Facebook Twitter

№ას-435-412-2014 20 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ტ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალში დატოვების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ტ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ო-ისა და მ. ხ-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2009 წლის აპრილში გ. ტ-მა მ. ხ-ის თხოვნით 10 000 აშშ დოლარი ასესხა ა. ო-ს 1 წლის ვადით, 2010 წლის 30 აპრილამდე. შეთანხმების თანახმად, მ. ხ-სა და ა. ო-ს თანხიდან მიღებული სარგებელი უნდა გაეყოთ გ. ტ-ისთვის. ა. ო-მა და მ. ხ-მა თანხა შეთანხმებულ ვადაში არ დააბრუნეს და დამატებით ვადად მოითხოვეს 2 თვე, რაზეც გ. ტ-ი დათანხმდა. 2010 წლის ოქტომბერში მ. ხ-ი შეჰპირდა გ. ტ-ს, რომ აღებული სესხის ძირითადი თანხის გასტუმრებამდე ყოველთვიურად გადაუხდიდა 50 ლარს. მიუხედავად არაერთი სიტყვიერი მოთხოვნისა, მოპასუხეებს გ.ტ-ისათვის აღებული სესხი დღემდე არ დაუბრუნებიათ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ა. ო-მა მიუთითა, რომ მას არანაირი თანხა არ უსესხებია გ. ტ-ისგან. მას და მოსარჩელეს შორის არ ყოფილა დადებული სესხის ხელშეკრულება, არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით, ასევე ა. ო-ს არ უღიარებია ვალის არსებობა არც პოლიციაში და არც სხვა რაიმე ხელწერილის სახით. მ. ხ-მა მიუთითა, რომ ის ასრულებდა მხოლოდ შუამავლის როლს და ის არის არასათანადო მოპასუხე, ვინაიდან სესხი მას არ აუღია და, შესაბამისად, არ არის ვალდებული თანხის გადახდაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა. ო-ს გ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა. გ. ტ-ის მოთხოვნა მ. ხ-ისთვის 10 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ო-მა, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე გ. ტ-ი. არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც ეცნობა სხდომის დღისა და ადგილის თაობაზე საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რომელსაც გამოუცხადებლობის მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსთვის.

მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, სააპელაციო სჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ გამოტანილ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა. ო-მა შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 241-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მას უწყება არ ჩაჰბარებია და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს ჩაუბარებია მისთვის გადასაცემად, სატელეფონო შეტყობინებით კი, მას ვერ აცნობებდნენ, რადგან მისი ტელეფონის ნომერი არსად მითითებული არ ყოფილა, მითითებული იყო მხოლოდ მისი ადვოკატის ტელეფონის ნომერი და ადვოკატთან სასამართლოს მოხელეების მხრიდან არანაირი ზარი არ განხორციელებულა. ასევე დადგენილი იყო ა. ო-ის ადგილსამყოფელი, სადაც უწყება წარმოდგენილი არ ყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ა. ო-ის სააპელაციო საჩივარი 2014 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მოწვეული არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რადგან საქმის მასალებში არსებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო შესაგებელი და უწყება 2014 წლის 14 იანვარს 15:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ, აპელანტს ა. ო-ს სასამართლოს მიერ გაეგზავნა 2013 წლის 27 ნოემბერს და 2013 წლის 2 დეკემბერს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის სრულწლოვან წევრს შვილს - კ. ლ-ს. ამასთან, კორესპონდენციის ჩაბარების ფაქტი დადასტურებულია უწყების უკუგზავნილზე დატანილი კ. ლ-ის ელექტრონული ხელმოწერის ასლით.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 240-ე მუხლით და დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ო-მა, მოითხოვა 2014 წლის 14 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

კასატორის განმარტებით გადაწყვეტილება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული და სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ა. ო-მა მიუთითა, რომ მისი შვილი გაზრდილია რუსულ ენოვან ოჯახში და არ ფლობს სათანადოდ ქართულ ენას, შესაბამისად, არ შეეძლო ადეკვატურად აღექვა თუ რაზე აწერდა ხელს. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სრულიად შესაძლებელი იყო უწყების გაყალბება. უწყების მიმღების ოჯახის სრულწლოვანი პირი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, ასეთი რამ კ. ლ-ს თავად არ გაუკეთებია, რომელიც ამობეჭდილია კურიერის მიერ და ვის მიერაა დაბეჭდილი აღნიშნული დოკუმენტი უცნობია. კასატორის განმარტებით, მას განგებ შეუშალეს ხელი მიეღო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება, რადგან საქმეში პოლიციელები არიან ჩართულნი და დღემდე არაა გამოძიებული პოლიციის თანამშრომლების დანაშაულებრივი ქმედებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მაისის განჩინებით ა. ო-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად და ამავე განჩინებით კასატორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის – 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა საქმის საბოლოო განხილვამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ო-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ასევე ამავე სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალში დატოვების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 387.1-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმის ზეპირ განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ასეთ შემთხვევაში იგი არ არის ვალდებული, იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის არსებით იურიდიულ მხარეზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მითითებული 233-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სხდომაზე სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობა საქმის განხილვის თარიღი და პროცესზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ არ აცნობაბსასამართლოს.

კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ იგი მოწვეული არ იყო სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ვინაიდან არც მას და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს უწყება არ ჩაჰბარებით. მისი შვილი გაზრდილია რუსულ ენოვან ოჯახში და არ ფლობს სათანადოდ ქართულ ენას, შესაბამისად არ შეეძლო ადეკვატურად აღექვა თუ რაზე აწერდა ხელს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან საქმის მასალებში არსებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო შესაგებელი და უწყება 2014 წლის 14 იანვარს 15:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ, აპელანტს ა. ო-ს სასამართლოს მიერ გაეგზავნა 2013 წლის 27 ნოემბერს და 2013 წლის 2 დეკემბერს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის სრულწლოვან წევრს შვილს - კ. ლ-ს (იხ. ტ 2, ს.ფ.27). ამასთან, კორესპონდენციის ჩაბარების ფაქტი დადასტურებულია უწყების უკუგზავნილზე დატანილი კ. ლ-ის ელექტრონული ხელმოწერის ასლით. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მისი შვილი გაზრდილია რუსულ ენოვან ოჯახში, არ ფლობს სათანადოდ ქართულ ენას და, შესაბამისად, არ შეეძლო ადეკვატურად აღექვა თუ რაზე აწერდა ხელს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გზავნილზე ქართულ ენაზე ხელი მოაწერა კ. ლ-მ, რომლემაც უარი არ განაცხადა ხელმოწერაზე და კორესპონდენციის მიღეაბზე ქართული ენის არცოდნის გამო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამაბრკოლებელ გარემოებას _ სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მხარის მიუწვევლობას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მითითებული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პირობა არ არსებობს

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმის, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განჩინებით ა. ო-ს სახელმწიფო ბაჟის – 500 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა გადაუვადდა საქმის საბოლოო განხილვამდე. ვინაიდან ა. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კასატორს, სამოქალქო საპროცესო კოდექის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე;

3. კასატორ ა. ო-ს (პ/N...............) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ( ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე