Facebook Twitter

№ ას-387-364-2014 6 თებერვალი 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ი-ო

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ი-ს წინააღმდეგ და მოითხოვა: ს. ჩ-ის მესაკუთრედ ცნობა საჯარო რეესტრში ა. ი-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე – თბილისი, რ. ლ-ის ქუჩა №2, რ. გ-ი №27 მიწის (უძრავი ქონების) ½ წილზე; ამასთან, ნოტარიუს მ. კ.-დ-ის მიერ 2012 წლის 28 ნოემბერს მ. პ-ის სამკვიდრო ქონებაზე ა. ი-ს სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა ½ ნაწილში, რომლითაც ა. ი-მ მიიღო მ. პ-ის სამკვიდრო ქონება მდებარე: რ. ლ-ის ქუჩა №2, რ. გ-ი №2.

მოსარჩელის მითითებით, ის არის ქ.თბილისში, რ.ლ-ის ქ.№2-ში მდებარე უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრე, ვინაიდან მამის გარდაცვალების შემდეგ ს. ჩ-ი და დედამისი გახდნენ სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი მფლობელები. ს. ჩ-ის დედა გ. ნ-ა გარდაიცვალა 2012 წელს და ს. ჩ-ზე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეზე, გაიცა სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული უძრავი ქონება მ. პ-მა უკანონოდ, მოტყუებით გაიფორმა თავის სახელზე. დღეის მდგომარეობით სადავო ქონება ირიცხება ა. ი-ს სახელზე, რომელმაც ის სამკვიდრო მოწმობით აღრიცხა საჯარო რეესტრში თავის სახელზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ს. ჩ-ის მოთხოვნას წარმოადგენს 1991 წლის 29 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების ½ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ს. ჩ-ის მოთხოვნა პრივატიიზაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, აღნიშნული ბინა არ წარმოადგენდა ო. პ-ის სახელზე რიცხულ ქონებას, მოსარჩელე და დედამისი ამ ბინაში არც ორდერში იყვნენ მითითებულნი და არც ჩაწერილები ყოფილან იმ მომენტისთვის, როდესაც ა. ი-ს მეუღლემ, მ. პ-მა განახორციელა პრივატიზაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ა. ი-ო მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ასევე მიუთითებს, რომ მოთხოვნა წაყენებულია განსჯადობისა და შეცილების ვადის დარღვევით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ის სარჩელი ა. ი-ს მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ს. ჩ-ი ცნობილ იქნა საჯარო რეესტრში ა. ი-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე - თბილისი, რ.ლ-ის ქუჩა №2/რ. გ-ი №27 მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .......... – 1/ 3 წილზე, მესაკუთრედ, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ.კ. - დ-ის მიერ 2012 წლის 28 ნოემბერს მ. პ-ის სამკვიდრო ქონებაზე ა. ი-ს სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მოწმობა 1/3 ნაწილში, რომლითაც ა. ი-მ მიიღო მ. პ-ის სამკვიდრო ქონება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტლებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ი-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.

პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4, 102-103-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად და საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მართებულად მიიჩნია დადგენილად, რომ ო პ-ის გარდაცვალების შემდეგ ექვს თვეში მის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ მეუღლე - გ. ნ-ა და შვილი ს. ჩ-ი. გ. ნ-ას გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდროს გარდაცვალებიდან ქვს თვეში დაეუფლა ს. ჩ-ი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ა. ი-ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული ის გარემოება, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, ვინაიდან ო. პ-ს არ ჰქონია საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე მისამართზე თბილისში, რ.ლ-ის ქ.№2/რ. გ-ი №27 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ............... და შესაბამისად, ამ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოადგენდა მის სამკვიდროს.

პალატამ მიუთითა, რომ განსახილველი საკითხის თავისებურების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების წარმოშობა არ შეიძლება დაუკავშირდეს მხოლოდ საჯარო რეესტრის ინსტიტუტს. კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ო. პ-მა მოიპოვა საჯარო რეესტრში თავისი საკუთრების რეგისტრაციის უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში ო. პ-ს სადავო ბინაზე საკუთრების უფლება არ დაურეგისტრირებია, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-10 პუნქტის საფუძველზე, მას მოპოვებული ჰქონდა მასზე საკუთრების უფლება და ნებისმიერ დროს შეეძლო ამ უფლების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში, შესაბამისად, ო. პ-ის გარდაცვალების შემდეგ ეს უფლება შევიდა მის სამკვიდროში აქტივის სახით.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრიატიზაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების 1-ლი, მე-4, მე-5 პუნქტებით და განმარტა, რომ მითითებული დადგენილების საფუძველზე, უდავოდ გამოხატულია კანონმდებლის ნება, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადასცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროისათვის ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. სახელმწიფომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით იყო ჩასახლებული ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი, თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩათვლილიყო ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ, იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდებოდა ბინის პრივატიზაცია, ვინაიდან პრივატიზაციით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს და ოჯახის წევრს. თუ ამ უკანასკნელებს კანონით დადგენილი წესით უარი არ განუცხადებიათ საკუთრებაზე, ისინი ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარეები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ამ ფართზე უფლებადაკარგულად იქნებოდა ცნობილი ან პრივატიზაციის პერიოდისათვის ამოწერილი იქნებოდა სადავო ბინიდან.

ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე, სადავო ქონებაზე საკუთრების მიღების უფლება მოიპოვა ო. პ-მა, როგორც ბინის დამქირავებელმა და მ. პ-მა, როგორც პრივატიზაციის მომენტისათვის იქ მცხოვრებმა და დარეგისტრირებულმა პირმა.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1336-ე 1421-ე, 1424-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ ო. პ-ის გარდაცვალების შემდეგ ექვს თვეში მის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ მეუღლე - გ. ნ-ა და შვილი ს. ჩ-ი. გ. ნ-ას გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდროს გარდაცვალებიდან ექვს თვეში დაეუფლა ს. ჩ-ი. ამდენად, იმ დადგენილი ფააქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ 1. დავის საგანს წარმოადგენდა სადავო ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, რომელიც წარმოადგენდა ო. პ-ის სამკვიდრო ქონებას, 2. ო. პ-ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა გ. ნ-ა და ს. ჩ-ი. გ. ნ-ას გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით მიიღო ს. ჩ-მა, 3. მ. პ-მა, როგორც სადავო ქონებაში რეგისტრირებულმა და მცხოვრებმა პირმა, 1998 წლის 29 ივლისს, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1 თვეში გამოხატა ნება სადავო ქონების საკუთრებაში მიღების თაობაზე, რაც განხორციელდა ამავე ვადაში პრივატიზაციის გზით და შეუდგა აღნიშნული ქონების მართვას - საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ, სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო. პ-ის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით მიიღეს - მეუღლემ გ. ნ-ამ და შვილებმა ს. ჩ-მა და მ. პ-მა, თითოეულმა 1/3 წილის გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავდა, რომ ს. ჩ-ი წარმოადგენდა სადავო ქონების 1/3 წილის მესაკუთრეს.

ვინაიდან მოსარჩელის წილი სადავო ქონებაში განისაზღვრა 1/3 - ით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ნოტარიუს მ.კ.- დ-ის მიერ 2012 წლის 28 ნოემბერს მ. პ-ის სამკვიდრო ქონებაზე ა. ი-ს სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მოწმობა ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი 1/3 ნაწილში, რომლითაც ა. ი-მ მიიღო პ-ის სამკვიდრო ქონება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ი-ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-მ, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმდენად არასრულად, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ, კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაარკვია ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასებები საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არ მიიღო მხედველობაში ფაქტობრივი გარემოებები იმაზე, რომ მოსარჩელე არც ორდერში იყო მითითებული და არც შემდგომ იყო ჩაწერილი და რეგისტრირებული ამ ბინაში. როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე წარმოადგენდა ო. პ-ის მემკვიდრეს. კასატორის აზრით, აღნიშნული პოზიცია მოწყვეტილია საქმის მასალებს, რეალობას და კანონის ნორმებს, ვინაიდან ო. პ-ის საკუთრებას აღნიშნული ბინა არ წარმოადგენდა, რადგან ეს ბინა იყო სახელმწიფო საკუთრებაში და მისი პრივატიზაცია მ. პ-მა მოახდინა, ვინაიდან დედისა და მამის გარდაცვალების შემდეგ ბინაში რეგისტრირებულ პირთაგან დარჩენილი იყო მხოლოდ მ. პ-ი. მ. პ-ი ბინის მესაკუთრედ აღირიცხა არა როგორც ბინის მემკვიდრე, არამედ როგორც მასში ჩაწერილ პირთაგან ერთადერთი იმ მომენტისათვის ცოცხალი მობინადრე, მაგრამ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში განმარტავდნენ, რომ ბინა წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას, რომელზედაც მოსარჩელეს გააჩნდა უფლება. ს. ჩ-ს და დედამისს 6 თვეში უნდა მიემართათ ნოტარიუსისთვის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, რაც მათ არ განუხორციელებიათ, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდგომ, მათ ფაქტობრივი ფლობის დასადგენად უნდა მიემართათ სასამართლოსთვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე უფლება მოპოვებული ჰქონდა ო. პ-ს, როგორც ბინის დამქირავებელს და ამიტომ განიხილავს ამ ბინას როგორც სამკვიდრო საგანს, რომელშიც ½ ნაწილზე უფლება გააჩნდა ო. პ-ს. კასატორი აღნიშნულ მსჯელობას არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ პრივატიზაციის მომენტში მხოლოდ მ. პ-ს გააჩნდა ბინაზე საკუთრების უფლების მოთხოვნის შესაძლებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით ა. ი-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ი-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ი-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (550 ლარის) 70% – 385 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ი-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 25 აპრილს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (550 ლარის) 70% – 385 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე