Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210013296985 3 თებერვალი, 2015 წელი

ას-121-113-2015

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – იბა „თ-ი 88“

მოწინააღმდეგე მხარეები _ მ. თ-ე, ნ. თ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების არარსებობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. მ. თ-ის და ნ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. აღიარებულ იქნა, რომ მ. თ-ს იბა „თ-ი 88-ის“ მიმართ სრულად ქონდა გადახდილი 2005 წლის 22 თებერვლის №135 ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა და დამატებით რაიმე ფულადი ვალდებულების შესრულება არ ეკისრებოდა;

2.1. აღიარებულ იქნა, რომ ამხანაგობა ვალდებული იყო მ. თ-ისათვის საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, თ-ის ქ. №7;9;11;11ა;16;18;19-ში (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი ................) არსებულ 8351.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მშენებარე მე-10 ბლოკში, 9.900 ნიშნულზე ხუთოთახიანი საცხოვრებელი ბინა ფართით 158 კვ.მ. და დამატებით ორი ოთახი ფართით 45 კვ.მ, სულ 203 კვ.მ.;

3. აღიარებულ იქნა, რომ ნ. თ-ს იბა „თ-ი 88-ს“ მიმართ სრულად ქონდა გადახდილი 2005 წლის 11 მარტის №138 ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა და დამატებით რაიმე ფულადი ვალდებულების შესრულება არ ეკისრებოდა;

3.1. აღიარებულ იქნა, რომ ამხანაგობა ვალდებული იყო ნ. თ-ისათვის საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, თ-ის ქ. №7;9;11;77ა;16;18;19-ში (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი ..........) არსებულ 8351.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მშენებარე მე-10 ბლოკში, 9.900 ნიშნულზე ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინა ფართით 138.87 კვ.მ.;

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ-ი 88-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მაისის განჩინებით იბა „თ-ი 88-ის“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა იბა „თ-ი 88-ამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით იბა „თ-ი 88-ის“ სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა იბა „თ-ი 88-ამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იბა „თ-ი 88-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინების ასლი 2015 წლის 10 იანვარს ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ხ. გ-ს (მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 167), რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელწერილით (ტ.2, ს.ფ. 23). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 11 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 22 იანვარს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ იბა „თ-ი 88-ის“ კერძო საჩივარი შეტანილია 2015 წლის 26 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტ.2, ს.ფ. 24-25).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში იბა „თ-ი 88-ამ“ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. იმა „თ-ი 88-ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე