საქმე №ას-867-829-2014 23 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ხ-ა (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - გ. ხ-ა, ინდ.მეწარმეები: ნ. ბ-ა, ი. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ხ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის, გ. ხ-ას, ასევე ინდივიდუალური მეწარმეების: ნ. ბ-ასა და ი. ბ-ის მიმართ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.11.2013 სხდომის ოქმი) და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2013 წლის 5 ივლისს ქ.თბილისში, გ-ის პირველ მიკრორაიონში, მე-... კორპუსში მდებარე N19 ბინაში აღწერილი და დაყადაღებული ნივთების: 1) მაცივრის; 2) ორი საწოლის; 3) ორი კარადის; 4) „ტრილიაჟის“; 5) ორი ტუმბოს; 6) კომოდის (ორკარიანი პატარა); 7) ტელევიზორი JVC-ს (ნაცრისფერი); 8) სარეცხი მანქანა BEKO-ს; 9) პიანინოს; 10) სამეულის (კომპლექტი); 11) ტელევიზორი JVC-ს (შავი ფერის); 12) ტელევიზორის დასადგამის (ყავისფერი); 13) ვიდეო JVC-ს; 14) მაგნიტოფონი PANASONIC-ის; 15) LG-ის მონიტორის (შავი ფერის); 16) დინამიკების; 17) ვიდეო თვალის; 18) კლავიატურისა და 19) კეისის ყადაღისაგან გათავისუფლება.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა 1996 წლიდან. ბინა მან მიიღო ჩუქების გზით, ასევე აჩუქეს ბინაში არსებული მოძრავი ნივთები, ნაწილი კი თავად შეიძინა. მოვალე გ. ხ-ა არ არის არც უძრავი ქონების და არც მასში არსებული ნივთების მესაკუთრე, ის დროებით იმყოფებოდა მოსარჩელესთან და არც ჩაწერილია ამ მისამართზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელმა არასწორად აღწერა და დააყადაღა სარჩელში მითითებული მოძრავი ქონება.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია სარჩელში მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ ის, რომ სადავო ნივთები მის მიერაა შეძენილი, ამ გარემოების დამტკიცება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეს ევალება.
ამასთანავე, მართალია, უძრავი ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოვალე გ. ხ-ა, როგორც მეწარმე, ამავე მისამართზეა რეგისტრირებული და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მეწარმის იურიდიულ მისამართზე მოძიებულ ქონებას დაადო ყადაღა.
მოპასუხე გ. ხ-ამ სარჩელი ცნო, ხოლო ინდ.მეწარმეებს: ნ.ბ-ასა და ი.ბ-ს არც შესაგებლით მიუმართავთ სასამართლოსათვის და არც სხდომაზე გამოცხადებულან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ყადაღისაგან გათავისუფლდა მოსარჩელის კუთვნილი ქონება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2013 წლის 5 ივლისს აღიწერა და დაყადაღდა ქ.თბილისში, გ-ის პირველ მიკრორაიონიის N... კორპუსში მდებარე N32 ბინაში განთავსებული შემდეგი ნივთები: 1) მაცივარი; 2) ორი საწოლი; 3) ორი კარადა; 4) ტრილიაჟი; 5) ორი ტუმბო; 6) კომოდი (ორკარიანი პატარა); 7) ტელევიზორი JVC (ნაცრისფერი); 8) სარეცხი მანქანა BEKO; 9) პიანინო; 10) სამეული (კომპლექტი); 11)ტელევიზორი JVC (შავი ფერის). 12) ტელევიზორის დასადგამი (ყავისფერი); 13) ვიდეო JVC; 14) მაგნიტოფონი PANASONIC; 15) მონიტორი LG (შავი ფერის); 16) დინამიკები; 17) ვიდეო თვალი; 18) კლავიატურა 19) ე.წ „კეისი“;
ქონება აღიწერა და დაყადაღდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივნისის N3/2212-13 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლითაც ყადაღა დაედო მოვალე გ. ხ-ას მოძრავ ქონებას;
ქ.თბილისში, გ-ის პირველი მიკრორაიონის N...კორპუსში მდებარე N19 ბინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით ირიცხება ე. ხ-ას სახელზე;
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რადგანაც, დგინდებოდა სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ ამა თუ იმ სამოქალაქო საქმის სწორად გადაწყვეტისათვის და სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად აუცილებელია ფაქტების დადგენა, რაც მხოლოდ მტკიცებულებათა მეშვეობით არის შესაძლებელი, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს დასაშვებ მტკიცებულებათა ზუსტ ჩამონათვალს, რომელიც ითვალისწინებს მოწმის ჩვენებასაც. აღნიშნულ მტკიცებულებათაგან ნებისმიერი დასაშვებია და მხარეს თავისი შეხედულებით შეუძლია, განსაზღვროს, თუ რომელი მტკიცებულება უნდა გამოიყენოს და წარადგინოს სასამართლოში თავისი უფლების დასაცავად. მოძრავ ნივთებთან მიმართებით პირის უფლების დადგენა მხოლოდ რაიმე გარკვეული სახის მტკიცებულებით, კანონით დადგენილი არ არის.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა პირებმა: მ. ხ-ამ, გ. ა-მ, ჯ. ბ-ამ და ნ. მ-მა დაადასტურეს, რომ ქ.თბილისში, გ-ის პირველ მიკრორაიონში, N.... კორპუსში მდებარე N19 ბინაში განთავსებული ნივთები, რომლებიც აღწერილი და დაყადაღებულ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, წარმოადგენს ე. ხ-ას საკუთრებას. ამ მტკიცებულებების გამაბათილებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, მფლობელის კეთილსინდისიერებაზე დაყრდნობას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მიიჩნევა.
სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. ამ თვალსაზრისით პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზეც.
საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ბინა რეგისტრირებული იყო ე. ხ-ას სახელზე, შესაბამისად, ივარაუდებოდა, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი სწორედ მოსარჩელე იყო.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაემტკიცებინა, ე ხ-ას საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში განთავსებულ და მის მფლობელობაში მყოფ ნივთებზე მფლობელის არაუფლებამოსილებისა და ამ ნივთების გ. ხ-ასადმი კუთვნილების ფაქტი, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნული კი, ე. ხ-ას კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნია სასამართლომ.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32.1 მუხლით და განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი მიჩნეულია მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებით, აღძრას სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ვინაიდან დგინდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მესამე პირის სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლოს არ გამოუკვლევია დავისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, რის გამოც არასწორად გადაწყვიტა იგი, მოცემულ შემთხვევაში, ქონების რეალიზაციის უფლება მოპოვებული იყო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად კი, ამ გადაწყვეტილებას ყველა პირის მიმართ სავალდებულო ძალა გააჩნია, ამასთანავე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, არსებობდა აღსრულებას დაქვემდებარებული აქტი - კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინება ქონების რეალიზაციის თაობაზე და ამ განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელიც უნდა აღსრულებულიყო.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ განმარტა, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის ქონებას, რაც არასწორია, სასამართლომ არ გაითვალისწინა ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის დათქმა, რომ აღსრულებას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ნივთებისა. იგულისხმება, რომ ნივთები, რომელსაც პოულობენ მოვალესთან, მისი საკუთრებაა.
ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად არ იხელმძღვანელეს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით განსაზღვრული მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციით, რაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებთან ერთად ადასტურებს სააღსრულებო ბიუროს მიერ ნივთების სწორად დაყადაღების ფაქტს.
საყურადღებოა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო სასამართლომ საქმის გარემოებების გამოკვლევისას დაარღვია ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტიც, რომ ქონება დაყადაღდა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, 2013 წლის 24 ივნისს ყადაღა დაედო მოვალე გ.ხ-ას ქონებას, ხოლო 2013 წლის 5 ივლისს აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა ქონება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახური სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგანაც ამ საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რაც სრულადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში (იხ. სუსგ №ას-1777-1755-2011 4 ივნისი, 2012 წელი, №ას-262-253-2012 25 ივნისი, 2012 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე