Facebook Twitter

№ას-711-680-2014 10 თებერვალი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ბ. ო-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ზ-ე, ლ. ო-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

1. ბ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისგან გათავისუფლდა მ. ზ-ის (პ.ნ. .........) სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, თ-ის ქ. №81, (ქუთაისი, თ-ის ქ. მე-3 შესახვ. 31) საკადასტრო კოდი: ................

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ო-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით:

1. ბ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ლ. ო-სა და მ. ზ-ს შორის 2012 წლის 10 აგვისტოს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. ზ-ს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთი - ქ. ქუთაისში, თ-ის ქ. №81-ში/თ-ის ქ. მე-3 შეს. №1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, საკადასტრო კოდი №......., 35 000 ლარის გადახდის პირობით;

შეძენილ უძრავ ნივთზე 2012 წლის 16 აგვისტოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ. ზ-ის საკუთრების უფლება. მ. ზ-ე დაეუფლა შეძენილ ქონებას;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბ. ო-ე ცნობილ იქნა მემკვიდრედ აწ გარდაცვლილი ვ. ო-ის სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ. ქუთაისში, თ-ის ქ. №81/თ-ის ქ. მე-3 შესახვ. №1-ში, 1/6 ნაწილზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელი და სააპელაციო საჩივარი დაფუძნებული იყო იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქონება ლ. ო-ს რეალურად არ გაუსხვისებია. მან ფორმალურად გადააფორმა ქონება მისი ოჯახის ახლობელზე - მ. ზ-ზე. სინამდვილეში ამ ქონებას ისევ ლ. ო-ე ფლობდა და თავის საკუთრებად მიიჩნევდა. ამ გარემოების დასამტკიცებლად, საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა, აპელანტი მიუთითებდა მოწმეთა ჩვენებაზე;

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეების - ზ. წ-ისა და მ. შ-ის ჩვენენებით მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ დასტურდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვის შედეგად არ დასტურდებოდა 2012 წლის 10 აგვისტოს გარიგების მოჩვენებითი ხასიათი. აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ სადავო ქონება ფიქტიურად გასხვისდა.

რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას ნასყიდობის დაბალ ფასზე, სასამართლომ განმარტა, რომ მესაკუთრე უფლებამოსილი იყო თავისუფლად განესაზღვრა კუთვნილი ქონების განკარგვის პირობები, მათ შორის გასხვისების ფასიც. შესაბამისად, მხოლოდ ქონების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გასხვისების გარემოება ვერ გახდებოდა ამ გასხვისების ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბ. ო-მ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლოსთვის უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, მაგრამ ქონება არ მიიღო ახალმა მესაკუთრემ, მას ფაქტიურად ფლობს ლ. ო-ე და აქვს სურვილი გაასხვისოს იგი;

ლ. ო-მ ფიქტიურად გაასხვისა საცხოვრებელი სახლი თავის ახლობელზე - მ. ზ-ზე;

სადავო ქონების ღირებულება არის 150 000 ლარი, რაც ბევრად მეტია გასხვისების ფასზე, შესაბამისად, სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო გარიგება როგორც თვალთმაქცური.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბ. ო-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ო-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ბ. ო-ს (პ.ნ. .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2014 წლის 7 აგვისტო, საგადახდო დავალება №0) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე