Facebook Twitter

№ ას-473-447-2014 20 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ. მ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ფ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ფ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ. მ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: დაევალოს მოპასუხეს, დაუბრუნოს მისი გარდაცვლილი მეუღლის, ვ. ტ-ის კუთვნილი სამტვრეველა „შდს–პდX9“, რომელსაც იგი ფლობს უკანონოდ. ასევე, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1200 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯების – 530 ლარის გადახდა.

მოსარჩელის განმარტებით, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ. ტ-სთან, რომელიც გარდაიცვალა 2003 წლის 19 ნოემბერს და, შესაბამისად, მისი მემკვიდრეა. სს „ჭ-ის“ დირექტორის თანხმობით, მისმა მეუღლემ პარტნიორ ა. კ-სთან ერთად სამშენებლო ბლოკის დამზადების მიზნით, შექმნა მცირე საწარმო, სს „ჭ-ის“ კუთვნილი ბიგის ჩიხის ტერიტორიაზე. საწარმოს უნდა დაემზადებინა ბლოკი, რომელსაც სს „ჭ-მი“ შეიძენდა მისგან დაზარალებულებისათვის. საწარმოს ფუნქციორებისათვის მისმა მეუღლემ დაამონტაჟა რკინის 2 ბუნკერი და სხვადსხვა დანადგარები. გარკვეული პერიოდი საწარმო მუშაობდა. 1989 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა და მისი ქონების ნაწილი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა, ხოლო რკინის ორი ბუნკერი კი, სასამართლოს ძალით დაიბრუნა. ორი წლის წინ მეუღლის ყოფილ პარტნიორ ა. კ-ისგან შეიტყო, რომ გარდა ამ ორი ბუნკერისა, საწარმოს ფუნქციონირებისათვის მის მეუღლეს ასევე შეძენილი ჰქონდა ქვის სამტვრეველა ე.წ „დრაბილკა“, დაინტერესდა ამ ფაქტით და მისი მეუღლის საქაღალდეში აღმოაჩინა სამტვრეველას ესპლოატაციის ინსტრუქცია. ასევე ნახა, რომ სამტვრეველა დგას შპს „ჯ. მ-ის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ნაკეთობათა ბაზაში და არის მუშა მდგომარეობაში. მიუხედევად მისი არაერთგზის მოთხოვნისა, შპს „ჯ. მ-ი“ კუთვნილ ნივთს არ უბრუნებს იმ მოტივით, რომ მას ამ სამტვრეველას საკუთრების დამადასტურებელი მოკუმენტი არ გააცნია. გარდა აღნიშნულისა, სს „ჭ-ის“ დირექტორმა საწარმოს გაკოტრებასთან დაკავშირებით, 2001 წელს სასამართლოს წარუდგინა საწარმოს ქონების ნუსხა, სადაც საერთოდ არ არის შეტანილი სამტვრეველა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ წარმოადგენდა სს „ჭ-ის“ საკუთრებას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის მოტივით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ჯ. მ-ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს „ჯ. მ-ის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ნაკეთობათა ბაზაზე არსებული სამტვრეველა ,,შდს-პ4X9’’ (ღირებული 40 000 ლარად) და გადაეცა მესაკუთრე ნ. ფ-ს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ. მ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინებით შპს „ჯ. მ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ფ-ის მეუღლე, ვ. ტ-ე იყო მეწარმე, საქმიანობდა სს „ჭ-ის“ ტერიტორიაზე და აწარმოებდა სამშენებლო ბლოკებს.

ვ. ტ-ს ეკუთვნოდა ამ საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო რკინის ბუნკერები და სამტვრეველა. იგი გარდაიცვალა 2003 წლის 19 ნოემბერს და მისი სამკვიდრო მიიღო ნ. ფ-მ.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ჭ-ს“ დაევალა ნ. ფ-ისათვის რკინის ბუნკერების დაბრუნება და ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

სს „ჭ-ი“ ამჟამად ლიკვიდირებულია, ხოლო მისი ქონება შეძენილი აქვს შპს „ჯ. მ-ს“.

შპს „ჯ. მ-ი“ ფლობს ორ სამტვრეველას. ერთი მათგანი, საშუალო დამტვრევის სამტვრეველა, შეძენილი აქვს სს „ჭ-ისაგან“, სადავო სამტვრეველა კი, არც სს „ჭ-ის“ ბალანსზე ირიცხებოდა და არც შპს „ჯ. მ-ს“ შეუძენია მისგან.

პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და დაადგინა, რომ სადავო სამტვრეველა ეკუთვნოდა მოსარჩელის მეუღლეს. ეს მტკიცდება, როგორც წერილობითი მტკიცებულებით - სამტვრეველას ტექნიკური პასპორტით, ასევე ექსპერტის დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებითაც. მოწმემ, სს „ჭ-ის“ ნაკეთობათა ბაზის ყოფილმა ოსტატმა და ამჟამად, შპს „ჯ. მ-ის“ ცვლის უფროსმა, მ. ბ-მ განმარტა, რომ სადავო სამტვრეველა 2000-2001 წლებში ხელმძღვანელის, გ. ბ-ის დავალებით წამოიღო სს „ჭ-ის“ ბიგის ჩიხიდან, ანუ ხის მორების საწყობიდან და დაამონტაჟა ამავე საწარმოს ნაკეთობათა ბაზის ტერიტორიაზე, სადაც იყო მეორე, პატარა სამტვრეველაც. ბიგის ჩიხში სამტვრეველასთან იდგა ორი ცალი დიდი, მოწმის თქმით, “უშველებელი” ლითონის ბუნკერი. ის, თუ ვის ეკუთვნოდა სამტვრეველა მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

სს „ჭ-ის“ ბიგის, ანუ ხის სამაგრი მასალის ჩიხი იყო ხის მორების საწყობი და ამ საწყობს ფუნქციონირებისათვის სამტვრეველა არ სჭირდებოდა. სამტვრეველა და ბუნკერები იდგა ჩიხის ბოლოში, ცალკე.

ამ მოწმის ჩვენებიდან ნათლად ჩანს, რომ 2000 წლამდე მაინც სს „ჭ-ი“ სადავო სამტვრეველას არ იყენებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მას ხის მასალის საწყობის ტერიტორიაზე არ განათავსებდა. სამტვრეველა იდგა ვ. ტ-ის კუთვნილ ბუნკერებთან ერთად, ეს კი ნიშნავს, რომ სამივე ნივთი გამოიყენებოდა საერთო სამეურნეო დანიშნულებით. მოწმის თქმით, სს „ჭ-ში“ რეგულარულად ტარდებოდა აქტივების ინვენტარიზაცია.

პალატის აზრით, სადავო სამტვრეველა ამ საწარმოს კუთვნილი რომ ყოფილიყო, ეს ინვენტარიზაციის აქტებში უთუოდ აისახებოდა. მოწმემ, შპს „ჯ. მ-ის“ მექანიკოსმა ა. კ-მ კი, პირდაპირ განმარტა, რომ სადავო სამტვრეველა შეიძინა ვ. ტ-სთან ერთად და ისინი მას ერთობლივი საქმიანობისათვის იყენებდნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოწმეები ამჟამადაც შპს „ჯ. მ-ში“ მუშაობენ, პალატამ მათი ჩვენებები განსაკუთრებით სარწმუნოდ მიიჩნია.

იმას, რომ სადავო სამტვრეველა ვ. ტ-ს ეკუთვნოდა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომლიდანაც დგინდება, რომ ეს პირი სს „ჭ-ის“ ტერიტორიაზე მართლაც საქმიანობდა და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებდა.

პალატის აზრით, სამშენებლო ბლოკების წარმოება მხოლოდ ლითონის ბუნკერებით, შეუძლებელია, ეს კი ნიშნავს, რომ გარდა ბუნკერებისა ვ. ტ-ე სამტვრეველითაც სარგებლობდა.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამტკიცა, ხოლო აპელანტს თავისი შესაგებლის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

დადგენილია, რომ სადავო სამტვრეველა ეკუთვნოდა მოსარჩელის მეუღლეს. იგი გარდაიცვალა და მისი სამკვიდრო მიიღო ნ. ფ-მ.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328.1-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ამ ნორმის შესაბამისად, სადავო სამტვრეველა შედიოდა ვ. ტ-ის სამკვიდროში და მისი სამკვიდროს მიღებით მოსარჩელემ მიიღო ეს ქონებაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლზე მითითებით პალატამ მიიჩნია, რომ სამტვრეველა 2003 წლის 19 ნოემბრიდან ეკუთვნოდა ნ. ფ-ს.

პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, მესაკუთრეს ყოველთვის შეუძლია გამოითხოვოს საკუთრება სხვისი უკანონო მფლობელობიდან, ანუ ეს მოთხოვნა სასარჩელო ხანდაზმულობით შეზღუდული არ არის. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „.ჯ მ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ინსტრუქცია მიიჩნია საკუთრების დამადასტურებელ მტკიცებულებად, მაშინ, როდესაც წარმოდგენილ ინსტრუქციაში სამი სხვადასხვა ტიპის სამტვრეველას ტექნიკური აღწერილობა იყო მოცემული ექსპლოატაციის შესახებ. პალატამ ასევე დასაბუთების გარეშე ჩათვალა, რომ ექპერტის დასკვნით, მტკიცდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება. საქმეში არსებულ ექსპერტის დასკვნაში არაფერია მითითებული სადავო ნივთის საკუთრების უფლების შესახებ.

კასატორის აზრით, პალატამ უსაფუძვლოდ უარყო მისი მოსაზრებები მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც მოთხოვნა აშკარად ხანდაზმულია. ამასთან, არასწორია პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სხვისი მფლობელობიდან საკუთრების მოთხოვნის უფლება ხანდაზმულობით არ არის შეზღუდული, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსსა და სამართლის ზოგად პრინციპებს.

კასატორის მითითებით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სადავო ურთიერთობების მიმართ ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის გავრცელების საკითხზე, რასაც მოჰყვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლი, ვინაიდან კასატორს რომც არ ჰქონოდა მოპოვებული საკუთრების უფლება სადავო ნივთზე სხვა საფუძვლით, იგი მას მოიპოვებდა სამოქალაქო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე.

კასატორის აზრით, სასამართლომ დაარღვია მტკიცებულებათა შეფასების წესი, კერძოდ, 2008 წელს ნ. ფ-მ, მოწმე ა. კ-ისგან შეიტყო, რომ ვ. ტ-ს ბიგის ჩიხის ტერიტორიაზე რკინის ბუნკერების გარდა გააჩნდა ქვის სამტვრეველაც. სააპელაციო სასამართლო არც კი დაინტერესებულა, რატომ არ აცნობა მოსარჩელეს აღნიშნულის თაობაზე მისმა მეუღლემ სანამ გარდაიცვლებოდა.

კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მტკიცებულებად მიიღეს მხოლოდ ახსნა-განმარტებანი, რომელიც საფუძვლად დაედო სამართლებრივ შეფასებას გადაწყვეტილების მიღებისას. კერძოდ, რომ 1989 წელს ვ. ტ-მ სადავო ნივთი შეიძინა ქ. გორში, რომ იგი იყო მეწარმე და სს „ჭ-ის“ ხელმძღვანელობასთან დადო შეთანხმება საწამოს კუთვნილი ბიგის ჩიხის ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი, რომ 2011 წელს ბიგის ჩიხის ტერიტორიიდან ნაკეთობათა ბაზის დირექტორის მითითებით სადავო ნივთი გადატანილ იქნა ნაკეთობათა ბაზაში. აღნიშნული ფაქტები, კასატორის აზრით, იურიდიულად ვერ ამართლებენ მოთხოვნის საფუძვლიანობას, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სადავო ნივთის შეძენას ვ. ტ-ის მიერ ქ. გორში 1989 წელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინებით შპს „ჯ. მ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ. მ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ჯ. მ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2000 ლარის) 70% –1400 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ. მ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 28 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2000 ლარის) 70% – 1400 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე