№ას-777-744-2014 27 თებერვალი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ჯ. ე-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ. ჯ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება, ამავე სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება (სარჩელში), ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. შპს „გ. ჯ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. სს „ჯ. ე-ს“ შპს „გ. ჯ-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა:
2.1 2012 წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მოწოდებული პროდუქტის საფასური – 74266.50 ლარი;
2.2 2012 წლის 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში მიწოდებული პროდუქტის საფასური – 66384.77 ლარი;
2.3 პირგასამტეხლო 2012 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე – 1750 ლარი;
2.4 პირგასამტეხლო 2012 წლის 30 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე – ყოველდღიურად 11.14 ლარი;
2.5 2012 წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე ერთ აბონენტზე გადასახდელი საფასურის 1.5 ლარიდან 2 ლარზე გადაანგარიშების შედეგად წარმოშობილი სხვაობა – 45423 ლარი;
3. შპს „გ. ჯ-ს“ უარი ეთქვა სს „ჯ. ე-ისათვის“ 2012 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე პირგასამტეხლოს სახით 15768.14 ლარის და 2012 წლის 30 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 100.25 ლარის დაკისრებაზე;
4. სს „ჯ. ე-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
5. სს „ჯ. ე-ს“ შპს „გ. ჯ-ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით დაეკისრა 4612.5 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ჯ. ე-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით:
1. სს „ჯ. ე-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,გ. ჯ-ს“ (სამაუწყებლო კომპანია) და სს ,,ჯ. ე-ს“ (მაუწყებლობის ტრანზიტორი) შორის, 2011 წლის 10 ოქტომბერს, 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ვადით წერილობით გაფორმდა №10.10.11–01 ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საგანი იყო შპს ,,გ. ჯ-ის“ მიერ სს ,,ჯ. ე-ისათვის“ მიწოდებული ექვსი სატელევიზიო არხის სიგნალის (პროდუქტი) საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლება. ხელშეკრულების საფასური ერთ აბონენტზე დღგ-ის ჩათვლით შემდეგნაირად განისაზღვრა:
2011 წლის ოქტომბერში – 0.01 ლარი;
ნოემბერში – 1 ლარი;
2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით – 1.5 ლარი;
2012 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით – 3 ლარი.
ანგარიშსწორების პერიოდი განისაზღვრა კალენდარული თვით. ხელშეკრულების მე-5 მუხლით ხელშეკრულების საფასურის გადახდის ვადის გადაცილებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მე-8 მუხლის მიხედვით, აბონენტთა რაოდენობა განისაზღვრებოდა საანგარიშო თვეში კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში სს ,,ჯ. ე-ის“ მიერ წარდგენილი მონაცემებინდან. ხელშეკრულების 2.3.1 პუნქტით, სს ,,ჯ. ე-ი“ გარანტიას იძლეოდა, რომ გააჩნდა ყველა ტექნიკური საშუალება რეტრანსლიაციის განსახორციელებლად.
2012 წლის 1 აპრილის №01-4 წერილით სს ,,ჯ. ე-მა“ შპს ,,გ. ჯ-ს“ აცნობა, რომ 2012 წლის 1 აპრილიდან იგი ვერ შეძლებდა მიწოდებული პროდუქტის ღირებულების გადახდას, რის გამოც იძულებული იქნებოდა, 1 მაისიდან შეეწყვიტა ტრანზიტული არხების მაუწყებლობა, რაც არასასურველად იმოქმედებდა სს ,,ჯ. ე-ის“ საქმიანობაზე. ამიტომ, მან ითხოვა, 2012 წლის 1 აპრილიდან 3-4 თვის განმავლობაში (დამატებითი შეთანხმების საფუძველზე) შენარჩუნებულიყო 1 აპრილამდე არსებული ტარიფი, ხოლო, თუკი დამატებითი შეთანხმება ტარიფის შენარჩუნებაზე ვერ მოხდებოდა, სს ,,ჯ. ე-ი“ 2012 წლის 1 აპრილიდან მის მართვაში არსებულ ქსელში მოახდენდა მხოლოდ ორი სამაუწყებლო არხის ტრანზიტს, რაზეც ანგარიშსწორება განხორციელდებოდა შესაბამისი პროპორციით.
დასახელებულ წერილზე შპს ,,გ. ჯ-მა“ სს ,,ჯ. ე-ს“ უპასუხა, რომ მის მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელი იყო და შესთავაზა ხელშეკრულების ფასის განსაზღვრის მისეული პირობები.
საბოლოოდ, მხარეთა შეთანხმებით, 2012 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 31 აგვისტოს პერიოდზე ხელშეკრულების საფასური ერთ აბონენტზე დღგ-ის ჩათვლით 1.5 ლარით (ხელშეკრულება №10.10.11-01-ის დანართი №2) განისაზღვრა; ამასთან, 2012 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ერთ აბონენტზე გადასახდელი თანხა დამატებით უნდა შეთანხმებულიყო მხარეთა შორის, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, 2012 წლის 1 სექტემბრიდან ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდებოდა, 2012 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მიწოდებული პროდუქტის ღირებულება გადაანგარიშდებოდა და ერთ აბონენტზე 2 ლარის ოდენობით განისაზღვრებოდა. ამ შემთხვევაში, აგვისტოს თვის გადასახდელ თანხას დაემატებოდა წინა თვეების თანხა, რომელიც ერთ აბონენტზე 2 ლარის ოდენობით იქნებოდა გადაანგარიშებული.
2012 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ერთ აბონენტზე გადასახდელი თანხის ოდენობაზე (ტარიფზე) მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
შპს ,,გ. ჯ-ს“ არ შეუწყვეტია სს ,,ჯ. ე-ისთვის“ სატელევიზიო არხების სიგნალის (პროდუქტის) მიწოდება.
სს ,,ჯ. ე-მა“, თვითონ, ცალმხრივად შეწყვიტა შპს ,,გ. ჯ-ის“ მიერ მიწოდებული პროდუქტის (სიგნალის) მიღება 2012 წლის 10 ოქტომბრიდან.
2011 წლის 31 ოქტომბრიდან 2012 წლის 31 აგვისტომდე პერიოდზე მხარეებმა ხელმოწერით შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ შპს ,,გ. ჯ-მა“ სს ,,ჯ. ე-ს“ მიაწოდა 6 სატელევიზიო არხის სიგნალი (პროდუქტი). აქტებით განისაზღვრა მიწოდებული პროდუქტის ღირებულება.
2012 წლის 15 ოქტომბერს, შპს ,,გ. ჯ-მა“ სს ,,ჯ. ე-ის“ დირექტორს ხელმოსაწერად (დასადასტურებლად) გაუგზავნა მისი მხრიდან ხელმოწერილი 2012 წლის სექტემბრის თვეში 51567 ლარის ღირებულების პროდუქტის მიწოდებაზე მიღება-ჩაბარების აქტი და ორი ინვოისი, რაც სს ,,ჯ. ე-ს“ ჩაბარდა 16 ოქტომბერს; ასევე, 26 ოქტომბერს გაუგზავნა 1-9 ოქტომბრის პერიოდში 14817.77 ლარის ღირებულების პროდუქტის მიწოდებაზე მიღება-ჩაბარების აქტი და ინვოისი, რაც სს ,,ჯ. ე-ს“ ჩაბარდა 26 ოქტომბერს, მაგრამ მათზე სს ,,ჯ. ე-ის“ დირქტორს ხელი არ მოუწერია.
მხარეებს შორის დადებული 2011 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულება, აგრეთვე, 2012 წლის 1 აპრილის შეთანხმება (დანართი №2) სახელშეკრულებო ფასის ცვლილებაზე ნამდვილი იყო და ისინი დაიდო სს ,,ჯ. ე-ის“ მხრიდან ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე.
ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის შემდეგ – 2012 წლის 1 აპრილის №01-4 წერილით თავად სს ,,ჯ. ე-მა“ შესთავაზა შპს გ. ჯ-ს“ არსებული სახელშეკრულებო ფასის შენარჩუნება, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტა არასასურველად იმოქმედებდა მის საქმიანობაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდნენ დასკვნის საფუძველს, რომ სს ,,ჯ. ე-თან“ ხელშეკრულება (ხელშეკრულებები) გაფორმდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მხრიდან შპს ,,ჯ. ე-ზე“ არამართლზომიერი ზეწოლის შედეგად და იძულებით.
სს ,,ჯ. ე-ის“ წარმომადგენლის განმარტებით, ასევე, სს ,,ჯ. ე-ის“ შუამდგომლობით მიწვეული მოწმის, გ.რ-ის ჩვენებით, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, დადგინდა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სს ,,ჯ. ე-ის“ შემოწმების შედეგად მის საქმიანობაში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა, რის გამოც საწარმო დაჯარიმდა შესაბამისად და დაჯარიმება კანონიერი იყო.
ამდენად, არ დგინდებოდა სს ,,ჯ. ე-ის“ დაჯარიმების უსაფუძვლობა.
ხელშეკრულების ფასი მხარეთა შორის შეთანხმებული იყო №1 და №2 დანართებით, რომლებშიც გარკვევით არის მითითებული ერთ აბონენტზე სს ,,ჯ. ე-ის“ მიერ თვეში გადასახდელი თანხის ოდენობა (ტარიფი), რაც არის არა 9 ლარი, როგორც ამას სს ,,ჯ. ე-ი” მიუთითებს, არამედ, მაქსიმუმ 3 ლარი.
ამასთან, შპს ,,გ. ჯ-ის” მიერ წარდგენილი – მასა და სხვადასხვა ავტორიზებულ პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, სს ,,ჯ. ე-ის” აბონენტების მიერ მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრებით, საქართველოს კოუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებით დადასტურდა სს ,,ჯ. ე-ის” მიერ შეგებებული სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების საპირისპირო გარემოებები, რომ ხელშეკრულების საფასური არ იყო არაგონივრული, შპს ,,გ .ჯ-თან” გაფორმებული ხელშეკრულება არ იყო კომერციულად წამგებიანი სს ,,ჯ. ე-ისათვის” და სს ,,ჯ. ე-ის” მხრიდან შპს ,,გ. ჯ-თან” სადავო ხელშეკრულების გაფორმება არ იყო იმის წინაპირობა, რომ, სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, სს ,,ჯ. ე-ი” გათავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან, ხოლო გაუფორმებლობის შემთხვევაში კი – უსაფუძვლოდ დაეკისრებოდა საჯარიმო სანქცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სს ,,ჯ. ე-ისათვის” გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებები არ ადასტურებდნენ სს ,,ჯ. ე-ის” შეგებებული სარჩელის გარემოებებს.
სს ,,ჯ. ე-ი“ ვერ ადასტურებდა, რომ შპს ,,გ. ჯ-ის“ მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხების გაანგარიშება არასწორი იყო და რეალობას არ შეესაბამებოდა. იგი მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითებდა ამ გარემოებაზე, რაც მტკიცებისათვის არასაკმარისი იყო.
ამდენად, სს ,,ჯ. ე-ს“ შპს ,,გ. ჯ-ის“ მიმართ გააჩნდა მიწოდებული პროდუქტის ღირებულების დავალიანება, კერძოდ:
2012 წლის აპრილიდან აგვისტოს თვის ჩათვლით – 74266,50 ლარი;
2012 წლის 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში – 66384.77 ლარი.
ამავდროულად, მას გადაცილებული ჰქონდა სახელშეკრულებო თანხის გადახდის ვადა, რის გამოც ვადაგადაცილებულ თანხას უნდა დარიცხვოდა პირგასამტეხლო 2012 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე და, ასევე, 2012 წლის 30 ოქტომბრიდან გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდამდე (გადაწყვეტილების აღსრულებამდე).
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ის დასაბუთება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება არ მომხდარა აპელანტის თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე. ამ გარემოების დასასაბუთებლად აპელანტმა მიუთითა მოწმის ჩვენებასა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობაზე მის მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოწმედ დაკითხულმა გ.რ-მა აპელანტის მიმართ იძულების ღონისძიებად დაასახელა ის გარემოება, რომ იგი ერთ თვეში კომისიამ ოთხჯერ შეამოწმა და დააჯარიმა, თუმცა თავად მოწმემ ასევე განმარტა, რომ ოთხივე დაჯარიმება სრულიად კანონიერი იყო, ვინაიდან იგი ატარებდა ამ შემოწმებებს და ადგილი ჰქონდა გადაცდომას აპელანტის მხრიდან. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულება გააფორმა, მოწინააღმდეგე მხარესთან შემოწმება აღარ ჩატარებულა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამა თუ იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების არასათანადოდ გამოყენება თუ უფლებამოსილების გადამეტება და ა.შ., უნდა დადგინდეს საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ვინაიდან ასეთი ფაქტის არსებობა ადმინისტრაციულ გადაცდომას ან შესაძლოა უფრო მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებასაც წარმოადგენდეს. შესაბამისად, თუ კომუნიკაციის კომისიის საქმიანობაში ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს, ეს სათანადო წესით უნდა დადგენილიყო, ასეთი ფაქტები სამოქალაქო საქმის განხილვის მიმდინარეობისას ვერ დადგინდებოდა. მაგალითად ის ფაქტი, რომ მოწმის განმარტებით, შემოწმება შერჩევით ტარდებოდა, უფრო სხვა დარღვევის არსებობაზე და არა ერთი კონკრეტული სამოქალაქო გარიგების ბათილობაზე მიუთითებდა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არც ერთი დაჯარიმების აქტი, რომელიც აპელანტის განმარტებით, კომისიამ შერჩევით შექმნა (და რომლებიც საქმეზე არ წარდგენილა) არ გაუქმებულა და ძალაში იყო.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმიან საკითხებზე მხარეთა შორის არსებული ინტენსიური მიმოწერა დამატებით მიუთითებდა, რომ მათ შორის არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა სამეწარმეო საქმიანობის დეტალებზე, ტარიფებზე და ა.შ., მაგრამ არც ერთ მათგანში არ იყო საუბარი იძულებაზე.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელ თ.ხ-ას მიერ 2012 წლის 1 აპრილის წერილის (№01-4 წერილთან დაკავშირებული სს „ჯ. ე. ჯის“ გენერალური დირექტორის, ლ. ყ-ის პასუხი სს „ჯ. ე-ის“ გენერალურ დირექტორს, მ კ-ს) პასუხის ირგვლივ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, კერძოდ, თ.ხ-ამ ხსენებული წერილი იმის დასადასტურებლად მოიყვანა, რომ სს „ჯ. ე. ჯის“ მისი დირექტორის, ლ. ყ-ის მეშვეობით ჰქონდა სს „ჯ. ე-ზე“ ზემოქმედების რეალური ბერკეტი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სახით. მისი განმარტებით, აღნიშნული გარემოება იკვეთებოდა დასახელებული წერილიდან, სადაც ლ. ყ-ი განმარტავდა შემდეგს: ჩემი აზრით, ბაზრის დარეგულირების პროცესი დაწყებულია და იმედს ვიტოვებთ, რომ პროცესი გაგრძელდება. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, ლ. ყ-ის პასუხით ცხადი ხდებოდა, თუ რა პირობებში მიმდინარეობდა ხელშეკრულების დადება და რომ აქედან გამომდინარე, უკვე არსებული შეთანხმება (ხელშეკრულება) არ იყო თავისუფალი ნების პროდუქტი. შესაბამისად, წერილი შეიცავდა აპელანტზე ზეწოლის ელემენტებს.
საპელაციო სასამართლომ აპელანტის წარმომადგენლის მიერ 2014 წლის 29 აპრილის სხდომაზე მოყვანილი ზემოაღნიშნული განმარტებები არ გაიზიარა. სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე წარდგენილი წერილი არ შეიცავდა იძულების ელემენტებს, რადგან მასში არ იყო მითითებული ის გარემოებები, საიდანაც დადგინდებოდა აპელანტის წინააღმდეგ მიმართული იძულების შემცველი რაიმე განმარტება თუ მიმართვა. წერილში ნამსჯელი იყო იმ სავარაუდო სააბონენტო ტარიფის ოდენობაზე, რომელსაც ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში სს „ჯ. ე. ჯი“ შესთავაზებდა სს „ჯ. ე-ს“. ამდენად, დაუსაბუთებელი იყო აპელანტის მიერ მოხმობილი წერილის ირგვლივ გაკეთებული განმარტება.
რაც შეეხებოდა უშუალოდ სადავო ხელშეკრულებებს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვეოდა, აპელანტმა 2011 წლის 10 ოქტომბრის №10.10.11-01 ხელშეკრულების №1 დანართით მხარეებს შორის განსაზღვრული ტარიფები 2012 წლის აპრილიდან შეცვალა ახალი, განახევრებული ტარიფებითა და განსაზღვრული დათქმებით, კერძოდ, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებოდნენ ერთ აბონენტზე გადასახდელ თანხაზე – 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მაშინ 2012 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 31 აგვისტომდე ერთ აბონენტზე თანხა 2 ლარით (და არა 1.5 ლარით, როგორც ეს შეცვლილი დანართით განისაზღვრა) განისაზღვრებოდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ის განმარტება, რომ №2 დანართის საფუძველზე გადაანგარიშების შედეგად მიღებული თანხა (45423 ლარი) პირგასამტეხლოს წარმოადგენდა და მისი მოთხოვნა ძირითად შესრულებასთან ერთად დაუშვებელი იყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ვალდებულება საერთოდ არ სრულდება. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ვალდებულება ჯეროვნად სრულდებოდა და დავა მხოლოდ შეუთანხმებელმა 5 თვის დროის მონაკვეთმა გამოიწვია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობები არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა, რაც მოწინააღმდეგე მხარეს (ძირიტად სარჩელზე მოსარჩელეს) არ გაუსაჩივრებია. რაც შეეხებოდა 45423 ლარს, ეს თანხა წარმოადგენდა აპელანტის მიერ შესყიდული მომსახურეობის ძირითადი თანხის იმ ნაწილს, რომელიც №2 დანართის თანახმად, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში 1.5 ლარის მოცულობით უნდა დარჩენილიყო და ასეთ შემთხვევაში არც იარსებებდა. რამდენადაც მხარეთა შორის აღნიშნული შეთანხმება ვერ მოხდა, ძირითადი თანხა იმ მოცულობის დარჩა, რაზეც მხარეები №2 დანართით შეთანხმდნენ – 2 ლარი აბონენტზე. საანგარიშო დროის მოცულობამ კი, 1 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ანუ 5 თვე შეადგინა. რაიმე სხვა გაანგარიშება მოთხოვნილი თანხის უზუსტობის შესახებ აპელანტს არ წარუდგენია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ჯ. ე-მა“.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ საოქმო განჩინებით უარი განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 2014 წლის 7 მარტის დასკვნის მტკიცებულებად მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ამ დასკვნას საქმესთან შემხებლობა არ ჰქონდა. არადა ამ დასკვნაში პირდაპირ არ არის ჩაწერილი, რომ კომისია საქმის გარემოებების სრულად, ამომწურავად, ყოველმხრივ და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით გამოკვლევის შედეგად, რომელიც ასახულია ამავე დასკვნაში მითითებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში, სს „ჯ. ე-ის“ მიმართ ადგენს შპს „გ. ჯ-თან“ ხელშეკრულების მართლსაწინააღმდეგო იძულების პირობებში დადების ფაქტს და რომ ნებაზე მართლსაწინააღმდეგო იძულება მიმდინარეობდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იმდროინელი თავმჯდომარის მხრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ჯ ე-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ჯ. ე-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ჯ. ე-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ჯ. ე-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი, საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი – 2014 წლის 30 ივლისი) 70% – 5600 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე