№ ას-481-455-2014 20 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელე ს. ც-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ფულადი ვალდებულების შესრულება, კერძოდ: მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ 50 000 ლარის, ასევე 2009 წლის მარტიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდში 35 თვეზე 52 500 ლარის დაკისრება და გადაუხდელ თანხაზე სარგებლის გადახდა სესხის სრულად დაფარვამდე შემდეგ გარემოებათა გამო:
2009 წლის 15 მარტს, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 50 000 ლარი განუსაზღვრელი ვადით ყოველთვიურად 3 %-ის დარიცხვით. მოპასუხემ დაფარა მხოლოდ 10 თვის სარგებელი, ხოლო დანარჩენი დავალიანება არ გადაუხდია.
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის ფულადი ვალდებულების არარსებობის საფუძვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, ს. ც-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. გ-ს მოსარჩელე ს. ც-ას სასარგებლოდ დაეკისრა 35 000 ლარისა და 5250 ლარის ანაზღაურება. ამავე კოლეგიის 2013 წლის 29 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებით, მოპასუხე მ. გ-ს, ს. ც-ას სასარგებლოდ, დაეკისრა 2013 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 35 000 ლარის 3% თანხის სრულად დაფარვამდე.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და დამატებითი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში - მ. გ-მა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში - ს. ც-ამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
აპელანტმა ს. ც-ამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აპელანტმა მ. გ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა. აპელანტ მ. გ-ის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მარტის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის, კერძოდ, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, ხოლო 2013 წლის 29 მარტის დამატებით გადაწყვეტიელბაზე მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, ს. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება, ამავე გადაწყვეტილებით, მ გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას, 2014 წლის 23 იანვარს, აპელანტის წარმომადგენლის ბ. ს-ის მიერ წარმოდგენილი თბილისის საქალაქო რეესტრის სამსახურის მოწმობის მიხედვით, მისმა მარწმუნებელმა შეიცვალა გვარი: ც.-ჯ-ი, შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან სააპელაციო სასამართლოში ერთ-ერთ აპელანტს წარმოადგენდა არა ს. ც-ა, არამედ ს. ჯ-ი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ ხელწერილით, რომლითაც მ. გ-მა დაადასტურა 2009 წლის 15 მარტს ს. ც-საგან ფულადი თანხის 50 000 ლარის ოდენობით მიღების ფაქტი, შედგენილია 2012 წლის 12 ივლისს. დასახელებული ხელწერილით მოვალემ იკისრა ასევე ვალდებულება, პროცენტის სახით, ყოველთვიურად 3%-ის გადახდის თაობაზე, თანხის სრულად დაფარვამდე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ მოვალემ, მხარეთა ხელწერილის გაფორმების შემდეგ, 2012 წლის ივლისიდან იკისრა ვალდებულება, გადაეხადა სესხისთვის პროცენტი გადაუხდელ თანხაზე 3%-ის ოდენობით, თანხის სრულად დაფარვამდე.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე და 327-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის შინაარსიდან ნათლად და გარკვევით არ ირკვევა 2009 წლის 15 მარტიდან 2012 წლის 12 ივლისამდე პერიოდზე მხარეთა პროცენტზე შეთანხმების არსებობის შესახებ გარემოება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა შესაბამისი მტკიცებულება სადავო გარემოების დასადასტურებლად, საქმეში წარმოდგენილი არ არის, რაც სკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. პალატის განმარტებით, თუკი ხელშეკრულების ესა თუ ის პირობა ბუნდოვანია, იგი არ უნდა განიმარტოს მოვალის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში, არ იყო წარმოდგენილი საკმარისი მონაცემები იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მხარეთა შორის ამ ხელწერილის შედგენამდეც არსებობდა შეთანხმება პროცენტზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა 2009 წლის 15 მარტიდან 2012 წლის 12 ივლისამდე პერიოდზე სესხის სარგებლობისათვის პროცენტის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, ს. ც-ას საჩივარი პალატამ მიიჩნია უსაფუძვლოდ და იგი არ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება მ. გ-ის საჩივარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დამატებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 106-ე მუხლით და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მოსარჩელისათვის სესხის პროცენტის დაკისრების თაობაზე შესულია კანონიერ ძალაში, დადასტურებულია სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების არსებობა ძირითადი თანხის-35 000 ლარის ნაწილში. აღნიშნულ ნაწილში ხსენებული გადაწყვეტილება მიიჩნია პრეიდიციული ძალის მქონედ მოცემული დავისათვის.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პროცენტის გადახდის ვალდებულება დამატებითი ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა სესხთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოიშობა მთავარი ვალდებულება, ანდა მისი საფუძველი იქნება ბათილი, არც პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა. ამიტომ პროცენტის გადახდის ვალდებულება აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადასტურებულად იქნა მიჩნეული სესხის ხელშეკრულების, ანუ ვალდებულების არსებობის ფაქტი, არსებობს პროცენტის გადახდის ვალდებულებაც. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ც-ას (ამჟამად ს. ჯ-ის) სარჩელი 2012 წლის 12 ივლისიდან სესხის ძირითადი თანხის 35 000 ლარის სრულად დაფარვამდე პროცენტის დაკისრების თაობაზე, დასაბუთებელია და იგი მართებულად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი კი, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჯ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია ხელწერილი ბუნდოვნად, ვინაიდან ხელმოწერა ნამდვილია და გადაწყვეტილებაც სესხის ნაწილში ძალაშია.
კასატორის მითითებით, ხელწერილიდან გარკვევით გამომდინარეობს პროცენტის ათვლის საწყისი დრო, კერძოდ, ხელწერილში ცალსახად წერია, რომ მოპასუხემ ისესხა თანხა და იღებს ვალდებულებას ყოველთვიურად სარგებლის გადახდის თაობაზე სესხის სრულად დაფარვამდე. მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ თანხა ისესხა 2009 წლის მარტს. აქედან გამომდინარე, სარგებლის ათვლა ძველი პერიოდიდან უნდა მომხდარიყო. კასატორის აზრით, სასამართლომ მოპასუხის მიერ მოთხოვნის დაყენების გარეშე შეამცირა სარგებლის ოდენობა. ამასთან, სასამართლომ თანხა დააკმაყოფილა ხუთი თვის და არა ექვსი თვის სარგებლის ოდენობით, ვინაიდან 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის იანვრამდე ხუთი თვეა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე მ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
კასატორ მ. გ-ის განმარტებით, გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის თაობაზე და შემდგომ უნდა განეხილა პროცენტის დაკისრების საკითხი, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები ნათლად მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელწერილი წარმოადგენდა მოტყუებით დადებულ ხელშეკრულებას და მათ შორის სასესხო ურთიერთობა არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობისა და მ. გ-ის მიერ ს. ჯ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულების არსებობა, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელწერილი წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ივნისის განჩინებით ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1890 ლარის) 70% –1323 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 28 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1890 ლარის) 70% – 1323 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე