Facebook Twitter

№ ას-456-431-2014 6 თებერვალი 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი –ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ც-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ც-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: ზ. ც-ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ნისანი X–TERA“ სახელმწიფო ნომრით ........... დაყენებული იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უკან მდებარე ატოსადგომზე. ავტომანქანა დაზიანდა გამგეობის შენობიდან ჩამოვარდნილი მინის ნამსხვრევით, ჩაჭრა მანქანის კაპოტი, ასევე დააზიანა საქარე მინა. ზ. ც-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ავტომანქანის შეკეთების ხარჯები, მაგრამ გამგეობამ აღნიშნული თანხა არ გასცა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტი გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით, რადგან მინის ჩამოვარდნა მოხდა ქარის ზემოქმედების შედეგად.

ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 1150 ლარის ოდენობით ზიანის გადახდა.

ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ზ. ც-ს საკუთრებაში ჰყავს ავტომანქანა „ნისანი X–TERA“ სახელმწიფო ნომრით ............;

2013 წლის 16 სექტემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობიდან გადმოვარდა ფანჯრის მინა, რის შედეგადაც დაზიანდა ზ. ც-ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ნისანი X–TERA“ სახელმწიფო ნომრით ........., რასაც ადასტურებს და სადავოდ არ ხდის მოწინააღმდეგე მხარე;

2013 წლის 23 სექტემბრის აუდიტორული დასკვნით დადგინდა, რომ მიყენებულმა ზიანმა _ დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 1150 ლარი.

პალატის მითითებით, რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანი გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით და, ასევე, მოსარჩელემ საფრთხისშემცვლელ და აკრძალულ ადგილას გააჩერა ავტომანქანა, აპელანტმა ვერ წარმოადგინა.

მოცემულ შემთხვევაში პალატამ სადავოდ მიიჩნია ზიანის გამომწვევი მიზეზი .

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მეორე ნაწილის, მე-4 მუხლის, 102-ე, 103-ე მუხლებზე დაყრდნობით პალატამ განმარტა, რომ მხარეები თავად განსაზღვრავენ მტკიცებულებათა წრეს მოთხოვნის საფუძვლის, თუ მოთხოვნის საპირისპიროს დასადასტურებლად. მოპასუხე მხარემ მისი პოზიციის გასამყარებლად ვერ მიუთითა კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ვერ წარმოადგინა ისინი, ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმაზე, რომ ზ. ც-მ საფრთხისშემცველ და აკრძალულ ადგილზე გააჩერა მანქანა და რომ მას მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის საპროცესო ვალდებულება უზრუნველყო, რის გამოც, დადგინდა ზიანის არსებობის ფაქტი, მისი გამოწვევა მოპასუხის ბრალეულობით და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მომხდარ ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატამ განმარტა, რომ სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებების არსებობა, ხოლო ზ. ც-მ დაასაბუთა სარჩელის საფუძვლიანობა, რის გამოც სწორად იქნა სარჩელი დაკმაყოფილებული.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასაართლოს მიერ, ზ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩვრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა და არ არსებობდა მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ზ ც-ს საკუთარი ავტომანქანა გაჩერებული ჰყავდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, მხოლოდ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის განკუთვნილ ავტოსადგომზე. ამიტომ, არასწორია სასამართლოს მიერ იმ მოსაზრების გაზიარება, რომ ზ ც-ს რაიმე საფრთხისშემცველ და აკრძალულ ადგილზე მანქანა არ გაუჩერებია, რადგანაც აღნიშნული ადგილი მხოლოდ მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ავტოსადგომს წარმოადგენს.

სასამართლომ მართალია გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მაგრამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მინის გადავარდნა მართლაც დაუძლეველი ძალით იყო გამოწვეული.

სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ზოგადად შეეხო საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს, არ გაითვალისწინა კანონის ის ნორმები, რომლებიც უნდა გაეთვალისწინებინა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე