Facebook Twitter

№ას-988-949-2014 27 თებერვალი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ. ა-ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით:

1. შპს „რ. ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხე ა. გ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9682 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6682 ლარის გადახდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით:

1. ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 28 აგვისტოს რ. ა-ის ტერიტორიაზე მოპასუხემ შეიყვანა და გააჩერა მისი კუთვნილი ავტომობილი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ........;

2010 წლის 28 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება რ. ა-ის მომსახურების წესების შესაბამისად შემდეგი პირობებით: ავტომობილის სარეალიზაციოდ მოსარჩელის ტერიტორიაზე შემყვანი კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ავტობაზრობის მიერ განსაზღვრული და გამოქვეყნებული ოდენობით ტარიფი, კვირის სამუშაო დღეში 2 ლარი, ხოლო კვირის შაბათსა და კვირას დღეში 10 ლარის ოდენობით 35 დღის განმავლობაში, ხოლო 35 დღის შემდგომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახადი გაორმაგებული ოდენობით ავტომობილის ა-დან გაყვანამდე, ხოლო ა-ა კისრულობდა ვალდებულებას საკუთარი ტერიტორია გამოეყო ავტომობილის გაჩერებისა და რეალიზაციის მიზნით;

ა-ის მომსახურების წესები და ტარიფები გამოკრული იყო ა-ის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას;

მოპასუხის ავტომობილი 2014 წლის 31 იანვრის მდგომარეობით იდგა ა-ის ტერიტორიაზე 25 სამუშაო დღე - ტარიფით დღეში 2 ლარი, 10 დასვენების დღე - ტარიფით 10 ლარი, 870 სამუშაო დღე - ტარიფით 4 ლარი და 348 დასვენების დღე - ტარიფით დღეში 20 ლარი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე, 629.1-ე და 630-ე მუხლების მიხედვით მოსარჩელის წინაშე დავალიანების გადახდაზე პასუხისმგებელი პირი იყო ა. გ-ა. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოწინააღმდეგე მხარის მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ავტომანქანის ადგილის შეცვლაში გამოიხატა, ასევე, 2011 წელს დგომის საფასურის გადახდის მცდელობას და ავტომანქანის მოსარჩელისგან უარის მიღებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ვინაიდან იგი შსს მომსახურების სააგენტოში ავტომანქანის მესაკუთრედ დარეგისტრირდა 2012 წლიდან, ამ დრომდე არ წარმოადგენდა ავტომანქანის მესაკუთრეს და, შესაბამისად, დაგროვილ დავალიანებაზე პასუხისმგებლობა მას არ უნდა დაკისრებოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 158.1 მუხლის საფუძველზე, მოპასუხე მიიჩნეოდა ავტომანქანის მესაკუთრედ ავტომანქანის მის მფლობელობაში გადაცემის და არა შსს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 380-ე მუხლის საფუძველზე, დაუშვებლად მიიჩნია აპელანტის მითითება ახალ გარემოებებზე, კერძოდ, მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევის თაობაზე, რაც ავტომანქანისათვის ადგილის შეცვლაში გამოიხატა, ასევე - 2011 წელს ავტომანქანის დგომის საფასურის გადახდის მცდელობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. გ-ამ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მოპასუხეს ეკუთვნის ავტომანქანის დგომის საფასურის გადახდა მხოლოდ 2012-2103 წლებში;

არასწორია თანხის დარიცხვა 6682 ლარის ფარგლებში, ვინაიდან ავტომობილის გადაყვანა მოხდა უკანონოდ და მოსარჩელეს არ გაუწევია სრული მომსახურება. შეიცვალა მომსახურების ხარისხი, ხოლო ფასი უცვლელი დარჩა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. გ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (334 ლარი) 70% – 233.80 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. გ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ა. გ-ას (პ.ნ. ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (334 ლარი, გადახდის თარიღი – 2014 წლის 7 ოქტომბერი, საგადახდო დავალება №11) 70% – 233.80 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე