საქმე №ას-1267-1207-2014 5 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,გ+’’ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ქ. თბილისის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლების არარსებობის აღიარება და ხელშეკრულების ვადის გაგრძელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს ,,გ +’’-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. თბილისის მერიის მიმართ, უფლების არარსებობის აღიარებისა და ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,გ +’’- ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,გ +’’- მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს ,, გ +’’- ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინებით აპელანტს, შპს „გ +“-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა აპელანტის შუამდგომლობით გაგრძელდა ორჯერ, 2014 წლის 1 ოქტომბრის და 22 ოქტომბრის განჩინებებით. 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ შპს „გ +“-ს ჩაბარდა 2014 წლის 29 ოქტომბერს, თუმცა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტის მხრიდან ხარვეზი არ გამოსწორებულა, მხარეს სასამართლოსთვის რაიმე შუამდგომლობითაც არ მიუმართავს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით, შესაბამისი შუამდგომლობის გარეშე, გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა, რაც გახდა შპს ,,გ +’’-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ,, გ +’’-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ 2014 წლის 16 ოქტომბერს შპს ,,გ +’’- მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თხოვნით, თანდართული ამონაწერით საბანკო ანგარიშიდან, სადაც დაფიქსირებული იყო ნულოვანი ნაშთი. აღნიშნული, საჩივრის ავტორის აზრით, წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების უტყუარ მტკიცებულებას. ამავე განცხადებაში მითითებული იყო, რომ თუ სასამართლო არ გაითვალისწინებდა ზემოაღნიშნულს, კვლავ მოეხდინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის ვადის გაგრძელება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს მიერ არ მოხდა საქმის სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევა, ვინაიდან გასაჩივრებულ განჩინებაში არ არსებობს რაიმე მითითება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ +“-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს, შპს „გ +“-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით (იხ. ტ. II. ს.ფ. 3-6). იმავე განჩინებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, იმ მოტივით, რომ მხარეს წარდგენილი არ ჰქონდა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, შესაბამისად, სასამართლოს არ მიეცა მტკიცებულებათა შეფასებისა და მხარის ქონებრივ მდგომარეობაზე მსჯელობის საშუალება.
ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება (იხ. ტ. II. ს.ფ. 9-10), რაც დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით (იხ. ტ. II. ს.ფ. 21-22).
2014 წლის 17 ოქტომბერს მხარემ კვლავ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით (იხ. ტ. II. ს.ფ. 25-26).
სააპელაციო პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დაწესებული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და შპს „გ +“-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ. II. ს.ფ. 29-30).
დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აპელანტს ჩაბარდა 2014 წლის 29 ოქტომბერს. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2014 წლის 7 ნოემბერს, ხოლო აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც შუამდგმლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის მოცემულ განჩინებაში არ არის მსჯელობა, რატომ მიიჩნია მიზანშეუწონლად სასამართლომ ბაჟის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება, თუმცა ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას, რომ აღნიშნული მსჯელობის არსებობა მიუთითებს სასამართლოს მიერ ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის საფუძვლიანობისა და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების (ცნობა საბანკო ანგარიშზე ნულოვანი ნაშთის შესახებ) შეუმოწმებლობაზე.
განცხადება, რომელიც მხარემ 2014 წლის 17 ოქტომბერს წარუდგინა სასამართლოს, შეიცავდა ორ ალტერნატიულ შუამდგომლობას: ა) ბაჟის გადახდის გადავადების ან ბ) ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებიდან ნათლად ჩანს, რომ მხარის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულების შემოწმების საფუძველზე სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სწორედ მეორე შუამდგომლობის (ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების შესახებ) დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობით მიმართვისას მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარემ გადახდისუუნარობის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან აღებული ცნობა ამ ბანკში ორგანიზაციის ანგარიშზე ნულოვანი ნაშთის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ცნობა, დამოუკიდებლად აღებული, არ წარმოადგენს მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ საკმარის მტკიცებულებას. მისი განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც მხარეს არ წარმოუდგენია. მითუმეტეს, ვერ ჩაითვლება აღნიშნული საბანკო ამონაწერი სახელმწიფო ბაჟის გადავადების უტყუარ მტკიცებულებად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და დააკმაყოფილა მხოლოდ ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით (ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ) დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად გაგრძელებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით კვლავ გაეგრძელებინა ვადა აპელანტისთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობებს ქმნიდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გ +“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია