27 თებერვალი, 2015 წელი
საქმე №ას-115-108-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.მ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ., ხ.დ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის განხილვის განახლება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოითხოვა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი.მ. და ხ.დ. სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. მ. მიმართ ხ. დ. კუთვნილი, ქ.ოზურგეთში, მდებარე ბინის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და დავალიანების ნაწილის - 10 167 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.მ.სა და ხ. დ.ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: ხ დ.ის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, მ.მ. გამოსახლდა ქ.ოზურგეთში, მდებარე ბინიდან და უძრავი ნივთი ჩაბარდა ხ.დ.ს, ხოლო ი.მ.ის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის - 10 167 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მ. მ.ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
წინამდებარე საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2014 წლის 29 ოქტომბერს, სხდომას ესწრებოდა აპელანტ მ. მ.ის წარმომადგენელი გ. გ.
დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტმა ჩაიბარა 2014 წლის 11 დეკემბერს.
მ.მ. სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 17 დეკემბერს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტებით მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველ ნაწილზე, 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 374-ე მუხლზე და განმარტა შემდეგი: ვინაიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი და გადაწყვეტილების ასლის მოთხოვნით რაიონულ სასამართლოს მიმართა კანონით გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 28 ნოემბერს და ამოიწურა 2014 წლის 11 დეკემბერს, 24 საათზე.
მ.მ. სააპელაციო საჩივარს ხელი მოაწერა და ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 17 დეკემბერს - სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, მისი დაუშვებლად ცნობისა და განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.მ., მოითხოვა მისი გაუქმება, გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძლებით:
2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტიების ჩაბარების მიზნით კერძო საჩივრის ავტორმა მიმართა რაიონულ სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბერსა და 24 ნოემბერს, თუმცა მოსამართლის თანაშემწემ განუმარტა, რომ გადაწყვეტილება არ იყო ხელმოწერილი, ასევე აცნობა მხარეს, რომ მოსამართლე იმყოფებოდა შვებულებაში.
მოსამართლე ნ.ც.ის შვებულება ამოიწურა 2014 წლის 5 დეკემბერს და გადაწყვეტილება ხელმოწერილი იყო 2014 წლის 9 ან 10 დეკემბრისათვის, აპელანტს კი, გადაეცა ამავე წლის 11 დეკემბერს. ასეთ ვითარებაში საპროცესო ვადის დაცვით მ.მ. სააპელაციო საჩვარს ვერ წარადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით მ. მ.ის კერძო საჩვარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ.ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩვრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია, რომ საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას მ. მ.ის ინტერესებს იცავდა გ. გ. (იხ. ს.ფ.80);
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2014 წლის 29 ოქტომბერს დანიშნულ სხდომაზე;
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი გ. გ. (იხ. ს.ფ. 145-148);
საქმეში წარმოდგენილია ხელწერილი, რომლის თანახმადაც გ.გ.მ სასამართლო გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2014 წლის 11 დეკემბერს, ხოლო სასამართლო გზავნილის შესწავლით ირკვევა, რომ მოპასუხის წარმომადგენელს იმავე გადაწყვეტილების ასლი ასევე ჩაბარდა 2014 წლის 10 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 166-167);
რაიმე წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადების ფაქტი საქმეში არ მოიპოვება, ერთადერთი განცხადება, რომლითაც მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა სასამართლო სხდომის ოქმების გადაცემა, დათარიღებულია 2014 წლის 5 ნოემბრით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-7 დღით (იხ. ს.ფ.149);
საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, იგი ხელმოწერილი და სასამართლოში წარდგენილია 2014 წლის 17 დეკემბერს, ამავე რიცხვითაა დათარიღებული საააპელაციო საჩვარზე დართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ს.ფ.170-180).
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების გზით იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
უდავოა, რომ მ.მ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტი არაა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩვრის ავტორის განმარტებას, რომ ის გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით ორჯერ გამოცხადდა სასამართლოში 2014 წლის 21 ოქტომბერსა და 24 ნოემბერს, რადგანაც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ამასთანავე, ამ გარემოების უტყუარად დადასტურების ვალდებულება სწორედ კერძო საჩივრის ავტორს ევალებოდა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა. კერძო საჩივრის შესწავლით ირკვევა მხოლოდ ის, რომ მოპასუხემ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირეველი ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ, მოცემულ შემთხვვეაში, დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2014 წლის 18 ნოემბერი, ხოლო 30-ე დღე - 28 ნოემბერი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 29 ნოემბერს და ამოიწურა 2014 წლის 12 დეკემბერს, სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილია 17 დეკემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო პალატა მხარის მიერ საპროცესო ვადის მისი ნების გარეშე დარღვევის დამადასტურებელ გარემოებად ვერ მიიჩნევს რაიონული სასამართლოს მოსამართლის შვებულებაში ყოფნის ფაქტს, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანების თანახმად, მართალია, დასტურდება, რომ მოსამართლე ნ. ც.მ კუთვნილი შვებულებით ისარგებლა 2014 წლის 17 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ არის წერილობითი მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის დაცვით, მხარის სასამართლოში გამოცხადების თაობაზე, პალატა თვლის, რომ მ.მ.მ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა სადავო გარემოება, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული პოზიცია დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების სასამართლოს ბრალით გადაუცემლობის თაობაზე. მსგავს საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც საკასაციო პალატამ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსამართლე შვებულებაში იმყოფებოდა, არ მიიჩნია სასამართლოს ბრალით გადაწყვეტილების არადროულად ჩაბარების ფაქტის დამადასტურებლად, რადგანაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარის სასამართლოში გამოცხადების ფაქტი (იხ. სუსგ Nას-108-103-2013, 18 მარტი, 2013 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით არსებითად სწორად განმარტა კანონი და მართებულად არ მიიღო განსახილველად მ. მ.ის სააპელაციო საჩივარი, ხოლო წინამდებარე კერძო საჩივრით მხარეს არ მიუთითებია იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიაზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ.ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე