Facebook Twitter

№ას-714-683-2014 27 თებერვალი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულო, თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერია, შპს „შ. ს-ში“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ იძულებით დადებული გარიგების (ჩუქების) ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. არ დაკმაყოფილდა ს. ხ-ის სარჩელი 2010 წლის 10 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების (დადებული, ერთის მხრივ, ს. ხ-ს, გ. ჩ-სა და, მეორეს მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს შორის) ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისგან გათავისუფლდა ქ. ქუთაისში გ-ის ქ. №7-ში მდებარე შპს „შ. ს-ში“ სახელზე რიცხული უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: ზონა - ქუთაისი 03, სექტორი - საფიჩხია - 03, კვარტალი - 26, ნაკვეთი - 117, კოდი - 01/508.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ხ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინებით;

1. ს. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოპასუხის შესაგებელი ეფუძნებოდა სარჩელის ხანდაზმულობას, უპირველესად, სწორედ ეს საკითხი უნდა გარკვეულიყო, რადგან სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევა გამორიცხვდა მის დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გამოსარკვევად ყურადღება უნდა გამახვილებულიყო შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2009 წლის 28 დეკემბერს ს. ხ-ის მეუღლე - ზ. ფ-ია დაკავებულ იქნა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ, ხოლო ამავე წლის 30 დეკემბერს წარედგინა ბრალდებები მითვისებისა და ყალბი ქონებრივი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისათვის;

2010 წლის 10 თებერვალს, ერთის მხრივ, ს. ხ-სა და გ. ჩ-ს და, მეორეს მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (მდებარე ქ.ქუთაისში, გ-ის ქ.#7-ში). ამავე დღეს თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი საჯარო რეესტრში აღირიცხა ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრედ;

მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, ზ. ფ-ია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლდა 2010 წლის 23 თებერვალს, მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ დამტკიცდა მასა და პროკურატურტას შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება;

მოსარჩელეს (აპელანტს) არ მიუთითებია, რომ სადავო გარიგების გაფორმების შემდეგ ს. ხ-ის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ რაიმე სახის იძულება განხორციელდა. იგივე გარემოება დაადასტურეს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლებმა;

განსახილველი სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 26 ივლისს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 524-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სადავო ხელშეკრულების ნამდვილობა უნდა შემოწმდეს კანონით დადგენილი, გარიგების ნამდვილობის პირობებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისგან, ხოლო ამავე კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში იძულება (ასეთის არსებობისას) დამთავრდა სადავო გარიგების დადებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ზ. ფ-ას განთავისუფლებისთანავე - 2010 წლის 23 თებერვალს. ამის შემდეგ იძულების განხორციელების (გაგრძელების) თაობაზე მოსარჩელეს არ მიუთითებია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 122-123-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ს. ხ-ის სარჩელი ხანდაზმული იყო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან მოცემული დავა ეხებოდა უძრავ ნივთს და გამოყენებული უნდა ყოფილიყო ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა. სააპელაციო პალატამ მიუთითა ამავე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა ვადებიც. პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლი ითვალისწინებდა სწორედ ერთწლიან ხანდაზმულობის ვადას, რომელიც სპეცილაური ვადაა და განსახილველი დავის გადაწყვეტისას ეს ვადა უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. ხ-მ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ნება არ იყო ხელშეკრულების დადება და მასზე განხორციელდა იძულება ქონების სხვაზე გადაცემის მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე