საქმე №ას-936-898-2014 12 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე. ი-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალი (მოპასუხე)
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართ და მოითხოვა შემდეგი: სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 1 აპრილის №59/კ ბრძანების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 29 მარტის №8-198 აქტისა (მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების ნაწილში) და 2013 წლის 29 მარტის №8/171 წერილის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის, 2013 წლის 1 აპრილის სახელფასო დავალიანებისა და 2012-2013 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
ე. ი-ი 2009 წლიდან მუშაობდა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში. 2011 წლის 4 აგვისტოდან გათავისუფლებამდე კი, მუშაობდა მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორად.
სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის 2013 წლის 1 აპრილის №59/კ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების დღეს ჰოსპიტალის დირექტორმა მოსარჩელესა და სხვა თანამშრომლებს გააცნო გენერალური ინსპექციის დასკვნა და აცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2013 წლის 8 თებერვლიდან 10 მარტამდე განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით, მონიტორინგისა და კონტროლის სამსახური ვერ ასრულებდა დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, იქ მომუშავე ოთხივე თანამშრომელი გათავისუფლებული იყო სამსახურიდან, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი არც ერთ თანამშრომელს არ გადასცემია.
მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის 2007 წლის 14 სექტემბრის №609 ბრძანება, „სამხედრო ჰოსპიტლის შინაგანაწესის შესახებ“ მე-7 მუხლის 7.2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ხოლო გათავისუფლებას ფაქტობრივ საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2013 წლის 29 მარტის წერილი №8/171. დასაქმებული გათავისუფლდა კანონდარღვევით, ამასთან იგი, როგორც ინგლისური ენის მცოდნე, მონაწილეობას იღებდა სამხედრო ჰოსპიტლისთვის საჭირო ე.წ ID ბარათების დამზადებაში და შესრულებული სამუშაოთი სარგებლობდა დამსაქმებელი, რომელიც არ იყო ერთჯერადი საქმიანობა. 2013 წლიდან ასევე დაევალა ავტომობილების საშვების გაცემა და, გარდა აღნიშნულისა, ჰოსპიტლის დირექტორის მითითებების საფუძველზე უხდებოდა არა ერთი დავალების შესრულება.
მოსარჩელის განმარტებით, გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა ვინაიდან მასში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ერთ-ერთი მხარის მიერ შრომის პირობების დარღვევა. დასაქმებულს შრომის პირობები არ დაურღვევია, რადგან არანაირი შრომითი ხელშეკრულება არ ყოფილა მას და დამსაქმებელს შორის დადებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული ინსპექტირების დროს მოსარჩელის საქმიანობა არ შემოწმებულა, გადაწყვეტილება მიღებულია სათანადო გარემოებების გამოკვლევის გარეშე და შემოწმების აქტში არასწორადაა მითითებული, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მოხსენებით ბარათში ასევე მითითებულია, რომ მოსარჩელე იყო უფუნქციო, რაც არასწორია. გათავისუფლების ბრძანებაში ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის 2007 წლის 14 სექტემბრის №609 ბრძანების მე-7 მუხლის 7.2. პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლითაც დისციპლინური სახდელის სახით გათვალისწინებულია დასაქმებულის გათავისუფლება. მითითებული ნორმა ითვალისწინებს უფრო მსუბუქი ზომის სახდელებსაც, თუმცა დამსაქმებელს არც ერთი მათგანი არ გამოუყენებია და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაათავისუფლა დასაქმებული თანამდებობიდან, ე.ი-ი არა ერთხელ დაჯილდოვდა პრემიით სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.
მიუხედავად გენერალური ინსპექციის 2009 წლის 17 ოქტომბრის აქტის მითითებისა, არც დებულებაში და არც შინაგანაწესში კონკრეტულ პირთა უფლება-მოვალეობები არ გაწერილა, სწორედ ამიტომ ახორციელებდა მოსარჩელე იმ საქმიანობას, რასაც ხელმძღვანელობა ყოველდღიურად ავალებდა, ამასთან, გათავისუფლების ბრძანების გამოცემისას არ მოხდა იმის გათვალისწინება, რომ მოსარჩელე არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი.
მოპასუხე სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 29 მარტის მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ე. ი-ი, ისევე როგორც სამხედრო ჰოსპიტლის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის სხვა თანამშრომლები, ვერ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, ვერ იქნა მოძიებული მათ მიერ შესრულებული რაიმე წერილობითი დოკუმენტი. ამასთან, 2009 წლის 17 დეკემბრის გენერალური ინსპექციის დასკვნაში ვერ მოხვდებოდა კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის თაობაზე რაიმე მითითება, ვინაიდან ეს სამსახური შეიქმნა 2010 წლის თებერვალში. მართალია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შემოწმება მიმდინარეობდა 2013 წლის 8 თებერვლიდან 2013 წლის 10 მარტამდე, თუმცა მათ მიერ შესამოწმებელი პერიოდი იყო 2010 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე დროის მონაკვეთი.
კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებში არ შედიოდა ID ბარათების დამზადება, მას ახორციელებდა საკადრო უზრუნველყოფის სამსახური. კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის დანიშნულება, მისი დასახელებიდან გამომდინარე, სხვადასხვა განყოფილებების თანამშრომელთა საქმიანობის აღწერა და შემოწმებაა არა მხოლოდ ფორმალური, არამედ ფაქტობრივი თვალსაზრისითაც, რასაც დასახელებული სამსახური არ ახორციელებდა. თავად ე. ი-მაც კი არ იცოდა მისი უფლება-მოვალეობების შესახებ და იგი უშუალო უფროსისგან იღებდა მითითებებს, ეს უკანასკნელი კი ახორციელებდა სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანებებს. მითითებული გარემოების გამო, შესაძლოა, იკვეთებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის ნიშნებიც, რის გამოც ფაქტები გადაიგზავნა საგამოძიებო ორგანოში. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებს, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ე. ი-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, წინამდებარე დავაზე იგი მოპასუხეს არ წარმოადგენდა და ამ ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელის არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით ე. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ე. ი-ი, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის 2009 წლის 16 დეკემბრის №123/კ ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ჰოსპიტალის მიმღები და ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სამსახურის მიმართულების მიმღების მოლარის თანამდებობაზე, საიდანაც 2010 წლის 12 თებერვლიდან გათავისუფლდა და იმავე დღეს დაინიშნა სამხედრო ჰოსპიტალის საფინანსო-ეკონომიკური უზრუნველყოფის სამსახურის მოლარის თანამდებობაზე. 2010 წლის 19 თებერვლიდან, ე. ი-ი გადაყვანილი იქნა საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის კადრების ოპერატორის თანამდებობაზე, ხოლო 2011 წლის 4 აგვისტოს, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის №111/კ ბრძანებით გადაყვანილი იქნა მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე;
სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 1 აპრილის №59/კ ბრძანებით ე. ი-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2013 წლის 29 მარტის №8/171 წერილი;
2013 წლის 17 მაისს გაცემული №5/1981 ცნობის თანახმად, ე. ი-ისათვის სსიპ საქართველოს თავადაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურში მუშაობის დროს დარიცხული ხელფასი შეადგენდა - 1 050 ლარს, ხელზე ასაღები - 840 ლარს, ხოლო კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან დარიცხული ხელფასი შეადგენდა 850 ლარს, ხელზე ასაღები კი - 680 ლარს;
სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის 2013 წლის 3 მაისის №5/1842 წერილის თანახმად, ე. ი-ს ხელფასი ანაზღაურებული აქვს - 2013 წლის მარტის ჩათვლით, ხოლო 2013 წლის 1 აპრილიდან იგი გათავისუფლდა სამსახურიდან. რაც შეეხება შვებულებას, მას 2012 წლის გამოუყენებლი შვებულების დღეები გადატანილი ჰქონდა 2013 წელს;
ე. ი-ი სხვა პირებთან ერთად ირიცხებოდა ჰოსპიტალის ფლობა-სარგებლობაში არსებული ქონების ინვენტარიზაციის, აფთიაქისა და საწყობის აღწერის კომისიის წევრად, აღნიშნულს ადასტურებს სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2012 წლის 17 დეკემბრის №84 ბრძანება. ასევე დასტურდება, რომ ე. ი-ი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის რამდენჯერმე დაჯილდოვებული იყო ფულადი პრემიით;
საქმეზე დართული ID ბარათების აღრიცხვის 2012 წლის ჟურნალით პალატამ დადგენილად ცნო, რომ 26 პირზე ID ბარათები გაცემულია ძირითადად 2012 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ხოლო ავტომობილის საშვების 2011 წლის სარეგისტრაციო ჟურნალის შესაბამისად, საშვი გაიცა სამხედრო ჰოსპიტალის 86 თანამშრომელზე;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 29 მარტის №8-198 მოხსენებითი ბარათით სამხედრო ჰოსპიტალში 2010 წელს შექმნილი (4 საშტატო ერთეული) მონიტორინგის სამსახური მიჩნეულ იქნა უფუნქციოდ, ვინაიდან მისი საქმიანობის შესახებ ვერ იქნა მოძიებული რაიმე წერილობითი დოკუმენტი. მონიტორინგისა და კონტროლის სამსახური და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები, დანიშვნის დღიდან სამხედრო ჰოსპიტალში ვერ ახორციელებდნენ მონიტორინგსა და კონტროლს, მათი დამოკიდებულება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისადმი არის შეუთავსებელი მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან. ამავე დასკვნით სსიპ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს“ დაევალა ჰოსპიტალის მონიტორინგის სამსახურის და მისი თანამშრომლების სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა;
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოს შიდა ქართლის საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის - რ. ჭ-ის 2013 წლის 17 ივნისის წერილის მიხედვით, აღნიშნულ განყოფილებაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე 2010-2012 წლებში სსიპ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამდებობის პირების სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით;
გორის ინგლისური ენის სკოლის მიერ 2013 წლის 15 მაისს გაცემული წერილის თანახმად, 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2013 წლის 15 თებერვლამდე ე. ი-ი სწავლობდა ინგლისური ენის სკოლაში, მეცადინეობები უტარდებოდა ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 10 სთ-დან - 11:30 საათამდე;
სსიპ ქ.გორის №7 საჯარო სკოლის დირექტორის 2013 წლის 20 მაისს №4-106 წერილით ასევე დასტურდება, რომ ე. ი-ი ამავე სკოლაში მუშაობდა დროებით შემცვლელ პედაგოგად - 2012 წლის 21 თებერვლიდან 2012 წლის 26 ივნისამდე 4-საათიანი კვირეული დატვირთვით;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 26 ივნისის №1247111 და 2013 წლის 24 ივნისის №1228849 წერილებით, ასევე მათზე თანდართული ინფორმაციის თანახმად, ე. ი-მა 2010 წლის იანვრიდან 2011 წლის იანვრის ჩათვლით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი;
სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის 2013 წლის 3 მაისის №5/1842 წერილის თანახმად, 2013 წლის 1 აპრილს ე. ი-ი იმყოფებოდა სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე, თუმცა მას რაიმე სამსახურებრივი დოკუმენტი მითითებული თარიღით არ შეუსრულებია;
ე. ი-ი არაჯეროვნად ასრულებდა შრომით მოვალეობებს.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 მუხლით, პირველი მუხლის პირველი ნაწილით და რამდენადაც მხარეებს შორის სადავო არ იყო მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შრომით–სამართლებრივი ხასიათი, მიიჩნია, რომ არსებული ურთიერთობის შეწყვეტის საკითხი რაიმე სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოწესრიგების სფეროში არ ექცეოდა და იგი ექვემდებარებოდა შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმებით დადგენილ რეგულირებას.
პალატის განმარტებით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოდგენს ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა.
სადავოს წარმოადგენდა იმის გარკვევა, დაარღვია თუ არა ე. ი-მა, როგორც მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორმა, დაკისრებული შრომითი მოვალეობები.
სააპელაციო პალატის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის სამსახურეობრივი ფუნქციები წერილობით არ ყოფილა განსაზღვრული, ე. ი-ისათვის ცნობილი იყო და მას გაცნობიერებული ჰქონდა სამსახურში მის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციური დატვირთვა. სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა იმ კონკრეტულ ფუნქციებზე, რასაც ის ახორციელებდა და ეს არ იყო მხოლოდ თანამშრომელთათვის ID ბარათებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. ის გარემოება, რომ სამსახურებრივი ფუნქციები წერილობითი ფრომით არ არსებობდა, პალატის შეფასებით, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად ვერ იქნებოდა მიჩნეული, მით უმეტეს, რომ დადგინდა ე. ი-ის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქცია, სხვაგვარად გაუმართლებელი იქნებოდა 2011 წლის აგვისტოდან გათავისუფლების მომენტამდე სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელების მოტივაცია და ხელფასის მიღება.
პალატის განმარტებით, ID ბარათების დამზადების მიზანი მათი გამოყენების შედეგად თანამშრომელთა გაკონტროლება იყო. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი ბარათების საშუალებით აკონტროლებდა თანამშრომლებს. გამოუცხადებელ პირთა დაზუსტების მიზნით, სხვადასხვა განყოფილების უფროს მედდებს უკავშირდებოდა ტელეფონით, შეგროვებული ინფორმაცია ყოველდღიურად შეჰქონდა ჰოსპიტალის დირექტორთან. დაგვიანების ან თანამშრომლის მიერ სამსახურის გაცდენის შემთხვევებში, ჰოსპიტალის თანამშრომლებს აწერინებდა ახსნა-განმარტებებს, რასაც მიეცემოდა შესაბამისი მსვლელობა.
სასამართლოს შეფასებით, თავად ID ბარათების დამზადება კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების ძირითად კომპონენტს არ წარმოადგენს, ხოლო უკვე დამზადებული ID ბარათებით პირთა შესვლა-გასვლაზე მეთვალყურეობა ან/და რეაგირება, წარმოადგენს მონიტორინგს.
მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორის ფუნქციის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ ე. ი-ს ჯეროვნად შეესრულებინა მისი მოვალეობა, მისგან, როგორც მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორისაგან, საჭირო და აუცილებელი იყო სამსახურში გამოცხადების დისციპლინის ზედმიწევნით დაცვა, რაც საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რაც თავისთავად მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა.
ე. ი-ის გათავისუფლების საფუძველი სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნი შესრულება იყო. მოსარჩელის მტკიცებით კი იგი, როგორც კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ინსპექტორი, ახორციელებდა ID ბარათების გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაციის პროგრამიდან ამობეჭდვასა და მის წარდგენას ჰოსპიტალის დირექტორისთვის.
გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტს არ ადასტურებდა მისი უშუალო უფროსის - ზ. კ-ის ჩვენება, კერძოდ, არ დასტურდებოდა ფაქტი, რომ ID ბარათების გამოყენებით მოპოვებულ ინფორმაციას ე. ი-ი წარუდგენდა ჰოსპიტალის დირექტორს, ასევე ის, მოსარჩელე ამოწმებდა თუ არა გამოცხადებულ პირებს სამსახურის უფროსებთან, მაგალითად, მობილური ტელეფონის საშუალებით, რასაც თავად მხარე უთითებს სარჩელში.
სარჩელის თანახმად, ე.ი-ი ჰოსპიტალის თანამშრომლებს, დაგვიანების შემთხვევაში, აწერინებდა განცხადებასა და ახსნა-განმარტებებს, თუმცა წარდგენილი დოკუმენტები დაწერილი იყო ჰოსპიტალის დირექტორის სახელზე, ასევე მათ არ ჰქონდა რეზოლუცია (ე. ი-ზე რაიმე სახის დავალება, რათა მოეხდინა რეაგირება), ამასთანავე, მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება მის მიერ განცხადებებისა და ახსნა-განმარტებების შემდეგ განხორციელებული ქმედებების თაობაზე.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული აქვს არა ერთი ფულადი პრემია და 2012 წლის 17 დეკემბრის N84 ბრძანებით იგი შეყვანილ იქნა ჰოსპიტალის ფლობა-სარგებლობაში არსებული ქონების ინვენტარიზაციის კომისიაში წევრად. დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, რაც გამორიცხავდა ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხსენებითი ბარათის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე იყო უსაფუძვლო, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც არ დაკმაყოფილდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა, მოსარჩელეს არ შეიძლება გააჩნდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მოხსენებითი ბარათის (ნაწილობრივ) ბათილად ცნობის მიმართ.
გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელანტს პრეტენზია არ წარუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მსჯელობას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უკანონოა და არ უნდა დართვოდა საქმეს. სასამართლოს მითითებით, აპელანტს არ გაუსაჩივრებია ის საოქმო განჩინება, რითაც საქმეს დაერთო მტკიცებულებები, ამასთანავე, აპელანტს არ მიუთითებია საპროცესო ნორმა, რომლის დარღვევითაც იყო ეს მტკიცებულებები საქმეში წარდგენილი, აპელანტი მიუთითებდა მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევაზე, რაც სააპელაციო პრეტენზიის დაუსაბუთებლობაზე მეტყველებდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ი-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
კასატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ დაურღვევია შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის განაწესით დადგენილი პირობები, სამხედრო ჰოსპიტალისა და კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ე.ი-ი ამზადებდა ე.წ ID ბარათებს თანამშრომელებისათვის, ამ მიზნით აგროვებდა დოკუმენტებს, უგზავნიდა შესაბამის უწყებას და იღებდა მზა ბარათებს, ასევე ასრულებდა უშუალო ხელმძღვანელის დავალებებს.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მონიტორინგის სამსახურის უფლება-მოვალეობები წერილობით არ ყოფილა განსაზღვრული, უდავოა, რომ ეს გარემოება კასატორისა და მონიტორინგის სამსახურის სხვა თანამშრომლების ბრალით არ მომხდარა, ამასთანავე, მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულების არსებობის გამო, როგორც კასატორი, ისე ამავე უწყების სხვა თანამშრომლები ასრულებდნენ იმ დავალებებს, რომელთა შესრულებაც კანონით ევალებოდათ.
სამსახურის გაცდენის ფაქტთან დაკავშირებით კასატორმა განმარტა, რომ სამუშაო განრიგი მას შეთანხმებული ჰქონდა ხელმძღვანელობასთან, რაც დადასტურებულია ე.ი-ის უშუალო უფროსის, ასევე სხვა თანამშრომლების განმარტებით, კასატორს ამის გამო შენიშვნა არ მიუღია. ამდენად, მოპასუხის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენდა დასაქმებულის შრომით უფლებების დარღვევას, რაც განპირობებული იყო არა ბრძანებაში აღნიშნული, არამედ სხვა საფუძლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ე. ი-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. ი-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ე. ი-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 6 ოქტომბრის N300 საგადახდო დავალებით გადახდილი 300ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ე. ი-ს (პ/№.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 6 ოქტომბრის N300 საგადახდო დავალებით გადახდილი 300ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე