საქმე №ას-853-817-2014 23 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „დ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩიების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „დ-ის“ მიმართ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს - 239 670,73 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2005 წლის 30 მარტს მოპასუხემ კონკურსის გზით განახორციელა ქ.ბათუმში, ჭ-ის ქN5-ში მდებარე შპს „ც. ბ-ის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის პრივატიზაცია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სს „დ-ს“ შორის 2005 წლის 27 აპრილს გაფორმდა N1-5470 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შემძენმა იკისრა შემდეგი:
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში FINA-ს (ცურვის საერთაშორის ფედერაცია) სტანდარტების საცურაო კომპლექსის მშენებლობა გასართობი ინფრასტრუქტურით, სასტუმროთი, საცხოვრებელი, ბიზნეს, დასასვენებელი, სავაჭრო ზონებით, კაფეთი და ბარით;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანა და არანაკლებ 1 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია;
ობიექტში დასაქმებულთა არანაკლებ 80%-ის ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტება.
სხვადასხვა დროს მოსარჩელემ მშენებლობის ვადები მოპასუხეს გაუგრძელა, შესაბამისად, დააკისრა გარკვეული ჯარიმაც, ამ გარემოებათა გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ - პირგასამტეხლოს სახით 89 815,14 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო, ამასთანავე, განმარტა, რომ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და იგი არ იყო ვალდებული, გადაეხადა ამ ოდენობით თანხა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „დ-ს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 89 815,14 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ 2005 წლის 30 მარტს კონკურსის ფორმით პრივატიზებული იქნა ქ.ბათუმში, ჭ-ის ქ№5-ში მდებარე შპს „ც. ბ-ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი.
2005 წლის 27 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სს „დ-ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „დ-ს“ გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - შპს „ბ. ც. ბ-ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი.
ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი უზრუნველყოფდა FINA-ს (ცურვის საერთაშორისო ფედერაციის) სტანდარტების დონის საცურაო კომპლექსის აშენებას თავისი გასართობი ინფრასტრუქტურით, სასტუმრო, საცხოვრებელი, ბიზნეს, დასასვენებელი, სავაჭრო ზონებით, კაფეთი და ბარით. ამავე ხელშეკრულების გათვალისწინებით, საინვესტიციო პროექტის ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრა შემდეგი სახით: საერთო სამშენებლო ფართი - 15 000 კვ.მ; დახურული სარეკრეაციო ზონა - 5 000 კვ.მ; საცხოვრებელი და საოფისე ზონა - 8 000 კვ.მ; დახურული ავტოსადგომი - 2 000 კვ.მ.
ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები: 2.1. პუნქტის თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება: ა) უზრუნველეყო წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული წლის ვადაში FINA-ს (ცურვის საერთაშორისო ფედერაციის) სტანდარტების დონის საცურაო კომპლექსის აშენება თავისი გასართობი ინფრასტრუქტურით, სასტუმრო, საცხოვრებელი, ბიზნეს, დასასვენებელი, სავაჭრო ზონებით, კაფეთი და ბარით; ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული წლის განმავლობაში და ინვესტირება, არანაკლებ - 1 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის; გ) უზრუნველეყო ობიექტის დაკომპლექტება დასაქმებულთა არა ნაკლებ 80% ადგილობრივი კადრებით; დ/ე) გენერალური მოიჯარადის ფუნქცია უნდა განეხორციელებინა აჭარის ავტონომიური რეგისტრირებულ სამშენებლო ორგანიზაციას; ვ/ზ) დაეცვა საკონკურსო პირობით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე ყოველ 6 თვეში ინფორმაცია წარედგინა გამყიდველს, ხოლო საკონკურსო ვადის დამთავრების მომენტისათვის წარედგინა აუდიტორული დასკვნა შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესახებ.
ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა სანქციები: 5.1. პუნქტის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საკონკურსო პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მყიდველი იღებდა გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა, დარჩენილი გადასახდელი თანხის ანდა დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%.
2006 წლის 18 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი - 2005 წლის 27 აპრილს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და ხელშეკრულებიდან მხარეთა შეთანხმებით ამოღებულ იქნა მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
2007 წლის 18 მაისის №518 ბრძანების საფუძველზე სს „დ-ს“ 2005 წლის 27 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა გადაუვადდა ერთი წლით. ვადის გაგრძელების (გადავადების) საფუძველი გახდა მყიდველის 2007 წლის 23 და 26 აპრილის წერილობითი მიმართვები, სადაც მყიდველი მიუთითებდა, რომ სამშენებლო ტერიტორია, რომელზეც უნდა განთავსებულიყო მრავალფუნქციური კომპლექსი, წარმოადგენდა რთული გეოლოგიური ფენების ერთობლიობას. გარემოებების დასადასტურებლად წარდგენილ იქნა შპს „მ. პ. ე-ის“ 2007 წლის 8 მაისს გაცემული საექსპერტო დასკვნები. ამასთან, საკითხი შესწავლილ იქნა სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი კომისიის მიერ, რომელმაც მიზანშეწონილად მიიჩნია სს „დ-ის“ თხოვნის დაკმაყოფილება და საკონკურსო პირობების შესრულების ვადის გადავადება ერთი წლით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2007 ლის 19 ნოემბერს მიმართა სს „დ-ს“ და ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსთხოვა ანგარიშის წარდგენა შესრულებული სამუშაოების თაობაზე. 2008 წლის 11 აპრილს სს „დ-მა“ წერილით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ და მოითხოვა მშენებლობის ვადის გაგრძელება ერთი წლით. წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ნაცვლად 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციისა, სს „დ-ს“ განხორციელებული ჰქონდა - 1 885 951 ლარის ინვესტირება. მიუხედავად განხორციელებული ინვესტირებისა, 2008 წლის 7 მაისის საექსპერტო დასკვნის თანახმად, მშენებლობის დასრულებისათვის აუცილებელი იყო ერთი წელი.
2008 წლის 18 მაისის №36 ბრძანებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად მოპასუხეს მიეცა ერთწლიანი ვადა და დაჯარიმდა პრივატიზებული ქონების ღირებულების (ნასყიდობის ფასს 200 991 ლარი, დამატებული კრედიტორული დავალიანება 275 481 ლარი, სულ - 476 472 ლარი) 0.05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.
ჯარიმის ოდენობა გამოითვლება და გადაიხდება ვალდებულებათა შესრულების შემდეგ. 2008 წლის 13 მაისს, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების აქტის საფუძველზე, შევიდა ცვლილება ხელშეკრულების 5.1 მუხლში, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით „5.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ჯარიმდება: ა) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) მყიდველის მიერ ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პრივატიზებული ქონების ღირებულების (ნასყიდობის ფასს 200 991 ლარი, დამატებული კრედიტორული დავალიანება 275 481 ლარი, სულ 476 472 ლარი) 0.05%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე/ჯარიმა გადაიხდება ვალდებულებათა შესრულების შემდეგ“.
2008 წლის 21 ოქტომბრის მიმართვით სამინისტრომ სს „დ-ს“ მოსთხოვა ინფორმაციის წარდგენა მიმდინარე სამუშაოების წარმოების თაობაზე.
2009 წლის 23 აპრილის მიმართვით სამინისტრომ სს „დ-ს“ აცნობა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2015 წლამდე, კერძოდ 2009 წლის 22 აპრილის №241 ბრძანებით გათვალისწინებული იქნა სს „დ-ის“ წინადადებები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა გაგრძელდა წარდგენილი გრაფიკის მიხედვით: ა) FINA-ს (ცურვის საერთაშორისო ფედერაციის) სტანდარტების დონის საცურაო აუზის მშენებლობის დასრულება - 2010 წლის 22 აპრილს; ბ) გასართობი ინფრასტრუქტურის, ბიზნეს, დასასვენებელი და სავაჭრო ზონების (კაფე და ბარი) დასრულება - 2010 წლის 30 სექტემბერს; გ) სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის დასრულება - 2010 წლის 30 სექტემბერს. აღნიშნული ცვლილება შეტანილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებაში. ცვლილების განხორციელების საფუძველი გახდა სს „დ-ის“ 2009 წლის 6 აპრილის №21/09 წერილი, რომლითაც მყიდველი აცხადებდა, რომ აგვისტოში განვითარებული საომარი მდგომარეობისა და მსოფლიოში განვითარებული ეკონომიკური კრიზისის გამო, რამაც გამოიწვია ბანკების მხრიდან სამშენებლო პროექტების დაფინანსების შეწყვეტა, შეფერხდა შპს „ბ. პ-ას“ მშენებლობა. 2009 წლის მარტის მდგომარეობით განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა შეადგენდა 22 208 948 ლარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული (1 500 000 აშშ დოლარის) ინვესტიციის მთლიან მოცულობას, ამავე წერილში კომპანია აღნიშნავდა, რომ ქვეყანაში განვითარებულმა საომარმა მდგომარეობამ და თანმდევმა პროცესებმა გამოიწვია ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების შეფერხება, არა მხოლოდ ერთი თვით, არამედ უფრო ხანგრძლივი დროით, რის გამოც ითხოვა ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელება და წარადგინა შესაბამისი ვალდებულების შესრულების გეგმა.
საკითხი შესწავლილ იქნა სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის მიერ, კომისიამ დადებითად შეაფასა დამატებითი ვადის მიცემის საკითხი, რამდენადაც მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრებოდა შესაბამისი კანონმდებლობით. სს „დ-ს“ დაკისრებული ჰქონდა ჯარიმა და მიცემული ჰქონდა დამატებით ერთწლიანი ვადა, აღნიშნულიდან გამომდინარე კანონმდებლობის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობისათვის გამყიდველს უფლება ჰქონდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, რაც გამოიწვევდა ორმხრივ რესტიტუციას, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ორმხრივი რესტიტუციის შემთხვევაში, რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაბრუნება სს „დ-ისათვის“ იქნებოდა შეუძლებელი. კომპანია ახორციელებდა მეტად სპეციფიკურ პროექტს, რომელსაც ქ.ბათუმში ანალოგი არ ჰქონდა.
ინფორმაცია სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოიწონა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ თანახმად 2009 წლის 1 აპრილის №6 საოქმო გადაწყვეტილებისა. 2009 წლის 15 მაისის შეთანხმებით აღნიშნული ცვლილებები შეტანილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებაში.
ამავე ხელშეკრულების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 13 მაისის №36 ბრძანების შესაბამისად, სს „დ-ი“ ვალდებული იყო, გადაეხადა 476 472 ლარის 0.05% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (2008 წლის 27 აპრილიდან - 2009 წლის 27 აპრილამდე), დარიცხული ჯარიმა (ჯარიმის დარიცხვა წყდება 2009 წლის 27 აპრილს) შეადგენდა 86 956.14 ლარს.
2010 წლის 1 ივნისის №421 ბრძანების საფუძველზე, დარღვევის გამოსწორებისათვის, მოპასუხეს მისი მოთხოვნით მიეცა დამატებითი ვადა 2010 წლის 30 ოქტომბრამდე, აუზის მშენებლობის დასრულებისათვის. 2010 წლის 27 დეკემბერის №819 ბრძანებით ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მას დაეკისრა პირგასამტეხლო 2 859 ლარი და საკანალიზაციო კოლექტორის გაუმართაობის გამო ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა 2010 წლის 30 ოქტომბრიდან გადაეწია ფორსმაჟორულ გარემოების აღმოფხვრამდე (საცურაო აუზის მშენებლობის დასრულების ვადასთან მიმართებაში).
შპს „დ.-ა-ის“ 2011 წლის 13 ივლისის დასკვნის თანახმად, ექსპერტ ინჟინერ-კონსტრუქტორის 2011 წლის 19 მაისის დასკვნით ქ.ბათუმში, ჭ-ის ქ№ 5-ში მდებარე გამოსაკვლევი ობიექტი წარმოადგენს მშენებარე მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობას, რომელიც შედგება კომერციული და საცხოვრებელი ბლოკებისაგან. გამოსაკვლევი ობიექტი სპორტულ-გამაჯანსაღებელი FINA-ს სტანდარტების დონის საცურაო აუზი, განთავსებულია კომერციულ ბლოკში, მე-6 სართულზე. 2010 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, ფაქტობრივად დასრულებული იყო FINA-ს სტანდარტების საცურაო აუზის მოწყობის სამუშაოები, გამართული და ტესტირებული იყო აუზის სრული საინჟინრო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა. საცურაო აუზის ზონაში ჩატარებულია ყველა სახის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, მოეწყო შესასვლელი ჰოლი, რეცეფსია, გასახდელები, საცურაო აუზის ქალთა და მამაკაცთა ზონებში მოპირკეთდა და მოეწყო საშხაპეები, ტუალეტები, საუნის ოთახები, ფიტნესისათვის განკუთვნილი ფართი. აუზის ყველა ზონაში შესრულებული იყო ალუმინის ვიტრაჟებისა და კარების მონტაჟი, ყველა ოთახი უზრუნველყოფილია სავენტილაციო სისტემით და ა.შ. საცურაო აუზის ფუნქციონირებისათვის საჭირო იყო კომპლექსის გარე საკანალიზაციო ქსელების ჩართვა ჭავჭავაძის ქუჩაზე გამავალ საკანალიზაციო კოლექტორში.
გარესაკანალიზაციო ქსელების ჩართვა ჭ-ის ქუჩაზე გამავალ საკანალიზაციო კოლექტორში განხორციელდა 2011 წლის აპრილის თვიდან, რაც დასტურდება შპს ბათუმის 2011 წლის 11 მაისის №309 წერილით. შესაბამისად, სს „დ-მა“ 2005 წლის 27 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა.
2011 წლის 19 მაისის №197 ბრძანებით სს „დ-ს“, ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის (სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება) დამატებით მიეცა 10 თვე შესრულებისათვის და საკონკურსო შესრულების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 31 ოქტომბრით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 2 მარტის წერილით სს „დ-მა“ აცნობა, რომ 2010 წლიდან ფუნქციონირებს კომპლექსი „ბ. პ-ა“, სადაც განთავსებულია კომერციული, სავაჭრო, გასართობი ფართები და სასტუმრო, ფუნქციონირებს ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, დასრულებულია საცხოვრებელი ნაწილის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, რაც დასტურდება აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დასკვნით და მიმდინარეობს მოპირკეთებითი სამუშაოები. სს „დ-ის“ მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად დასაქმებულია 508 მოქალაქე, ხოლო კომპლექსში განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა - 25 000 000 აშშ დოლარზე მეტი, რის გამოც მოითხოვა საცხოვრებელი კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღების ვადის განსაზღვრა არა უგვიანეს 2012 წლის 25 დეკემბრისა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 5 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, ქ.ბათუმში, ჭ-ის ქ№5-ში მდებარე „ბ. პ-ას“ საცხოვრებელ 14-სართულიან და 16-სართულიან შენობებში ჩატარებულია და დასრულებულია შემდეგი სახის სამშენებლო სამუშაოები: 1) მოწყობილია შენობების საძირკვლის ფილა და პარკინგის სათავსი; 2)დასრულებულია შენობების რკინაბეტონი/მონოლითური კარკასები; 3) დასრულებულია შენობების სართულშუა გადახურვის მონოლითური ფილები; 4) შენობების საცხოვრებელი სართულების გარე პერიმეტრი შევსებულია ბლოკებით და მოწყობილია კარ-ფანჯრები მინა-პაკეტების ჩასმით; 5) შენობების ფასადები შელესილი და შეღებილია, გარდა წერეთლის ქუჩის მხრიდან შესასვლელის ზონაში მდებარე 5-6 სართულისა, რაც გამოწვეულია ვიტრაჟების შემდგომი მოწყობიდან; 6) შენობების სახურავები მოწყობილია ბრტყელი გადახურვით, 16-სართულიანი შენობის ბრტყელი გადახურვა მოპირკეთებულია კერამოგრანიტის ფილებით; 7) შენობებში მოწყობილია სადარბაზოები, კიბის უჯრედები, ლითონის მოაჯირები და სამგზავრო და სატვირთო ლიფტები; 8) შენობებში მოწყობილია შიდა ტიხრები და საინჟინრო ქსელები; 9) შენობების საცხოვრებელ ბინებში არსებული ელექტროგაყვანილობა, წყლისა და საკანალიზაციო ქსელები, სარდაფში წყლის ამწევი ტუმბოები და რეზერვუარები მიერთებულია გარე ქსელებთან; 10) შენობის წერეთლის ქუჩიდან ადრე არსებული კოშკურა ამწის ზონაში მოწყობილია შენობაში შესასვლელი და მონოლითური კიბე.
2012 წლის 9 ნოემბრის №291 ბრძანებით სს „დ-ს“ სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის დასასრულებლად მიეცა დამატებითი ვადა და ვალდებულების შესრულების ვადად განესაზღვრა 2012 წლის 25 დეკემბერი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 28 თებერვლის დასკვნის თანახმად, ქ.ბათუმში, ჭ-ის ქ№5-ში მდებარე ბ. პ-ას „ა“ და „ბ“ ბლოკებში, რომლებიც წარმოადგენენ მრავალსართულიან მრავალბინიან საცხოვრებელ რკინაბეტონის შენობებს, შენობის სართულიანობა შეადგენს 14 და 16 სართულს, ისინი განლაგებულია ა.წ-ის ქუჩის მხარეს, ნაგებობის შუაში განთავსებული და კეთილმოწყობილია ცენტრალური შესასვლელი, ორივე ბლოკში დამონტაჟებულია და მუშაობს სამგზავრო და სატვირთო ლიფტები, კორპუსებში ყველა სართულზე შეყვანილი და დამონტაჟებულია ელექტროგაყვანილობის, კანალიზაციის, წყლითა და გაზით მომარაგების სისტემები, რომლებიც ჩართულია მომარაგებით სისტემებში, შესრულებულია საცხოვრებელი კორპუსების ფასადების მოწყობისა და მოპირკეთების სამუშაოები. მოწყობილია შიგა კიბის უჯრედები მოაჯირებით. ხელშეკრულების მიხედვით შესრულებულია ყველა შიგა სამშენებლო და აუცილებელი სისტემის მონტაჟისა და მოწყობის სამუშაოები, ისინი გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის 2013 წლის 15 აპრილის ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ქ.ბათუმში ჭ-ის №5-ში მდებარე კომპლექსში 2013 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით შრომის ანაზღაურებას იღებდა და, შესაბამისად, 100%-ით დასაქმებული იყო 72 საქართველოს მოქალაქე.
სს „დ-ს“ ვალდებულება ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში არ შეუსრულებია, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც კრედიტორს აძლევდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
მხარეთა შეთანხმებით არაერთხელ მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების გადაწევა და ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
სააპელაციო პალატამ დადენილი გარემოებების გათვალისწინებით, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 477-ე მუხლით და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2005 წლის 27 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება,
სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ სს „დ-მა“ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, რადგანაც დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები. მხარეთა შეთანხმებით, არაერთხელ მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების გადაწევა და ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება მოსარჩელეს ანიჭებდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 131-ე მუხლით და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ მოპასუხის მიერ 89 815.14 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ცნობა, მისი დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი იყო.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
სააპელაციო პალატის შეფასებით, საქალაქო მოქმედებდა რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობდა პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, სწორად მიიღო მხედველობაში ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი, აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე სწორად გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებდა და სწორად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში - 89 815.14 ლარით უნდა განისაზღვრულიყო, ანუ იმ თანხის მოცულობით, რომლის ფარგლებშიც ვალდებულების არსებობას არც მოპასუხე უარყოფდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარი სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით განაცხადა, რაც არასწორია, რადგანაც კასატორის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს სახით 239 670,73 ლარი შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ არ მიიჩნევა. სამოქალაქო კოდექსის 417-და 418-ე მუხლების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ პიორგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობაზე, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან ამ საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასჩივრებულ განჩინებაში (იხ. სუსგ N3კ/ 1184-0118 იანვარი 2002 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე