№ას-415-392-2014 10 თებერვალი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ბ. L-E“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. ა-ა“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით:
1. შპს „ს. ა-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. შპს „ბ. L-E-ს“ შპს „ს. ა-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 21 280 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ. L-E-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 მარტის განჩინებით შპს „ბ. L-E-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 01 თებერვალს, ერთის მხრივ, შპს ,,ს. ა-ა”-ს წარმომადგენელს და მეორეს მხრივ, შპს ,,ბ. L-E''-ს წარმომადგენელს შორის, დაიდო ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება;
ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის კვანძი მოწყობილი იყო შპს ,,ბ. L-E''-ის მფლობელობაში არსებულ, დაცულ ტერიტორიაზე;
2013 წლის 15 მარტის შემოწმების აქტით დგინდებოდა, რომ სპეციალისტის თანდასწრებით შემოწმდა შპს ,,ბ. L-E''-ს ობიექტზე მდებარე მრიცხველი ჟ-40 №40000105;
შემოწმების შედეგად აღმოჩენილია შემდეგი დაზიანებები: დაზიანებულია გარეთა ქარხნული ბრჯენი, ასევე, შიდა მექანიკური ნაწილის (რომელიც ახდენს მრიცხველში გატარებული ბუნებრივი აირის აღწერას) კბილანები. კბილანები დაზიანებულია ფიზიკური ზემოქმედების შედეგად (კბილანები ათლილია);
2013 წლის 15 მარტს შედგენილი დარიცხვის აქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ბ. L-E''-ის ობიექტს გააჩნდა შემდეგი დანადგარები: კედლის (კუსტარული) ქვაბი, გაზქურა 2 ცალი 3 ,,სანთურიანი’’, ერთი ღუმელი, ერთი ონკანი დაულუქავი. ბუნებრივი აირის დანაკარგის აღრიცხვის მიზნით აბონენტს დაერიცხა მრიცხველის საშუალო გამტარიანობის მიხედვით;
2013 წლის 15 მარტს შედგენილი ჩაჭრის აქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ბ. L-E''-ის ობიექტს შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ს. ა-ა”-სა და შპს ,,ბ. L-E''-ს შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან და ამ ურთიერთობის შეფასებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, ასევე ”ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილება.
აღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,ს. ა-ას” მიერ, 2013 წლის 15 მარტს შედგენილი დარიცხვის აქტი, რომლითაც შპს ,,ბ. L-E''-ს მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა დაერიცხა მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობისა და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში, გამომდინარებდა კანონის მოთხოვნებიდან.
პალატამ მიუთითა, რომ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ”, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილების მე-9 მუხლი, რომელიც ადგენს ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებისა და მისი აღკვეთის საშუალებებს, უკანონო მოხმარების გამოვლინების შემთხვევაში მომხმარებლის წინასწარ შეტყობინებას არ ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ბ. L-E-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ შპს „ს ა-ის“ წარმომადგენლების მიერ შედგენილი ოქმი და არ არის წარმოდგენილი ამ ოქმის განხილვის შედეგად მიღებული დადგენილება, ანუ არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ ნამდვილად შპს „ბ. L-E“ წარმოადგენს სამართალდამრღვევს. საქმეში არსებული ოქმი წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოების აღმწერ დოკუმენტს და მის საფუძველზე უნდა მომდარიყო საქმის განხილვა და დადგენილების მიღება.
კასატორის მითითებით მის მიერ წარდგენილ შესაგებელში საუბარი იყო მასზედ, რომ ის ტერიტორია სადაც იდგა მრიცხველი, არ ეკუთვნოდა საწარმოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ მოსარჩელე ამავე მისამართზე აწვდიდა გაზს სხვა კომპანიას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ ეს იყო ახალი გარემოება, რომელზეც არ ყოფილა გაცხადებული პირველი ინსტანციის სასამართლოში. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმები, სადაც მოწმეები იყვნენ დაკითხული (ს.ფ. 219-227).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ. L-E-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ბ. L-E-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1064 ლარი) 70% – 744.80 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ. L-E-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ბ. L-E-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1064 ლარი, გადახდის თარიღი – 2014 წლის 6 მაისი, საგადახდო დავალება №0) 70% – 744.80 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე