საქმე №ას-589-560-2013 17 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ-ე, ვ. ფ-ე, გ. ფ-ე, დ. ხ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. დ-ის, ვ. ფ-ის, გ. ფ-ისა და ნოტარიუს დ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა მას და რ. ფ-ს შორის 2004 წლის 6 ოქტომბერს სამისდღეშიო რჩენის პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-მ და მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით მ ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქემთა პალატის 2013 წლის 10 ივნისის განჩინებით მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ამავე პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით კი, შეჩერდა წარმოება სამოქალაქო საქმეზე – მ. ლ-ის სარჩელის გამო, მ. დ-ის, ვ. ფ-ის, გ. ფ-ისა და დ. ხ-ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მ. ლ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის ასლით უდავოდ დასტურდება, რომ მ. ლ-ე გარდაიცვალა 2013 წლის 29 აპრილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით კი, მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა გარდაცვლილი მ.ლ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე არა უმეტეს ერთი წლისა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.
ზემოაღნიშნული ნორმა მიმართულია მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვან დაცვაზე, რათა თუნდაც მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული ნორმის დათქმა, რომ მოსარჩელის გარდაცვალებებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი.
იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. ლ-ე გარდაიცვალა 2013 წლის 29 აპრილს, პალატა თვლის, რომ მისი სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალებით და სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა ამოიწურა 2013 წლის 29 ოქტომბერს, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საკასაციო პალატის განჩინების გამოტანის დღიდან – 2014 წლის 10 თებერვლიდან გასულია 1 წელი და 7 დღე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ სასამართლო მოხელის შესაბამისი წერილობითი მიმართვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ორჯერ გაიგზავნა გარდაცვლილი მ.ლ-ის ყოფილ მისამართზე, მაგრამ უკან დაბრუნდა იმ საფუძვლით რომ არავინ არ ცხოვრობს და ბინა დაკეტილია. მნიშვნელოვანია ასევე ის რომ, სასამართლომ წერილობითი მიმართვა გაუგზავნა მ.ლ-ის ყოფილ წარმომადგენელ ფ. ბ-ასაც, რომლის საპასუხო განცხადებით ირკვევა, რომ ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს სავარაუდო მემკვიდრეების არსებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რადგანაც უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე კანონით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოსათვის მ.ლ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს არ მოუმართავს და არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია ამ საკითხის თაობაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 283-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო განუხილველად იქნას დატოვებული მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ.ალავიძე
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
პ.ქათამაძე