Facebook Twitter

საქმე№ას-85-79-2015 2 თებერვალი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მ. „ბ-ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს მ. „ბ-მა" სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ზ-სა და მ. ბ-ის მიმართ პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

მოპასუხე მ. ბ-ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ხოლო ი. ზ-ემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით შპს მ. „ბ-ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. ზ-ეს და მ. ბ-ეს შპს მ. „ბ-ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის – 28 758.78 აშშ დოლარის გადახდა; თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი გადახდა უნდა განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: 1) ქ. ბათუმი, კ-ას ქ. №..., ბ.№10, ს/კ .... 2) ქ. ბათუმი, კ-ას ქ. №..., ბ. №10, ს/კ ... რეალიზაციით; სესხის პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შპს მ. „ბ-ის" მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს მ. „ბ-მა".

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს მ. „ბ-ის" სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სესხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ზ-ეს დაეკისრა შპს მ. „ბ-ის" სასარგებლოდ 28 758 აშშ დოლარის და 78 ცენტის წლიური 10%-ის გადახდა, 2013 წლის 9 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ი. ზ-ეს დაეკისრა შპს მ. „ბ-ის" სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 11.5 აშშ დოლარის ოდენობით, 2013 წლის 9 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ. ბ-ემ და ი. ზ-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ზ-სა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე მ. ბ-ის მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე: საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით შპს მ. „ბ-ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. ზ-ეს და მ. ბ-ეს შპს მ. „ბ-ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის – 28 758.78 აშშ დოლარის გადახდა; თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი გადახდა უნდა განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: 1) ქ. ბათუმი, კ-ას ქ. №..., ბ.№10, ს/კ .... 2) ქ. ბათუმი, კ-ას ქ. №..., ბ. №..., ს/კ ... რეალიზაციით; სესხის პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შპს მ. „ბ-ის" მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 124-131).

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ბ-ეს და ი. ზ-ეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ შპს მ. „ბ-მა" მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება შპს მ. „ბ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ი. ზ-სა და მ. ბ-ის მიმართ შესულია კანონიერ ძალაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს მ. „ბ-ის" სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სესხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ზ-ეს დაეკისრა შპს მ. „ბ-ის" სასარგებლოდ 28 758 აშშ დოლარის და 78 ცენტის წლიური 10%-ის გადახდა, 2013 წლის 9 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ი. ზ-ეს დაეკისრა შპს მ. „ბ-ის" სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 11.5 აშშ დოლარის ოდენობით, 2013 წლის 9 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ. ს.ფ. 218-234).

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ი. ზ-ემ და მ. ბ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ი. ზ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 1061.006 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

რაც შეეხება მეორე კასატორის, მ. ბ-ის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მისი მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შესწავლისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი კასატორ მ. ბ-ის მიმართ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით (მე-3 და მე-4 პუნქტებით) ირკვევა, რომ ი. ზ-ეს დაეკისრა შპს მ. „ბ-ის" სასარგებლოდ 28 758 აშშ დოლარის და 78 ცენტის წლიური 10%-ის გადახდა, 2013 წლის 9 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ი. ზ-ეს დაეკისრა შპს მ. „ბ-ის" სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 11.5 აშშ დოლარის ოდენობით, 2013 წლის 9 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ. ს.ფ. 233).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება.

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი მ. ბ-ის მიმართ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა აღნიშნული სასამართლო აქტი. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სადავო გადაწყვეტილება მის მიმართ შესულია კანონიერ ძალაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

მოსამართლე ნინო ბაქაქური