საქმე №ას-501-475-2014 6 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ „ა. ც-ე“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. დ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. დ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „ა. ც-ის“ მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე 2013 წლის 6 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობის, ტურიზმის სამსახურის საინფორმაციო ცენტრის კონსულტანტის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2012 წლის 14 ივნისის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №35
განკარგულებით დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ა. ც-ე“.
2012 წლის 11 აგვისტოს ე. დ-ე დაინიშნა ა(ა)იპ „ა. ც-ის“ ტურიზმის სამსახურის საინფორმაციო ცენტრის კონსულტანტის თანამდებობაზე.
2013 წლის 16 აპრილს „ა. ც-ის“ დირექტორად დაინიშნა ე ბ-ი.
მოსარჩელის განმარტებით, ე.ბ-ს მასთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ავიწროებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, საბოლოოდ, 2013 წლის 6 აგვისტოს მოწვეულ კრებაზე განაცხადა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და საზოგადოების დირექტორს მისცა მითითება, მოემზადებინა ბრძანება.
2013 წლის 6 აგვისტოს №57/1 ბრძანების საფუძველზე ე. დ-ე გაათავისუფლეს სამსახურიდან. განთავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაიბარა მას შემდეგ, როდესაც ფოსტის თანამშრომელმა განუმარტა, რომ მის სახელზე არსებული გზავნილი დაბრუნებული იყო გამგზავნთან.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
ე. დ-ე სამსახურში გამოირჩეოდა დირექტორისადმი განსაკუთრებული აგრესიულობით და უხეშობით, რაც გამოიხატებოდა მის ქცევაში, კერძოდ: სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ ეკავა მისთვის განკუთვნილი ადგილი, უფრო მეტიც, ხან მაგიდაზე იყო ჩამომჯდარი, ხან მოლარის სკამზე ა.შ, რაც სასტიკად აკრძალულია. დირექტორის შენიშვნას დაეკავებინა მისთვის განკუთვნილი ადგილი, პასუხობდა დამცინავად. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე გულგრილად ეკიდებოდა დირექტორის ყველა მითითებას.
2013 წლის 6 აგვისტოს მოწვეულ კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა „ა. ც-ის“ ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, დირექტორის განცხადების პასუხად, რომ ე. დ-ე შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების დარღვევისათვის დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას, მოსარჩელემ დირექტორს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე თვითნებურად მიატოვა სამუშაო ადგილი და წავიდა სამსახურიდან. მიუხედავად მათი მცდელობისა, რომ მისულიყო სამსახურში და დაეწერა ახსნა-განმარტება მოსარჩელე სამუშაოზე აღარ გამოცხადებულა, აღნიშნული მოწმობს მის მიერ შრომითი ხელშეკრულებებისა და შრომის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „ა. ც-ის“ დირექტორის 2013 წლის 6 აგვისტოს №57/1 ბრძანება ე. დ-ის ა(ა)იპ „ა. ც-ის“ ტურიზმის სამსახურის - საინფორმაციო ცენტრის კონსულტანტის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე და ე. დ-ე აღდგენილ იქნა იმავე თანამდებობაზე, ამასთანავე მოპასუხეს ე. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით სახელფასო განაცდურის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინებით ა(ა)იპ „ა. ც-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 ივნისის №35 განკარგულებით ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ისტორიული ძეგლის - რაბათის ციხის კომპლექსის მართვის, მოვლა-პატრონობის, შენახვის, ისტორიული ძეგლის დაცვისთვის და საქართველოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ა. ც-ე“;
ა(ა)იპ „ა. ც-ის“ დირექტორის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით ე. დ-ე დაინიშნა ა(ა)იპ „ა. ც-ის“ ტურიზმის სამსახურის - საინფორმაციო ცენტრის კონსულტანტის თანამდებობაზე და მისი ხელფასი განისაზღვრა საშტატო განრიგის მიხედვით;
2012 წლის 10 აგვისტოს ა(ა)იპ „ა. ც-ის“ დირექტორს ნ. გ-სა და ე. დ-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ე. დ-ის ხელფასი განისაზღვრა თვეში 420 (ოთხას ოცი) ლარით;
შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 ივნისის №35 განკარგულებით დაფუძნებული ა(ა)იპ „ა. ც-ის“ წესდების მე-4 მუხლის „დ“ პუნქტისა და „ა. ც-ის“ შინაგანაწესის თანახმად, 2013 წლის 6 აგვისტოდან ე. დ-ე გათავისუფლდა ა(ა)იპ „ა. ც-ის“ ტურიზმის სამსახურის - საინფორმაციო ცენტრის კონსულტანტის თანამდებობიდან, შინაგანაწესისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმების შესრულების დარღვევისა და დირექტორის მითითებების შეუსრულებლობის საფუძვლით;
დაკავებული თანამდებობიდან ე დ-ის გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის შესაგებელში მითითებულ გარემოებებზე:
მოპასუხის განმარტებით, ე. დ-ე გამოირჩეოდა დირექტორისადმი განსაკუთრებული აგრესიულობით, რაც გამოიხატებოდა მის ქცევაში, კერძოდ: შემოწმების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ე. დ-ე არ იჯდა მისთვის განკუთვნილ ადგილზე, უფრო მეტიც, ხან მაგიდაზე იყო ჩამომჯდარი, ხან მოლარის სკამზე. დირექტორის შენიშვნაზე, დაეკავებინა მისი ადგილი, ე. დ-ე პასუხობდა დამცინავი ტონით. 2013 წლის 6 აგვისტოს კრებაზე, დირექტორმა განაცხადა, რომ ე. დ-ე შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების დარღვევისათვის დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას, რაზედაც მოსარჩელემ უპასუხა უკმეხად და ყველა თანამშრომლის თანდასწრებით დირექტორს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ე. დ-მ თვითნებურად მიატოვა სამუშაო ადგილი და წავიდა სამსახურიდან. მიუხედავად მცდელობისა, რომ მოსარჩელე გამოცხადებულიყო სამსახურში, დაეწერა ახსნა-განმარტება, ის არ გამოცხადებულა.
მოწმე გ. ჩ-ის ახსნა-განმარტებით, დირექტორმა ქალბატონ ე-ს შენიშვნა მისცა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ის საინფორმაციო ცენტრიდან სიცილით გამოვიდა. სიცილის მიზეზი არ გაურკვევიათ. დირექტორსა და ე. დ-ს შორის უთანხმოება არ ყოფილა;
მოწმე პ. ი-ის ახსნა -განმარტებით ე. დ-ე იჯდა მოლარეებთან ახლოს, თავისავე სამუშაო ოთახში, რა დროსაც შევიდა დირექტორი და ჰკითხა, თუ რატომ არ იჯდა თავის სამუშაო ადგილზე, რაზეც ე დ-მ უპასუხა, რომ აქედანაც მიაქცევდა ვიზიტორებს ყურადღებას. აღნიშნულზე ე. დ-ე და დირექტორი შეკამათდნენ.
პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა გამსაქმებელს უფლებას აძლევს ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, გაათავისუფლოს დასაქმებული სამსახურიდან, ანუ შეწყვიტოს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობა. იმისათვის, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილემ განახორციელოს ესა თუ ის მოთხოვნა, იგი უნდა ემყარებოდეს კანონით განსაზღვრულ საფუძვლებს.
პალატამ მიუთითა შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, სამოქალაქო კოდექსის 399–ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 405–ე მუხლის მე–2 ნაწილზე და განმარტა, რომ დასაქმებულის ვალდებულებას წარმოადგენდა დაკისრებული მოვალეობების შესრულება, სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენება, შრომითი დისციპლინის დაცვა, რაშიც იგულისხმებოდა სამუშაოზე დროულად გამოცხადება, არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა, ასევე ეთიკის ნორმების დაცვა.
საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ შრომის ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის ფაქტი, არამედ დასტურდებოდა, რომ დირექტორმა ე. დ-ს შენიშვნა მისცა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ის საინფორმაციო ცენტრიდან სიცილით გამოვიდა და რომ ე. დ-ე იჯდა მოლარეებთან ახლოს, თავისავე სამუშაო ოთახში, რაზეც დირექტორისაგან მიიღო შენიშვნა. აღნიშნულზე ე. დ-ე და დირექტორი შეკამათდნენ.
მოპასუხის პრეტენზიები ე დ-ის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ ეთიკის ნორმებისა და შრომითი დისციპლინის დარღვევასთან იყო დაკავშირებული, საქმეზე დადგენილი გარემოებები კი, აღნიშნულზე არ მიუთითებდენ. ამგვარი ხასიათის დარღვევის არსებობის შემთხვევაშიც, გონივრული იქნებოდა, დამსაქმებელს გამოეყენებინა ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შედარებით მსუბუქი ზომა (მაგალითად: შენიშვნა, საყვედური). მუშაობის პერიოდში, მოსარჩელის მიმართ მოპასუხეს დისციპლინური სახდელი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით არ გამოუყენებია, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული საფუძვლით, დამსაქმებლის მიერ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება იყო კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება.
პალატამ ასევე იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 32-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „ა. ც-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, ამასთანავე, მხოლოდ ორი მოწმის ჩვენების არასრულყოფილი ანალიზით დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოებები და მიუსადაგა სამართლის ნორმები.
სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმე გ. ჩ-ის ჩვენება, რადგანაც ამ ჩვენების შეფასებისას არ გაითვალისწინა მოწმის რაიონულ სასამართლოში დაკითხვის დროის აპელანტის მიერ შეკითხვის მოხსნის ფაქტი. ასევე არასწორად შეფასდა მოწმე პ.ი-ის ჩვენება და არასწორად ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე მხარის სამუშაო დროს სხვა ოთახში ყოფნა, ასევე, დირექტორის შენიშვნის მიუღებლობა რაიმე დარღვევას არ წარმოადგენდა, ამასთანავე, აპელანტს არასწორად ეთქვა უარი მოწმე თ.მ-ის განმარტების მიღებაზე, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ წესდების უხეშად დარღვევის ფაქტს. წინამდებარე საკასაციო საჩივარს მხარემ დაურთო CD დისკი და წინამდებარე საქმის მასალების ასლები, ასევე ე.დ-ის განცხადება, მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება და შრომითი ხელშეკრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინებით ა(ა)იპ „ა. ც-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა(ა)იპ „ა. ც-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა(ა)იპ „ა. ც-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს, პალატა მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ვერც წარმოდგენილი მტკიცებულებები იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. აღსანიშნავნია ის ფაქტიც, რომ ეს მასალები წარმოადგენს საქმეში არსებული მასალების ასლებს, რაც საკასაციო საჩვრის ფარგლებში ისედაც წარმოდგენდა სასამართლოს მსჯელობის საგანს, ამდენად ეს გარემოება მათი საქმისათვის დართვაზე უარის თქმის კიდევ ერთი უტყუარი საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.
ამდენად, ა(ა)იპ „ა. ც-ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 117 (ას ჩვიდმეტი) ფურცლად და 1 (ერთი) CD დისკი (ტ. II, ს.ფ.67-184).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა(ა)იპ „ა. ც-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 28 მაისის N45 საგადახდო დავალებით გადახდილი 1056 ლარის 70% – 739,2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „ა. ც-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა(ა)იპ „ა. ც-ს“ (ს/№........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 28 მაისის N45 საგადახდო დავალებით გადახდილი 1056 ლარის 70% – 739,2 ლარი.
3. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 117 (ას ჩვიდმეტი) ფურცლად და 1 (ერთი) CD დისკი (ტ. II, ს.ფ.67-184).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე