Facebook Twitter

№ ას-488-462-2014 20 თებერვალი 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ყ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ს-ის წინააღმდეგ და მოითხოვა, დადებულად იქნეს ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება ნ. ყ-სა და შ. ს-ს შორის უძრავ ნივთზე - მდებარე ქ. ქუთაისი, ლ-ას ქ.№5-ბ/10.

მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლის დეკემბერში შეიძინა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ქუთაისი, ლ-ას ქ.№5-ბ/10-ში 2200 აშშ დოლარად, რის საფუძველზეც, შ. ს-ისგან მიიღო ე.წ. გენერალური მინდობილობა 5 წლის ვადიტ, რომლითაც მიენიჭა უფლებამოსილება უძრავი ნივთის მართვის, განკარგვის, გასხვისების, გაცვლისა და იპოთეკით დატვირთვის. მინდობილობასთან ერთად გადაეცა 1992 წლის 30 ივლისს გაცემული პრივატიზაციის დედანი. ბინა შეიძინა შვილისთვის, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად, გაიცა მინდობილობა, რადგანაც სურდა მინდობილობის საფუძველზე, შვილთან დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ სურვილი ვერ განახორციელა, ვინაიდან თავისი შვილი 20 წელია რუსეთშია და საქართველოში არ იმყოფება. მინდობილობის მოქმედების ვადა დასრულდა 2007 წლის 30 დეკემბერს, რის შემდეგაც მიაკითხა მოპასუხეს და სთხოვა გაჰყოლოდა საჯარო რეესტრში ბინის გასაფორმებლად, რაზეც მიიღო უიარი. ნასყიდობას ესწრებოდნენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ბინის ყიდვის ფაქტს, ამასთან იგი შეძენიდან დღემდე ცხოვრობს დასახელებულ მისამართზე და იხდის კომუნალურ გადასახადებს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით ნ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა შემდეგი:

2002 წლის 30 დეკემბრის გენერალური მინდობილობის საფუძველზე, 5 წლის ვადით, შ. ს-მ ნ. ყ-ს უფლება მისცა მართოს, განკარგოს, გაასხვისოს, გაცვალოს, იპოთეკით დატვირთოს მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ.ქუთაისი, რ-ის ქუჩა №5-ბ/10-ში.

1992 წლის 30 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.ქუთაისი, ლ-ას (ყოფ. რ-ის) ქუჩა №5-ბ/10-ში მდებარე უძრავი ქონება მიიღო შ. ს-მ, რომელიც დღემდე ირიცხება მის სახელზე.

2002 წლის დეკემბერში ნ. ყ-ი და შ. ს-ე შეთანხმდნენ, რომ ნ. ყ-ი შ. ს-ისაგან შეიძენდა უძრავ ქონებას მდებარე ქ.ქუთაისი, ლ-ას ქუჩა №5-ბ/10-ში 2200 აშშ დოლარად, რის საფუძველზეც, შ. ს-ისაგან მიიღო ე.წ გენერალური მინდობილობა 5 წლის ვადით, რომლითაც მიენიჭა უფლებამოსილება მართვის, განკარგვის, გასხვისების, გაცვლის, იპოთეკით დატვირთვის. მინდობილობასთან ერთად მესაკუთრისაგან გადაეცა პრივატიზაციის ხელშეკრულების დედანი, გაცემული 1992 წლის 30 ივლისს.

ბინას ფლობს ნ. ყ-ი, შესაბამისად, კომუნალურ გადასახადებს იხდიდა ნ. ყ-ი.

მხარეებს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ნ. ყ-ის სასარგებლოდ არ დარეგისტრირებულა, ბინის სყიდვის ფასის სრულად გადაუხდელობის გამო.

სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317.1-ე, 319.1-ე, 327-ე, 68-ე, 69-ე, 328-ე, 323-ე, 183-ე მუხლებით და სწორად დაადგინა, რომ 2002 წელს ნ. ყ-სა და შ. ს-ს შორის დაიწყო მოლაპარაკება ქ.ქუთაისი, ლ-ას ქუჩა №5-ბ/10-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებით. ისინი შეთანხმდენ, რომ დასახელებულ ბინას შეიძენდა ნ. ყ-ი. შეთანხმების შემდეგ ნ. ყ-ი დაეუფლა დასახელებულ ბინას და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მიუხადავად ამისა, მხარეებს შორის წერილობით ხელშეკრულება არ გაფორმებულა და უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება ნ. ყ-ის სასარგებლოდ არ დარეგისტრირებულა. მხარეები შეთანხმდენ უძრავი ქონების ნასყიდობაზე, მაგრამ მათ არ შეასრულეს კანონით გათვალისწინებული აუცილებელი პირობა და ხელშეკრულებას არ მისცეს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო წერილობითი ფორმა. ამ ფორმის დაცვის გარეშე ქონება მყიდველზე არ აღირიცხება, ანუ მსგავსი გარიგება მხარეთა უფლება-მოვალეობებს არ წარმოშობს და იგი მისი დადებიდან ბათილია. ბათილი გარიგება მხარეებს არ ანიჭებს უფლებებსა და მოვალეობებს.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ „მხარეებს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ნ. ყ-ის სასარგებლოდ არ დარეგისტრირებულა ბინის სყიდვის ფასის სრულად გადაუხდელობის გამო“. აღნიშნული, კასატორის აზრით, ეწინააღმდეგება ამავე გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, კერძოდ: „2002 წლის დეკემბერში ნ. ყ-ი და შ. ს-ე შეთანხმდნენ, რომ ნ. ყ-ი შ. ს-ისაგან შეიძენდა უძრავ ქონებას მდებარე ქ.ქუთაისი, ლ-ას ქუჩა №5-ბ/10-ში 2200 აშშ დოლარად“ ის ფაქტი, რომ ნ. ყ-მა 2200 აშშ დოლარი გადასცა შ. ს-ს, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით და თვით მოწინააღმდეგე მხარის მიერაც და, შესაბამისად, პალატის მიერ დადგენილი გარემოება არ ეყრდნობა რაიმე მტკიცებულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინებით ნ. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ყ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ. ყ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ყ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე