Facebook Twitter

№ას-923-885-2014 26 თებერვალი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შ. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ქმედების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. მ-მ მოპასუხე შ. კ-ას მიმართ და მოითხოვა:

1. მოპასუხისათვის წერილობით ბოდიშის მოხდის დავალდებულება;

2. მოპასუხისათვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად თვეში 150 ლარის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, 19.08.2013წ. მან სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს „მ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა იძულებითი განაცდურისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე 24.10.2013წ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა შ. კ-ამ, მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, სასამართლოს განუმარტა, რომ 03.10.2008წ. განაჩენით მოსარჩელე კი არ გამართლდა, არამედ შეწყალებულ იქნა. ამ განმარტებით შ.კ-ამ სასამართლოს მიაღებინა საქმის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის წარმომადგენელის ზემოხსენებული განმარტებით შეილახა მისი პატივი და ღირსება და მიადგა ზიანი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 24 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე, №2/462-13 საქმის განხილვისას, მოპასუხის წარმომადგენელმა შ. კ-ამ მოსარჩელის მისამართით გამოიყენა სიტყვები - „შეწყალებული იქნა“, ნაცვლად სიტყვებისა – „გამართლებული იქნა“.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხის მიერ წარმოთქმული სიტყვით შეილახა მისი პატივი და ღირსება და ზიანი მიადგა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებულ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრებოდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე შ. კ-ას მიერ სადავო სიტყვების წარმოთქმა გამოწვეული იყო შეცდომით, რომელიც მან იქვე გამოასწორა. აქედან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ წარმოთქმული სიტყვებით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის განჩინებით:

1. მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლიდან გამომდინარე, დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის (იგივე აპელანტის) მიერ მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: შ. კ-ამ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მ. მ-ის მიმართ წარმოთქვა სიტყვები, რომ ის იქნა შეწყალებული. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული, დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, უსაფუძვლო იყო.

სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და 24-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე კანონის მე-13 მუხლით.

ზემოთ დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ცილისწამებისათვის პირს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაავრცელებს არსებითად მცდარ ფაქტებს, რითაც ამ პირს ზიანი მიადგა, ანუ ფაქტი უნდა იყოს მცდარი, მოგონილი, ყალბი და მან ზიანი უნდა მიაყენოს მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შ. კ-ას მიერ მ. მ-ის მიმართ წარმოთქმული სიტყვები, რომელიც მან წარმოთქმისთანავე შეასწორა, არ შეიძლებოდა მ მ-ის მიმართ არასწორი ინფორმაციის გავრცელებად და მისთვის ზიანის მიყენებად მიჩნეულიყო, შესაბამისად, მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი იურიდიულად გაუმართლებელი იყო და იგი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მ.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ კასატორის მიმართ არსებობს გამამართლებელი განაჩენი;

განჩინებაში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ სხდომაზე წარმოთქმული სიტყვა გაასწორა შ. კ-ამ, არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით;

არასწორია განჩინებაში მითითებულ გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მ. მ-მ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება, სინამდვილეში მან ითხოვა სასამართლო სხდომის გადადება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე მოპასუხე სს „მ-ის“ წარმომადგენელმა შ. კ-ამ განმარტა, რომ 03.10.2008წ. განაჩენით მოსარჩელე კი არ გამართლდა, არამედ შეწყალებულ იქნა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ზმოხსენებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ე.ი. ცილისწამებაა, რაც ლახავს მის პატივსა და ღირსებას და აყენებს ზიანს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ საკითხის გარკვევამდე, წარმოადგენს თუ არა სადავო განცხადება ცილისწამებას, უპირველესად, უნდა შემოწმდეს, ხომ არ არსებობს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება. ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს ცილისწამების თაობაზე აღძრული სარჩელი, თუნდაც სადავო განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შეიცავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც გამორიცხავენ ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია: ა) პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის ან საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის ან საკრებულოს, აგრეთვე მათი კომიტეტის სხდომაზე, პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში; გ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი ნორმა შეეხება წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე პირის მიერ გაკეთებულ არა ნებისმიერ განცხადებას, არამედ მხოლოდ ისეთ განცხადებას, რომელიც პირის მიერ გაკეთებულია თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, რაც უშუალოდ უკავშირდება მისი, როგორც პროცესუალური მხარის უფლებამოსილებას. ასეთი განცხადება ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინება, საქმეზე #ას-268-591-09; ამავე სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება, საქმეზე №ას-335-319-2013).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო განცხადება გაკეთებულია სასამართლო პროცესზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, შესაბამისად, ასეთი განცხადება ვერ გამოიწვევს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო განცხადების უარყოფისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმის, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე