Facebook Twitter

№ ას-485-459-2014 20 თებერვალი 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. დ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელის განმარტებით, მ. კ-ს ასესხა 3 000 აშშ დოლარი, საიდანაც1000 აშშ დოლარი გადაიხადა მისმა ყოფილმა რძალმა. დარჩენილი თანხა - 2 000 აშშ დოლარი გაცემული იყო 5% სარგებლით. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, მ. კ-ს მისთვის დარჩენილი თანხა არ დაუბრუნებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თანხა სრულად აქვს გადახდილი, კერძოდ, სარგებელი დაფარა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო სესხს იხდიდა პერიოდულად 2010 წლის აგვისტოდან 2012 წლის თებერვლამდე. ვინაიდან მოპასუხეს ხშირ შემთხვევაში არ შეეძლო ბანკში მისვლა, თანხის გადარიცხვას აწარმოებდა შვილიშვილის - გ. კ-ის, ხან კი, შვილიშვილის დედამთილის - ი. ბ-ის მეშვეობით. ასევე, ვინაიდან მოსარჩელე გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა პატიმრობაში, მოპასუხე თანხას ურიცხავდა მის წარმომადგენელს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. კ-ს მ. დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის - 1500 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული პროცენტის 450 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მ, მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 4 სექტემბრის წერილობითი დოკუმენტის თანახმად, მ. კ-მ მ. დ-ასგან მიიღო 3000 აშშ დოლარი თვიური 10%-ის დარიცხვით, საიდანაც მან გადაიხადა 1000 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 2000 აშშ დოლარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული დოკუმენტით მხარეები შეთანხმდნენ მათ შორის არსებული ხელშეკრულების განსხვავებულ პირობებზე, კერძოდ, უვადო სესხის ხელშეკრულებაზე 2000 აშშ დოლარის ფარგლებსი, ყოველთვიური 5%სარგებლით, თანხის სრულ დაფარვამდე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოპასუხეს გადახდილი აქვს ძირი ტანხიდან 500 აშშ დოლარი და 4 თვის სარგებელი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მას სადავო სასესხო ურთიერთობით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად აქვს შესრულებული, რადგან საქმეში არ მოიპოვება ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები. უდავოა, რომ ამ ნაწილში მტკიცების ტვირთი სწორედ აპელანტს ეკისრება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელზე დართული საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების უმრავლესობა შეეხება 2011 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდს და ამდენად, არ დგინდება მათი კავშირი განსახილველ დავის საგანთან.

პალატის აზრით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ დასტურდებოდა ძირი თანხის 500 აშშ დოლარისა და 4 თვის სარგებლის გადახდის ფაქტი, შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება იყო ძირი თანხა - 1500 აშშ დოლარი და სარგებელი 2011 წლის სექტემბრიდან სარჩელის შეტანამდე - 2013 წლის ივნისამდე, 17 თვის, ვინაიდან 4 თვის გადახდილი იყო. საიდანაც მოსარჩელე ითხოვდა ძირ თანხას მთლიანად და სესხზე დარიცხულ პროცენტს 450 აშშ დოლარს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მოსარჩელეს სრულად არ გადაუხადა სესხის ძირი თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატრორის განმარტებით განჩინება არის მიკერძოებული და შემაჯამებელი დასკვნა უსაფუძვლო, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარსი კორძაძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე