№ ას-449-424-2014 20 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე, შპს „რ-ის“ დირექტორი რ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სესხის დაბრუნება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ-ისა“ და შ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: შპს „რ-სა“ და შ. მ-ისათვის, მის სასარგებლოდ, სესხის ძირი თანხის – 18000 აშშ დოლარისა და სარგებლის 43280 აშშ დოლარის დაკისრება; თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი ანაზღაურების განხორციელება ქ. ბათუმში, 26 მ-ს /ს-ის ქ. №93.13-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
სარჩელის თანახმად, 2009 წლის 19 მაისს მ. მ-სა და შპს „რ-ს“ შორის 3 თვით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 18000 აშშ დოლარზე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სპს „რ-ის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, 26 მ-ის/ს-ის ქცა №93.13-ში მდებარე უძრავი ქონება. ხელშეკრულების მიხედვით, 3-თვიან ვადაში თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, სარგებელი დაირიცხებოდა 6%-ის ოდენობით. 2011 წლის 27 ოქტომბერს შპს „რ-მა“ მ. მ-ს ნასესხები თანხიდან გადაუხადა მხოლოდ 1000 აშშ დოლარი.
შ. მ-მ სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობისა და ხანდაზმულობის გამო.
შპს „რ-ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2012 წლის 10 თებერვლიდან იპოთეკით დატვირთული ქონება საკუთრების უფლებით გადავიდა შ. მ-ის სახელზე, რომელიც მან მიიღო იმ ვალდებულებით, რაც ქონებას გააჩნდა. აღნიშნულის შემდეგ შპს „რ-ი“ ავტომატურად გათავისუფლდა ვალდებულებისაგან, რადგან მან ქონებასთან ერთად მიიღო ვალდებულებაც, რომლის უზრუნველსაყოფადაც, იყო იპოთეკა გამოყენებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „რ-ს“ მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 18080 აშშ დოლარის გადახდა; თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი ანაზღაურება დადგინდა ქ. ბათუმში, 26 მ-ის /ს-ის ქ. №93.13-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ხარჯზე. ს/კ ..............
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. მ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით შ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 19 მაისს მ. მ-სა და შპს ,,რ-ს’’ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად, შპს ,,რ-მა’’ მ. მ-ისაგან, 3 თვის ვადით, პროცენტის დარიცხვის გარეშე, ისესხა 18000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,რ-ის’’ საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, 26 მ-ის/ს-ის 93/13. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, სესხის დროულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში მსესხებელს ერთჯერადად დაერიცხებოდა სესხის თანხის 6%;
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 10 თებერვლის №A11065139-014/001 განკარგულებით შპს ,,რ-ის” კუთვნილ, ზემოთ აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება გადაეცა შ. მ-ს (იხ: განკარგულება - ს.ფ.19), რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2009 წლის 3 ივნისს (იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ.30);
შპს ,,რ-მა” 2011 წლის 27 ოქტომბერს, 2009 წლის 19 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალის ნაწილის დასაფარად, ნ. გ-ის (მ. მ-ის წარმომადგენელი) ანგარიშზე გადარიცხა 1665.40 ლარი, 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა (იხ: სს ,,ლ. ბ-ის” ბათუმის ფილიალის მიერ მომზადებული, ნ. გ-ის კუთვნილი მიმდინარე ანგარიშიდან ამონაწერი - ს.ფ.82; თ. ი-ის ახსნა-განმარტება 2014 წლის 25 მარტის სასამართლო სხდომაზე; სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა - ს.ფ.83-84). უდავოა, რომ სხვა გადახდები შპს ,,რ-ს” არ უწარმოებია.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-სა და შპს ,,რ-ს” შორის 2009 წლის 19 მაისს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რადგან მითითებული კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, გამსესხებელმა მ. მ-ს მსესხებელ შპს ,,რ-ს” 3 თვის ვადით საკუთრებაში გადასცა ფული - 18000 აშშ დოლარი, ამ უკანასკნელმა კი, იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა იმავე ოდენობის თანხა აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე. ამასთან, მხარეები, იმავე კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, შეთანხმდნენ, რომ თუ მსესხებელი გადააცილებდა გადახდის ვადას, უნდა გადეხადა ერთჯერადად სესხის ძირითადი თანხის 6 პროცენტი, რაც შეადგენდა 1080 აშშ დოლარს;
აპელანტმა სადავო გახადა 2011 წლის 27 ოქტომბრის ტრანზაქციის დანიშნულება და მიუთითა, რომ ეს არ იყო 2009 წლის 19 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, თუმცა არ წარმოუდგენია ამ გარემოების გამაქარწყლებელი, სს ,,ლ. ბ-ის” ბათუმის ფილიალის მიერ მომზადებული ამონაწერისა (ს.ფ.82) და შპს ,,რ-ის” წარმომადგენლის ახსნა-განმარტების (იხ: სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის სხდომის ოქმი) საწინააღმდეგო მტკიცებულება, რის გამოც მისი პრეტენზია, პალატამ არ გაიზიარა;
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მთლიანად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე და 137-ე მუხლების გამოყენებით და მიიჩნია, რომ მ. მ-ის უფლება, სესხად მიეღო გაცემული თანხა შპს ,,რ-ისგან”, დაირღვა 2009 წლის 19 აგვისტოს, რის გამოც იგი ვალდებული იყო აღეძრა სარჩელი ამ მომენტიდან 3 წლის ვადაში; თუმცა, 2011 წლის 27 ოქტომბერს განხორციელებული გადახდით, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და დაიწყო თავიდან; ამდენად, აპელანტის მოსაზრება 2013 წლის 5 აპრილს აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 3065 მუხლების გამოყენებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე მ. მ-ს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ნივთის რეალიზაციით საკუთარი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილება. ამასთან, ამ ნივთის მესაკუთრის შეცვლა, თუნდაც იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, არ აუქმებს ნივთზე არსებულ იპოთეკას (თუ იგი რეგისტრირებული არ არის აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის) და კრედიტორის ზემოთ ხსენებულ უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. მ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარცელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და იგი აღძრულია მოთხოვნის წარმოშობიდან ოთხი წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე მუხლებით დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. გარდა ამისა, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინებით შ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1584 ლარის) 70% –1108.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 19 მაისს საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1584 ლარის) 70% – 1108.8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე