Facebook Twitter

საქმე №ას-530-503-2014 6 თებერვალი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალის მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2010 წლის 2 აგვისტოს N140/კ ბრძანების ბათილად ცნობის, მოპასუხე ჰოსპიტალში ლ.ს-ის ამბულატორიული პლიკლინიკური დეპარტამენტის ენდოსკოპიის მედდის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელის განმარტებით, მან 1991-92 წლებში გაიარა სამედიცინო ინსტიტუტთან არსებული სამედიცინო კურსები, ჩააბარა საატესტაციო გამოცდა და მიენიჭა მედიცინის დის წოდება. 1994 წელს კი, დაამთავრა თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლის სრული კურსი სამეანო საქმის სპეციალობით და სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის 1994 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მიენიჭა ბებიაქალის კვალიფიკაცია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 20 აპრილის N208 ბრძანებით მოსარჩელე გაიწვიეს ნამდვილ სამხედრო სამსახურში ენდოსკოპიური განყოფილების საპროცედურო მედდად. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში სხვადასხვა პოზიციაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის 2010 წლის ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებასთან დაკავშირებით, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2010 წლის 12 თებერვლის ბრძანებით და სამხედრო ჰოსპიტალის 2010 წლის 12 თებერვლის N129/კ ბრძანებით დაინიშნა სამხედრო ჰოსპიტალის ამბულატორიული პოლიკლინიკური დეპარტამენტის ენდოსკოპიის მედდის თანამდებობაზე.

სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2010 წლის 2 აგვისტოს N140/კ ბრძანებით, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, გათავისუფლების შესახებ ბრძანება 2013 წლის მაისამდე მოსარჩელეს არ ჩაბარებია, მოსარჩელის მოსაზრებით, მისი გათავისუფლების საფუძველი მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებები იყო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

შრომის კოდექსი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს ხელშეკრულების დამსაქმებლის მიერ შეწყვეტას, შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლების თანახმად, ვინაიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორი დამსაქმებელი იყო, მან დასაქმებულს აუნაზღაურა ერთი თვის კომპენსაცია.

მოპასუხემ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2010 წლის 18 ოქტომბრის N01/17/03/10885 წერილსა და ამავე სამინისტროს მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის N244/ნ ბრძანების მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია საშუალო სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულის (2009-2010 წლამდე) დასაქმებულის უფლება, მიენიჭოს კვალიფიკაცია „მეანი“, ხოლო „ბებიაქალი“ მითითებულია, როგორც ერთ-ერთი თანამდებობა, რომელიც უნდა დაიკავოს საშუალო სამედიცინო პერსონალმა კვალიფიკაციით „მეანი“. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა , მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მიიღო ზომები, რათა მათ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული საშუალო პერსონალის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებში დაფიქსირებული მონაცემები კვალიფიკაციისა და სამუშაო სტაჟის შესახებ შესაბამისობაში ყოფილიყო თანამდებობრივ მოთხოვნებთან.

მოსარჩელის პროფესიული კვალიფიკაცია მის მიერ დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა.

რაც შეეხება „მეანისა“ და „ბებიაქალის“ კვალიფიკაციების ურთიერთმიმართებას, მიუხედავად „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 40.1 მუხლის დანაწესისა, ჯანდაცვის მინისტრის 2012 წლის ახალი ბრძანებით, „ბებიაქალს“, მართალია, მიენიჭა უფლება, იმუშაოს „მედდად“, თუმცა ბრძანებას უკუძალა არ აქვს და მოსარჩელის მიმართ ვერ გავრცელდება.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ დირექტორის 2010 წლის 2 აგვისტოს №140/კ ბრძანება და ლ. ს-ი აღდგენილ იქნა სსიპ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დეპარტამენტის ენდოსკოპიის მედდის თანამდებობაზე, სსიპ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს“ ლ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 2 აგვისტოდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 510 ლარის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ ს-მა 1994 წელს დაამთავრა თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი, სამეანო საქმის სპეციალობით და მიენიჭა კვალიფიკაცია „ბებიაქალი“;

სასწავლო-სამედიცინო კოოპერატიული ფირმა „მ.ა.ტ-ის“ მოწმობის თანახმად, ლ. ს-მა გაიარა სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკასთან არსებული სამედიცინო კურსები და მიენიჭა „მედიცინის დის“ წოდება;

ლ. ს-ი სხვადასხვა დროს მუშაობდა მედდის თანამდებობებზე სამედიცინო დაწესებულებებში მედდად;

შრომის წიგნაკის ასლის თანახმად, ლ. ს-ი მოპასუხე ჰოსპიტალში 1995 წლის 21 თებერვლის ბრძანებით დაინიშნა მიმღებ განყოფილებაში მორიგე მედდის თანამდებობაზე, ხოლო 1996 წლის 20 აპრილს გაწვეულ იქნა ნამდვილ სამხედრო სამსახურში და დაინიშნა ენდოსკოპიური განყოფილების საპროცედურო მედდად;

2006 წლის 20 ნოემბერს ლ. ს-ი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან და გადაიყვანეს რეზერვში. 2006 წლის 17 ნოემბრიდან მოსარჩელე დაინიშნა სამხედრო ჰოსპიტალის დიაგნოსტიკის სამსახურის ენდოსკოპიის მედდად ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით და გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ 2007 წლის 16 მაისის ბრძანებით დაინიშნა აღნიშნულ საშტატო თანამდებობაზე;

2007 წლის 12 ნოემბერს სსიპ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ საშტატო განრიგში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ლ. ს-ი დაინიშნა სამხედრო ჰოსპიტალის მიმღები და ამბულატორიული სამსახურის ენდოსკოპიის მედდის თანამდებობაზე;

2010 წლის 12 თებერვალს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2010 წლის №9/512 წერილის შესაბამისად, ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებასთან დაკავშირებით პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამავე დღეს №29/კ ბრძანებით დაინიშნა სამხედრო ჰოსპიტალის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დეპარტამენტის მედდის თანამდებობაზე;

სსიპ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ დირექტორის 2010 წლის 2 აგვისტოს №140/კ ბრძანებით ლ. ს-ი გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დეპარტამენტის ენდოსკოპიის მედდის თანამდებობიდან. ბრძანებაში განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის N244/ნ ბრძანება;

ლ. ს-ს მოპასუხე საზოგადოებაში მუშაობის დროს შრომის დისციპლინა არ დაურღვევია, მის მიმართ დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა;

ლ. ს-ს, მისი წარმომადგენლის 2013 წლის 8 მაისის №475 განცხადების საფუძველზე, სსიპ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ დირექციამ გაუგზავნა 2010 წლის 2 აგვისტოს №140/კ ბრძანების ასლი;

საბანკო ამონაწერის თანახმად, ლ. ს-ს, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების გამოცემის შემდგომ, 2010 წლის 26 აგვისტოს ჩაერიცხა 602.29 ლარი;

სსიპ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“ ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დეპარტამენტის ენდოსკოპიის მედდის საშტატო ერთეულის ყოველთვიური დარიცხული თანამდებობრივი სარგო შეადგენს 510 ლარს.

სააპელაციო პალატამ დადგენილი გარემოებების სამართლებრივად შეფასებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლით, შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ სამხედრო ჰოსპიტალის 2010 წლის 2 აგვისტოს ბრძანების მიღებამდე მხარეები იმყოფებოდნენ შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული არ ყოფილა და რომელიც შეწყდა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, სადავო ბრძანებაში მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №244/ნ ბრძანება.

სადავო იყო დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისობის საკითხი დაკავებულ თანამდებობასთან.

ამ თვალსაზრისით, დადგენილი იყო, რომ ლ. ს-მა 1994 წელს დაამთავრა თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი, სამეანო საქმის სპეციალობით და მიენიჭა კვალიფიკაცია „ბებიაქალი“.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №244/ნ ბრძანებით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა „სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე პერსონალის თანდართული ნუსხა“, რომლითაც განისაზღვრა სამედიცინო დაწესებულებაში გარკვეულ თანამდებობათა დასაკავებლად აუცილებელი კვალიფიკაცია, სასწავლო დაწესებულების ტიპი/ფაკულტეტი. აღნიშნული ნუსხის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2009-2010 სასწავლო წლამდე საშუალო სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულს კვალიფიკაციით „მეანი“ მიენიჭათ უფლება, დაეკავებინათ შემდეგი თანამდებობა სამედიცინო დაწესებულებაში: ბ.ა) სამედიცინო დაწესებულების ბებიაქალი; ბ.ბ) საფერშლო-საბებიო პუნქტის, დედათა და ბავშვთა ოთახის მედდა; ბ.გ) სამედიცინო დაწესებულების მედდის ყველა თანამდებობა აღნიშნული სპეციალობით 3 წლის მუშაობის არსებობის შემთხვევაში; ბ.დ) სამედიცინო დაწესებულების მედდის ყველა თანამდებობა გადამზადების კურსის გავლის შემდეგ“.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №244/ნ ბრძანების გამოცემის შემდგომ დამსაქმებელმა ლ. ს-ი 2010 წლის 12 თებერვლის №29/კ ბრძანებით დანიშნა სამხედრო ჰოსპიტლის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დეპარტამენტის მედდად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2009 წლის 16 ივლისის ბრძანების მოქმედების პირობებშიც, რომელიც განსაზღვრავდა ამა თუ იმ კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის შესაბამის თანამდებობათა ნუსხას, დამსაქმებელმა ლ. ს-ის კვალიფიკაცია დასაკავებელი თანამდებობის შესატყვისად მიიჩნია და დანიშნა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დეპარტამენტის მედდის თანამდებობაზე.

მოგვიანებით სადავო საკითხი დარეგულირდა საკანონმდებლო დონეზეც, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 14 მარტის №01-11/ნ ბრძანებით ცვლილება შევიდა 2009 წლის 16 ივლისის №244/ნ ბრძანებაში და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე პერსონალის თანდართული ნუსხა“ და ახლებურად მოწესრიგდა სამედიცინო დაწესებულებაში მედდის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციის საკითხები. დადგინდა, რომ პირებს, რომელთაც დამთავრებული ჰქონდათ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება საექთნო საქმის სპეციალობით და მინიჭებული ჰქონდათ ბებიაქალის კვალიფიკაცია, შეეძლოთ დაეკავათ ბ.ა.ა) სამედიცინო დაწესებულების ბებიაქალის თანამდებობა; ბ.ა.ბ) სამედიცინო დაწესებულების მეანის/ბებიაქალის ხელმძღვანელი თანამდებობა ხელმძღვანელ თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ; ბ.ა.გ) საფერშლო-საბებიო პუნქტის, დედათა და ბავშვთა ოთახის ექთნის თანამდებობა; ბ.ა.დ) სამედიცინო დაწესებულების ექთნის თანამდებობა აღნიშნული სპეციალობით 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული); ბ.ა.ე) სამედიცინო დაწესებულების ექთნის ხელმძღვანელი თანამდებობა ხელმძღვანელ თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული); ბ.ა.ვ) სამედიცინო დაწესებულების ექთნის თანაშემწე (უმცროსი ექთანი).

სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №244/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებები ნათლად ასახავდა კანონმდებლის ნებას, გაეფართოებინა სამედიცინო დაწესებულებაში ექთნის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციათა ნუსხა და ამ თანამდებობის დაკავების უფლება უშუალოდ მედიცინის დის, ფერშლის, ექთნის და სხვა კვალიფიკაციის მქონე პირთა გარდა მიეცათ ასევე ბებია ქალის კვალიფიკაციის მქონე პირებისათვის, რომელთაც გააჩნდათ აღნიშნული სპეციალობით მუშაობის სამი წლის სტაჟი ან გავლილი ჰქონდათ შესაბამისის გადამზადების კურსი.

დასაქმების დაცვის უფლება შრომის კონსტიტუციური უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც გულისხმობს დასაქმებულ პირთა დასაცავად გარკვეული სამართლებრივი მექანიზმების არსებობას - შრომის კოდექსსა თუ შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელ აქტებში დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების ასახვას. პალატის განმარტებით, ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო აქტები, რომლებიც იცავს დასაქმებულს სამუშაოდან წინასწარი შეტყობინებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებისაგან. პალატამ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლზე; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე; 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე და განმარტა, რომ საერთაშორისოსამართლებრივი ზემოაღნიშნული ნორმები იძლევა უალტერნატივო დასკვნის საშუალებას, დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებაზე და ამასთანავე მის მიზანზე, აღნიშნული სტანდარტების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თანამდევად, მხოლოდ დაქირავებულის სასარგებლოდ შეცვლაზე. პალატის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც ცალსახად გულისხმობს დასაქმებულის უფლების დაცვას.

იმ მოცემულობაში, როდესაც დამსაქმებელმა ლ. ს-ის კვალიფიკაცია 2009 წლის 16 ივლისის ბრძანების მოქმედების პირობებშიც დასაკავებელი თანამდებობის შესატყვისად მიიჩნია, ხოლო მოგვიანებით აღნიშნული საკითხი დარეგულირდა საკანონმდებლო დონეზეც და 2012 წლის 14 მარტს განხორციელებული ცვლილებებით სამედიცინო დაწესებულებაში ექთნის თანამდებობის დასაკავებლად ბებიაქალის კვალიფიკაციის მქონე პირებისათვის საკმარისად იქნა მიჩნეული სპეციალობით მუშაობის სამი წლის სტაჟი, პალატამ ჩათვალა, რომ სამსახურიდან განთავისუფლების მომენტში ამავე დაწესებულებაში მედდის თანამდებობაზე მრავალწლიანი სტაჟის მქონე მოსარჩელის კვალიფიკაციის შესაბამისობის საკითხი დაკავებულ თანამდებობასთან დასაქმებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო, ამასთან, ლ ს-ის მხრიდან მოპასუხე საზოგადოებაში მუშაობის დროს ადგილი არ ჰქონია შრომის დისციპლინის დარღვევას. მის მიმართ დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა, რაც სსიპ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ დირექტორის 2010 წლის 2 აგვისტოს №140/კ ბრძანების ბათილად ცნობისა და ლ. ს-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობას წარმოადგენდა.

პალატამ ასევე აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით მოპასუხემ დასაქმებულს წაართვა შესაძლებლობა, განეხორციელებინა სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო შესაბამისი შრომითი ანაზღაურება. მიყენებული ზიანი განისაზღვრება მისი მიუღებელი ხელფასით გათავისუფლების დღიდან - 2010 წლის 2 აგვისტოდან სამუშაოზე აღდგენამდე, რაც ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, თანახმად სასამართლომ შრომის კოდექსის 44-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის კვალიფიკაციის შესაბამისობის თაობაზე, რადგანაც ლ.ს-ის თანამდებობაზე დანიშვნისას, თუ დამსაქმებელს მხედველობიდან გამორჩა ჯანდაცვის მინისტრის 2009 წლის N244/ნ ბრძანების მოთხოვნები, რომლის თანახმადაც ლ.ს-ს არ გააჩნდა უფლება, ემუშავა მედდად სამედიცინო დაწესებულებაში, მისი კვალიფიკაცია 2010 წლის 2 აგვისტოს დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი ვერ გახდებოდა. სასამართლომ კი, გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცნო.

საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილის წერილი, რომლითაც განმარტებულია მინისტრის (ამ შემთხვევაში კანონმდებლის) 2009 წლის 6 ივლისის N244/ნ ბრძანების მე-10 პუნქტი, სადაც თანამდებობა „ბებიაქალი“ შეიძლება დაიკავოს საშუალო სამედიცინო პერსონალმა კვალიფიკაციით „მეანი“, შესაბამისად, სასამართლოს მითითება მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის ბრძანებაზე უსაფუძვლოა, რაც შეეხება ამ ბრძანებაში 2012 წელს განხორციელებულ ცვლილებებს, მასში ნათლადაა გამოხატული სამინისტროს ნება სწორედ 2012 წლიდან გახდა შესაძლებელი, სამედიცინო კურსდამთავრებულს, კვალიფიკაციით „მეანს“ დაეკავებინა მედდის თანამდებობა.

საქმეში წარმოდგენილი კვალიფიკაციის შესახებ დოკუმენტაციის თანახმად, ლ. ს-მა დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი სპეციალობით სამეანო საქმე, კვალიფიკაცია - ბებიაქალი, რაც არ შეესაბამება ჯანდაცვის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის N244/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ პუნქტების მოთხოვნებს. სააპელაციო პალატამ აღნიშნულით დაარღვია სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის მოთხოვნებით.

გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და „სამხედრო ჰოსპიტალს“ არ მისცა შესაძლებლობა, სრულყოფილად გამოეხატა პოზიცია ლ.ს-ის წერილობით განმარტებაზე.

კასატორი ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, კასატორის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა, რომ ლ.ს-ს გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაბარდა 2013 წლის 8 მაისს არასწორია, რადგანაც ამ ბრძანების თაობაზე, ასევე ბრძანების რეკვიზიტები მითითებულია ლ.ს-ის შრომის წიგნაკში და მან სწორედ შრომის წიგნაკის მოპასუხისაგან წაღების დროს იცოდა გათავისუფლების შესახებ, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ლ.ს-ის მიერ გათავისუფლების შესახებ ბრძანების უფრო ადრე მოთხოვნისა და მოპასუხის მიერ მის გადაცემაზე უარის თქმის ფაქტი. ამასთანავე, ამ გარემოების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რომელმაც 3 წლის განმავლობაში არ დაიცვა მისი უფლებები და ე.წ ზიანის დადგომაში თავად მიუძღვის ბრალი, სასამართლომ კი, არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი.

სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ასევე მოპასუხის მიერ წარდგენილი, კანონიერ ძალაში შესული გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა და ლ.ს-თან ერთად გათავისუფლებულ პირებს უარი ეთქვათ სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 16 მაისის N36844 საგადახდო დავალებით გადახდილი 918 ლარისა და მის მიერვე 2014 წლის 6 ივნისს N40086 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის, სულ 1218 ლარის 70% – 852,6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს“ (ს/№............) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 16 მაისის N36844 საგადახდო დავალებით გადახდილი 918 ლარისა და მის მიერვე 2014 წლის 6 ივნისს N40086 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის, სულ 1218 ლარის 70% – 852,6 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე