საქმე №ას-578-549-2014 6 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. რ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ მიმრთ და მოითხოვა სს „ს. რ-ის“ 2013 წლის 13 მარტის N156 ბრძანების ბათილად ცნობა, ელმავლის მემანქანის თანამდებობაზე აღდგენა, ასევე 2011 წლის 16 აგვისტოსა N341 და 2012 წლის 21 სექტემბრის N578 ბრძანებების ბათილად ცნობა და ხელფასიდან დაქვითული თანხის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
სს „ს. რ-ის“ 2011 წლის 16 აგვისტოს N341 ბრძანებით ელმავლის მემანქანე გ.კ-ს დაეკისრა დისციპლინური სასჯელი და დაექვითა ერთი თვის შრომის ანაზღაურების 30%, ბრძანების მიღების საფუძვლად მითითებულია ოპერატიული თათბირის ოქმი და შრომის შინაგანაწესი.
ამავე საზოგადოების 2012 წლის 21 სექტემბრის N578 ბრძანებით მოსარჩელეს კვლავ დაეკისრა დისციპლინური სასჯელი და დაექვითა ერთი თვის შრომის ანაზღაურების 20%, ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ოპერატიული თათბირის ოქმი, სალოკომოტივო დეპოს უფროსის წერილი და შრომის შინაგანაწესი.
სს „ს. რ-ის“ 2013 წლის 13 მარტის N156 ბრძანებით, გ.კ-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სასჯელის გამო, იგი გადაყვანილ იქნა ელმავლის თანაშემწის თანამდებობაზე. ბრძანების თანახმად, მოსარჩელემ დაარღვია დეპოში სააღლუმო სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების 2010 წლის 8 თებერვლის N117 ინსტრუქციის მოთხოვნები.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანებები უკანონოა და არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი, ასევე, მოსარჩელის ელმავლის მემანქანის თანამდებობაზე აღდგენისა და დაქვითული თანხის ანაზღაურების წინაპირობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:
2011 წლის 16 აგვისტოს ბრძანების კანონიერებას ადასტურებს ის გარემოება, რომ მემანქანესა და მის თანაშემწეს, გადაცდომის ჩადენის შემდგომ ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება, რომელშიც მომხდარი ფაქტი აღწერილია და თვალსაჩინოა ის დარღვევა, რის გამოც იქნა გამოყენებული დისციპლინური სასჯელი. საგულისხმოა, რომ ახსნა-განმარტებაში მემანქანე და მისი თანაშემწე აღიარებენ მომხდარ ფაქტს და ითხოვენ პატიებას.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ბოლო პერიოდში შეფარდებული ჰქონდა არაერთი დისციპლინური სახდელი დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო. 2012 წლის 21 სექტემბრის N578 ბრძანებით, ელმავლის ჩიხში ჩაყენებისას საისრო გადამყვანის გაჭრის გამო, დაეკისრა ხელფასის 20%, 2011 წლის 16 აგვისტოს N341 ბრძანებით ასევე დაეკისრა შრომის ანაზღაურების 30%, რის საფუძველიც გახდა მოსარჩელისა და სხვა პირთა მიერ გამოჩენილი დაუდევრობა, რასაც შედეგად ორი ვაგონის შეჯახება და მცირე დაზიანება მოჰყვა, აღნიშნული მოწმობს გ.კ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაერთ დარღვევაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი რა დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ 2011 წლის 24 ივლისს, 2012 წლის 7 სექტემბერსა და 2013 წლის 2 თებერვალს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია.
პალატამ მიუთითა ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ ტექნიკური დეპარტამენტის თბილისის სალოკომოტივო დეპოს ელმავლების პერიოდული შეკეთებისა და ტექნიკური დათვალიერების საამქროების წინამდებარე ლიანდაგებში ელმავლით აღლუმის წარმოების №117 ინსტრუქციის პირველ მუხლზე, რომლის თანახმადაც, ელმავლის სააღლუმო ბრიგადა შედგება ორი მუშაკისაგან: ელმავლის მემანქანე, ელმავლის მემანქანის თანაშემწე, მეისრე-შემადგენელი. მე-2 მუხლის შესაბამისად, სააღლუმო მუშაობას ხელმძღვანელობს საამქროს უფროსი ოსტატი, ან მისი არყოფნის შემთხვევაში ოსტატი. ინსტრუქციის მე-8 მუხლის თანახმად, სააღლუმო სამუშაოების წარმოებისას მეისრე-შემადგენელი ყურადღებას აქცევს ლიანდაგის თავისუფლებას და ისრების მდგომარეობას.
მხარეთა განმარტებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ უდავოდ გარემოებად მიაჩნია, რომ სადავო პერიოდში მეისრე-შემადგენლის თანამდებობა გაუქმებული იყო და სააღლუმო ბრიგადას შეადგენდნენ მხოლოდ ელმავლის მემანქანე და ელმავლის მემანქანის თანაშემწე. შესაბამისად, სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას, რომ მეისრე-შემადგენელის ფუნქცია-მოვალეობები გადანაწილდა ბრიგადის სხვა წევრებზე, კერძოდ, როგორც ელმავლის მემანქანის თანაშემწეზე, ისე ელმავლის მემანქანეზეც.
სასამართლოს განმარტებით, სალოკომოტივო ბრიგადებისათვის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, სალოკომოტივო ბრიგადის მუშაკებს ეკისრებათ ვალდებულება, იცოდნენ და ზუსტად შეასრულონ საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესები, საქართველოს რკინიგზაზე სიგნალიზაციის ინსტრუქცია, საქართველოს რკინიგზაზე მატარებელთა მოძრაობისა და სამანევრო მოძრაობის ინსტრუქცია, შპს „ს. რ-ის“ მოქმედი ბრძანებები, ინსტრუქციები და მითითებები, სალოკომოტივო ბრიგადების მუშაკთა მოვალეობების შესახებ სხვა ნორმატიული აქტები.
სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 15.24 პუნქტისა და სარკინიგზო ტრანსპორტზე მატარებლების მოძრაობისა და სამანევრო მუშაობის ინსტრუქციის 11.24 პუნქტის შესაბამისად, სალოკომოტივო ბრიგადა მანევრების წარმოებისას მოვალეა ზუსტად და დროულად ასრულებდეს სამანევრო სამუშაოს დავალებებს; ყურადღებით ადევნებდეს თვალყურს გადმოცებულ სიგნალებს, ზუსტად და დროულად ასრულებდეს სიგნალებსა და მითითებებს გადაადგილებათა შესახებ; ყურადღებით ადევნებდეს თვალყურს ლიანდაგებზე მყოფ ხალხს, ისრების მდგომარეობასა და მოძრავი შემადგენლობის განლაგებას; უზრუნველყოფდეს მანევრების წარმოების უსაფრთხოებასა და მოძრავი შემადგენლობის დაცულობას.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე პალატამ ჩათვალა, რომ სამივე სადავო შემთხვევაში ისრების მდგომარეობასა და მოძრავი შემადგენლობის განლაგებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებოდა როგორც ელმავლის მემანქანის თანაშემწეს, ისე ელმავლის მემანქანეს. ამდენად, აპელანტის მტკიცება, რომ მისი მხრიდან 2011 წლის 24 ივლისს, 2012 წლის 7 სექტემბერსა და 2013 წლის 2 თებერვალს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია, ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების აღიარებას, არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ.
საქმეში წარმოდგენილ გ. კ-ის 2013 წლის 2 თებერვლის ახსნა-განმარტებაში აპელანტი, 2013 წლის 2 თებერვალს მომხდარი ფაქტის გამო (ელმავლის აცდენა ლიანდაგიდან), ითხოვდა პატიებას.
2012 წლის 7 სექტემბრის ფაქტთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი იყო 2012 წლის 7 სექტემბრის აქტი, რომელზე ხელმოწერითაც გ. კ-მ დაადასტურა, რომ მგზავრთა გადაყვანის სალოკომოტივო დეპოს №11748 ელმავლის მიერ №24 ისრის გაჭრა გამოწვეული იყო ელმავლის თანაშემწესთან ერთად მისი უყურადღებობითაც.
გ.კ-ის 2011 წლის 25 ივლისის ახსნა-განმარტებით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2011 წლის 24 ივლისს მან დროულად ვერ შეამჩნია ის გარემოება, რომ შემადგენლობა არ მიდიოდა დანიშნულების ადგილისაკენ და მიუხედავად დამუხრუჭებისა, მანძილის სიმცირის გამო შეჯახება მაინც მოხდა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო გ. კ-ის მიერ კონკრეტულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტები, შესაბამისად, ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები გასაჩივრებული გადაწვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნიდა.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ამასთანავე, კასატორმა ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და რადგანაც 2014 წლის მაისიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვიდა სამსახურიდან ითხოვა მხოლოდ 2013 წლის 13 მარტის N156 ბრძანების ბათილად ცნობა, ხოლო სხვა სასარჩელო მოთხოვნები დატოვა უცვლელად. კასატორმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
კასატორმა მიუთითა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას, თუ რატომ არ გაიზიარა აპელანტის მითითებები, მათ შორის ის, რომ გ.კ-ს არ შეეძლო გაეკონტროლებინა მათ შორის ე.წ „ეჩ-ს“ ისრის მდგომარეობა. ასევე არ არის ასახული მოპასუხის მსჯელობა, რომ გ.კ-ს 2011 წლის 24 ივლისის შემთხვევის დადგომაში ბრალი არ მიუძღვოდა, აღნიშნული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებაა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს. სასამართლომ ასევე არ ასახა გადაწყვეტილებაში მოპასუხის მიერ დადასტურებული ის გარემოება, რომ მემანქანემ თანაშემწეს უნდა დაუჯეროს, ხოლო მოსარჩელის კითხვას, მემანქანეს თანაშემწის მითითება უნდა გადაემოწმებინა თუ არა, მოპასუხემ თავი აარიდა.
სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის წესებითა“ და „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტზე მატარებლების მოძრაობისა და სამანევრო მუშაობის ინსტრუქციით“, რადგანაც აღნიშნულით რეგულირდება სადგურში მანევრების წარმოების წესი, აღნიშნულის ნაცვლად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ ტექნიკური დეპარტამენტის თბილისის სალოკომოტივო დეპოს ელმავლების პერიოდული შეკეთებისა და ტექნიკური დათვალიერების საამქროს წინამდებარე ლიანდაგებში ელმავლით აღლუმის წარმოების“ N117 ინსტრუქცია, რომლითაც მოწესრიგებულია დეპოში მანევრების წარმოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, სამუშაოებს ატარებდა არა სალოკომოტივო, არამედ სააღლუმო ბრიგადა.
სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის წესების“ 15.4 პუნქტი და „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტზე მატარებლების მოძრაობისა და სამანევრო მუშაობის ინსტრუქციის“ 11.24 პუნქტი. მითითებული ნორმები გამოიყენება მაშინ, როდესაც შემადგენლობა წინსვლით მოძრაობს და სამანევრო ლოკომოტივი შემადგენლობის თავში იმყოფება, რადგანაც მემანქანესა და თანაშემწეს შეუძლიათ მოძრაობის მიმართულებით ყურადღება მიაქციონ ისრების მიმართულებასა და ლიანდაგში მყოფ ხალხს. ამ ნორმის საპირისპიროდ განმარტება არასწორია და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი განხორციელება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. სააპელაციო სასამართლომ მითითებული ნორმები მხოლოდ შინაარსობრივად განმარტა, ისე, რომ არ უმსჯელია მათი გამოყენებისა და განმარტების ლოგიკურ შესაძლებლობაზე. სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა იმ საკითხზე, შეიძლება თუ არა მემანქანეს დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუკი იგი ჩვეულებრივ სამუშაო პირობებში ვერ შეძლებს მოძრაობის უსაფრთხოების გაკონტროლებას.
2013 წლის 2 თებერვალს კასატორი მოქმედებდა N117 ინსტრუქციის შესაბამისად, მან დავალება მისცა თანაშემწეს, თვალყური ედევნებინა მოძრაობის უსაფრთხოებისათვის. რა თქმა უნდა, მემანქანეს შეუძლია, გადაამოწმოს მოძრაობის უსაფრთხოება, თუკი ისრის მდგომაროებას ვერ ხედავს, თუმცა ასეთ დროს შეფასება უნდა მიეცეს იმასაც, შეეძლო თუ არა კასატორს არ დაეჯერებინა მისი თანაშემწისათვის, რომელსაც აქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში.
აღსანიშნავია, რომ შრომითი დავისას სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს სადავოდ გამხდარ ბრძანებაში მითითებულისაგან განსხვავებული ფაქტების ძიება, ბრძანების გამომცემმა მასში მითითებული საფუძვლის ფარგლებში უნდა ამტკიცოს დისციპლინური სახდელის გამოყენების კანონიერება, ხოლო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს შეჯიბრებითობის პრინციპით.
მოცემულ შემთხვევაში, 2011 და 2012 წლების ბრძანებები საერთოდ არ შეიცავს სამართლებრივ საფუძველს, ხოლო 2013 წლის ბრძანებაში მითითებულია მხოლოდ N177 ინსტრუქციის დარღვევა.
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, 2011 წლის 24 ივლისს, 2012 წლის 7 სექტემბერსა და 2013 წლის 2 თებერვალს N177 ინსტრუქციაში მითითებული მეისრე-შემადგენლის თანამდებობის გაუქმების გამო მისი ფუნქციების შემადგენლობის სხვა წევრებზე გადანაწილების თაობაზე, სასამართლოს ეს დასკვნა არ გამომდინარეობს ამავე ინსტრუქციის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნებიდან.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესახებ ბრძანებები, გაურკვეველია, თუ რას გულისხმობს ამ განმარტებაში სასამართლო, მაშინ, როდესაც ყველა ბრძანება სადავოდაა გამხდარი.
სააპელაციო პალატამ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა, რომელიც ადასტურებდა სამუშაოს წარმოების ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის გამო მემანქანის თავალთახედვის არეალის შეზღუდვას, ამ მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს არაფერი წარუდგენია სასამართლოსათვის, პალატა კი, განჩინების გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის მიერ მითითებულ ნორმებს და არ გამოიკვლია მემანქანისა და მისი თანაშემწის ფუნქციები, შესაბამისად, არასწორად არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ მხედველობის შეზღუდული არეალის გამო მას არ შეიძლებოდა დაენახა ისრების მდგომაროება.
უსაფუძვლოა სასამართლოს ის მსჯელობაც, რომ ახსნა-განმარტებებში კასატორმა აღიარა დანაშაული, მომხდარი ფაქტის თაობაზე ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მოსარჩელეს მთლად არ მიუძღოდა ბრალი შემთხვევის დადგომაში, ხოლო ბოლოს დააზუსტა, რომ შეჯახება გ.კ-ის ბრალით არ იყო გამოწვეული. კასატორის განმარტება, რომ მანძილის სიმცირის გამო შეჯახება მაინც მოხდა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას აღიარებად, რადგანაც არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ხედვის არეალი იყო მცირე. შესაბამისად, კასატორის ახსნა-განარტება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ბრალის აღიარებად. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა 2013 წლის 2 თებერვლის ახსნა-განმარტებაზე, რომ გ.კ-ე ითხოვს პატიებას, რაც ასევე არ წარმოადგენს აღიარებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით გ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ გ. კ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. კ-ის მიერ 2014 წლის 23 მაისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. კ-ს (პ/№......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. კ-ის მიერ 2014 წლის 23 მაისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე