლით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, 24.04.2008 წლის №520465 და 23.07.2008 წლის №614434 საბანკო კრედიტის ხელშეკულებებიდან გამომდინარე, 2009 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში, ხანდაზმულია.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ 24.04.2008 წლის №520465 და 23.07.2008 წლის №614434 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილია 2012 წლის 23 ოქტომბრიდან, შესაბამისად, ორივე ხელეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნა ხანდაზმულია 2012 წლის 23 ოქტომბრიდან სამი წლით ადრე პერიოდში. შესაბამისად დადგინდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 24.04.2008 წლის №502465 და 23.07.2008 წლის №614434 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2009 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში, ხანდაზმულია, რაც მოპასუხეს უფლებას ანიჭებს, უარი განაცხადოს 2009 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით გადასახდელი თანხის ანაზღაურებაზე.

2009 წლის ოქტომბრიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 24.04.2008 წლის #520465 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 3 441,87 აშშ დოლარს, ხოლო 23.07.2008 წლის №614434 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 522 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 23.07.2008წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა 3 332,52 ლარიდან შეამცირა 300 ლარამდე, ხოლო 24.04.2008წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა 13 956,6 აშშ დოლარიდან შეამცირა 1 000 აშშ დოლარამდე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით და არ არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე, 867-ე, 361-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაადგინა, რომ მსესხებელი ვალდებულია, დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პროცენტი, შესაბამისად, მოპასუხეს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს არახანდაზმული მოთხოვნის შესაბამისი ფულადი ვალდებულების შესრულება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შემდეგი დადგენილება: თბილისის საქალაქო სასამართლომ 24.04.2008წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების გადახდევინების მიზნით დაადგინა ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული და გირავნობით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. ამასთან, სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაგირავებული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება 24.04.2008 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების სრულად დაფარვა, იძულებით აღსასრულებლად უნდა მიექცეს ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მ, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმდენად არასრულად, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლები. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა და განახლების ვადები. 2012 წლის დეკემბერში სს „ს. ბ-ს“უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, ხოლო 2013 წლის 7 ივნისს ბანკმა წარადგინა ახალი სარჩელი. სასამართლომ აღნიშნული პერიოდი ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ვადაში განიხილა. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ამ მუხლს უკავშირდება 138-ე მუხლის მოთხოვნა: „ხანდაზმულონის ვადა ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ 132-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები წამოიშვა ან განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი 6 თვის ფარგლებში, ხოლო თუ ეს ვადა 6 თვეზე ნაკლებია, - ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში“. როგორც საქმის მასალებით დასტურდება არც ერთი გარემოება არ უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სათანადო დასაბუთების გარეშე ჩათვალა 6-თვიან ვადად 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ივნისამდე პერიოდი.

სასამართლომ ასევე მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ბანკმა დაგირავებული მანქანის რეალიზაცია მოახდინა დაგვიანებით, როდესაც ამ მანქანის ლიკვიდური ფასი ფაქტობრივად სამჯერ იყო შემცირებული და სწორედ ამის გამო არ აღმოჩნდა რელიზაციის თანხა ვალის დაფარვისათვის საკმარისი, მაშინ, როდესაც მან გაცილებით ადრე შეწყვიტა თანხის გადახდა და არაერთხელ სთხოვა დროულად მოეხდინათ რეალიზაცია ვალის დასაფარავად.

ამდენად, კასატორის მითითებით, სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნა მთლიანად ხანდაზმულია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 აპრილის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ. მ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟჲს გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე