Facebook Twitter

საქმე №ას-1260-1200-2014 6 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და

საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „კ. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ბ-ის მიმართ და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი დავალიანების – 8617,23 ლარის, საპროცენტო სარგებლის – 1072,05 ლარის და პირგასამტეხლოს – 2425,05 ლარის, სულ – 12114,33 ლარის, ასევე, 2014 წლის 14 აპრილიდან სესხის სრულად დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,5%-ის გადახდა.

ამავდროულად, მოსარჩელემ მიუთითა, რომ საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2153,82 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 951,28 ლარი, საპროცენტო სარგებელი – 38,74 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 1163,80 ლარი და 2014 წლის 14 აპრილიდან სესხის სრულად დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,5%.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრა 10 689,28 ლარის ანაზღაურება, რაც ი.ბ-მა დაკისრებული პირგასამტეხლოს – 1000 ლარის შემცირების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა, კერძოდ, აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო – 1000 ლარი და ითხოვა მისი 100 ლარამდე შემცირება.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს 900 ლარის ოდენობით. მითითებული თანხა კი, ზემოთ დასახელებული ნორმით დადგენილ ოდენობაზე – 1000 ლარზე ნაკლებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ბ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ ი.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. ხარვეზად დადგენილ იქნა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება და სახელმწიფო ბაჟის სახით – 150 ლარის გადახდა. აპელანტმა ხარვეზი დროულად გამოასწორა და მოითხოვა გადაწყვეტილების გასაჩივრება პირგასამტეხლოს – 1000 ლარის 100 ლარამდე შემცირების ნაწილში. შესაბამისად, გაურკვეველია, რა საფუძვლით დატოვა სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს სცილდება. 1000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-41 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისას ხელმძღვანელობს რა პირველი ინსტანციისათვის დადგენილი ნორმებით, თანხის გადახდევინების თაობაზე მიმდინარე დავების დროს სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებას ადგენს გადასახდელი თანხის ოდენობის შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორმაც დაადასტურა, რომ ი. ბ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მას დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო – 1000 ლარი და ითხოვა მის 100 ლარამდე შემცირება.

ამდენად, სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად მიიჩნია, რომ აპელანტი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს 900 ლარის ოდენობით. მითითებული თანხა კი, ზემოთ დასახელებული ნორმით დადგენილ ოდენობაზე – 1000 ლარზე ნაკლებია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლომ ი.ბ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატამ მხარეს ხარვეზი დაუდგინა იმის გასარკვევად და დასაზუსტებლად, ასაჩივრებდა თუ არა აპელანტი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას მხოლოდ 900 ლარის ნაწილში, რაც ი. ბ-მა თავისი 2014 წლის 19 ნოემბრის განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა (ტომი 2, ს.ფ. 7).

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს ი. ბ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე