ბს-769-356(2კ-05) 19 აპრილი, 2006წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» პუნქტის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლისა და ... კავშირის თავმჯდომარის შუამდგომლობა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 1 მარტს ... კავშირმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში ქ. ქუთაისის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისის საკრებულოს 2003 წლის 26 თებერვლის №15 გადაწყვეტილების №2 დანართის მე-8 მუხლის «ბ» და «გ» პუნქტებისა და ამავე საკრებულოს 2004 წლის 2 დეკემბრის №95 გადაწყვეტილების გაუქმება და ქ. ქუთაისის საკრებულოს დავალდებულება ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ, ავტობუსით მგზავრთა გადაყვანისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა 25 ლარის ოდენობით (ს.ფ. 1-2).
... კავშირის სარჩელი არ ცნო ქ. ქუთაისის საკრებულომ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 53).
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ... კავშირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 75-85).
ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... კავშირმა და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ.88-91).
საკასაციო წარმოების დროს კასატორმა ... კავშირის თავმჯდომარემ და მოწინააღმდეგე მხარემ ქ. ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართეს საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა (ს.ფ. ).
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეთა შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ... კავშირის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და დამტკიცდეს ... კავშირის თავმჯდომარისა და ქ. ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და დავის მორიგებით დამთავრების გამო, სარჩელზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი - ... კავშირი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა ... კავშირის სარჩელი ქ. ქუთაისის საკრებულოს 2003 წლის 26 თებერვლის №15 გადაწყვეტილების №2 დანართის მე-8 მუხლის «ბ» და «გ» პუნქტებისა და ამავე საკრებულოს 2004 წლის 2 დეკემბრის №95 გადაწყვეტილების გაუქმებისა და ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ მოპასუხის დავალდებულების თაობაზე.
საკასაციო წარმოების დროს საკასაციო პალატამ მხარეებს შესთავაზა მორიგება, რაც გაზიარებულ იქნა ამ უკანასკნელთა მიერ და წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
«ქ. ქუთაისის საკრებულო იღებს ვალდებულებას გადასინჯოს ქ. ქუთაისის საკრებულოს 2000 წლის 10 მაისის №87 გადაწყვეტილება «ქ. ქუთაისში ადგილობრივი მოსაკრებლების გამოანგარიშების და გადახდის წესის შესახებ» და ამ გადაწყვეტილების №2 დანართში შემდგომ წლებში შეტანილი ცვლილებები, იმ ვარაუდით, რომ «ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ» კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იტვირთოს ვალდებულება უახლოეს პერიოდში განიხილოს და გადაწყვიტოს ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვის ნებართვისათვის მოსაკრებლის დიფერენცირებული ოდენობა სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და მარშრუტების მიხედვით.
... კავშირის თავმჯდომარე კისრულობს ვალდებულებას წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე შეწყვიტოს დავა საკასაციო საჩივარზე და საქმე დაამთავროს მორიგებით.
მხარეები იცნობენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» პუნქტს და ურთიერთმიმართ არანაირი პრეტენზიები არ გააჩნიათ».
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
აღნიშნულის შესაბამისად, მხარეებმა საკასაციო სასამართლოში დაადასტურეს ნება მორიგების მიღწევისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც გაზიარებულ იქნა დავაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და დადასტურებულია მორიგების აქტზე მისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის სათანადო ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მორიგების აქტის კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ადმინისტრაციული ორგანო გამოხატავს ნებას, რათა კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად განიხილოს სადავო საკითხი, რაც მოსარჩელის ინტერესებს მოცემულ სტადიაზე აკმაყოფილებს, რის გამოც ექვემდებარება დამტკიცებას. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლომ მხარეებს განუმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, კასატორ ... კავშირს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ნახევარი - 50 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით, 272-ე მუხლის «დ» პუნქტით, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ... კავშირის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება;
3. ... კავშირის თავმჯდომარისა და ქ. ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
4.დამტკიცდეს მხარეების მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: ქ. ქუთაისის საკრებულო იღებს ვალდებულებას გადასინჯოს ქ. ქუთაისის საკრებულოს 2000 წლის 10 მაისის №87 გადაწყვეტილება «ქ. ქუთაისში ადგილობრივი მოსაკრებლების გამოანგარიშების და გადახდის წესის შესახებ» და ამ გადაწყვეტილების №2 დანართში შემდგომ წლებში შეტანილი ცვლილებები, იმ ვარაუდით, რომ «ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ» კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იტვირთოს ვალდებულება უახლოეს პერიოდში განიხილოს და გადაწყვიტოს ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვის ნებართვისათვის მოსაკრებლის დიფერენცირებული ოდენობა სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და მარშრუტების მიხედვით. ... კავშირის თავმჯდომარე კისრულობს ვალდებულებას წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე შეწყვიტოს დავა საკასაციო საჩივარზე და საქმე დაამთავროს მორიგებით;
5. მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმისა და მორიგების აქტის დამტკიცების გამო;
6.კასატორს ... კავშირს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 50 ლარი;
7. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება;
8. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.