Facebook Twitter

საქმე №ას-533-506-2014 12 თებერვალი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. პ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ. ბ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. პ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ლ. ბ-ის“ მიმართ სამუშაოდან გათავისუფლებისა და საკადრო რეზერვში დაბრუნების შესახებ სს „ლ. ბ-ის“ გენერალური დირექტორის 2013 წლის 16 აპრილს ბრძანების ბათილად ცნობის, გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე იძულებითი განაცდურის - ყოველთვიური ხელფასის - 250 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელის განმარტებით, კონკურსის შედეგების საფუძველზე 2012 წლის 11 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო არაძირითადი შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. 2012 წლის 13 დეკემბერს კი, მოსარჩელე ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სს „ლ. ბ-ის“ სენაკის ფილიალში, მოლარე-ოპერატორად. სამუშაო განისაზღვრებოდა თვეში 15 დღით.

2013 წლის 15 აპრილს, სამუშაოზე გამოცხადებისას მოსარჩელეს აცნობეს, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან რეზერვში გადაყვანის გამო.

სს „ლ. ბ-ის“ სამეგრელოს რეგიონული ფილიალის უფროსის წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ არ იყო გათავისუფლებული, არამედ, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, მოხდა მისი საკადრო რეზერვში გადაყვანა. ამასთან, მოპასუხემ, თ.პ-ას უკანონოდ გათავისუფლებისთანავე, სამსახურში მიიღო სხვა პირი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძლებით:

სასარჩელო მოთხოვნა ბუნდოვანია. მოსარჩელესთან გაფორმდა არაძირითადი შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ის რეზერვში ჩაირიცხა. თ.პ-ა მიღებულ იქნა ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული არაძირითადი ან/და დროებითი სამუშაოს შესასრულებლად. თ.პ-ას დროებით და არაერთჯერადად უნდა შეესრულებინა ის ვალდებულება, რაც ბანკს დაჭირდებოდა. ხელშეკრულება კვლავ ძალაშია. ამ ხელშეკრულების საფუძველზე გამოცემული სს „ლ. ბ-ის“ 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით, 2012 წლის 14 დეკემბრიდან მოსარჩელე მივლენილ იქნა სენაკის ფილიალში მოლარე-ოპერატორის მოვალეობის დროებით შესასრულებლად, ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის შემდეგ მითითებამდე. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ 2013 წლის 16 აპრილს გამოსცა ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე გაათავისუფლა მოლარე-ოპერატორის მოვალეობის შესრულებისგან და დააბრუნა საკადრო რეზერვში, სადაც დღესაც იმყოფება. მას მიღებული აქვს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. მოპასუხეს არ დაურღვევია ნაკისრი ვალდებულებები და მოქმედებდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნათა დაცვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. პ-ას სარჩელი სს „ლ. ბ-ის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით თ. პ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ არ გაიზიარა თ. პ-ას მოსაზრება, სადავო ბრძანების (თ. პ-ას სამუშაოდან გათავისუფლებისა და საკადრო რეზერვში დაბრუნების შესახებ, სს „ლ. ბ-ის“ გენერალური დირექტორის მიერ 2013 წლის 16 აპრილის ბრძანება) ბათილად ცნობის თაობაზე, კერძოდ, აპელანტი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებდა სს „ლ. ბ-ის“ მიერ შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილისა და არაძირითადი შრომითი ხელშეკრულების 8.4. პუნქტის დარღვევაზე.

არაძირითადი შრომითი ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეცვლილ იქნეს დამქირავებლის მიერ ნებისმიერ დროს ერთი თვით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით, მაგრამ ისე, რომ დაქირავების პირობები არ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებზე უარესი“, ხოლო, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად შრომით ურთიერთობებში მხარეებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვა ევალებათ.

სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელ სს „ლ. ბ-ის“ მიერ დასაქმებულ თ. პ-ას წინასწარ გაუფრთხილებლობა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, არ შეიძლება განხილულ იქნას დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის მიმართ შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილისა და შესაბამისად, არაძირითადი ხელშეკრულების 8.4. პუნქტის დარღვევად. ამ თვალსაზრისით პალატამ მიუთითა შემდეგი:

2012 წელს, თ პ-ამ გაირა კონკურსი, რის შემდეგაც სს „ლ. ბ-სა“ და თ. პ-ას შორის, 2012 წლის 11 სექტემბერს დაიდო არაძირითადი შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც თ. პ-ა მიღებულ იქნა ბანკის საკადრო რეზერვში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მოსარჩელის სამუშაოდ აყვანა და მისი დანიშვნა საკადრო რეზერვის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე, ამასთან, აღნიშნული მოვალეობის შესრულებისას მისთვის თვეში ერთხელ შრომის ანაზღაურების მიცემა;

არაძირითადი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში, 2012 წლის 13 დეკემბერს, ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, საოპერაციო დირექტორის ხელმოწერით გამოიცა ბრძანება №5791 პ.შ., რომლითაც თ. პ-ა მივლენილ იქნა სენაკის ფილიალში მოლარე-ოპერატორის მოვალეობის შემსრულებლად, 2012 წლის 14 დეკემბრიდან დროებით, ბრძანებაზე ხელმომწერი პირის შემდგომ მითითებამდე და ხელფასის ოდენობად თვეში - 250 ლარით განისაზღვრა;

2013 წლის 16 აპრილს, სს „ლ. ბ-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, საოპერაციო დირექტორის №1868 პ.შ. ბრძანებით, თ. პ-ა - სს „ლ. ბ-ის“ ლიბერთი ექსპრესის მოლარე-ოპერატორის/კონტროლიორის მოვალეობის შემსრულებელი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 2013 წლის 1 აპრილიდან დაბრუნდა საკადრო რეზერვში;

სააპელაციო სასამართლომ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნა, რომ 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა განსაზღვრული ვადით - დროებით, ბრძანებაზე ხელმომწერი პირის შემდგომ მითითებამდე, რამაც, მოცემულ შემთხვევაში, მოიცვა 2012 წლის 13 დეკემბრიდან 2013 წლის 16 აპრილამდე პერიოდი. 2013 წლის 16 აპრილს კი, სს „ლ. ბ-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, საოპერაციო დირექტორის №1868 პ.შ. ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს „შემდგომი მითითებას“, თ. პ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაბრუნდა საკადრო რეზერვში.

ამდენად, არ დგინდებოდა სს „ლ. ბ-ის“ მიერ თ. პ-ასთან გაფორმებული არაძირითადი ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის დარღვევის ფაქტი, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით თ. პ-ა დროებით, ბრძანებაზე ხელმომწერი პირის შემდგომ მითითებამდე იქნა მივლენილი სენაკის ფილიალში მოლარე-ოპერატორის მოვალეობის შემსრულებლად. 2013 წლის 16 აპრილის ბრძანებით კი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაბრუნდა საკადრო რეზერვში.

რაიმე სხვა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრებოდა თ. პ-ას, როგორც დასაქმებულის კონკრეტული თანამდებობა, მოვალეობები და შესაბამისი ხელფასი და რომლის დარღვევის შედეგად შეიზღუდებოდა თ. პ-ას შრომითი უფლება, მოდავე მხარეთა შორის არ გაფორმებულა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. პ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლო არ გამოიყენა შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამასთანავე, არასწორად განმარტა კანონი, სასამართლოს სრულად უნდა ეხელმძღვანელა შრომით ურთიერთობებში დამკვიდრებული პრინციპებითა და ნორმებით, რისი დარღვევის გამოც მიღებული გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა.

კასატორმა მიუთითა შრომის კოდექსის პირველ მუხლზე, მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-7 მუხლზე და განმარტა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეები იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში, კასატორი კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, არ დაურღვევია შრომითი პირობები, დამსაქმებელმა კი, კანონსაწინააღმდეგოდ, უსაფუძვლოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლებით სს „ლ. ბ-მა“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებული შრომის თავისუფლება, რომელიც, მართალია, არ წარმოადგენს სახელმწიფოსათვის მავალდებულებელ ნორმას, დაასაქმოს პირი, თუმცა შრომის უფლება მოიცავს ასევე დასაქმებულის უფლებას, შეინარჩუნოს სამსახური, ამასთანავე, შრომით ურთიერთობებში დამკვიდრებული დასაქმებულის დამოკიდებულების პრინციპი არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ ისედაც დომინანტ მდგომაროებაში მყოფი დამსაქმებლის უფლებები გაიზარდოს.

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით დამკვიდრებულია უფლების მართლზომიერად გამოყენების აუცილებლობა, რაც თანაბრად ვრცელდება ყველა სამოქალაქო უფლების მიმართ, სასამართლო კი, ამოწმებს ამ უფლების გამოყენების კანონიერებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვა აზრს კარგავს.

არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია დასაქმებულის გათავისუფლების უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხი.

2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანების დათქმა - „ბრძანებაზე ხელმომწერი პირის შემდგომ მითითებამდე“, წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის მხარეთა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შედეგს და იგი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც დამსაქმებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული.

სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს შეჯიბრებითობა და დისპოზიციურობა, სასამართლომ ამ პრინციპების დარღვევით, საკუთარი ინიციატივით განახორციელა მოსარჩელის მოთხოვნის მოდიფიცირება და იმსჯელა მოთხოვნაზე, რომელიც სარჩელში მითითებული არ ყოფილა, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით, მხედველობაში არ მიიღო და არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოწმის ჩვენებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინებით თ. პ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. პ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. პ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ თ. პ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით იზოლდა სანაიას მიერ 2014 წლის 9 ივნისს გადახდილი 300ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. პ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ თ. პ-ას (პ/№.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი. ს-ას მიერ 2014 წლის 9 ივნისს გადახდილი 300ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე