№ ას-477-451-2014 20 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო ქონების მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. გ-მ სარჩელი არძრა სასამართლოში მ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა გარდაცვლილი ნ. გ-ის მემკვიდრედ ცნობა შემდეგი საფუძვლებით: 1993 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა მოსარჩელის მამა, რომელსაც დარჩა ქ. ფოთში, წ. გ-ის ქ.№88-ში მდებარე სამკვიდრო. მოსარჩელემ მიიღო სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით. მან მიმართა სანოტარო ბიუროს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად 2013 წლის 8 ივლისს. ნოტარიუსმა უარი განუცხადა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მიზეზეით, რომ არსებობდა მეორე მემკვიდრე, რომელსაც აქვს პრეტენზიები სამკვიდროსთან დაკავშირებით.
მ. გ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა გარდაცვლილი ნ. გ-ის მთლიანი სამკვიდროს მიკუთვნება იმ საფუძვლით, რომ იგი წარმოადგენს 1993 წლის პირველ დეკემბერს გარდაცვლილი ნ. გ-ის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით.
ზ. გ-მ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა 1993 წლის პირველ დეკემბერს გარდაცვლილი ნ. გ-ის სამკვიდროს ½-ის მემკვიდრედ; მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. გ-ს მიეკუთვნა 1993 წლის პირველ დეკემბერს გარდაცვლილი ნ. გ-ის სამკვიდროს ½ ნაწილი.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-მ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის აწ გარდაცვლილი ნ. გ-ის სამკვიდროს სრულად მიკუთვნება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებში) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა და ქ. ფოთში, წ. გ-ის ქ.№88-ში მდებარე დანაშთი სამკვიდროდან მიეკუთვნა ¾ ნაწილი (როგორც მამის ისე დედის დანაშთი წილიდან); მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა და ქ. ფოთში, წ. გ-ის ქ.№88-ში მდებარე დანაშთი სამკვიდროდან მიეკუთვნა ¼ ნაწილი.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივ გარემოებები:
ნ. (ა.) გ-ე, რომლის სამკვიდროს წარმოადგენს ქ. ფოთში, წ. გ-ის ქ. 88-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, გარდაიცვალა 1993 წლის 1 დეკემბერს, შესაბამისად, მისი სამკვიდროც გაიხსნა 1993 წლის 1 დეკემბერს.
ნ. გ-ე იყო ზ. გ-ისა და მ. გ-ის მამა, რომლებიც დედასთან - გ. გ-სთან ერთად წარმოადგენენ ნ. გ-ის პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებს. ანუ ნ. გ-ს დარჩა სამი მემკვიდრე - მეუღლე ზ-ა (გ.) გ-ე და ორი შვილი: ზ. გ-ე და მ. გ-ი.
მოწმეთა: გ. ბ-ას, ც. გ-ას, ვ. ჯ-ას, რ. უ-ასა და ლ. ბ-ის ჩვენებების მოსმენისა და გაანალიზების შედეგად, პალატამ დაადგინა, რომ მამის გარდაცვალების შემდგომ ნ. გ-ის დანაშთი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა მეუღლემ ზ-ა გ-მ და შვილმა ზ. გ-მ. დასტურდება ისიც, რომ ნ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში სანოტარო ორგანოსათვის არც ზ. გ-ს, არც ზ-ა გ-ს და არც მ. გ-ს არ მიუმართავს. დადგინდა, რომ ნ. გ-ის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მ. გ-ს არ მიუღია. ასევე დასტურდება, რომ მ. გ-მა პრეტენზია ქონებაზე დედის გარდაცვალების შემდეგ გამოთქვა და იგი დედას უვლიდა და პატრონობდა. დედას ასევე უვლიდა ზ. გ-ც.
ზ-ა გ-ე გარდაიცვალა 2013 წლის 5 მარტს. მხარეები პრეტენზიას აცხადებენ არა მარტო აწ გარდაცვლილი მამის ნ. გ-ის დანაშთ სამკვიდრო წილზე, არამედ ზოგადად ფოთში, წ. გ-ის ქ. 88-ში არსებულ მთლიან სამკვიდროზე, რომელშიც გარდა ნ. გ-ის ½ ნაწილისა, ასევე შედის ნ. გ-ის მეუღლის ზ-ა გ-ის ½ ნაწილი.
პალატამ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საფუძველზე, სამართლებრივად განმარტა შემდეგი:
სააპელაციო პალატა ზ. გ-ის მიერ მამის - 1993 წლის 1 დეკემბერს გარდაცვლილი მამის ნ. გ-ის დანაშთი სამკვიდროს მიღების მოთხოვნის კანონიერებას ასაბუთებს ძველი 1964 წლის სამოქალაქო კოდექსით.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად (1964წ.), კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები (მათ შორის შვილობილები), მეუღლე და მშობლები(მშვილებლები).
აღნიშნული მუხლების თანახმად, ზ. გ-ე და მ. გ-ი წარმოადგენენ ნ. გ-ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს, რომელთაც თანაბარი წილის უფლება აქვთ მამის დანაშთ ქონებაზე.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად (1964წ.), იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობის წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე მუხლის საფუძველზე (1964წ.), რომლის მიხედვითაც, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე, ხოლო გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში - ამ კოდექსის მე-20 მუხლში მითითებული დღე.
მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, ზ. გ-მ უდავოდ მიიღო მამის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით, რის გამოც, იგი ითვლება მიღებული სამკვიდროს ½-ის მესაკუთრედ მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ხოლო დარჩენილი ½-ის მესაკუთრედ მისი დედა ანუ ნ. გ-ის მეუღლე ზ-ა გ-ე.
პალატის აზრით, ზ. გ-ის სააპელაციო მოთხოვნა - სრულად მიეკუთვნოს მამის, ნ. გ-ის დანაშთი სამკვიდრო ნაწილობრივ საფუძვლიანია, რადგან ნ. გ-ის გარდაცვალების დროისათვის მას ცოცხალი დარჩა მეუღლე ზ-ა გ-ე, რომელიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. გ-სთან და კანონის თანახმად, იგი მეუღლის დანაშთი სამკვიდროს ½ მესაკუთრეა, შესაბამისად, დარჩენილი ½ ნაწილის მესაკუთრედ სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით ზ. გ-ა, შესაბამისად მ. გ-ის წილი ნ. გ-ის სამკვიდროში არ არებობს, რადგან მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დადასტურდა, რომ მ. გ-ს მამის - ნ. გ-ის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია. მას არც სანოტარო ორგანოსათვის მიუმართავს კანონით დადგენილ ვადაში ნ. გ-ის გარდაცვალებიდან. შესაბამისად, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-ს მიეკუთვნა მამის ნ. გ-ის დანაშთი სამკვიდროდან ½ (მდებარე ფოთი, წ. გ-ის ქ. 88) არის უკანონო, დაუსაბუთებელი, უსაფუძვლოც და იგი უნდა გაუქმდეს სრულად მისი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 103-ე, 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ აპელანტმა ზ. გ-მ მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა დაასაბუთა, კერძოდ, მამის (მამკვიდრებლის) ნ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროდან ½ ნაწილი ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო მან, ხოლო დარჩენილი ნაწილის მესაკუთრე კი, დედამისი ნ. გ-ის მეუღლე - ზ-ა გ-ეა და, რომ ნ. გ-ის სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლებით არ მიუღია მ. გ-ს, თავის მხრივ, მოპასუხე მ. გ-მა ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რომ მან მამის სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი დაუფლებით. უდავოა, რომ მას არც სანოტარო ორგანოსათვის მიუმართავს ნ. გ-ის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად.
მხარეები პრეტენზიას აცხადებენ არა მარტო აწ გარდაცვლილი მამის ნ. გ-ის დანაშთ სამკვიდრო წილზე, არამედ ზოგადად ფოთში, წ. გ-ის ქ. 88-ში არსებულ მთლიან სამკვიდროზე, რომელშიც გარდა ნ. გ-ის ½ ნაწილისა, ასევე უდავოდ შედის ნ. გ-ის მეუღლის ზ-ა გ-ის ½ ნაწილი, რომელიც მას ეკუთვნოდა როგორც ნ. გ-ის მეუღლეს.
რაც შეეხება დედის, 2013 წლის 5 მარტს გარდაცვლილი ზ-ა გ-ის დანაშთ ½ სამკვიდროს, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ იგი ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო, როგორც მ. გ-მა ისე ზ. გ-მ.
მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ დედას უვლიდა და პატრონობდა ასევე მ. გ-ი, შესაბამისად, მათი წილის ოდენობა დედის ზ-ა გ-ის კუთვნილ ½ სამკვიდროში უნდა განისაზღვროს ¼ -¼ -ით.
პალატამ აღნიშნული პოზიციის დასასაბუთებლად გამოიყენა ახალი სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1320-ე, 1424-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1433-ე მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ დედას უვლიდა და პატრონობდა მ. გ-ი. მიჰყავდა თავისთან სახლში ასევე მოდიოდა დედასთან, უვლიდა და მზრუნველობდა მას. დედას ასევე უვლიდა ზ. გ-ც. 2013 წლის 5 მარტს გარდაიცვალა ზ-ა გ-ე, რომელსაც დარჩა სამკვიდრო ½ წილის უფლებით. ე.ი. ამ დღეს გაიხსნა მისი სამკვიდრო. დადგინდა, რომ იგი ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო, როგორც მ. გ-მა, ისე ზ. გ-მ, შესაბამისად, მათი წილის ოდენობა დედის - ზ-ა გ-ის კუთვნილ ½ სამკვიდროში უნდა განისაზღვროს ¼ -¼ -ი წლის უფლებით. რაც საბოლოოდ ქმნის ისეთ რეალობას, რომ დანაშთი მთლიანი სამკვიდროდან, მდებარე ფოთში, წ. გ-ის ქ. 88-ში ¾ წილი ზ. გ-ის საკუთრებაა და მას უნდა მიეკუთვნოს, ხოლო ¼ წილი მ. გ-ის საკუთრებაა და მას უნდა მიეკუთვნოს. ამ მსჯელობებიდან გამომდინარე, მათი სარჩელები ნაწილობრივ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს და არ გაითვალისწინა და ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზ. გ-მ ჯერ კიდევ 1997 წელს მიმართა ნოტარიუსს განცხადებით მამის სამკვიდრო ქონების მისაღებად, მაგრამ, რადგანაც ვერ დაადასტურა ქონების მირების ფაქტი, ნოტარიუსის დადგენილებით უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის მიღებაზე, რაც ცხადყოფს, რომ მან თვითონ აღიარა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ არ მიუღია სამკვიდრო წილი მამის ქონებიდან. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი და, შესაბამისად, არასწორად მიაკუთვნა მოწინააღმდეგე მხარეს ის, რაც მას რეალურად არ მიუღია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 3 მაისს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე