საქმე №ას-1273-1213-2014 5 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ქუთაისის №15 საჯარო სკოლა, სსიპ ქუთაისის №15 საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. მ-ემ სარჩელი აღძრა სსიპ ქუთაისის №15 საჯარო სკოლისა და სსიპ ქუთაისის №15 საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ კანონით განსაზღვრული წესების დაცვით ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2014 წლის 27 ოქტომბერს. შესაბამისად, მისთვის ხარვეზის შესავსებად დაწესებული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 28 ოქტომბერს და ამოიწურა 2014 წლის 6 ნოემბერს 24 საათზე. ხოლო აპელანტმა საპროცესო მოქმედება განახორციელეა დაგვიანებით. ამრიგად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. მ-ის წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
ზ. ფ-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარში მას ძირითად საკონტაქტო მისამართად მითითებული ჰქონდა ქუთაისი, თ. მ-ის ქ. ..., თუმცა სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გააგზავნა საჩივარში მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე, ქუთაისში, ნ. მ-ის ქ. ...-ში. გზავნილი ჩაიბარა მისმა ყოფილმა მეუღლემ, რომელთანაც მართალია იგი ოფიციალურად განქორწინებული არაა, თუმცა დიდი ხანია ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს. ამასთან, საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განცხადებით, მისი ყოფილი მეუღლე გზავნილის ჩაბარების დროს იყო ნასვამ მდგომარეობაში და არ ახსოვდა აღნიშნულის თაობაზე. მიღებული განჩინების შესახებ 30 ოქტომბერს შემთხვევით შეიტყო მისმა ქალიშვილმა შ. მ-ემ, რომელმაც იმავე დღეს გადასცა გზავნილი დედას. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის წარმომადგენლის ზ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მხრიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა.
კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მისთვის ჩაბარებულად არ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან გზავნილის მიმღები თ. მ-ე მისი ყოფილი მეუღლეა და ოჯახის წევრს არ წარმოადგენს. ამასთან, შეტყობინება გაიგზავნა მის მიერ მითითებულ არა ძირითად, არამედ ალტერნატიულ მისამართზე.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებული პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმებისას ყურადღებას მიაქცევს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლოს უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნაირან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვალება უწყების ადრესატისთვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საპროცესო ვადის განსაზღვრის შესახებ ზ. ფ-ის გაგზავნილი განჩინება ჩაბარდა თ. მ-ეს, რომელიც შეტყობინების ბარათზე მითითებულია, როგორც ადრესატის მეუღლე (იხ. ტ. II. ს.ფ. 345).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე თ. მ-ემ, როგორც აპელანტის ოჯახის წევრმა ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა იმ პრეზუმფციის გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ გზავნილის მიმღები პირი, თამაზ მანაგაძე არ იყო შეტყობინების მიღებაზე უფლებამოსილი პირი. საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარზე დართული თ. მ-ის განცხადება (იხ. ტ. II. ს.ფ. 369), რომელშიც განმცხადებელი აღნიშნავს, რომ იგი დიდი ხანია აღარ ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, ვერ მიიჩნევა ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც თავად საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ჩაიბარა გზავნილი აღნიშნულმა პირმა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ თვით კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი თ. მ-სა და მისი შვილის, შ. მ-ის განცხადებებიდან (იხ. ტ. II. ს.ფ. 369-370) ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ადარესატს, ზ. ფ-ეს ჩაბარდა 2014 წლის 30 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული 10 დღიანი საპროცესო ვადა კი იწურებოდა 2014 წლის 6 ნოემბერს, ანუ აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი გამოესწორებინა. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით ირკვევა, რომ ზ. ფ-ემ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2014 წლის 6 ნოემბერს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი 10 დღიანი ვადის დაცვით (იხ. ტ. II. ს.ფ. 351-352), თუმცა აღნიშნული ქვითარი სასამართლოში წარადგინა ერთი დღის დაგვიანებით, 2014 წლის 7 ნოემბერს (იხ. ტ. II. ს.ფ. 350).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკენელი დღის 24 საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეივსო საპროცესო ვადის დარღვევით, რაც ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.
რაც შეეხება კერძო საჩივრის მოსაზრებას მასზედ, რომ სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების წესი, ვინაიდან განჩინება გაიგზავნა არა მის მიერ მითითებულ ძირითად, არამედ ალტერნატიულ მისამართზე, საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აღნიშნულს და განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის) ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანისას აპელანტ მ. მ-ის წარმომადგენელს, ზ. ფ-ეს საკონტაქტო ინფორმაციის ველში მითითებული ჰქონდა ორი მისამართი: ძირითადი - ქუთაისი, თ. მ-ის ქ. .... და ალტერნატიული - ქუთაისი, ნ. მ-ის ქ. .... (იხ. ტ. II. ს.ფ. 332). შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო გაეგზავნა მისთვის კორესპოდენცია როგორც ძირითად, ასევე ალტერნატიულ მისამართზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საპროცესო ვადის განსაზღვრის შესახებ განჩინება მ. მ-ის წარმომადგენელს, ზ. ფ-ეს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე, ქუთაისში, თ. მ-ის ქ. ...-ში (იხ. ტ. II. ს.ფ. 345). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აპელირებას მასზედ, რომ მას განჩინება არ გაგზავნია აღნიშნულ მისამართზე. თუმცა იმ პირობებშიც კი, თუ მხარეს სასამართლო შეტყობინება გაეგზავნებოდა არა ძირითად, არამედ ალტერნატიულ მისამართზე, აღნიშნული გარემოება ვერ მიიჩნეოდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ჩაბარების წესის დარღვევად, რადგან, სასამართლო, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კორესპოდენციის გაგზავნისას არაა შებოჭილი დაიცვას თანმიმდევრობა. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ავალდებულებს სასამართლოს უპირობოდ გაითვალიწინოს მხარის მიერ საჩივარში მითითებული სასამართლო შეტყობინების მიღების სასურველი მისამართი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას რამდენიმე მისამართი აქვს მითითებული. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სასამართლომ კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებები განახორციელოს იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების პრინციპს. განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული შესაძლებლობით - უზრუნველყო მხარისათვის სასამართლო შეყობინების დადგენილი წესით ჩაბარება.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლობის გამო არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის საპატიოობის თაობაზე და განმარტავს შემდეგს:
საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალიწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ობიექტური გარემოება უნდა იყოს განსაკუთრებული, ისეთი, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარემ შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გაშვების საპატიოობას. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, მას არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე მისთვის განჩინების დროულად ჩაბარება ვერ მოხერხდა ობიექტური მიზეზების გამო და ამასთან, ასევე ობიექტური მიზეზების გამო, მან ვერ შეძლო დადგენილი საპროცესო მოქმედების განხორციელება სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია