Facebook Twitter

საქმე №ას-677-644-2014 12 თებერვალი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2014 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, წილი კომპენსაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის, ი. გ-ისათვის არასრულწლოვანი შვილის, მ. გ-ის, სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე ალიმენტის - ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრებისა და თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან კუთვნილი წილის კომპენსაციის სახით მოპასუხისათვის 2 050 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

ს. მ-ე და ი. გ-ე დაქორწინდნენ 2005 წლის 15 ოქტომბერს. 2013 წლიდან მხარეთა შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი მ. გ-ე, რომელიც ცხოვრობს დედასთან. მოპასუხე არ ზრუნავს შვილზე.

2013 წლის 6 აპრილს ს. მ-მ და ი. გ-მ შეიძინეს ავტომობილი BMW 520 I, სახელმწიფო ნომრით ....., რომელიც აღირიცხა ი. გ-ის სახელზე. 2013 წლის 12 მაისს მოპასუხემ გაყიდა ავტომობილი.

აუდიტორული დასკვნის თანახმად, ავტომობილი შეფასებულია 2 300 აშშ დოლარად.

2013 წლის 20 ივლისს ს. მ-მ და ი. გ-მ შეიძინეს ავტომობილი BMW 525, სახელმწიფო ნომრით ..... ავტომობილი გაფორმდა ი. გ-ის სახელზე.

აუდიტორული დასკვნის თანახმად, ნივთი შეფასებულია 1 800 აშშ დოლარად.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, განქორწინების ნაწილში დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თანხმობა განაცხადა შვილის სასარგებლოდ ალიმენტის - 40 ლარის დაკისრებაზე იმ საფუძვლით, რომ არის უმუშევარი და გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები, ხოლო ქონებიდან წილის კომპენსაციის მოთხოვნაზე მოპასუხემ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ავტომანქანები მეუღლეთა თანასაკუთრებას არ წარმოადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა მხარეთა შორის 2005 წლის 15 ოქტომბერს ქ.თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება, მოპასუხე ი.გ-ს არასრულწლოვანი მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - ყოველთვიურად 80 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან შვილს სრულწლოვანებამდე ან გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის სხდომაზე ი. გ-ის გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ი. გ-ს არასრულწლოვანი მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - 220 (ორას ოცი) ლარის (2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული 80 ლარის გათვალისწინებით მთლიანად 300 ლარის) გადახდა ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრიდან მ. გ-ის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე, მოპასუხეს ს. მ-ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ორი ავტომანქანის საერთო ღირებულების (4100 აშშ დოლარი) ნახევრის - 2 050 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ი. გ-მ, რაც ამავე სასამარლოს 2014 წლის 25 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ს. მ-ის სარჩელი ი. გ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისა და ქონების გაყოფის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-მ.

2014 წლის 7 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე - ი. გ-ე, რომელსაც სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა – თ. ლ-მა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის შესაბამისად, იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

2014 წლის 7 მარტს, ი. გ-ის გამოუცხადებლობის გამო, მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობისა და მისი გაუქმების საფუძვლად საჩივარში რაიმე დასაბუთებული არგუმენტი არ მიუთითებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-ს 2014 წლის 7 მარტის სხდომის შესახებ ჩაბარდა უწყება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათის თანახმად, 2014 წლის 20 თებერვალს სასამართლო შეტყობინება ჩაიბარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ოჯახის წევრმა - ე. გ-მ, რაც, სასამართლოს შეფასებით, უდავოდ მოწმობდა ი. გ-ის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 230-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.

პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში ამ უკანასკნელის ადვოკატთა ასოციაციის წევრად ყოფნის სავალდებულობა და აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის 22 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა ი. გ-ის რწმუნებულებით აღჭურვილი პირი ე. გ-ე, რომელმაც ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე, ვერ მიიღო მონაწილება საქმის განხილვაში. ამავე სხდომაზე დადგინდა ხარვეზი და მხარეს მიეცა შესაძლებლობა, რომ შემდგომი სხდომისათვის ი. გ-ე სასამართლოში წარმოდგენილი ყოფილიყო პირადად ან სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის (ადვოკატის) მეშვეობით. 2014 წლის 7 მარტის სასამართლო სხდომაზე, ორდერის საფუძველზე, გამოცხადდა ნ. კ-ი, როგორც ი. გ-ის წარმომადგენელი, თუმცა სასამართლომ აღნიშნული ორდერი, ი. გ-ის წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტად არ მიიჩნია, ვინაიდან ორდერი არ შეიცავდა მარწმუნებლის მიერ გამოვლენილი ნების დამადასტურებელ მონაცემებს. 2014 წლის 7 მარტის სხდომაზე წარმოდგენილი ორდერი, სასამართლოს შეფასებით, შესაძლოა, სხვა შემთხვევაში პალატის მხრიდან გამხდარიყო მხარის წარმომადგენლობასთნ დაკავშირებით ხარვეზის დადგენის პროცესუალური საფუძველი, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ წინა სასამართლო სხდომაზე სასამართლომ არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ი. გ-ის რწმუნებულებით აღჭურვილ პირს, ოჯახის წევრს – დას (ე. გ-ს) განუმარტა შემდგომ სასამართლო პროცესზე მხარის ან მისგან სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის (ადვოკატის) გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ, ამასთან, რადგანაც მხარეს ჰქონდა საკმარისო დრო, შესაბამისი რწმუნებულებით აღეჭურვა წარმომადგენელი ხოლო მან გამოიჩინა გულგრილი დამოკიდებულება და უგულებელყო სასამართლოს მიერ მიცემული განმარტებები, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური საფუძველი.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე დავის საგანიც და მიიჩნია, რომ მოპასუხეს მეტი გულისხმიერების გამოჩენა მოეთხოვებოდა.

არ იქნა გაზიარებული საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და ამდენად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები. ამ თვალსაზრისით პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ დადგენილად მიიჩნეოდა შემდეგი გარემოებები:

- ი. გ-ს გააჩნია თავისი საქმიანობა (ვტომობილების იმპორტირება) და შემოსავლის წყარო; ი. გ-ს მ. გ-ის გარდა არ ჰყავს სხვა შვილი;

- ს. მ-ე დასაქმებული არ არის და შემოსავალი არ გააჩნია;

- არასრუწლოვანი მ. გ-ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად საჭირო თანხა 300 ლარია;

- მხარეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს ორი ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენდა 4 100 აშშ დოლარს.

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე,1158-ე და 1164-ე მუხლების თანახმად, დადგენილად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას.

სასამართლოს განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ პროცესუალურ სანქციას პირის მიმართ, რომელიც არასათანადოდ ახორციელებს სასამართლოს დავალებას. ასეთ დროს გადაწყვეტილება გამოიტანება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, უფრო მეტიც, კანონი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას იმპერატიულად ადგენს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნევა და მართლმსაჯულება შემოიფარგლება მხოლოდ დადგენილი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთების შემოწმებით, რაც განსახილველ შემთხვევაში, სწორადაა დადგენილი.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. გ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების საწინააღმდეგოდ, არასწორად არ შეაფასა ნ. კ-ის მიერ წარდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდებოდა ამ უკანასკნელის უფლება, ი.გ-ის სახელით გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე.

უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს, სასამართლოში საქმე აწარმოოს ორდერის მეშვეობით, მათ შორის, გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე და დაიცვას მარწმუნებლის ინტერესები.

საკასაციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეშვა ნ.კ-ი საქმის განხილვაში და არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ი. გ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი ი. გ-ის მიმართ ნაწილობრივ, განქორწინებისა და ალიმენტის სახით 80 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა;

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 დეკემბრის განჩინებით დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2014 წლის 22 იანვარს 11:00 საათზე და სხდომის თაობაზე მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ;

2014 წლის 22 იანვრის სხდომის ოქმის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა ი. გ-ის წარმომადგენელი ე. გ-ე, რომელიც არ იყო ადვოკატი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის საფუძველზე იგი არ იქნა მიჩნეული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენლად, ამავე სხდომაზე არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მხარის ან მისი ადვოკატის პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით საქმის განხილვა გადაიდო სხვა დროისათვის;

ს.მ-ის სააპელაციო საჩივრის 2014 წლის 19 თებერვალს 17:00 საათზე განხილვის შესახებ მხარეებს ეცნობათ უწყების გაგზავნის გზით, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ ი. გ-ისათვის გაგზავნილი უწყება 2014 წლის 24 იანვარს ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, ე. გ-ს;

საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 7 თებერვლის განცხადებას ერთვის ორდერი, რომლის თანახმადაც ი.გ-ის ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში იცავს ადვოკატი ნ. კ-ი;

სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი ცნობის თანახმად, 2014 წლის 19 თებერვალს დანიშნული სხდომა, სასამართლოს არასრული შემადგენლობის გამო, გადაიდო სხვა დროისათვის, შესაბამისად, 2014 წლის 7 მარტს 11:00 საათზე დანიშნული სხდომის (ახალი სხდომის დროის) თაობაზე მხარეებს ეცნობათ უწყების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარების გზით;

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის სხდომაზე უშუალოდ ი. გ-ე არ გამოცხადებულა, ამასთან, გამოცხადებული ნ. კ-ი სასამართლომ არ მიიჩნია მხარის წარმომადგენლად. სასამართლოს შეფასებით, რადგანაც ადვოკატის ორდერი არ შეიცავდა ი.გ-ის მიერ გამოვლენილ ნებას, გამოცხადებული წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტად იგი არ მიიჩნეოდა, ამ გარემოების გათვალიწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ორდერის საფუძველზე ნ. კ-ს უფლება არ გააჩნდა, დაეცვა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად ჩათვალა ი.გ-ე გამოუცხადებლად, რის გამოც არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, ამასთანავე, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.

იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე; ბ) გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის არსებობის დადგენის შემდეგ ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის განხილვაზე გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ნ. კ-ი, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების დადასტურების მიზნით წარადგინა N12 ორდერი, სააპელაციო პალატამ კი, იმ საფუძვლით, რომ ორდერში გადმოცემული არ იყო ი.გ-ის ნება, ნ. კ-ი არ ჩათვალა უფლებამოსილ წარმომადგენლად და უშუალოდ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ შეაფასა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს ადვოკატის უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) იმ შემთხვევაში, როდესაც იგი საქმის განხილვაში მონაწილეობს მხოლოდ ადვოკატის ორდერის საფუძველზე.

ამ თვალსაზრისით საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოში საადვოკატო საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „ადვოკატთა შესახებ“ კანონი. მითითებული კანონის 1.1 მუხლის მიხედვით, საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.

ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს ადვოკატის უფლებებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ადვოკატს უფლება აქვს ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან ცალსახად გამომდინარეობს ადვოკატის უფლებამოსილება, წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში.

„ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი - მინდობილობა ან ორდერი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატი უფლებამოსილია კლიენტის ინტერესები წარმოადგინოს და დაიცვას როგორც მინდობილობის, ასევე ორდერის საფუძველზე. ამასთან, ორივე შემთხვევაში ადვოკატმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ასევე საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა. მინდობილობის გაცემის წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლი, ხოლო, ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო („ადვოკატთა შესახებ“ კანონის 19.3 მუხლი).

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2006 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია ადვოკატთა ასოციაციის წევრის ორდერის სავალდებულო მოთხოვნები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და გაცემული ორდერი უფლებას ანიჭებს ადვოკატს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში. ასეთივე უფლებამოსილებას ადვოკატს ანიჭებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული მინდობილობა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია იმ დასკვნის გაკეთება, რომ ადვოკატის ორდერი, ისევე როგორც მინდობილობა, წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ადვოკატს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა. მითითებული ნორმის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა ადგენს იმ საპროცესო მოქმედებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შესრულების უფლებაც არა აქვს წარმომადგენელს სპეციალური მინდობილობის გარეშე. იმისდა მიუხედავად, თუ რომელი დოკუმენტის (მინდობილობის თუ ორდერის) საფუძველზე ახორციელებს ადვოკატი წარმომადგენლობას, ყველა შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში მითითებულ მოქმედებათა შესრულება მას შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში სპეციალურადაა აღნიშნული ამ მოქმედებათა შესრულებისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. ეს საპროცესო მოქმედებები უკავშირდება მარწმუნებლის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვას და ამიტომ, მათ შესახებ სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მინდობილობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ორდერის საფუძველზე ადვოკატს შეუძლია შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, რაც არ არის მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში, და რომელთა შესრულება შეუძლია თვითონ მარწმუნებელს. ცხადია, ადვოკატის მიერ ასეთი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონით გათვალისწინებული, მხარისათვის არასასურველი საპროცესო შედეგის დადგომას (იხ, სუსგ №ას-1614-1608-2011, 21 მაისი, 2012 წელი, №ას-1269-1289-2011, 24 ოქტომბერი 2011 წელი).

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომა, რომელზე გამოუცხადებლობაც გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, დანიშნული იყო 2014 წლის 7 მარტს, საქმეში წარმოდგენილი ორდერის თანახმად კი, ი. გ-ის ინტერესებს ნ. კ-ნი იცავდა 2014 წლის 6 თებერვლამდე, რადგანაც ორდერში, მისი მოქმედების ვადად სწორედ ეს თარიღია მითითებული. მართალია, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ორდერის მოქმედების ვადის თაობაზე, თუმცა საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არც ეს გარემოება შეიძლება დაედოს საფუძვლად აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლად მიჩნევასა და ამ მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამ თვალსაზრისით პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა რომ მხარე გამოცხადებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლოს სხდომაზე იგი წარდგენილი იქნება წარმომადგენლის მეშვეობით, რომელის უფლებამოსილებასაც შეიძლება გააჩნდეს გარკვეული ნაკლი.

ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლის გამოცხადება მიანიშნებს დავის მიმართ მხარის ინტერესის არსებობაზე, რის გამოც სასამართლომ მას უნდა მისცეს გონივრული ვადა არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და შესაბამისი უფლებამოსილების მიმნიჭებელი მინდობილობის წარმოსადგენად (იხ. სუსგ Nას-953-1259-07, 31 მარტი, 2008 წელი).

დასახელებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არასწორად იქნა მიჩნეული მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლად, ხოლო ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2014 წლის 25 აპრილის განჩინებით ასევე არასწორად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ საჩივრის ავტორის განმარტება, რომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, ი. გ-მ ე. გ-ს ნება დართო, მისი ინტერესების დაცვა სხვა პირისათვის გადაენდო, ადვოკატ ნ. კ-სა და ე. გ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ი. გ-ის ინტერესების დაცვის თაობაზე, რასაც მოწმობდა ნ.კ-ის მიერ წარდგენილი ორდერი. სასამართლოს კი, ამ ორდერის საფუძველზე ადვოკატი უნდა მიეჩნია გამოუცხადებელი მხარის წარმომადგენლად.

საკასაციო პალატის მიერ ასევე ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ორდერზე მარწმუნებლის ნება ხელმოწერით უნდა დადასტურებულიყო, რადგანაც ამგვარ დათქმას სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2006 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება არ შეიცავს, ამასთანავე, ვინაიდან სახეზე არ არის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პირველი წინაპირობა - მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილად მიჩნეული გარემოებებისა და მოთხოვნის იურიდიული მართებულობის შეფასების წინაპირობა აღარ არსებობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2014 წლის 25 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე