№ ას-403-380-2014 6 თებერვალი 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. რ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 26 ოქტომბერს ს. გ-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მ. რ-ის წინააღმდეგ, გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელემ მოითხოვა მ. რ-თან 2011 წლის 17 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის, ასევე 2012 წლის 13 იანვარს გაფორმებული სანოტარო აქტის, ხელწერილზე ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ბათილობა, იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგების საფუძვლებით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო გარიგებების დადებისას მოსარჩელის იძულებას ან მოტყუებას ადგილი არ ჰქონია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, ს. გ-ის სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მ, რომლითაც მოითხოვა თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით ს. გ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინებით ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებანი:
2009 წლის 20 მარტს სს „ბ. რ-ასა“ და ს. გ-ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, სს „ბ. რ-ასა“ და თ. ჯ-ას შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „ბ. რ-ის“ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა, ქ. თბილისში, დ-ის ქუჩაზე, N9-კორპუსში მდებარე ს. გ-ის კუთვნილი N22 ბინა. 2009 წლის 10 ივლისს ს. გ-სთან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, კრედიტორების მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, დ-ის ქუჩაზე, N9-კორპუსში მდებარე მსესხებელ ს. გ-ის კუთვნილი N22 ბინა. 2009 წლის 21 ივლისს ს. გ-სთან ასევე გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, დ-ის ქუჩაზე, N9-კორპუსში მდებარე მსესხებელ ს. გ-ის კუთვნილი N22 ბინა. საერთო ჯამში სხვადასხვა პირებთან 2009 წლის 10 ივლისიდან 2010 წლის 15 მარტის ჩათვლით დაიდო ს. გ-ის, როგორც მსესხებლის მიერ, 5 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
2010 წლის 6 აგვისტოს ს. გ-ს, როგორც გამყიდველს, მ. რ-ს, როგორც მყიდველსა და გ. გ-ს, როგორც იპოთეკარს, შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება, რომლის პირობების მიხედვით, იპოთეკარმა მ. რ-ს, როგორც მესაკუთრეს, სესხის სახით საკუთრებაში გადასცა თანხა 30000 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი. ამავე ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მ. რ-მა 100 000 აშშ დოლარად ს. გ-სგან შეიძინა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი. ხელშეკრულებაში განხორციელებული ჩანაწერის მიხედვით, მყიდველის მიერ 70000 აშშ დოლარი გადახდილი იყო, 30000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ. რ-ის მიერ შეძენილი ბინა.
2010 წლის 19 ოქტომბერს გ. გ-მ მსესხებლის მიერ 2010 წლის 06 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების საფუძვლით უარი თქვა იპოთეკაზე.
2010 წლის 19 ოქტომბერს მ. რ-თან, როგორც მსესხებელთან, დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამასთან, გამსესხებლის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ. რ-ის კუთვნილი ბინა N22, მდებარე თბილისი, დ-ის ქუჩა, კორპუსი N9-ში.
2011 წლის 5 აპრილს მ. ჯ-ისა და მ. რ-ს შრის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მ. ჯ-იმ სესხის სახით მ. რ-ს გადასცა თანხა 100000 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებლის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ. რ-ის კუთვნილი ბინა N22, მდებარე თბილისი, დ-ს ქუჩა, კორპუსი N9-ში.
2012 წლის 02 აპრილს მ. ჯ-ის მიერ შედგენილ იქნა განცხადება, 2011 წლის 5 აპრილს დადებული იპოთეკის გაუქმების შესახებ.
2011 წლის 5 დეკემბერს მ. რ-ს, როგორც გამყიდველსა და ს. გ-ს, როგორც მყიდველს, შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ს. გ-მ 100000 აშშ დოლარად შეიძინა ზემოაღნიშნული ბინა. ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, მისი დადების დროისათვის ნასყიდობის საგანი დატვირთული იყო იპოთეკით მ. ჯ-ის სასარგებლოდ.
2011 წლის 17 მარტს მ. რ-ს, როგორც იპოთეკარსა და ს. გ-ს, როგორც მესაკუთრეს, შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, მ. რ-მა ს. გ-ს 2 თვის ვადით ასესხა 80000 აშშ დოლარი. ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 3%-ის ოდენობით. ამასთან მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა 968.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები განაშენიანების ფართი 226.00 კვ.მ, სასარგებლო ფართი 422.31 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 236.4 კვ.მ მდებარე ოზურგეთის რაიონი დაბა უ-ი. უძრავი ნივთი დატვირთული იყო იპოთეკით სს „პ ბ-ის“ სასარგებლოდ.
2012 წლის 13 იანვარს მ. რ-სა და ს. გ-ს შორის დაიდო შეთანხმება, 2011 წლის 17 მარტს მხარეებს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.
2012 წლის 13 იანვარს მ. რ-ს, როგორც მყიდველსა და ს. გ-ს, როგორც გამყიდველს, შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, მ. რ-მა შეიძინა ს. გ-ის კუთვნილი ქონება, მდებარე: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, დაბა უ-ი, 968.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები განაშენიანების ფართი 226.00 კვ.მ სასარგებლო ფართი 422.31 კვ.მ საცხოვრებელი ფართი 236.4 კვ.მ. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 150 000 აშშ დოლარად. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის ფასის ნაწილი - 80000 ჩაითვალა თანახმად ს. გ-ს და მ. რ-ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა, დამოწმებული 2011 წლის 17 მარტს, ხოლო დანარჩენი ნაწილი 70000 აშშ დოლარი გადახდილ უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ გარემოებებთან მიმართებით, სსკ-ის 50-ე და 51-ე მუხლებზე დაყრდნობით, განმარტა, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არამხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდეა, რომ ნება გამოვლენილ უნდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, ძილში, ჰიპნოზურ მდგომარეობაშ გამოხატული ნება და ა.შ. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის ნებას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილ უნდა იქნეს თუ რა სახის იძლება და მოტყუება წარმოადგენდა გარიგების ბათილობისა და მისი ყველა თანმდევი შედეგების ანულირების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებით არ დგინდება იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია სკ-ის 81-ე და 85-ე მუხლების კვალიფიკაციისათვის. კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ ვადამოსული ვალდებულების არსებობის პირობებში, ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთული ბინიდან გამოსახლების თაობაზე გაფრთხილება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იძულებად. ამა თუ იმ პირთან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლა, თავისთავად მოიცავს მოვალის შიშს ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშრებული ხელშეკრულების შესრულებასთან. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულებების, როგორც იძულებით დადებული გარიგებების, ბათილად ცნობის საფუძველი არ გამოიკვეთა, რადგან აპელანტს არ მიუთითებია იმ რეალურ საფრთხეზე, რომელიც უნდა მომდინარეობდეს გარიგების იძულებითი დადებისას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, უსაფუძვლოა სადავო გარიგების ბათილობის სამართლებრივ საფუძლად სკ-ის 81-ე მუხლზე მითითება.
პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის სტანდარტი. პალატამ განმარტა, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი გარიგებების არსებობის პირობებში, მოქმედებს დოკუმენტში მხარეთა მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. პალატამ განმარტა, რომ მოტყუების საფუძველზე არანამდვილი ნების გამოვლენაზე აპელირებისას, პირმა უნდა დაადასტუროს გარემოება იმის შესახებ, რომ შექმნილი ჰქონდა ისეთი ობიექტური ვითარება, რომელმაც ხელი შეუშალა ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და, ამასთან, აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს.
აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშრებით, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა. მხოლოდ მხარეთა, თუნდაც დაახლოებული და ნდობის მაღალ ხარისხზე დამყარებული ურთიერთობა, არ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმაზე, რომ სადავო ხელშეკრულებების დადებისას ადგილი ჰქონდა ნდობის ბოროტად გამოყენებით მოსარჩელის მოტყუების ფაქტს. მოსარჩელის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ 2009 წლის 19 ოქტომბერს ცვლილება შევიდა იპოთეკის ხელშეკრულებაში და სესხის თანხა მოტყუებით გაიზარდა 25 000 აშშ დოლარით, რომელიც მას არ მიუღია, არ ასაბუთებს სადავო ხელშეკრულების მოტყუებით დადების ფაქტს. ასევე არ დადასტურდა მოსარჩელის მტკიცება მხარეთა შორის იმ შეთანხმების არსებობის თაობაზე, რომ ურეკში მდებარე მისი კუთვნილი ქონების მ. რ-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ, მ. რ-ს ს. გ-ის კუთვნილი ქ. თბილისში მდებარე უძრავი ნივთი უნდა გადაეცა ყოველგვარი ვალდებულებებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში და რამდენადაც ქ. თბილისში მდებარე ბინა მ. რ-მა ამ შეთანხმების საწინააღმდეგოდ დატვირთა მესამე პირის სასარგებლოდ იპოთეკით. ამის გამო 2011 წლის 17 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება უნდა ჩაითვალოს მოტყუებით დადებულ ხელშეკრულებად. პალატის აზრით, მოსარჩელეს მართებდა დაეცვა მინიმალური წინდახედულობის სტანდარტი და მოეთხოვა ზეპირსიტყვიერად შეთანხმებული პირობების სადავო ხელშეკრულებაში დეტალურად გაწერა. აღნიშნულთან დაკავშრებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სკ-ის 50-ე და 327-ე მუხლებზე მითითებით, გამოტანილ იქნა სწორი დასკვნა სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლის არარსებობის თაობაზე.
პალატის მოსაზრებით, აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩვრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩვრა ს. გ-მ მოთხოვამ მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებიის მირებიტ კასატორის სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებიდან და თავად მხარის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით გაჟღერებული სხვა ფაქტობრივი გარემეოებები. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ ბოროტად ისარგებლა კასატორის ოჯახური მდგომარეობით, და მასზე ფსიქიკური ზეწოლის საფუძველზე, მათ შორის მოტყუებისა და იძულების გზით დაიდო კაბალური ხელშეკრულებები.
კასატორის მოსაზრების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 50-ე, 81-ე მუხლები, ასევე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ არ გამოიყენა სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინებით ს გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის) 70% –4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს დ. ღ-ის მიერ 2014 წლის 13 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (800 ლარის) და 2014 წლის 19 მაისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5200 ლარის), სულ 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე