Facebook Twitter

ბს-771-358(კ-05) 26 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 14 სექტემბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონის გამგეობამ მოპასუხე ე. კ-ის მიმართ. სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ..... მდებარე სპორტული დარბაზი შეიქმნა 1980 წელს და უწყებრივად ირიცხებოდა რაიონის სპორტკომიტეტის ბალანსზე. მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 7 მაისის ¹249 დადგენილებით აღნიშნული ობიექტი შეყვანილ იქნა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში, როგორც სახელმწიფო ფირმა “ე-ის”@სპორტულ-ტურისტული ფირმა, ხოლო რეალურად იჯარა-გამოსყიდვის წესით პრივატიზება განხორციელდა რაიონის სპორტკომიტეტზე უწყებრივად რიცხული ... მდებარე სპორტული დარბაზის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოთ მითითებულ ფირმას არავითარი უძრავი ქონება, მათ შორის, არც სპორტდარბაზი არ გააჩნდა, ინფორმაცია, ობიექტის პრივატიზების შესახებ გამოქვეყნდა ოთხჯერ გაზეთ “ .......-ში”.

სპორტულ-ტურისტულ ფირმა “ე-ის” სპორტული დარბაზის შენობა პრივატიზებულ იქნა 1997წ. 29 დეკემბერს _ 10 წლის ვადით იჯარა-გამოსყიდვის ფორმით ე. კ-ის მიერ, რომელსაც სრულად აქვს გადახდილი გამოსასყიდი თანხა _ 3.128 აშშ დოლარის ოდენობით.

მოსარჩელის განცხადებით, სპორტულ-ტურისტული სახელმწიფო ფირმა “ე-ის” იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება და საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი კანონშეუსაბამოა, რადგან ადგილობრივ გაზეთში საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის გამოქვეყნებისას დაირღვა “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 9 აგვისტოს ბრძანების მოთხოვნები. გარდა ამისა, დაირღვა ასევე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 8 სექტემბრის “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის პრივატიზების შესახებ” დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და სკ-ის 150-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა 1997წ. 29 დეკემბრის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებისა და საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობას. მოსარჩელის მოთხოვნით, საქმეში თანამოპასუხედ ჩაება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 1997წ. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი, სამტრედიის სამმართველოსა და ე. კ-ეს შორის აღდგა ხელშეკრულებამდელი მდგომარეობა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. კ-ემ.

აპელანტი საჩივარს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:

1. რაიონულმა სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლები და არ მიიღო ზომები დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარმოსადგენად;

2. სასამართლოსათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საიჯარო ხელშეკრულება თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენდა და არა ადმინისტრაციულ აქტს, რის გამოც სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილი, რადგან აღნიშნულ მუხლში საუბარია არა ადმინისტრაციულ გარიგებაზე, არამედ ადმინისტრაციულ აქტზე;

3. სასამართლოს მხრიდან სრულიად უმართებულოდ იქნა გამოყენებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლიც, რადგან ამ მუხლის მიხედვით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რადგან მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადმინისტრაციულ გარიგებასთან და არა ადმინისტრაციულ აქტთან;

4. სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დარღვევით, ვერ უზრუნველყო რეალური ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა ე. კ-ემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირა, ასევე, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ.

მოწინააღმდეგე მხარემ _ სამტრედიის რაიონის გამგეობამ, სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება და სამტრედიის რაიონის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

1. “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონი განსაზღვრავს ქონების პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს. კანონის მესამე მუხლის მე-5, მე-6 პუნქტებით განსაზღვრულია მმართველობის ადგილობრივი ორგანოს ფუნქციები სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში. ამ უფლების შეზღუდვის შემთხვევაში ისინი უფლებამოსილი არიან, მიმართონ სასამართლოს. ყველა სხვა შემთხვევაში სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მხარეებს წარმოადგენენ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები და ფიზიკური, ან იურიდიული პირები, რომლებიც ზემოხსენებული კანონის თანახმად შეიძლება იყვნენ სახელმწიფო ქონების მყიდველნი;

2. პალატამ ჩათვალა, რომ, რადგან სამტრედიის გამგეობა არ უარყოფს ე. კ-ის მიერ ქონების ღირებულების გადახდის ფაქტს, გარემოებები, რომლის გამოც რაიონის გამგეობა ითხოვს პრივატიზაციის შედეგების ბათლად ცნობას, პირდაპირ და უშუალო კავშირში არ არის და ზიანს არ აყენებს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს;

3. სსკ-ის მე-2 მუხლზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე ვერ უთითებდა მისი კანონით დაცული ინტერესების დარღვევის ფაქტზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონის გამგეობამ. საჩივარში კასატორი აღნიშნავდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არ გამოყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ფაქტობრივად შემდგარია ნასყიდობა ქონების მართვის სამმართველოსა და ე. კ-ეს შორის, დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონითY დადგენილ წესსა და აკრძალვებს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა დ პრივატიზების სამმართველო ვალდებული იყო, ეხელმძღვანელა სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით და ბათილად ჩეთვალა გარიგება.

გარდა ამისა, კასატორის განცხადებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ე. კ-ესა და ქონების აღიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შორის დადებული ხელშეკრულებით დაირღვა სახელმწიფო ქონების გასხვისების წესი, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირშია რაიონის გამგეობის ინტერესებთან და ზიანს აყენებს რაიონის გამგეობის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა საოლქო სასამართლოს 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი სამტრედიის რაიონის გამგეობა საკასაციო საჩივრის საფუძველზე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მაგრამ საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს სადავოდ გამხდარ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოადგენს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რის გამოც, საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, ეჭქვეშ დააყენოს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და, თავის მხრივ, დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 7 მაისის ¹249 დადგენილებით დამტკიცდა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, რომელშიც, გასაყიდ ობიექტთა შორის, შეტანილ იქნა სპორტულ-ტურისტული სახელმწიფო ფირმა “ე-ი”, მდებარე ქ. სამტრედიაში, ......

...... ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზი უწყებრივად ირიცხებოდა სამტრედიის რაიონის გამგეობის სპორტკომიტეტის ბალანსზე, ამდენად, უდავოა, რომ კასატორისთვის იმთავითვე ცნობილი იყო პრივატიზაციის ფაქტი, რაზედაც ამ უკანასკნელს 2004 წლამდე პრეტენზია არ განუცხადებია, უფრო მეტიც, კასატორი არც ამ ეტაპზე ხდის სადავოდ დარბაზის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანის ფაქტს.

ინფორმაცია სპორტულ-ტურისტული ფირმა “ე-ის” სპორტდარბაზის პრივატიზაციის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ “ ......-ში” 1996წ. 26 მარტს, 26 აგვისტოს, 25 ოქტომბერს და 1997წ. 25 ნოემბერს.

1997წ. 25 დეკემბერს ობიექტის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით შედგა კონკურსი, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულად გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე ე. კ-ე, რომელსაც 10 წლის ვადით იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცა სადავო ობიექტი. ობიექტის ღირებულება ე. კ-ის მხრიდან 2004წ. 27 ივლისის მდგომარეობით დაფარულია სრულად.

დადგენილია, რომ იჯარა-გამოსყიდვის თაობაზე ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოს და ე. კ-ეს შორის 1997წ. 23 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება განადგურებულია ხანძრის შედეგად. კასატორი, მართალია, ეჭვქვეშ აყენებს მითითებული ხელშეკრულების დადების ფაქტს, მაგრამ იმავდროულად სარჩელის საფუძველზე ითხოვს ამ ხელშეკრულების ბათილობას, ხელშეკრულების პირობების დაუცველობის მოტივით, რითაც, კასატორი თავადვე ადასტურებს ქონების მართვის სამინისტროს სამტრედიის სამმართველოსა და ე. კ-ეს შორის 1997წ. 29 დეკემბერს დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების არსებობის ფაქტს.

ამასთან, საყურადღებოა, რომ კასატორი არ ითხოვს პრივატიზაციის ბათილობას ხელშეკრულების არარსებობის მოტივით, ხელშეკრულების ბათილობის ერთადერთ საფუძვლად კასატორი უთითებს სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევებზე, რომლის შესაბამისადაც, მოიჯარე ვალდებული იყო, საიჯარო ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის ვადაში დაეფარა საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 51%.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ურთიერთვალდებულებათა დაუცველობის მოტივით, ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლება აქვთ მხოლოდ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს, ვინაიდან ამ უკანასკნელის საფუძველზე შესაძლოა მხოლოდ მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები შეილახოს.

კასატორი არ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების მხარეს, საკასაციო სასამართლო განმეორებით უსვამს ხაზს იმ საკითხს, რომ გამგეობას სადავოდ არ გაუხდია ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანა, ე.ი. პრივატიზაციის ის ეტაპი, რომელზედაც, შეიძლებოდა მისი უფლებები და ინტერესი შელახულიყო, ხოლო, რაც შეეხება ხელშეკრულების დადების შემდგომ სტადიას, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს, მისი რომელი კანონიერი უფლება ან ინტერესი დაირღვა თანხის დაგვიანებით გადახდით, რაც, თავის მხრივ, სამტრედიის გამგეობის სარჩელს ამ ნაწილში ხდის დაუშვებელს და საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კასატორის მოთხოვნა ეწინააღმდეგება სკ-ის მე-2 მუხლის პრინციპებს.

რაც შეეხება საკონკურსო კომისიის 1997წ. სხდომის ოქმის ბათილობის თაობაზე კასატორის (მოსარჩელის) მეორე მოთხოვნას, კასატორი არ უთითებს არც ერთ სამართლებრივ საფუძველზე რაც შესაძლოა იქცეს მითითებული ოქმის ბათილობის საფუძვლად. ამასთან, ამ ნაწილში კასატორი არ წარმოადგენს საკასაციო პრეტენზიას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მითითებულ ნაწილში შემოიფარგლება სსკ-ის 404-ე მუხლის I ნაწილით განსაზღვრული პროცესუალური შეზღუდვებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის პრეტენზია არ ეფუძნება სსკ-ის 393-ე მუხლის არც ერთ ნორმას და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ვერ დაკმაყოფილდება დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება;

3. სამტრედიის რაიონის გამგეობას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.