№ას-717-686-2014 2 თებერვალი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. მ-დ ოღლი
მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 6 თებერვალს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. მ-დ ოღლიმ მოპასუხე ფ. ა-ის მიმართ.
სარჩელის მოთხოვნა:
ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხისათვის მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სახურავის იმგვარად გადაკეთების დავალება, რომ წყალსადენის ღარი (ჟოლობი) მოცილებულიყო ა. მ-დ ოღლის სახლის სახურავს, რათა ატმოსფერული ნალექი გადინებულიყო მოპასუხის ეზოში.
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. ა. მ-დ ოღლის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. დადგინდა მოპასუხე ფ. ა-ის მხრიდან უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და მას დაევალა დარღვევით მოწყობილი თავისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სახურავის სადავო ნაწილში იმგვარად გადაკეთება, რომ წყალსადენის ღარი მოცილებულიყო ა. მ-დ ოღლის საცხოვრებელი სახლის სახურავიდან იმ მანძილით, რომ ატმოსფერული ნალექი გადინებულიყო მოპასუხე ფ. ა-ის ეზოში;
3. მოპასუხე ფ. ა-ს მოსარჩელე ა. მ-დ ოღლის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა – 120 ლარი;
4. მოპასუხე ფ. ა-ს მოსარჩელე ა. მ-დ ოღლის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების (100 ლარი) და საექსპერტო ხარჯის (900 ლარი), ჯამში 1000 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. ა-მა.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით:
1. ფ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. მ-დ ოღლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
4. ა. მ-დ ოღლის ფ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის – 160 ლარის, აგრეთვე, ექსპერტიზის ხარჯის – 300 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა. მ-დ ოღლი და ფ. ა-ი წარმოადგენენ მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, კერძოდ, უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №............., წარმოადგენდა ა. მ-დ ოღლის საკუთრებას, ხოლო უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №.......... – ფ. ა-ის საკუთრებას.
საქმის მასალებით არ დადასტურებულა ა. მ-დ ოღლის საკუთრებაზე ფ. ა-ის საკუთრებიდან მომდინარე ხელშეშლის არსებობის ფაქტი, რაზეც ა. მ-დ ოღლი სარჩელში მიუთითებდა.
სარჩელი ეფუძნებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 22 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის №010094812 დასკვნას, რომლის თანახმადაც, თელავის რაიონის სოფელ ყ-ში ა. მ-დ ოღლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მზიდი კედლის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა: 1. დაზიანებულია მეორე სართულზე გრძივი კედლის კუთხე, რომელიც გამოწვეულია წყლის არასწორი გადაყვანის შედეგად, მოხსნილია წყალსადენის ღარის ვერტიკალური ლითონის მილი; 2. დაზიანება გამოწვეულია ფ. ა-ის მიერ მოწყობილი სახურავით, რომელიც შესრულებულია დარღვევით, წყალსადენის ღარი (ჟოლობი) გადმოსულია ა. მ-დ ოღლის სახურავზე 1.5-2.0მეტრით; 3. დაზიანებული კუთხის მორღვეული ბათქაში მოიხსნას და ხელახლა შეილესოს მაღალი ხარისხით (1:1) ქვიშა-ცემენტის ხსნარით, აღდგეს წყალსადენის ღარის ვერტიკალური ლითონის მილი; 4. შედგომში, რომ აღმოიფხვრას ზემოთ აღნიშნული დაზიანება, ფ. ა-მა დარღვევით მოწყობილი სახურავი გადაკეთოს ისეთნაირად, რომ წყალსადენის ღარი (ჟოლობი) მოცილებულ იქნას ა. მ-დ ოღლის სახურავიდან იმ მანძილით, რომ ატმოსფერული ნალექები მიედინებოდეს მის ეზოში.
მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის საპირისპიროდ მოპასუხემ წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 4 აპრილის საინჟინრო ექსპერტიზის №010094812 დასკვნა, რომლის თანახმად, თელავის რაიონის სოფელ ყ-ში მდებარე ფ. ა-ის საკუთრებაში არსებული სახლის სახურავიდან ატმოსფერული წყალი მეზობლის, ა. მ-დ ოღლის სახლის მხარეს არ ჩაედინება და შესაბამისად, არც მის საკუთრებას აზიანებს. მოქალაქე ფ. ა-ის მიერ სახლის სახურავიდან წყლის გადაყვანის სისტემა სადავო მონაკვეთში არასწორადაა მოწყობილი, რადგანაც ის გადადის მოქალაქე ა. მ-დ ოღლის სახლის სახურავზე. თითოეულ სახლს უნდა გააჩნდეს საკუთარი წყალსადენის ღარი და ის არ უნდა გადადიოდეს მეზობლის საკუთრებაზე, რაც აღნიშნული იყო ექსპერტიზის ბიუროს 2013 წლის 22 იანვრის №010094812 დასკვნაში, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახლების სახურავებს შორის დამოუკიდებელი ორი ღარის მოწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მოქალაქე ფ. ა-ს ისე აქვს მოწყობილი წყალსადენის ღარი, რომ მასში ხდება ორივე მომიჯნავე სახურავიდან გადმოსული ატმოსფერული წყლის შეკრება და წყალი ფ. ა-ის ტერიტორიაზე (ეზოში)ჩაედინება. ატმოსფერული წყალი ა. მ-დ ოღლის მიწის ნაკვეთში არ ხვდება და შესაბამისად, დაცულია საქართველოს მთავრობის №1-1/1254 ბრძანების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი. ფ. ა-ის სახლის სახურავიდან წყლის გადაყვანის არსებული სისტემით მოქალაქე ა. მ-დ ოღლის თავისი საკუთრებით სარგებლობაში ხელი არ ეშლება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაიკითხნენ, როგორც 2013 წლის 22 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის შემდგენელი ექსპერტი, ასევე, ამავე ექსპერტიზის ბიუროს 2013 წლის 4 აპრილის დასკვნის შემდგენი ექსპერტები. სასამართლო სხდომებზე ექსპერტების მიერ მიცემული განმარტებებით დგინდებოდა, რომ ექსპერტიზის დასკვნებს შორის სხვაობა განპირობებული შემდეგი გარემოებით: 2013 წლის 22 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის №010094812 შემდგენელმა ექსპერტმა უამინდობის გამო ვერ მოახერხა უშუალოდ სახლის სახურავზე ასვლა (იხ.: 2013 წლის 29 აპრილის სხდომის ოქმი, ექსპერტების ჩვენება).
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარდგენილი იყო არაერთგვაროვანი დასკვნები, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია დაენიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 2 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის №003377513 დასკვნის თანახმად, დადგინდა შემდეგი:
– ფ. ა-ის სახლის გადახურვა, წყალშემკრები ჰორიზონტალური ღარები და ვერტიკალური საწვიმარი მილები ტექნიკურად გამართულია.
– ა. მ-დ ოღლის სახლის გადახურვის სამხრეთის მხარეს არსებული წყალშემკრები ჰორიზონტალური ღარი ტექნიკურად გაუმართავია. კერძოდ, წყალშემკრებ ღარს არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის საყრდენი, რის გამოც იგი დახრილია და ატმოსფერული ნალექების შედეგად დაგროვილი წყალი მიედინება არასწორი მიმართულებით (იხ. ფოტო №1);
– ფ. ა-ის სახლის სახურავის წყალშემკრები ღარის ნაწილი გადადის ა. მ-დ ოღლის სახელზე რეგისტრირებულ (საკ. კოდი №.........) მიწის ნაკვეთზე და ხდება გადაფარვა. გადაფარვის ფართობი შეადგენს 0.6კვ.მ-ს (იხ. დანართი №1, ფოტო №2);
– ა. მ-დ ოღლის საცხოვრებელ სახლს (საკ. კოდი №..........) აღენიშნება აღმოსავლეთის გრძივი კედლის დაზიანებები, კერძოდ, ნალესი დამსკდარია, გაჯირჯვლებული და ნაწილი ძირს ჩამოცვენილი (იხ. ფოტო №3), რომელიც გამოწვეულია ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისგან და სავარაუდოდ, ა. მ-დ ოღლის საცხოვრებელი სახლის გადახურვაზე სამხრეთის მხრიდან მოწყობილი წყალგამტარი ჰორიზონტალური ღარის გაუმართაობისგან. აღნიშნული ღარი დეფორმირებულია და მიწით არის ამოვსებული, ასევე, მოხსნილია ვერტიკალური საწვიმარი მილი. აქედან გამომდინარე, ატმოსფერული ნალექის დროს ჩამოდინებული წყალი არ მიდის სწორი მიმართულებით, წყალი გროვდება ღარში და ჩამოედინება ხსენებულ კედელზე (იხ. ფოტო №4).
– ფ. ა-ის სახლის სახურავზე მოწყობილი წყალგამტარი ღარი საკმარისია იმისათვის, რომ ორივე საცხოვრებელი სახლის სახურავიდან (ა. მ-დ ოღლის სახლის სახურავიდან ნაწილობრივ) ჩაედინოს მასში წვიმის წყალი;
– იმისათვის, რომ არ დაზიანდეს ა. მ-დ ოღლის სახლის კედელი წვიმის წყლით, საჭიროა შეკეთდეს ა. მ-დ ოღლის საცხოვრებელი სახლის სახურავზე სამხრეთის მხრიდან მოწყობილი წყალგამტარი ჰორიზონტალური ღარი, გასწორდეს ამ ღარის დონეები და ატმოსფერული ნალექების დროს ჩამოდინებულ წყალს მიეცეს სწორი მიმართულება;
– იმ შემთხვევაში, თუ ა. მ-დ ოღლი დააპირებს კუთვნილი უძრავი ნივთის სახურავზე წყალგამტარი ღარის მოწყობას, იგი ვერ შეძლებს ამის გაკეთებას მხოლოდ იმ მონაკვეთზე, სადაც ფ. ა-ის სახლის სახურავის წყალგამტარი ღარია მოწყობილი. აღნიშნული მონაკვეთი ორივე მომიჯნავე სახლის სახურავისთვის საერთოა და წყლის შეკრება ხდება ერთ საერთო წყალგამტარ ღარში;
– ა. მ-დ ოღლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კედლების დაზიანება არ არის გამოწვეული ფ. ა-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის შენობის და გადახურვის შედეგად.
– ფ. ა-ის სახლის სახურავიდან წყალსადენი ღარი გადასულია ა. მ-დ ოღლის სახლის სახურავზე დაზიანებული კედლის პარალელური მიმართულებით – 2მ-ით, მაგრამ აღნიშნული ფაქტი არ აზიანებს ა. მ-დ ოღლის სახლის მეორე სართულიდან გრძივი კედლის კუთხეს;
– ფ. ა-ის სახლის სახურავიდან წვიმის წყალი არ ჩამოედინება ა. მ-დ ოღლის მხარეს, წყალგამტარი ღარის საშუალებით წყლის ნაკადი მიედინება ჰორიზონტალურ ღარში და ვერტიკალური წყალსადენი მილის საშუალებით ხვდება ფ. ა-ის სახლის ეზოში (იხ. ფოტო №5, №6). აღნიშნულიდან გამომდინარე, ფ. ა-ის სახლის სახურავიდან ჩამონადენი წვიმის წყალი არ აზიანებს ა. მ-დ ოღლის საკუთრებას;
– ა. მ-დ ოღლის სახლის სახურავიდან ფ. ა-ის საცხოვრებელი სახლის ეზოს მხარეს დაშვებულია ორი საწვიმარი მილი, ერთი მილი ბოლოვდება ფ. ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის სახურავზე და წყალიც შესაბამისად ამ სახურავის საშუალებით ფ. ა-ის ეზოში ჩაედინება (იხ. ფოტო №7).
ხსენებული ფაქტით ირღვევა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის №1-1/1254-ს (08/07/2008წ.) ბრძანების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი, ამ ნორმის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთების კეთილმოწყობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამ მიწის ნაკვეთიდან მეზობლის ნაკვეთში არ მოხვდეს წყალი და ატმოსფერული ნალექები. გარდა ამისა, დასახელებულ შემთხვევაში, ირღვევა ამავე მუხლის მე-4 პუნქტი (სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე, მეზობლის სამშენებლო მიწის ნაკვეთის მხარეს შენობის სახურავის მოწყობისას დამკვეთმა/მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს ისეთი საინჟინრო ღონისძიებების განხორციელება, რაც ააცილებს ატმოსფერული ნალექების მოხვედრას მეზობლის მიწის ნაკვეთში). ამდენად, ა. მ-დ ოღლი ვალდებულია ატმოსფერული ნალექის დროს მისი სახურავიდან ჩამოსულ წყალს მისცეს ისეთი მიმართულება, რომ იგი არ ჩაედინებოდეს ფ. ა-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში.
მეორე საწვიმარი, მისი პირველი საწვიმარი მილის მსგავსად, ფ. ა-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მხარეს ეშვება, მაგრამ მილის ბოლო ნაწილი შებრუნებულია ა. მ-დ ოღლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და წყლის ჩადინებაც აღნიშნულ მხარეს ხდება. ტექნიკურად შესაძლებელია, რომ ა. მ-დ ოღლის სახლის სახურავიდან ატმოსფერული ნალექის დროს ჩამოდინებულ წყალს მიმართულება ისე მიეცეს, რომ აღარ ხდებოდეს მისი ჩადინება ფ. ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთში;
– ფ. ა-ის სახლის სახურავზე მოწყობილი წყალსადენის ღარი იმგვარადაა მოწყობილი, რომ ატმოსფერული ნალექი მიედინება ისევ ფ. ა-ის სახლის ეზოში;
– ფ. ა-ის სახლის სახურავზე მოწყობილი წყალსადენის ღარი ასრულებს ორივე სახლის სახურავიდან (ა. მ-დ ოღლის სახლის სახურავიდან ნაწილობრივ) ჩამონადენი ატმოსფერული ნალექის შემკრებ და მიმმართველ ფუნქციას (იხ. ფოტო №8). მისი მოცილების შემთხვევაში ატმოსფერული ნალექის ჩამოდინების დროს აუცილებლად დასველდება საერთო კედელი.
– შესაძლებელია შეკეთდეს ა. მ-დ ოღლის საცხოვრებელი სახლის სახურავზე სამხრეთის მხრიდან მოწყობილი წყალგამტარი ჰორიზონტალური ღარი, გასწორდეს ამ ღარის დონეები და ჩამოდინებულ წყალს მიეცეს სწორი მიმართულება. ამ მოქმედების შესასრულებლად არაა საჭირო ფ. ა-ის სახლის გადახურვის და მისი წყალშემკრები ღარების გადაკეთება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 2 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის №003377513 დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ექსპერტიზამ კვლევა აწარმოა წარდგენილი მასალების, გამოსაკვლევი ობიექტების ადგილზე შესწავლის და სათანადო აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშედარების მეთოდით. ექსპერტმა მოახდინა ობიექტის ადგილზე შესწავლა, ორივე სახურავის წყალშემკრები და წყალსადენი მილების მდებარეობების, მათი კოორდინატების და ნიშნულების, მასში წყლის მოხვედრის დროს წყლის მიმართულებების და სახურავების (სიბრტყეების) გეომეტრიული მონაცემების (რომლებიდანაც ატმოსფერული ნალექის დროს წყალი ჩაედინება ა. მ-დ ოღლის და ფ. ა-ის სახლებს შორის არსებულ წყალშემკრებ ღარში) განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევის, მათი შინაარსის სრულყოფილად შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ სადავო საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სწორედ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 2 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის №003377513 დასკვნის შესაბამისად, რომელიც ზუსტად, სრულყოფილად და დასაბუთებულად პასუხობდა ექსპერტის წინაშე დასმულ შეკითხვას საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდებოდა, რომ ფ. ა-ის (მოპასუხის) საკუთრებიდან არ მომდინარეობდა ა. მ-დ ოღლის (მოსარჩელის) საკუთრების ხელშეშლა, კერძოდ:
– ფ. ა-ის სახლის გადახურვა, წყალშემკრები ჰორიზონტალური ღარები და ვერტიკალური საწვიმარი მილები ტექნიკურად გამართული იყო.
– ა. მ-დ ოღლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კედლების დაზიანება არ იყო გამოწვეული ფ. ა-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის შენობის და გადახურვის შედეგად.
– ფ. ა-ის სახლის სახურავიდან წვიმის წყალი არ ჩამოედინებოდა ა. მ-დ ოღლის მხარეს, წყალგამტარი ღარის საშუალებით წყლის ნაკადი მიედინებოდა ჰორიზონტალურ ღარში და ვერტიკალური წყალსადენი მილის საშუალებით ხვდებოდა ფ. ა-ის სახლის ეზოში (იხ. ფოტო №5, №6). აღნიშნულიდან გამომდინარე, ფ. ა-ის სახლის სახურავიდან ჩამონადენი წვიმის წყალი არ აზიანებდა ა. მ-დ ოღლის საკუთრებას;
– ფ. ა-ის სახლის სახურავზე მოწყობილი წყალსადენის ღარი იმგვარად იყო მოწყობილი, რომ ატმოსფერული ნალექი მიედინებოდა ისევ ფ. ა-ის სახლის ეზოში.
ამდენად, დგინდებოდა, რომ ა. მ-დ ოღლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კედლების დაზიანება არ ყოფილა გამოწვეული ფ. ა-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის შენობის და გადახურვის შედეგად, ხოლო რაც შეეხებოდა წყალსადენის ღარს, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებდა, ექსპერტიზის დასკვნით, ფ. ა-ის სახლის სახურავზე მოწყობილი წყალსადენის ღარი იმგვარად იყო მოწყობილი, რომ ატმოსფერული ნალექი მიედინებოდა არა მოსარჩელის, არამედ თავად მოპასუხის ფ. ა-ის სახლის ეზოში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოების – ხელშეშლის არსებობის ფაქტი არ დგინდებოდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით, ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 176-ე მუხლით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-დ ოღლიმ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 2 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის №003377513 დასკვნა, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად მიიჩნია, რომ ფ. ა-ის მხრიდან არ ხდება ა. მ-დ ოღლის საკუთრების უფლების ხელყოფა.
სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლები არ გადაკეთებულა, არ გადანაცვლებულა, 2008 წლამდე, მანამ, სანამ ფ. ა-მა არ მოახდინა თავისი საცხოვრებელი სახლის აივნის ხელახლი გადახურვა, ორივე საცხოვრებელ სახლს ჰქონდა თავისი დამოუკიდებელი წყალგამტარი ღარი და არც ა .მ-დ ოღლის საცხოვრებელი სახლის კედელი ზიანდებოდა. 2008 წლამდე ფ. ა-ის აივნის გადახურვა იყო ერთქანობიანი, ხოლო ახალი გადახურვის შედეგად, ა. მ-დ ოღლის მხარეს მდებარე აივანზე მან მოაწყო ოთხქანობიანი გადახურვა. ა. მ-დ ოღლის წინააღმდეგობის მიუხედავად, ფ. ა-ის მიერ მიყვანილმა ხელოსანმა ჭ-მ ა-ის კატეგორიული მოთხოვნით სადავო ნაწილში აშალა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის გადახურვა, აჭრა მისი ჰორიზონტალური და შვეული წყალგამტარი ღარები და მოაწყო ახალი, რის შედეგადაც აღნიშნული საცხოვრებელი სახლის კედელმა დაიწყო დაზიანება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სამივე ექსპერტიზის, მათ შორის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლად გამოყენებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფ. ა-ის საცხოვრებელი სახლის გადახურვა დარღვევითაა განხორციელებული, წყალსადენის ღარი გადასულია ა. მ-დ ოღლის სახლის სახურავზე სწორედ დაზიანებული კედლის პარალელური მიმართულებით, 2 მეტრით. მიუხედავად ამისა, თითქოს ხსენებული ფაქტი არ აზიანებს ა. მ-დ ოღლის სახლის მეორე სართულის გრძივი კედლის კუთხეს.
დასახელებული ექსპერტიზის დასკვნის არაობიექტურობას ისიც ადასტურებს, რომ კასატორის (მოსარჩელის) საცხოვრებელ სახლს სხვაგან არსად აქვს დაზიანება, გარდა იმ მონაკვეთისა, სადაც ფ. ა-ის საცხოვრებელი სახლის უპროექტოდ მოწყობილი წყალსადენის ღარი გადასულია ა. მ-დ ოღლის სახლის სახურავზე სწორედ დაზიანებული კედლის პარალელური მიმართულებით, 2 მეტრით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-დ ოღლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. მ-დ ოღლის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. (თ-ი) მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-დ ოღლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ა. მ-დ ოღლის (პირადი ნომერი – ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. (თ-ი) მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 24 ივლისი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე