№ას-392-369-2014 6 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ი, ლ. ჩ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ის, მ. ტ-ისა და ლ. ჩ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: ნ. კ-ისათვის, მის სასარგებლოდ, 21545 ლარისა და 7645 აშშ დოლარის, მ. ტ-ისთვის – 4170 აშშ დოლარისა და ლ. ჩ-ისთვის – 4120 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლიდან, სხვადასხვა დროს მან, მოპასუხეებს პროცენტიანი სარგებლით ასესხა სხვადასხვა ოდენობის თანხა. მოპასუხეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს, რის გამოც ნ. ჯ-მა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
მოპასუხე ნ. კ-მა სარჩელი ცნო მხოლოდ 1500 ლარის ნაწილში და ამასთან, აღნიშნა, რომ მის მიმართ სარჩელი ხანდაზმული იყო.
მოპასუხე მ. ტ-მა სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის გამო.
მოპასუხე ლ. ჩ-მა სარჩელი არ ცნო.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ლ. ჩ-ს ნ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 620 (ექვსას ოცი) ლარის გადახდა. მ. ტ-ს - 3 850 (სამი ათას რვას ორმოცდაათი) აშშ დოლარის, ეკვივალენტი ლარებში გადახდა. ნ. კ-ს - 3 050 (სამი ათას ორმოცდაათი) ლარისა და 1 017 (ათას ჩვიდმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი ნ. კ-ისა და ლ. ჩ-ის მიმართ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება მოპასუხეების: ნ. კ-ისა და ლ. ჩ-ის ნაწილში და აღნიშNულ ნაწილსი მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ჯ-ის სარჩელი მოპასუხეების: ნ. კ-ისა და ლ. ჩ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. კ-ს ნ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3782 ლარისა და 1342 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; ლ. ჩ-ს ნ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 896 ლარის გადახდა.
პალატამ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-ს 2007 წლის დეკემბრიდან ნ. ჯ-ის მიმართ გააჩნია სასესხო ვალდებულება 550 (ხუთას ორმოცდაათი) აშშ დოლარისა და 1550 (ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა საპროცენტო სარგებელი, რომლის ოდენობა შეადგენდა - თვეში 30% (ტომი 1; ს.ფ. 15 - ხელწერილი). დადგენილია ასევე, რომ ლ. ჩ-მა ნ. ჯ-ისგან 14.05.2010 წელს ისესხა 400 ლარი, თვეში 30% სარგებლით (ტომი 1; ს.ფ. 17 - ხელწერილი).
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლზე და მოცემულ შემთხვევაში მიიჩნია, რომ, ვინაიდან, ზემოაღნიშნული ხელწერილებით დგინდება, რომ მხარეები სასესხო თანხის კონკრეტულ ვადაში დაბრუნებაზე არ შეთანხმებულან, აღნიშნული თანხა გამსესხებლის მიერ სესხად გაიცა უვადოდ, სესხის თანხის სრულად დაბრუნებამდე.
პალატამ აღნიშნა, რომ ნ. ჯ-ი სარჩელით მოითხოვდა: 1. ნ. კ-ისათვის - ა) 21 545 ლარის დაკისრებას, საიდანაც 1550 ლარი იყო ძირი თანხა, 19 995 ლარი – 43 თვეზე გადასახდელი ყოველთვიური 30% (465 ლარი (ყოველთვიური პროცენტი) X 43 თვეზე), ბ) 7 645 აშშ დოლარის დაკისრებას, საიდანაც 550 აშშ დოლარი იყო ძირი თანხა, 7 095 აშშ დოლარი – 43 თვეზე გადასახდელი ყოველთვიური 30% (165 აშშ დოლარი (ყოველთვიური პროცენტი) X 43 თვეზე). 2. ლ. ჩ-ისათვის 4 120 ლარის დაკისრებას, საიდანაც 400 ლარი იყო ძირი თანხა, ხოლო, 3 720 ლარი – 31 თვეზე გადასახდელი ყოველთვიურ 30% (120 ლარი(ყოველთვიური პროცენტი) X 31 თვეზე).
პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნ კ-ის და ლ ჩ-ის მიერ ნ. ჯ-ისაგან სესხის სახით აღებული თანხა, მოპასუხეებს არ დაუბრუნებიათ. მათვე არ გადაუხდიათ სარჩელით მოთხოვნილი პერიოდის სარგებელი (პროცენტი).
რადგან სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მსესხებლებს სესხი არ დაუბრუნებიათ.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე, 623-ე, 624-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-მა, მოსარჩელე ნ. ჯ-ისაგან სესხის სახით მიიღო 550 აშშ დოლარი და 1550 ლარი, თვეში 30% სარგებლის დარიცხვით, დაბრუნების ვადის განსაზღვრის გარეშე, ხოლო, ლ. ჩ-მა - 400 ლარი თვეში 30% სარგებლის დარიცხვით, დაბრუნების ვადის განსაზღვრის გარეშე. დადგენილია ასევე, რომ სესხის სახით აღებული თანხები, მსესხებლების მიერ დაბრუნებული არ არის. ამდენად, პალატის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ არსებობდა ნ. კ-ისათვის და ლ. ჩ-ისათვის ნ. ჯ-ის სასარგებლოდ ერთ შემთხვევაში სესხის ძირი თანხის - 550 აშშ დოლარის და 1550 ლარის, ხოლო, მეორე შემთხვევაში - 400 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოცემულ საქმეზე სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1-ე, 129-ე, 130-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა მოსარჩელე ითხოვდა ნ. კ-სთვის სესხის ძირ თანხასთან ერთად 43 თვეზე დარიცხული პროცენტის დაკისრებასაც.
გამომდინარე იქიდან, რომ ნ. ჯ-მა სარჩელი აღძრა 2013 წლის 22 თებერვალს, პალატამ მიიჩნია, რომ ამ მოთხოვნაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლების შესაბამისად, სწორად გავრცელდა პერიოდულად შესასრულებელი მოთხოვნების შესრულებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის ნაწილში დაკმაყოფილდა სარჩელის წარდგენამდე 3 წლის პროცენტზე, ანუ 36 თვეზე.
ამდენად, პალატის აზრით, სარჩელი ნ. კ-ისათვის 43 თვის პროცენტის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია სარჩელის შეტანამდე 36 თვეზე პროცენტის დაკისრების ნაწილში, ხოლო, დანარჩენ 7 თვეზე პროცენტის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის („ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა“) გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რადგან აპელანტს (მოსარჩელეს) არ მიუთითებია ამ ნორმით განსაზღვრულ წინაპირობებზე.
ამასთან, პალატას ნაწილობრივ დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის მოსაზრება მოცემულ საქმეზე მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის ოდენობის არაკანონიერად შემცირების შესახებ.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ისეთ პირობებში, როცა საქმის მასალებით დასტურდება ფიზიკურ პირთა შორის სასესხო ურთიერთობა საპროცენტო განაკვეთის საბაზრო განაკვეთთან შეუსაბამოდ დიდი ოდენობით, სახეზეა ზნეობის ნორმებთან შეუსაბამო გარიგება. რის გამოც ეს გარიგებები საპროცენტო განაკვეთის ნაწილში ნაწილობრივ ბათილ გარიგებებად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 62-ე მუხლების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წლიური საპროცენტო განაკვეთი (360%), საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით სადავო პერიოდისთვის გრძელვადიან სესხებზე დადგენილ საშუალო წლიურ საპროცენტო განაკვეთს (ეროვნულ ვალუტაში 22.65%, უცხოურ ვალუტაში 19%), მნიშვნელოვნად აჭარბებს.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის სესხით სარგებლობისათვის საპროცენტო სარგებლის ოდენობა უნდა განისაზღვროს სწორედ ეროვნული ბანკის მონაცემების და ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად. პალატამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამსესხებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს და არა საკრედიტო დაწესებულებას, მიიჩნია, რომ საპროცენტო სარგებელი უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 4%-ს ოდენობით (წლიური 48%), ხოლო მხარეთა შორის არსებული გარიგებები საპროცენტო სარგებლის დანარჩენი – ყოველთვიურად 26%-ს ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტ (მოსარჩელე) ნ. ჯ-ის მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის დაკისრების შესახებ ნ. კ-ის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს – ა) ძირითადი თანხის (550 აშშ დოლარი) ყოველთვიური 4%-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 792 აშშ დოლარს (550 აშშ დოლარის 4%=22 აშშ დოლარს X 36 თვეზე); ბ) ძირითადი თანხის (1 550 ლარი) ყოველთვიური 4%-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 2 232 ლარს (1 550 ლარის 4%=62 ლარს X36 თვეზე). ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე აპელანტ (მოსარჩელე) ნ. ჯ-ის მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის დაკისრების შესახებ ლ. ჩ-ისათვის 31 თვეზე, კერძოდ, ძირითადი თანხის (400 ლარი) ყოველთვიური 4%-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 496 ლარს (400 ლარის 4%=16 ლარს X31 თვეზე).
ამდენად, ნ. კ-ს ნ. ჯ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს (1550+2232) 3 782 ლარის და (550+792) 1 342 აშშ დოლარის გადახდა. ხოლო, ლ. ჩ-ს ნ. ჯ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს (400+496) 896 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამარტლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე მუხლები და არასწორად მიიჩნია, რომ ვინაიდან ნ. ჯ-მა სარჩელი აღძრა 2013 წლის 22 თებერვალს, მის მოთხოვნაზე, მითითებული მუხლების შესაბამისად, სწორად გავრცელდა პერიოდულად შესასრულებელი მოთხოვნების შესრულებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ. ჯ-ი, როგორც ინვლიდობის მქონე პირი, გათავისულებულია სახელმწიფო ბაჟჲს გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე